უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები მეორე სამშვიდობო სამიტში მონაწილეობას მიიღებენ. აღნიშნულ განცხადებას რუსული მხარე უკვე გამოეხმაურა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლს არ ესმის, რას გულისხმობს ვოლოდიმირ ზელენსკი „მეორე სამშვიდობო სამიტში“ - „პირველი სამშვიდობო სამიტი სულაც არ იყო სამშვიდობო სამიტი, ამიტომ, პირველ რიგში უნდა გავიგოთ, რას გულისხმობს ის“, - დასძინა მან.
აქვე უნდა აღიშნოს, რომ ამ დროისთვის უცნობია, ადგილი, სადაც შესაძლოა მეორე სამიტი გაიმართოს. გვახსოვს, უკრაინის საკითხზე სამშვიდობო კონფერენცია შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართა, სადაც რუსეთმა მონაწილეობა არ მიიღო.
სამხედრო ექსპერტი, აკია ბარბაქაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დღეს რუსეთი და უკრაინა მზად არ არიან მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ.
„არ მჯერა, რომ მოლაპარაკება შედგება. მოლაპარაკების თემა არის, რომ რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან, რაც პუტინს არ უნდა - რუსეთის პრეზიდენტი დამატებით კიდევ ითხოვს რამდენიმე ტერიტორიას, რაც რუსებს დაკავებული არ აქვთ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჯერ მხარეები მზად არ არიან ეს შეთანხმება შედგეს.
ფაქტია, რუსეთს ძალიან უჭირს და მას უკვე ცოცხალი ძალის პრობლემა აქვს. ასევე, რუსეთის ეკონომიკა განადგურების პირას არის, თუმცა პუტინის სიჯიუტე არ მგონია, რომ ახლა შეირყეს. პუტინი ელოდება ამერიკის არჩევნებს. მეეჭვება, სანამ შედეგი არ დადგება, რაიმე კონსენსუსი შედგეს ამ მიმართულებით“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.
სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია იმედოვნებს, რომ მეორე სამშვიდობო სამიტზე მხარეები რაღაც კონსენსუსამდე მივლენ.
„უკრაინას არასდროს უთქვამს უარი რუსეთთან მოლაპარაკებებზე. ბევრი საკითხია მოსაგვარებელი, მხოლოდ ის არის, რომ მხარეებმა მიაღწიონ კონკრეტულ პოლიტიკურ შეთანხმებას, მაგალითად, ჰუმანიტარული დერეფნის საკითხია, ტყვეების გაცვლის შესაძლებლობა და ა.შ. იმედია, რომ შემდეგ სამიტზე რუსული მხარე მონაწილეობას მიიღებს ამ მოლაპარაკებაში და მხარეები რაღაც ფორმაზე მაინც შეთანხმდებიან“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
ისიც უნდა ითქვას, რომ აქტიურად განიხილება ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, დონალდ ტრამპის შესაძლო გამარჯვების საკითხი. აღნიშნულის შესახებ კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, უკრაინელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, თუ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ისინი იმუშავებენ და მას ამის არ ეშინია.
„რაც შეეხება ომის დასრულებას, როგორია პოტენციური პრეზიდენტის, პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის ხედვა, ჩემთვის, ზოგადად, გასაგებია. ვფიქრობ, თუ ბატონი დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ჩვენ ვიმუშავებთ. მე ამის არ მეშინია“, - განუცხადა ჟურნალისტებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „რესპუბლიკელებს“ შორის განსხვავებული პოზიციები არსებობს, მათ შორის „უფრო მემარჯვენე, რადიკალური“.
„მაგრამ, „რესპუბლიკურ პარტიაში“ უმრავლესობა უკრაინას და უკრაინელ ხალხს მხარს უჭერს“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
აკია ბარბაქაძის შეფასებით, ამ ეტაპზე რთულია პროგნოზის გაკეთება, გაიმარჯვებს თუ ვერა დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში. ამასთან, მისი თქმით, ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ყველაფერი მხოლოდ მასზე არ იქნება დამოკიდებული.
„ახლა პოლიტიკაში ასეთი ცალსახა ნაბიჯები არ მგონია პროგნოზირებადი იყოს. პირველ რიგში, სათუო საკითხია ტრამპის გამარჯვება, რადგან არის კიდევ რამდენიმე ვარიანტი, რაც შესაძლოა „დემოკრატებმა“ გააკეთონ - შეიძლება კანდიდატიც კი გამოცვალონ. მიდის პოლიტიკური პროცესი და სანამ მკაფიო გადაწყვეტილებები არ იქნება, პროგნოზის გაკეთება რთულია.
ყველაზე ცუდი სცენარი რომ განვიხილოთ - ტრამპმა გაიმარჯვა, ეს უშუალოდ არ ნიშნავს იმას, რომ ის იმის მიხედვით მოიქცევა, როგორც ახლა საუბრობს, რადგან მოლაპარაკების საკითხი ასეთი მარტივი არაა, ეს არ არის მხოლოდ ტრამპის ნებაზე დამოკიდებული. ვხედავთ, რომ მოლოდინები, ხშირ შემთხვევაში, განსხვავებულია რეალობისგან, ამიტომ ასე ცალსახად რამის თქმა რთულია, თუნდაც ტრამპის გამარჯვების და იმის, შემდეგ ტრამპი როგორ მოიქცევა“, - აღნიშნა აკია ბარბაქაძემ For.ge-სთან.
ვახტანგ მაისაია ასევე ეჭვქვეშ აყენებს იმ მოსაზრებას, რომ დონალდ ტრამპი, მისი გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით, რაიმე ხისტ გადაწყვეტილებებს მიიღებს.
„ამას დრო გვიჩვენებს. 2016 წელს ტრამპი სხვა რამეს საუბრობდა და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სხვა პოლიტიკა აწარმოა. ტრამპი ეპატაჟური პოლიტიკოსია. თუ პრეზიდენტი გახდება, არაპროგნოზირებადია ის თუ რას გააკეთებს შემდეგ“, - დასძინა ვახტანგ მაისაიამ.