საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი „ქართულ ოცნებას“ მორიგ მუქარას უთვლის. „ევროკავშირი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის შეზღუდვების დამატებით ზომებს განიხილავს, ხოლო თუ სიტუაცია დაიძაბება, ევროკავშირი მზად არის, დახმარებების გაყინვის შემდეგ სხვა უფრო მკაცრი ზომები მიიღოს“ - თეონა აქუბარდიას კითხვებს წერილობით უპასუხა პაველ ჰერჩინსკიმ და განმარტა: „უკვე ამოქმედებულია შეზღუდვები და მოსალოდნელია ახალი სანქციები, ხოლო ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, „გამჭვირვალობის“ კანონის გამო“.
15 ივლისით დათარიღებულ წერილში პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ EU-მ 30 მილიონის სამხედრო დახმარება უკვე გაყინა, ამასთან, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიც შეჩერებულია.
დეპუტატი, თეონა აქუბარდია ამტკიცებს, რომ ელჩისგან მიღებულ წერილში ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდმა ქვეყანას ევროპისკან მიმავალი გზა ჩაუხერგა, რაც ქართული ჯარისთვის დაფინანსების გაყინვაში უკვე აისახა.
ოპოზიციონერი დეპუტატი ელჩის წერილზე დაყრდნობით არ გამორიცხავს, რომ შეზღუდვები კიდევ უფრო გაიზარდოს, თუ ხელისუფლება ქვეყანას ევროპულ გზაზე არ დააბრუნებს. ეს კი შესაძლოა, ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებას და სხვა დახმარებების შეჩერებას გულისხმობდეს.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩის შეცვლილი რიტორიკა ყოველდღიურად სულ უფორ მწვავე სახეს იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ელჩს რა დირექტივებსაც აძლევენ, იმ განცხადებებს აკეთებს.
„ევროკავშირის ელჩის სრული გადასხვაფერება მაგონებს ამერიკის ელჩის კელი დეგნანის სიტუაციას, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლებასთან თავიდან მშვენიერ ურთიერთობაში იყო. პირიქით, მას ოპოზიცია აკრიტიკებდა. მერე, როცა ხელისუფლება შეიცვალა ამერიკაში, დეგნანი მკაცრი და უხეში გახდა. როგორც ჩანს, ევროკავშირიც და მისი ელჩიც ჩვეულებრივად ამერიკიდან წამოსული დირექტივების შემსრულებლები არიან.
ეს უკვე დიდი ხანია მოცემული ფაქტია, რომ ევროპაზე ამერიკას ძალიან დიდი გავლენა აქვს და ფაქტორბივად, მათი პოლიტიკის უსიტყვოდ გამტარებლები არიან. იგივე ხდება ჩვენთანაც. ამერიკიდან როგორი ქარიც დაუბერავს, ევროპიდანაც იმ პასუხს აძლევენ. ვვარაუდობ, რომ დემოკრატების გავლენით და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნით, ევროკავშირის ელჩი სრულიად გადასხვაფერდა. ფაქტია, ამერიკის პოლიტიკის გამკაცრება ევროპელებმაც აიტაცეს და ერთი-ერთში იმეორებენ მათ ნარატივს. აგერ, საფრანგეთის ელჩმა ძალიან ალოგიკური განცხადებები გააკეთა. ევროპელები ცდილობენ, რაც შეიძლება ზუსტად, ამერიკული რეცეპტის მიხედვით იმოქმედონ და ასიამოვნონ“, - ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, ამ დაპირისპირების მთავრი მოტივი საქართველო - ჩინეთის ურთიერთობაა. საყვარელიძე ფიქრობს, რომ ამერიკელები ეჭვიანობენ, რომ ჩვენს ქვეყანაზე გავლენას დაკარგავენ და ამიტომ „ოცნების“ ხელისუფლების ჩანაცვლება უნდათ, თუმცა ვისით, ამას აღარ ამბობენ და არც იმას ამბობენ, ეს უნდა თუ არა ქართველ ხალხს.
„თვალში საცემი ის არის, რომ ეს ჩინური მარშრუტები ევროპის ინტერესებშია. სატრანზიტო გზამ, რომელიც ჩვენზე გადის, ევროპასთან ტვირთი უნდა მიიტანოს. ამ შემთხვევაში ევროკავშირი ნაბიჯს საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ დგამს, ოღონდ ამერიკას ასიამოვნოს. ევროპისთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი დერეფანია, მიუხედავად ამისა, იმხელაა ამერიკული გავლენა, რომ ევროკავშირს ელჩი სრულიად სხვა ენაზე აჭიკჭიკდა. ელჩი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება უნდა შეიცავლოს, ხოლო თუ არ შეიცვლება, მაშინ ეს გაყალბების შედეგი იქნება. არჩევნების გაყალბების ვერსია მზადდება და ამას წვეთ-წვეთად, ყოველდღურად აკეთებენ. ამას აქვს, როგორც შიდა დატვირთვა ჩვენი მოსახლეობის აზრის შეცვლისთვის, ასევე დასავლეთის პოლიტიკურ წრეებზეა გათვლილი. არ ამბობენ ვინ უნდა მოვიდეს ამ ცვლილების შედეგად. დიდი მკითხაობა არ უნდა იმას, რომ კანონის მიხედვით, სულ რო ნულოვანი შედეგი მიიღოს „ოცნებამ“, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ მოვა. „ოცნების“ შემდეგ ყველაზე დიდი მხარდაჭერა მათ აქვთ. გამოდის, რომ მთელი ამ ძალისხმევის შედეგად, ლაპარაკი არის იმაზე, რომ ხელისუფლებაში ნაციონალები დააბრუნონ“, - ამბობს საყვარელიძე.
თბილისის საკრებულოს წევრი ლადო ბოჟაძე ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩი პოლიტიკის ცვლილებაში რა გულისხმობს, გაუგებარია. ბოჟაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ „ოცნებას“ არანირი პოლიტიკა არ შეუცვლია, არც ევროკავშირის და არც ნატოს მიმართულებით.
„ჩვენ ვიცავთ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს. ეს კანონი ეხება გამჭვირვალობას, რომელიც ნებისმიერ სხვა ევროკავშირის ქვეყნებშიც მოქმედებს. როგორც ჩანს, ევროკავშირის ელჩი ასევე გულისხმობდა ელგებეტე პროპაგანდის მიმართ საკონსტიტუციო ცვლილებებსაც. აქედან გამომდინარე, არ შეესაბამება სიმართლეს მისი მხრიდან გაკეთებული განცახდება, რომ „ოცნებამ“ საგარეო პოლიტიკა შეცვალა ან მის გადახედვას აპირებს. რაც შეეხება ასეთ შეფასებებს და ქმედებებს, რომელიც 30 მილიონის გაყინვის სახით მივიღეთ, ძალიან არასწორი მიდგომაა. ქართველებმა ეს ყველაფერი საკუთარი სიცოცხლის გაწირვის ფასად დაიმსახურეს. არაერთ მისიაში ათობით ქართველია გარდაცვლილი, დაჭრილი და დასახიჩრებული. იგივე ევროპულ ფორმატშიც აქვთ მისიებში მონაწილეობა მიღებული. ხოლო ჩვენი ბიჭების დასჯა და მათი არდაფინანსება, მხოლოდ იმის გამო, რომ ასე ჩათვალეს საჭიროდ, რა თქმა უნდა, ეს არ არის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები. ეს გაუგებარია მათ შორის, ქართველი ხალხისთვის, რატომ შეიძლება უარი ეთქვას ხალხს და გამჭვირვალობას. ის თანხა, რომელიც გამჭვირვალე იქნება და ქართველ ხალხს მოხმარდება, ევროკავშირიდან არ დაფინანსდება. ხოლო თანხა, რომელიც გაუმჭვირვალე იქნება და კაციშვილი ვერ გაიგებს რაში დაიხარჯება, იმას არასამთავრობო ორგანიზაციებს დაურიცხავენ, მოხმარდება პოლიტიკურ და პარტიულ ინტერესებს და ამაზე პრობლემა არ აქვთ. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან საწყენი და მიუღებელია“, - ამბობს ბოჟაძე.
მისივე თქმით, ევროკავშირის ელჩის განცახდებები შიდა პოლიტიკურ განწყობებზეც არის გათვლილი. ზუსტად ამ მოტივით, პირველად, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცეს. ახლაც იგივე რიტორიკა გრძელდება და არჩევნებისთვის ეს უფრო მწვავე სახეს მიიღებს.
„კანდიდატის სტატუსის არმიღების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ვიცით, ეს ფაქტი როგორც გამოიყენეს. სცენაზე ავიდნენ, ხელისუფლებების გადაყენება მოითხოვეს და ე.წ. ტექნიკური მთავრობას თუ ჩრდილოვან ხელისუფლებას აყალიბებდნენ. ამიტომ ახლაც არის მცდელობა იმის, რომ ეს კვლავ შიდა პოლიტიკური დაძაბულობისთვის იქნას გამოყენებული. რადგან სტატუსის არმიღებას რევოლუცია და ხელისუფლების ცვლილება არ მოჰყვა, ახლა ამ ზეწოლით ჩვენი მოსახლეობის განწყობების ცვლილებას ცდილობენ. ძალიან კარგად იციან და ეს ყველა კვლევაში ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაშლილი თუ შეკვეცილი ფორმით, ხელისუფლებაში ვერ მობრუნდება. ამიტომ არჩევნებამდე წინასწარ უნდათ, რომ ჯერ არჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშის ქვეშ დააყენონ. თუმცა, ყველა სადამკვირვებლო მისიას ექნება საშუალება არჩევნებს მაქსიმალურად დააკვირდნენ და ჩვენ მიერ ელექტრონული წესით ჩატარებული არჩევნებით, არავის მივცემთ საბაბს, რომ მისი ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ“,-ამბობს ბოჟაძე.
მამული, ენა, სარწმუნოება!!!