მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი, რომლის გათვალისწინებითაც, მოწმეთა დაკითხვა მხოლოდ სასამართლოში მოხდება, შესაძლოა, ძალაში 2013 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად, 2015 წლის 31 დეკემბერს შევიდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პარლამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ მომზადებულ ცვლილებებს მხარს დაუჭერს, რომელიც დაპირისპირების მიზეზი უკვე გახდა.
ძალოვანი უწყება მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების ვადის ორი წლით გადაწევას ითხოვს, რასაც არასამთავრობო სექტორი, ადვოკატთა ასოციაცია და უმცირესობა ეწინააღმდეგებიან და მთავრობას მოუწოდებენ ცვლილებები პარლამენტიდან გაიწვიოს.
თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს აღმასრულებელი ხელისუფლება, ეს ამ დროისთვის უცნობია, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში პროექტის განხილვა უკვე დაიწყო. კანონპროექტი ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებში უკვე განიხილეს, სადაც წინადადება შს მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ წარადგინა.
ლევან იზორიას განმარტებით, მოწმეთა მხოლოდ სასამართლოში დაკითხვის წესის ამოქმედება არა თუ ხელს შეუწყობს პროცესის გამჭირვალობას, შეჯიბრებითობას და სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, არამედ სამართლადამცავ სისტემას შეასუსტებს.
იზორიას შეფასებით, საჭიროა ისეთი დაბალანსებული მოდელის შემუშავება, რომლის მიხედვით, როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარე თანაბარ პირობებში ჩადგება და შეჯიბრობითობის პრინციპი უზრუნველყოფილი იქნება.
„მოწმეთა სასამართლოში დაკითხვის მოდელის ამოქმედება გამოძიებას დააზარალებს. საუბარია, სრულად ახალ მიდგომაზე - გამოკითხვის მიზნით, მოწმეს იბარებ, რომელიც მოვა თუ არა, არ იცი და თუ მოვა, კომუნიკაციის ისეთ უნარები უნდა გამოავლინო, რომ მან რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია და მტკიცებულება მოგცეს. ეს დაკავშირებულია გამომძიებელთა არა მხოლოდ მომზადებასთან, არამედ არსებული კადრების გადამზადებასთანაც. ასეთი უნარების ქონა საქართველოსთვის სრულიად ახალი რეალობაა და მობილიზებას ითხოვს. ისე არავინ უნდა გაიგოს, რომ თითქოს, ვადის გადაწევით რაღაცის წინააღმდეგი ვართ, მაგრამ ერთი მხარის სასარგებლოდ, მეორე მხარის მთლიანად უგულებელყოფა, ბალანსის სწორად ამსახველი არ იქნება“, - განმარტავს მინისტრის მოადგილე, რომელიც თვლის, რომ მოწმეთა დაკითხვის ახალი მოდელი უნდა შეირჩეს, რომლის ფარგლებშიც, ორივე მხარის ინტერესები უზრუნველყოფილი იქნება.
ლევან იზორიასგან განსხვავებით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს საქართველოში ბოლშევიზმის დაბრუნებას, როცა მოწმეებს პროკურატურაში აწამებდნენ და როცა, ისინი დენის გატარებით ჩვენებას აძლევდნენ.
for.ge-სთან საუბარში ხატიაშვილი მოწმეთა უფლებების დარღვევაზე საუბრობს და ერთ-ერთ მაგალითად მამუკა მიქაუტაძის საქმე მოჰყავს, რომელმაც დაკითხვის შემდეგ თავი მოიკლა.
„როცა მამუკა მიქაუტაძე გვყავს, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში, პოლიციაში დაკითხვაზე მივიდა და თავი მოიკლა, ამ ნორმის არამოქმედება შეიძლება?! მიქაუტაძის ფაქტზე, არავინ დასჯილა და ხელისუფლებას კვლავს სურს, რომ მოწმედ დაბარებული პირი, პოლიციაში დაიკითხოს?! რატომ უნდა ხელისუფლებას, რომ მოწმე სასამართლო დარბაზში არ დაიკითხოს?! ეს არის ბოლშევიზმის დაბრუნების მცდელობა, როცა მოწმეები მიჰყავთ პროკურატურაში, სადაც მათ აწამებდნენ და დენს უტარებდნენ. მოწმეთა დაკითხვის წესი, ჯერ 2013 წლის 31 დეკემბრამდე გადაწიეს და თუ ეს ვადა კიდევ გახანგძლივდა, ე.ი ადამიანების წამება, გაუპატიურება და დენის შეერთება უნდა გაგრძელდეს, რაც ორი ბოლშევიკის - ივანიშვილ-ღარიბაშვილის მესიჯია სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებაში“, - აღნიშნავს ხატიაშვილი.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ასევე ინტერესდება - 2009 წელს მიღებული წესის გადაწევის მოტივი თუ რა არის.
„მოწმე სასამართლოსა და პოლიციაშიც, ერთი და იმავე კოდექსით იკითხება. შესაბამისად, ხელისუფლება რომ ამბობს დრო გვჭირდებაო, რისთვის უნდათ ვადების გადაწევა? - ადამიანები რომ აწამონ?!“, - აცხადებს ხატიაშვილი, რომელიც ახალი ნორმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ევროპის სამართლისა და ადვოკატთა საბჭოს სახელით გავრცელებულ განცხადებაზე აპელირებს, სადაც აღნიშნულია, რომ ასოციაცია გამოთქვამს შეშფოთებას ცვლილებების დებულებებთან მიმართებაში, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლთან წინააღმდეგობაში მოდის.
კერძოდ, CCBE მიიჩნევს, რომ შესაძლოა, მხარეთა თანასწორობის პრინციპი დაირღვეს, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლებებიდან გამომდინარეობს.
„პროცესში ჩართულ ყველა მხარეს აქვს გონივრული შესაძლებლობა, რომ მათი საქმე სასამართლოში ისეთ პირობებში წარმოადგინოს, რომელიც მას არ აყენებს არახელსაყრელ ან არათანაბარ მდგომარეობში მის ოპონენტთან მიმართებაში. მხარეთა შორის სამართლიანი ბალანსი უნდა იქნეს მიღწეული“, - აღნიშნულია CCBE-ს მიერ მომზადებულ განცხადებაში, რომელიც for.ge-ს ხატიაშვილმა მიაწოდა.
ხატიაშვილის მსგავსად, ცვლილებების წინააღმდეგ გამოდის ოპოზიციონერი დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი, რომელიც თვლის, რომ ახალი ნორმის ამოქმედება საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ამ წესით, მოქალაქეები პოლიციისა და პროკურორის ზეწოლისგან თავისუფალნი იქნებიან.
კანონმდებელი აცხადებს, რომ მსგავსი ზეწოლა შესაძლოა, ნებისმიერ მოქალაქეზე განხორციელდეს.
„საზოგადოებას ტრაგიულად დაღუპული მამუკა მიქაუტაძე კარგად ახსოვს. სისხლის სამართლის რეფორმის მხარდასაჭერად, 2013 წლის ბიუჯეტით, გათვალისწინებული იყო კადრების მომზადება და გადამზადება. კერძოდ, 152, 787, 000 ლარი არის გამოყოფილი სისხლის სამართლის სისტემის რეფორმაზე. ხოლო, 4, 950, 000 ლარი არის გამოყოფილი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომელთა გადასამზადებლად, მათ შორის სისხლის სამართლის რეფორმის იმპლემენტაციის ტრენინგების ჩატარებისთვის. ხელისუფლებას კადრების გადამზადებისთვის სახსრები ჰქონდა, მაგრამ თუ კადრები არ არის გადამზადებული, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური ნება არ არსებობდა?!“, - აღნიშავს for.ge-სთან საუბარში თაქთაქიშვილი, რომელიც აპრიორში პროექტის განმარტებით ბარათში ვადების გადაწევის თაობაზე მითითებულ ერთ-ერთ მოტივს გულისხმობს, სადაც აღნიშნულია, რომ მოწმის დაკითხვის ახალი მოდელის ამოქმედებისთვის მზად არ არის არც მართლმსაჯულების და არც სამართალდამცავი სისტემა.
„ამ კუთხით საგანგაშო იქნება სასამართლოებში არსებული ვითარება. ახალი მოდელი თითოეული სისხლის სამართლის საქმის შემაჯამაბელი გადაწყვეტილების მიღების ვადებს გაზრდის. თუ გავითვალისწინებთ, არსებული საქმეების სიმრავლეს და მოსამართლეთა არასაკმარის კონტიგენტს, შეიძლება ითქვას, რომ სასამართლო ვერანაიარად ვერ შეძლებს მოწმის დაკითხვის განხორციელებას“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში, რომელსაც უზენაესს სასამართლოს თავმჯდომარეც ეხმაურება.
კონსტანტინე კუბლაშვილი აცხადებს, რომ თუ ეს ნორმა ამოქმედდება, სასამართლოს ამის პრობლემა არ ექნება.
„მართალია, დიდი დატვირთვა იქნება, მაგრამ ახალი წესით მუშაობას შევძლებთ. სასამართლოს გამო ამის გადადება, თითიდან გამოწოვილი რაღაც მიზეზია. წინა წელთან შედარებით, ამნისტიის საქმეები 40 000 საქმით მეტი შემოვიდა, მაგრამ სასამართლომ საქმე მაინც გააკეთა“, - აცხადებს კუბლაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ცვლილებების წინააღმდეგ გამოდიან ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც საკუთარი ხედვა კოალიციის სახით წარადგინეს.
არასამთავრობო სექტორი თვლის, რომ მოწმის დაკითხვის ახალი წესი, მოქმედი ძველი წესისგან განსხვავებით, უზრუნველყოფს - მხარეთა რეალურ თანასწორობასა და პროცესის შეჯიბრებითობას, რაც საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლით გარანტირებული პრინციპია.
„მხარეთა თანასწორობის მისაღწევად, აუცილებელია ბრალდების მხარისთვის მინიჭებული გაუმართლებელი უპირატესობები გაუქმდეს. კერძოდ, ბრალდების მხარის დაუსაბუთებელი უპირატესობა, რომ გამოძიების ეტაპზე სავალდებულოდ მიიღოს ჩვენება მოწმისგან, მაშინ, როდესაც დაცვის მხარეს ამის უფლება არ გააჩნია. თავის მხრივ, დაცვის მხარე არ მონაწილეობს მოწმის მიერ ბრალდების მხარისთვის ჩვენების მიცემის პროცესში. ნებისმიერი კანონის მოქმედების უსაფუძვლოდ გაუთავებელი შეჩერება-გადავადება კანონის უზენაესობის პრინციპს ბღალავს და საზოგადოებაში განუკითხაობის შეგრძნებას ამკვიდრებს“, - ნათქვამია არასამთავროების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა ცვლილებებს მხარი დაუჭირეს, for.ge-სთან საუბარში გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ საკითხზე შინაგანი წინააღმდეგობაა უმრავლესობაშიც არის, მაგრამ მათ მთავრობის პოზიციისაც ესმით.
„მთავრობა აცხადებს, რომ წესის ამოქმედების რესურსი არ აქვს და შესაძლოა, ზიანი გამოძიებას მიადგეს. კომიტეტი გადავადებს დაეთანხმა, მაგრამ მიმაჩნია, რომ თუ სასამართლო პროცესზე შეჯიბრებითობის პრინციპი გვსურს, ალტერნატივა უნდა იყოს წარდგენილი, რომელიც უფრო რეალისტური იქნებოდა. მიმაჩნია, რომ ეს ვადები მაინც არ უნდა გადაგვავადებინა, თუმცა, ისეთი რეალისტური გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომელიც ადამიანის უფელებების დაცვის მაღალ ხარისხს წარმოადგენს“, - აღნიშნავს ფოფხაძე.
გედევან ფოფხაძის მსგავსად, მოწმეთა ახალი წესის გადავადების წინააღმდეგ გამოდიოდა ვახტანგ ხმალაძეც, მაგრამ კანონმდებელი ახალი ნორმის შინაარსობრივ დეტალებზე საუბრობს.
კანონმდებელი აცხადებს, რომ უმოკლეს ვადაში, მოწმეთა დაკითხვის წესი უნდა მომზადდეს.
„თუ ადრე ითქმოდა, რომ კადრების მომზადება ვერ მოასწრეს, ამჟამად საკითხი სხვაგვარად დაისვა. აქ პრობლემურია არა ვადა, არამედ როგორც გინდა მოამზადო, შეიძლება, მართლმსაჯულებაში ამ წესმა მძიმე შედეგები გამოიწვიოს. კერძოდ, ამ ნორმის ამოქმედების შემთხვევაში, მოწმეს შესაძლებლობა მიეცემოდა, რომ სასამართლო სხდომამდე, გამოძიებისთვის ჩვენება არ მიეცა და ჩვენებით მხოლოდ სასამართლოზე წარმდგარიყო. კითხვა ჩნდება - მოწმეთა ჩვენების საფუძველზე, როგორ მოამზადოს საბრალდებო დასკვნა ბრალდებელმა, როცა ხშირად, მტკიცებულებების მოპოვება ან სხვა მტკიცებულებებზე გასვლა, მოწმის ჩვენებაზეა დამოკიდებული? ამას გარდა, თუ მოწმეებმა გამოძიებისთვის ჩვენების მიცემაზე უარი თქვეს, საბრალდებო დასკვნა შესაძლოა, ვერც კი შედგეს. ასეთ შემთხვევაში კი, სამართლიანი მართლმასაჯულების არსებობა ბევრად გართულდება და დაუსჯელი რეალური დამნაშავე დარჩება“, - აღნიშნავს ხმალაძე, რომელიც თვლის, რომ ახალი მოდელი უნდა მომზადდეს, რომელიც ერთის მხრივ, უზრუნველყოფს კერძო ინტერესების დაცვას, მეორეს მხრივ კი, საჯარო ინტერესების დაცვასა და სამართლაინი მართლმსაჯულების განხორციელებას.
ხმალაძე იმედს გამოთქვამს, რომ ახალი ნორმის მომზადება 2015 წლამდე მოხდება.
ხმალაძის მსგავსად, კანონპროექტის ავტრორები აცხადებენ, რომ მოწმეთა დაკითხვის ახალი ნორმის ამოქმედების შემთხვევაში, ქვეყანა რამდენიმე პრობლემის წინაშე დადგება, რადგან იმ შემთხვევაში თუ გამოძიებას არ ექნება საშუალება მოწმის დაკითხვის გზით მოიპოვოს ინფორმაცია და მტკიცებულება, გართულდება პროკურატურის მიერ თავისი ფუნქციის (სისხლისსამართლებრივი დევნის დისკრეციულობა) განხროციელება და გაიზრდება არაობიექტური და არასამართლიანი გადაწყვეტილებების რისკი.