სულხან მოლაშვილი დუმილს არღვევს. კონტროლის პალატის ყოფილ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მის წამებაში უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, გიგა ბოკერია და პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი მონაწილეობდნენ. მისი თქმით, გიგა ბოკერიამ შეუთვალა, რომ თუ ქვეყანას არ დატოვებდა და არ გაჩუმდებოდა, ორთაჭალაში გაამწესებდნენ. მოლაშვილი პროკურატურას მისი საქმის გამოძიებით მიმართავს. ვალერი გრიგალაშვილი დღესაც პროკურატურის სისტემაში მუშაბს, ის აფხაზეთის ა-რ პროკურორია.
„პირდაპირ ვადებ ხელს, რომ ვალერი გრიგალაშვილი და გიგა ბოკერია უშუალოდ მონაწილეობდნენ ჩემს წამებაში. მივმართავ სამართალდამცველ სტრუქტურებს, დაიწყოს გამოძიება და დაიკითხონ ბოკერია და გრიგალაშვილი“, - აცხადებს მოლაშვილი.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირებას და კრიტიკას კონტროლის პალატის საქმიანობის შესახებ, როგორც მოლაშვილი აცხადებს, ამის მიზეზი გახდა ის, რომ შეენიღბათ ის, რაც კონტროლის პალატამ გააკეთა. მისი თქმით, ამით თავის დაძვრენა და იმ დოკუმენტების გაქრობა სურდათ, რომელიც კონტროლის პალატამ მოიძია. როგორც მოლაშვილი აცხადებს, ამ დოკუმეტს არც იურიდიული და არც პოლიტიკური აქტუალობა არ დაუკარგავს.
მოლაშვილის განცხადებით ეს იყო კონტროლის პალატის მიერ მოპოვებული დოკუმენტები, სადაც ნათლად ჩანდა იუსტიციის სამინისტროში აღმოჩენილი უამრავი დარღვევა. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ იუსტიციის მინისტრი სააკაშვილი გაფუჭებული კონსერვით კვებავდა პატიმრებს, ხოლო იქ გადარიცხული თანხები მათ ჯიბეში მიდიოდა.
„მოვიპოვეთ დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, ყველა სასჯელაღსრულებით დაწესებულებიდან უამრავი ჯართი გავიდა და უკვალოდ გაქრა. სააკაშვილის მინისტრობისას, იუსტიციის სამინისტროში, ე.წ. „ალაფურშეტებში“ იხარჯებოდა ასტრონომიული თანხები და ამ თანხებს სამინისტრო წერდა.
ახლა რომ საუბრობენ უგულავასა და მერაბიშვილზე, აქტივისტებს ურიცხავდნენ ფულებს და პარტიაზე ამუშავებდნენო, ვინ მოიფიქრა ეს სისტემა? რა თქმა უნდა, სააკაშვილმა. საკრებულოს თავმჯდომარედ მუშაობის დროს უამრავი თანხა აქვს სწორედ ამ მიზნებისთვის გაცემული. ასი ათასობით ლარი გადაირიცხა მხოლოდ იმისთვის, რომ მაშინდელი ოპოზიციური ხუთჯვრიანი დროშები დაემზადებინათ და ის ყველა გამვლელს ჰქონოდა, ეს საკრებულოს ბიუჯეტის ხარჯზე მოხდა“, - ამბობს მოლაშვილი.
მისი თქმით, ეს დოკუმენტები მაშინ ამერიკის იმჟამინდელ ელჩს, რიჩარდ მაილსს გაუგზავნა, მაგრამ როგორც თავად ამბობს, საელჩომ ამ თემას უბრალოდ წაუყრუა. რაც შეეხება დოკუმენტაციას, მისი თქმით, ქალაქის მაშინდელმა პროკურორმა ვალერი გრიგალაშვილმა შეასრულა სააკაშვილის დავალება და ეს დოკუმენტაცია მთლიანად გაზიდა კონტროლის პალატის არქივიდან.
„თუმცა, მოვახერხეთ და გადავარჩინეთ საკმარისი და ყველაზე საინტერესო დოკუმენტაცია. მთავარია ვინმე დაინტერესდეს და ამ დოკუმენტაციას მისცეს ლოგიკური სვლა, როგორც ამას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი მოითხოვს.
თუმცა, ისიც მინდა, ვთქვა, რომ როგორც მე გავიგე, გრიგალაშვილი, რომელმაც არაერთი უკანონო საქმე აწარმოა, ახლაც ძალოვან სტრუქტურებში მუშაობს და თავს ძალიან კარგად გრძნობს“, - აცხადებს სააგენტო „პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სულხან მოლაშვილი.
იურისტი ლია მუხაშავრია, რომელიც სულხან მოლაშვილის საქმეს კარგად იცნობს აცხადებს, რომ მას სერიოზული ზიანი აქვს მიყენებული, ის არის წამების მსხვერპლი და ამის შესახებ არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშში იყო აღნიშნული.
„უბრალოდ მან ახლა პერონალურად დაასახელა ის ჯალათები ვინც ის უშუალოდ აწამა. რაც შეეხება სააკაშვილთან დაპირისპირების მიზეზებს, მე ვიცი ეს მიზეზები, ეს გახდათ მისი კონტროლის პალატის თავმჯდომარეობის დროს იუსტიციის სამინისტროს შემოწმება. ამის გამო გაუსწორეს ანგარიში, ციხეში მოათავსეს და მერე არადამინაურად მოექცნენ. მე ვიცი ამის შესახებ და მე ვადასტურებ ამას. ამ საქმეს არ აქვს ხანდაზმულობის ვადა, ეს ისეთი მძიმე დანაშაულია, რომ 15-20 წლის შემდეგაც შეიძლება პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლია მუხაშავრია.
მოლაშვილის ადვოკატი შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ პატიმარმა თავად უამბო დაცვის მხარეს, რომ საპყრობილეში მოხდა წამების ფაქტი, თუმცა მაშინ მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე გვარები არ დაუსახელებია.
„გვანახა დაზიანები, ზურგზე ჰქონდა სიგარეტის ნამწვავები, ასევე ჰქონდა სხვა დაზიანებები. სახელმწოფომ აღიარა მაშინ, რომ ეს წამება მოხდა საპყრობილეში. რაც შეეხება იმ პირებს, ვინც ის აწამა, როდესაც დასრულდა საქმის განხილვა, შემდეგ, უკვე, მედიაში გააკეთა განცხადება და ბოკერიას და გრიგალაშვილის გვარები დაასახელა. საქმის წარმოების დროს ეს გვარები არ დაუსახელებია, მაშინ ამბობდა, რომ მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე თავს შეიკავებდა გვარების დასახელებისგან“, - ამბობს შავგულიძე.
რაც შეეხება მოლაშვილის განცხადებას, რომ კონტროლის პალატის მიერ მოპოვებული იქნა დოკუმენტები, სადაც ნათლად ჩანდა იუსტიციის სამინისტროში აღმოჩენილი უამრავი დარღვევა, ადვოკატი ამბობს, რომ ყველა ის გარემოება, რომელიც მან საჭიროდ მიიჩნია, რომ დაცვისათვის გადმოეცა, ამან ყველაფერმა ასახვა ჰპოვა პოზიციებში.
„იქ იყო საუბარი იმაზე, თუ რატომ მოხდა სააკაშვილსა და მას შორის პიროვნული დაპირისპირება. როგორც მაშინ გაირკვა, მოლაშვილმა კონტროლის პალატის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში შეამოწმა სააკაშვილის მინისტრობის პერიოდში იუსტიციის სამინისტროს საქმიანობა და მთელი რიგი დარღვევა აღმოაჩინა. მოლაშვილის ხელმძღვანელობით კონტროლის პალატამ ძალიან ობიექტური და კრიტიკული დასკვნა დადო იუსტიციის სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას შალვა შავგულიძე.
ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, ერთ-ერთია იმ პატიმრებიდან ვინც პირადად ნახა ნაწამები მოლაშვილი.
„სულხანი პირველად მე ვნახე, რომ მოიყვანეს. ზურგი სულ ამომწვარი ჰქონდა სიგარეტისგან, ვერ იძინებდა ისეთ მდგომარეობაში იყო ტკივილისგან. მაშინაც ამბობდა ვინ აწამა და ამ გვარებს ასახელებდა. ამბობდა, რომ ხმებით ზუსტად მახსოვს ვინ იყვნენო. მან ხმებით იცნო ეს ხალხი, რადგან თავზე გადაფარებული ჰქონდა და ისე აწამეს. იმ პერიოდში ვისაც სულხანი ნანახი ჰყავს, შეიძლება რამეზე ილაპარაკონ?
დღეს ნაციონალები აღელვებული რომ არიან მათი პარტიის წევრების დაკავებაზე, საქმეები შეადარონ ერთმანეთს... სასაცილოა. ღამე გაყვანაზე რომ განცხადებებს აკეთებენ, ერთი მიპასუხონ დღე რომელი ცნობილი პატიმარი გაუყვანიათ დაკითხვაზე?! მაინტერესებს, ნუთუ არ ახსოვთ რა ხდებოდა? თუ, იგივე, ჩემთან მიმართებაში პროცესუალური ნორმებით მიდიოდა დაკითხვა? ჩემი ადვოკატი ეკა ბესელია არ შემოუშვეს ჩემთან.
ღამე დაკითხვა, ღამე გასამართლება ჩვეულებრივი მოვლენა იყო მათ დროს. ადამიანები, ჩემი ჩათვლით სიკვდილამდე მიჰყავდათ. საკაცით მიმიტანეს და სამი საათი ასფალტზე ვიყავი დაგდებული დეკემბრის თვეში, ეს რა იყო? ღამის 2 საათზე შემოდიოდა სპეცრაზმი, არ ერიდებოდნენ ასაკს, ჯანმრთელობას და ხელკეტებით კლავდნენ ხალხს ცემაში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით მირცხულავამ.