თებერვალი სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის უმძიმესი თვეა, და თხოვნები და მოწვევები უკვე ჩემამდეც აღწევს. რამდენიმე წლის წინ მათი უმრავლესობა სომხებისგან მოდიოდა. ისინი 1988 წლის 28 თებერვალს აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაიტში სომხების დარბევების ფაქტის აღნიშვნას მთხოვდნენ. ახლა თითქმის ყველა მოწვევა აზერბაიჯანლებისგან მომდის, რომლებიც მთხოვენ მოვყვე იმ ხოცვა-ჟლეტის შესახებ, რომელიც აზერბაიჯანლებს სომეხმა მებრძოლებმა ქალაქ ჰოჯალიში 1992 წლის 25-26 თებერვალს მოუწყვეს.
ჰოჯალის ტრაგიკულ ამბებთან დაკავშირებეული ღონისძიებები, დემონსტრაციები და კონცერტები ყოველწლიურად ეწყობა; Facebook -ში პეტიციებზე ხელმოწერებსაც აგროვებენ. აზერბაიჯანის ტელევიზია ქალაქის შემოგარენში დახოცილი ადამიანების საშინელ კადრებს ავრცელებს. სახსრები, რომელსაც ბოლო დროს აზერბაიჯანი მისი ენერგორესურსების წყალობით იღებს, პიარ-კომპანიების დაქირავებას ხმარდება, რათა დასავლურ დედაქალაქებში აღნიშნული მოვლენების წარდგენა სათანადოდ მოხდეს.
როდესაც ვამბობ, რომ ამაში მონაწილეობის მიღება არ მსურს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მომხდარის სიმძიმეს არ ვაღიარებ. ჰოჯალის ხოცვა-ჟლეტა, მთიანი ყარაბახის გამო დაწყებულ სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტში ყველაზე სისხლიანი ეპიზოდია. აზერბაიჯანში ჩატარებული ოფიციალური საპარალემენტო გამოძიების თანახმად, ამ მოვლენებში 485 ადამიანი დაიღუპა და მათგან მხოლოდ რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე.
არსებობს უამრავი მტკიცებულება. Human Rights Watch-მა, რუსულმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია „მემორიალმა“ და უცხოელმა ჟურნალისტებმა ამ მოვლენების დასრულებისთანავე ჩაწერეს ინტერვიუები იმ ადამიანებთან, რომლებიც დრამას შემთხვევით გადაურჩნენ. აღნიშნული მასალით იმის სრული და თანმიმდევრული სურათი იქმნება, თუ როგორ უხსნიდნენ ცეცხლს სომეხი მებრძოლები მშვიდობიან აზერბაიჯანულ მოსახლეობას, რომელიც ალყაშემორტყმული ქალაქიდან გაქცევას ცდილობდა. „მემორიალის“ დასკვნა ასეთია: „თავისუფალ დერეფანსა“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო პირების მასობრივი მკვლელობის გამართლება ნებისმიერი გარემოების პირობებში შეუძლებელია“.
ამ უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, ზოგიერთი სომეხი წყლის ამღვრევას ძალიან უსიამოვნო ფორმით შეეცადა. აზერბაიჯანის იმდროინდელმა პრეზიდენტმა აიაზ მუტალიბოვმა ამ მკვლელობებთან კავშირში პოლიტიკური ოპონენტები დაადანაშაულა და მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ეს განცხადება უარყო, ამან საქმეს ვერ უშველა. სომხეთში მის სიტყვებს მუდმივად იმეორებენ. კიდევ უფრო შემაშფოთებელი და უსიამოვნოა ჩეხი ჟურნალისტის დანა მაზალოვას განცხადებები, რომელსაც მე ცოტა ხნით შარშან სომხეთში შევხვდი და მას შემდეგ მასთან მიმოწერა მაქვს. მაზალოვას ნანახი აქვს იმ ფირის ორიგინალი, რომელიც აზერბაიჯანელმა ოპერატორმა ჩინგიზ მუსტაფიევმა გადაიღო და სადაც გარდაცვლილთა ცხედრებია გამოსახული. ჟურნალისტი ამბობს, რომ ის დაზიანებები, რომელიც მოგვიანებით ნაჩვენებ ფირზე ჩანს, ორიგინალზე არ შეინიშნებოდა. საიდანაც საშინელი დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ მოგვიანებით ცხედრებზე ვიღაც მუშაობდა.
მაგრამ თუკი თქვენ გსურთ სანდო წყარომ დაგიდასტუროდ ის, რომ აზერბაჯანელი სამოქალაქო პირები სომხებმა მოკლეს, რას იტყვით ყარაბახის ომის ყველაზე ცნობილ მონაწილეზე, სომხეთის დღევანდელ პრეზიდენტზე? მისი ძმა, კალიფორნიაში დაბადებული სომეხი მეთაური მონტე მელქონიანი იხსენებს, რომ ის ტრაგედიის ადგილზე მალე მივიდა, ნანახის გამო აღშფოთება გამოთქვა და მკვლელობებში ორი ფანატიკურად განწყობილი სამხედრო დანაყოფის „არაბოს“ და „არამოს“ „არადისციპლინირებულობა“ დაადანაშაულა. ხოლო სომხეთის დღევანდელმა პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა 2000 წელს ჩემთან ინტერვიუში დაადასტურა ის, რომ სომეხმა მებრძოლებმა აზერბაიჯანელი სამოქლაქო პირები მართლაც მოკლეს. ამ ინტერვიუს შემდეგ, რომლის ფრაგმენტიც ჩემს წიგნშიც Black Garden („შავი ბაღი“) შევიტანე, აზერბაიჯანში, ჰოჯალის მოვლენების ყველა წლისთავზე ჩემს სახელსაც ხშირად იმოწმებენ, იმის მიუხედავად, რომ წიგნის პირველ აბზაცში მკითხველს ვთხოვ, რომ „ინფორმაციის სელექცია არ მოახდინოს იმგვარად, რომ ის მის პოლიტიკურ შეხედულებებს შეესაბამებოდეს“.
და ეს დღემდე აქტუალურია. ჰოჯალიში დაღუპული აზერბაიჯანლები ხსოვნას და სამართალს იმსახურებენ, მაგრამ იგივეს იმსახურებს სომეხი მსხვერპლიც, როგორც მაგალითად ის ბაღის ასაკის ბავშვები, რომლებიც 1992-1993 წელს ქალაქ სტეფანაკერტისთვის ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპნენ, და კიდევ ორმოცზე მეტი სომეხი სამოქალაქო პირი, რომელიც სოფელ მარაგაში ჰოჯალის მოვლენებიდან ორ თვეში ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლი გახდა.
ყოველწლიურად აზერბაიჯანში სულ უფრო და უფრო მასშტაბურად აღნიშნავენ ჰოჯალის მოვლენების წლისთავს, ის ნაციონალური ტრამვის დაუსრულებელ თხრობად იქცა. ყოვლად მიუღებელია ის, რომ დაღუპული ადამიანების კადრებს ათი წლის ბავშვებს სკოლებში უჩვენებენ. გზავნილი მხოლოდ ის კი არ არის, რომ დაღუპულების ხსოვნა აუცილებელია, არამედ ისიც, რომ „სომხები – აგრესორები და ფაშისტები არიან და იმისთვის რაც მათ ჩაიდინეს სამაგიერო უნდა მიეზღოთ. ყველა ვინც ამას არ ეთანხმება – მოღალატეა“.
2011 წელს მსგავსი გზავნილი განსაკუთრებით სახიფათოდ ჟღერს, როდესაც თექვსმეტწლიანი ზავი, რომელმაც ბოლო მოუღო ყარაბახის კონფლიქტს, ისეთი მყიფეა, როგორც არასდროს, და ახალი ომის რისკი სულ უფრო იზრდება. სისხლისღვრებს ახალი სისხლისღვრებისკენ მოწოდებებისთვის იყნებენ. მაგრამ ორი მომენტი უნდა აღინიშნოს. პირველი, ჰოჯალის მოვლენები საშინელება იყო, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მსგავსი მოვლენა მსოფლიოში. მასობრივ მკვლელობებს ადგილი ჰქონდა ყველგან, რუანდადან გუჯარატამდე და ბოსნიამდე. ამიტომ, ჰოჯალის მსხვერპლთათვის პატივის მიგება ყველა სხვა მსხვერლთან ერთად უნდა ხდებოდეს. და მეორე, თუკი სომხებს და აზერბაიჯანელებს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტა და არა მისი ხელახლა დაწყება სურთ, მათ თამად უნდა გაუსწორონ თვალი იმ ძალადობის აქტებს, რომლებსაც ორივე მხარე სჩადიოდა, და მხოლოდ იმას არ უნდა განიხილავდნენ, თუ როგორ დაზარალდა ერთი, მეორეს მხრიდან.
foreingpress