„რუსეთმა საქართველოსთან ურთიერთობის ყველა ბერკეტი ამოწურა, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ შეიძლება მათი რაიმე ახალი იდეის და ბერკეტის გამოყენების მოწმე მაინც გავხდეთ“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მისი უწყების მიერ 2013 წელს გაეწეული ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მანვე განმარტა, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში არანაკლებ სახიფათო ვითარებაში ვიყავით-მავთულხლართები და სხვა ბარიერები, რაზეც საქართველოს მთავრობის რეაქცია მშვიდი იყო. ამიტომ ასეთივე რეაქცია გაგრძელდება მსგავს პროვოკაციებზე და სიტუაციას არ გავამწვავებთ.
მისივე თქმით, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მცდელობა ადეკვატურად აღიქვა რუსეთმა, ეს ეხება ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენას. თუმცა მინისტრის თქმით, თუკი სავიზო რეჟიმიც გაუქმდება საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს პოზიტიური იქნება, რასაც უნდა ვუმადლოდეთ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ ფორმატს მისი სპეციალური წარმომადგენლის -ზურაბ აბაშიძის ჩართულობის მხრივ.
„მიუხედავად ამისა, პარალელურ რეჟიმში ვხედავდით მავთულხლართების გაბმას, როცა 20 % ოკუპირებულია სხვა სახელმწიფოს მიერ და დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არის აღიარებული. ამაზე მეტი წნეხი რა უნდა იყოს. ახლაც არის იმის საშუალება, რომ ისევ მოხდეს ახალი პროვოკაციები, არაღიარების კუთხით, გაეროში რეზოლუციის კუთხით“, - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ ასოცირების ხელშეკრულების მოწერამდე რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ გამოწვევებზე საუბრისას. ამასთან, დააკონკრეტა, რომ ამ მიმართულებით ქართული მხარე აქტიურად მუშაობს და ეცდება, ყველა მოსალოდნელ საფრთხეს მომზადებული შეხვდეს-ეხება ეს ეკონომიკას, სატრანსპორტო მიმოსვლას თუ უკვე ჩვეულ პროვოკაციებს. ამ კუთხით კი ჩვენი პარტნიორი ქვენების და თავად ევროკავშირის მხადაჭერის იმედი გვაქვს, რომელმაც, ასევე, მიიღო გარკვეული გამოცდილება, თუ რა რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს მასთან სხვა ქვეყნის დაახლოებამ რუსეთის მხრიდან.
ქვეყნის პირველი დიპლომატი გახმაურებულ საქმეებსაც შეეხო და განმარტა, რომ კანონის სრული დაცვით მიმდინარე პროცესი საქართველოს იმიჯს არ დააზიანებს. გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილთან მიმართებით აღნიშნა, რომ საქმე გვაქვს დიდი რაოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვასთან, რაც სერიოზული დანაშაულია და უნდა მოხდეს ამ საქმეების გამოძიება და დამნაშავის დასჯა. კანონის წინაშე ყველა თანაბარი უნდა იყოს, პოლიტიკური ფიგურა თუ ჩვეულებრივი მოქალაქე. უფრო მეტიც, პოლიტიკურ ფიგურებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ ქვეყნისა და ხალხის წინაშე და ისინი მაგალითნი უნდა იყვნენ, რომ ქვეყანაში ყველაფერი სამართლიანად მიმდინარეობს.
„ჩვენ არცერთ საიდულო შეხვედრას არავისთან არ გავმართავთ“, - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ პუტინთან შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მომავალში არაფერია გამორიცხული, თუმცა ამ ეტაპზე არაფერი იგეგმება.
მედიასთან აღნიშნული შეხვედრიდან გაირკვა, რომ იანვარში იგეგმება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისრაელში, ასევე, საქართველოს მთავრობა მუშაობს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით. მართალია, მაია ფანჯიკიძემ კონკრეტული თარიღი ვერ დაასახელა, მაგრამ აღნიშნა, რომ ისრაელთან უვიზო მიმოსვლა ძალიან მალე შევა ძალაში, ხოლო 2014 წლის 1-ლი იანვრიდან შვეიცარიასთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი ამოქმედდება.
გარდა ამისა, ამ შეხვედრაზე დიპლომატმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე. იგი მიესალმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპეის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მზადაა, მანამდე გაცხადებული სექტემბრის ნაცვლად, მომავალი წლის აგვისტომდე მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას საქართველოსა და მოლდოვასთან. ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ ეს დიდი დადასტურებაა მაღალი დონის თანამშრომლობის, რომელიც თანდათან ჩამოყალიბდა ევროკავშირთან.
ვილნიუსის სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებების სათანადო შეფასებისთვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებს და ისაუბრა ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების შესახებ, რაც პოლიტიკური ასოცირებისა და ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის რეალურ შესაძლებლობას წარმოადგენს. კერძოდ, ევროკავშირთან ამ მაღალი დონის პარტნიორობამ შეუქცევადი უნდა გახადოს საქართველოში დემოკრატიული მმართველობა და ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია. რაც უფრო გაძლიერდება საქართველოში დემოკრატიული პროცესები და ინსტიტუტები, მით უფრო გაღრმავდება ევროკავშირთან ინტეგრირება. ამასთან, ასოცირების შეთანხმება მოიცავს ღრმა, ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის ამოქმედებას, რამაც უპრეცედენტოდ უნდა გაზარდოს ევროკავშირთან საქართველოს ვაჭრობის მასშტაბი. ევროპულ ბაზარზე თავისუფალი შესვლის პერსპექივამ კი დამატებითი მოტივაცია უნდა შეუქმნას უცხოურ და ადგილობრივ კომპანიებს საქართველოში ინვესტირებისთვის.
გაირკვა, რომ ქართული მხარე აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს მალე დაიწყებს. გარდა ამისა, საქართველოს წელს უკვე შესაძლებლობა მიეცემა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე კრიზისული მართვის სიტუაციებში ჩაერთოს და უსაფრთხოების პროცესში წვლილი შეიტანოს. წლის ბოლოს ხელი მოეწერა ოქმს ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ, რაც სხვადასხვა დარგში თანამშრომლობის შესაძლებლობას გვაძლევს.
„წლის განმავლობაში ბევრი ვიმუშავეთ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე. ოქტომბერში ევროკავშირის ექსპერტ-შემფასებელთა მისიამ დადებითად შეაფასა ჩვენს მიერ სამოქმედო გეგმის შესრულების კუთხით მიღწეეული პროცესი. ჩვენი მიზანია, 2014 წლის გაზაფხულზე გადავიდეთ გეგმის მეორე ფაზაზე, რამაც ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლამდე უნდა მიგვიყვანოს,“-აღნიშნა მინისტრმა.
მანვე განსაკუთრებით გამოყო საქართველო-ნატოს ინტენსიური ურთიერთობა და ნატო-საქართველოს კომისიას შორის შემდგარი ოცი შეხვედრა. ასევე, დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ საქართველოს ეწვია ჩრდილო ატლანტიკური საბჭო, ალიანსის გენმდივნის რასმუსენის ხელმძღვანელობით, ნატოში 28 წევრ სახელმწიფოს მუდმივი წარმომადგენლის მონაწილეობით. ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატოს მხარდაჭერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესისა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისადმი. ამდენად, მინისტრის მოლოდინით, მომავალი წლის ნატოს სამიტზე საქართველოს მიერ მიღეული პროგრესი სათანადოდ შეფასდება და გაწევრიანების გზაზე შემდგომ ნაბიჯს გადავდგამთ.
ასევე, მაია ფანჯიკიძის განმარტებით, მიმდინარე წელი წარმატებული იყო აშშ-სთან ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით. წელს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ჩატარდა ოთხი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა და აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დემოკრატიზაციის, მედიის თავისუფლების, სასამართლო რეფორების კუთხით. ამერიკის მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები და პროგრესი, დადებითად შეფასდა ჩვენი მთავრობის ინტეგრაციის პოლიტიკა, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთბის გაღრმავების მხრივ. მეტიც, საქართველო აირჩიეს იმ 20 ქვეყანას შორის, რომლებიც ჩაერთვებიან მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინოვაციისა და პარტნიორობის პროექტში.
რაც შეეხება გლობალური პარტნიორობის განვითარებას, ახლო აღმოსავლეთის, არაბული სამყაროს, აფრიკის, აზიის, და ოკეანეთის რეგიონებთან ურთიერთობის გაღრმავების კონტექსტში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. მინისტრის განმარტებით, მიმდინარეობს პროცედურები მალაიზიასა და საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოების გახსნისთვის, ვაპირებთ დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას იმ დარჩენილ რამდენიმე სახელმწიფოსთან, რომლებთანაც საქართველოს ჯერ არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები. მიმდინარე წელს საქართველომ ეს ურთიერთობა დაამყარა სეიშელის, ვანუატუს, კამერუნის რესპუბლიკებთან, ლესოტოს სამეფოსთან, რაც იმის საწინდარია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისას სახელმწიფოები ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ.