პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით კი, „სააკაშვილს შესაძლო გაპრემიერების საკითხში დასავლეთის განწყობის დადებითად შეცვლა არ გაუჭირდება“.
„არ დავუშვებთ, რომ სააკაშვილი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდეს. მას პოლიტიკური რესურსი აღარ დარჩა, რათა ქვეყანა მართოს.
საქართველოშიც და მის საზღვრებს გარეთაც სააკაშვილის არასერიოზულ ადამიანად თვლიან, რომელმაც ძალიან სერიოზული შეცდომები დაუშვა და ახლაც აგრძელებს“, - განაცხადა ალასანიამ „Ноев ковчег“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისივე აზრით, „სააკაშვილი ხელისუფლების შენარჩუნებას შეეცდება, თუმცა ამას ვერ მიაღწევს“.
„ჩვენ სერიოზული მხარდაჭერა გვაქვს საზოგადოების მხრიდან, ახლა კი ორგანიზებულობა გვჭირდება, რის გარეშეც საპარლამენტო არჩევნებზე მოქმედ ხელისუფლებას ვერ დავამარცხებთ. არჩევნებზე გამარჯვებით ქვეყნის სათავეში მიხეილ სააკაშვილის ყოფნას წერტილს დავუსვამთ“, - განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ საუბრები საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გაპრემიერების შესახებ ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით დაიწყო. ამ ცვლილებებით პრემიერს უფლებამოსულებები გაეზარდა, პრეზიდენტს კი შეუმცირდა. თუმცა არაოფიციალურად იმაზეც საუბრობენ, რომ სააკაშვილმა შესაძლო, პარლამენტის თავმჯდომარეობა ისურვოს, თუ დასავლეთი მის გაპრემიერებას მხარს არ დაუჭერს.
„ავტოკრატების ეპოქა მთელ მსოფლიოში მთავრდება. ეს სააკაშვილმა კარგად უნდა გაიგოს. ის, რაც მოხდა ყირგიზეთსა და ტუნისში, რაც დღეს ხდება ეგვიპტეში, მისთვის გაფრთხილება და გაკვეთილი უნდა იყოს.
სასურველია, რომ საქართველოში პროცესები ასეთი მიმართულებით არ განვითარდეს. ამისთვის კი საჭიროა, სააკაშვილმა ხალხის ხმა შეისმინოს“, - განაცხადა თავის მხრივ „ქართული პარტიის“ ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა ყვარლის პარტიული ორგანიზაცის ოფისის გახსნისას.
მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება ძალოვანი უწყებების უხეშ ძალას ემყარება და მოსახლეობაში არანაირი ავტორიტეტი არ გააჩნია.
„სააკაშვილის რეჟიმი, მხოლოდ პოპულისტურ დაპირებებს იძლევა, რომლებსაც არ ასრულებს“, -აღნიშნა სოზარ სუბარმა, რომელმაც თავისი ნათქვამის საილუსტრაციოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების თაობაზე სააკაშვილის მიერ უხვად გაცემული დაპირებები მოიყვანა.
„ქართული პარტიის“ თავმჯდომარე ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკა ინგრევა, ბიზნესი დატერორებულია და ახალი სამუშაო ადგილები არ იქმნება. სუბარს საგანგაშოდ მიაჩნია ხელისუფლების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება მიწის გადასახადის გაზრდის შესახებ.
„ქვეყანაში რადიკალური ცვლილებები აუცილებელია, რათა საქართველო ნორმალური განვითარების გზას დაადგეს. ეს არ მოხდება, თუ სააკაშვილი პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის რანგში გააგრძელებს ქვეყნის მართვას“,- აფრთხილებს საზოგადოებას სოზარ სუბარი.
მისი თქმით, „ქართული პარტია“ სწორედ ქვეყანაში არსებული უმწვავესი მდგომარეობის მოგვარების მიზნით შეიქმნა.
„ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ“, - დაპირდა სოზარ სუბარი ამომრჩევლებს.
„ქართული პარტიის“ თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში მოხერხდება ხელისუფლების მიერ სრული კონტროლის ქვეშ მოქცეული საინფორმაციო სივრცის გარღვევა, რაც მმართველი ძალის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლას გააადვილებს.
„გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ, მარადიული ამ ქვეყნად არაფერია, თიხის ფეხებზე მდგარი ხელისუფლების დამარცხებას აუცილებლად მოვახერხებთ“, - განმარტა მან.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით კი, მიხეილ სააკაშვილის პარლამენტის თავმჯდომარეობისთვის მზადების შესახებ ინფორმაცია „თავშესაქცევადაა გავრცელებული“.
როგორც „პირWელს“ საყვარელიძემ განუცხადა, „რეალური მოტივი იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ძალაუფლება შეიზღუდოს, არ არსებობს, აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის ვადის ამოწურვის შემდეგ სააკაშვილი შესაძლოა, პრემიერ-მინისტრობას უმიზნებს და არა პარლამენტის თავმჯდომარეობას“.
რაც შეეხება ამ თემასთან დაკავშირებით ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააკაშვილს გაპრემიერების კუთხით დასავლეთის მხარდაჭერა არ გააჩნია, საყვარელიძის აზრით, „ეს სააკაშვილისთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს“.
„ის, რომ დასავლეთის მისადმი განწყობა შესაძლოა, არცთუ სახარბიელო იყოს, სააკაშვილს არ აშინებს. მას მარტივად შეუძლია, ეს განწყობა დადებითად შეცვალოს, ისევე, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გააკეთა.
არ მგონია, ამ გამოცდილების ფონზე სააკაშვილს დასავლეთთან ურთიერთობის მოგვარების პრობლემა ჰქონდეს. შესაბამისად, არ მგონია, ის ძალაუფლების შეზღუდვაზე ფიქრობდეს, - ამის მოტივს ვერ ვხედავ“, - დასძინა პოლიტოლოგმა.
„პირWელის“ ინფორმაციით კი, რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა „ნაციონალური“ ელიტა შეკრიბა და მმართველი პარტიის გაძლიერების აუცილებლობაზე ესაუბრა.
„პირWელის“ წყაროს ცნობით, სააკაშვილმა თანაგუნდელებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დასავლეთის მხარდაჭერა არ ექნება, ხოლო „გაძლიერებული „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავების რეალური შანსი აქვს“.