რუსეთი ევროპის წინააღმდეგ

რუსეთი ევროპის წინააღმდეგ

მსოფლიოს ნელსონ მანდელები სჭირდება. ის კი ვლადიმერ პუტინებს იღებს. რამდენიმე დღის წინ სამხრეთაფრიკელი გმირი მიწას მიაბარეს, რუსეთის პრეზიდენტი კი მეზობელ უკრაინას ახალ საბაჟო კავშირში მიერეკება, გაერთიანებაში, რომელიც საბჭოთა კავშირის მსუბუქ ვარიანტს ჰგავს; პუტინი აძლიერებს კონტროლს სახელმწიფო მედიასაშუალებებზე, ქმნის რა კრემლის ახალ საინფორმაციო სააგენტოს, რომელსაც რადიკალი ნაციონალისტი და ჰომოფობი უხელმძღვანელებს

პუტინის ეს ქმედებები ქცევის იმ მოდელის ნაწილია, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ბოლო წლების განმავლობაში მისდევს. ის მიმართულია რუსეთის დაშორებაზე სოციალურად და კულტურულად ლიბერალური დასავლეთისაგან. მიღებულია კანონები, რომელიც ოფიციალურად აკანონებს გეების და ლესბოსელების დევნას; პანკ ჯგუფის წევრი გოგონები რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის შეურაცხყოფისთვის დააპატიმრეს; დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციები დემონიზირებული, მათ „უცხოეთის აგენტებს“ უწოდებენ; გაფართოვდა სახელმწიფო ღალატის ცნება; უცხოელებზე ბავშვების გაშვილების პროცედურა შეიზღუდა. 

თუმცა, ის რაც ხდება, პუტინის მხრიდან მხოლოდ კუნთებით თამაში არ არის. ყველაფერი გაცილებით რთულად და სახიფათოდაა. პუტინი ცდილობს გაავლოს ზღვარი რუსეთს და ევროპას შორის, ამწვავებს უთანხმოებას კონტინენტზე, რომელზეც გასულ საუკუნეში ორჯერ გაჩაღდა მსოფლიო ომი. დღეს უკვე ცხადია, რომ პუტინი უბრალოდ აქზებს დასავლეთს საკუთარი ამომრჩევლის გულის მოსაგებად და იმავდროულად ჩანასახშივე კლავს შიდა ოპოზიციას. მას უნდა ასევე ბოლო 25 წლის ისტორიის წაშლა. 

ჟურნალისტები და ანალიტიკოსები პუტინის მოტივებზე ვარაუდებს გამოთქვამენ. არსებობს რამდენიმე თეორია. ვიღაცისთვის ის ბიჭია, რომელსაც ომისშემდგომი ლენინგრადის ეზოებში ცუდად ექცეოდნენ, შემდეგ „კაგებეს“ ფორმა ჩაიცვა, რომ ვიღაცეებისთვის სამაგიერო გადაეხადა და მას შემდეგ ეს ფორმა აღარ გაუხდია. ზოგიერთებისთვის ის მბორგავი რუსული სულია დოსტოევსკის რომანებიდან, რომელიც აღშფოთებულია უღმერთობით, განუკითხაობით და ამორალურობის ზეიმით; ვიღაცისთვის - საბჭოთა ადამიანი, რომელიც ცივ ომში იბრძვის; კიდევ ვიღაცისთვის - კლასიკური ნარცისი, რომელზეც სრულად მეტყველებს მისი მიდრეკილება მასკულინური ფოტოების გადაღებისაკენ. 

2012 წელს პრეზიდენტის თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ, პუტინმა დაიწყო ფიქრი იმის შესახებ, რომ დასავლეთი მის ავანსებს საკმარისად ვერ აფასებდა და რომ რუსეთს, როგორც დამარცხებულ ქვეყანას ისე ეპყრობოდა, და არა როგორც თანასწორ პარტნიორს მსოფლიო არენაზე. ეს წყენა იდეოლოგიურ ანტიპათიაში გადაიზარდა, რაც არა სპეციფიკურად საბჭოთა, მაგრამ ღრმად რუსულია. მისი დაპირისპირება დასავლეთთან აღარ არის პოლიტიკური გავლენის და ეკონომიკური სარგებლის თემა. მისი აზრით, საქმე ღრმა სულიერ კონფლიქტშია. 

„პუტინს უნდა რუსეთი ტრადიციული ღირებულებების მსოფლიო დედაქლაქად აქციოს“, მიაჩნია მაშა ჰესეს, პუტინის ერთ-ერთ ბიოგრაფს და აქტივისტს, რომელიც გეების და ლესბოსელების უფლებებისთვის იბრძვის, ის ასევე ავტორია ბლოგის Latitudes, რომელიც ჩვენი გაზეთის ვებგვერდზე ქვეყნდება. 

მაგრამ რა კავშირი აქვს მაინც ამ რუსულ რეტრო-პურიტანიზმს იმასთან, რაც კიევის ქუჩებში ხდება, სადაც ევროკავშირთან პარტნიორობის მომხრე უკრაინელები პრეზიდენტ იანუკოვიჩს უპირისპირდებიან, რომელიც „ევრაზიულ კავშირში“ (ევროკავშირთან კონკურენციისთვის გამიზნული პუტინის პროექტი) აპირებს გაწევრიანებას? იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგიდგენიათ. 

რუსეთის პარლამენტის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი პუშკოვი ამბობს, რომ თუკი უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდება, ქვეყანაში ევროპელი მრჩევლები შეაღწევენ და „გეი-კულტურის სფერო გაფართოვდება“. მკვეთრად ანტიდასავლურად განწყობილმა ტელეწამყვანმა დიმიტრი კისილიოვმა, რომელიც პუტინმა რეორგანიზებული საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელად დანიშნა, ახლახანს ეთერში გაუშვა ფრაგმენტები შვედური გადაცემიდან Poop and Pee, რომელიც ბავშვებს ადამიანის ფიზიოლოგიის შესახებ მოუთხრობს. მან ამას დასავლური გარყვნილება უწოდა, რომელიც თურმე უკრაინას ელის, თუკი კიევი ევროპულ კურს განაგრძობს. კისილიოვი ის კაცია, რომელიც ხმამაღლა აცხადებდა, რომ დაღუპული ჰომოსექსუალების ორგანოები უნდა დაიწვას და დაიმარხოს, რომ ის არავის გადაუნერგონ. 

კარნეგის ფონდის მოსკოვის ოფისის თანამშრომელი დიმიტრი ტრენინი დარწმუნებულია, რომ ეს არ არის უბრალოდ ტრადიციონალიტსტი ამომრჩევლების გრძნობებზე თამაში, არამედ, რაღაც გაცილებით პერსონალური რამ. ბოლო ორი წლის განმავლობაში პუტინი იდეოლოგიურად უფრო კონსერვატიული გახდა. ის სულ უფრო მეტად ფიქრობს იმას, რომ ევროპა ზნედაცემული და უცხოა აღმოსავლეთსლავური სამყაროსათვის, რომელსაც რუსეთი და უკრაინა მიეკუთვნება. 

„საქმე უკიდურეს ტელერანტობასა და სეკულარიზმშია“, ამბობს ტრენინი. „პუტინს მიაჩნია, რომ ევროპა პოსტქრისტიანულია. ზენაციონალური ინსტიტუტების დომინირება ნაციონალურ სუვერენიტეტზე, ეკლესიის როლის შემცირება, ადამიანის უფლებები, რომელმაც გადაწონა მათი ვალდებულებები ერთმანეთის და სახელმწიფოს მიმართ - აი ამ ყველაფერშია საქმე“. 

იმისთვის რომ პუტინის ქმედებების მასშტაბი შევაფასოთ, წარსული უნდა გავიხსენოთ. 

1989 წელს, საბჭოთა პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა სტრასბურგში წარმოთქვა სიტყვა, რომელიც ბევრმა ცივ ომთან გამიჯვნის გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნია. ის აცახდებდა, რომ რუსეთის განცდით ახლა ის ცხოვრობს ერთიან „საერთოევროპულ სახლში“ თავის დასავლელ მოწინააღმდეგეებთან ერთად; რომ ურთიერთობების საფუძველი უნდა გახდეს ურთიერთპატივისცემა და ვაჭრობა კონფრონტაციის და ურთიერთშეკავების ნაცვლად; რომ სამხედრო ბლოკები პოლიტიკურ ორგანიზაციებად უნდა გარდაქმნას. ანუ ქვეყანა, რომელსაც პრეზიდენტმა რეიგანამა „ბოროტების იმპერია“ უწოდა, კეთილი მეზობელი უნდა გამხდარიყო. 

„ევროპაში განხეთქილების საფუძველზე წარმოქმნილი მსოფლიო კონფლიქტის ხანგრძლივი ზამთარი, როგორც ჩანს, სრულდება“, წერდა მაშინ Washington Post-ის უცხოელი კორესპონდენტი ჯიმ ჰოგლანდი. და მაშინ ეს იყო საერთო თემა. 

როდესაც, რამდენიმე წლის შემდეგ საბჭოთა კავშირი დაიშალა, უკრაინა ყველაზე დიდი აღმოჩნდა იმ 14 რესპუბლიკას შორის, რომლებმაც თავი დააღწიეს რუსეთის მმართველობა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავისუფლებას აფასებდნენ, ბევრ უკრაინელს სურდა რუსეთთან ერთად გაევლო ის გზა, რომელიც გორბაჩოვმა განსაზღვრა. 

„იყო ასეთი ლოზუნგი: ევროპაში რუსეთთან ერთად“, ამბობს ჰარვარდის უკრაინული კვლევების ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი რომან შპორლიუკი. „დღეს ეს იდეა აღარ არსებობს, და პუტინმა, როგორც ჩანს, იმპერიის აღდგენა გადაწყვიტა“. 

გორბაჩოვის სიტყვების შემდეგ „საერთოევროპული სახლის“ შესახებ, 25 წელი გავიდა და პუტინს როგორც ჩანს უნდა, რომ ამ საერთოევროპული ოჯახის დამანგრეველი გახდეს. 

ცხადია, ბოლო წლებში რეცესიისა და ეკონომიის პოლიტიკის გამო ევროპამ ნაწილობრივ დაკარგა მისი წარსული ელვარება. თუმცა ის კვლავ უფრო მიმზიდველია, ვიდრე გამოფიტული უკრაინული ეკონომიკა, რომელსაც არაეფექტური და კორუმპირებული ხელისუფლება მართავს. უკრაინელები არასდროს კარგავდნენ ევროპის ნაწილად გადაქცევის იმედს. კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეები ის თაობაა, რომელიც სწავლობდა, მუშაობდა და ხშირად სტუმრობდა პოლონეთს, რომელიც ევროპას უკვე მიუერთდა. ამ ადამიანებს არ უნდათ ცხოვრება რუსეთის იმპერიის გაუარესებულ ვარიანტში. მათ მხარს უჭერს ასევე უკრაინული ბიზნესის საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელსაც რუსეთსა და უკრაინაში გაბატონებულ კორუფციასა და განუკითხაობას, დასავლური კანონიერება ურჩევნია. 

შესაძლოა, პუტინმა შეძლოს უკრაინის დაპყრობა, მაგრამ ის ამას აუცილებლად ინანებს. მან, როგორც ფიგურამ, რომელსაც განსაკუთრებული ლტოლვა აქვს წარსულისაკენ, უნდა გაითვალისწინოს სხვა ხელისუფლის, იოსებ სტალინის, გამოცდილება, რომელმაც პოლონეთს დასავლეთ უკრაინა მოსტაცა. შპორლიუკის თქმით, მართალია სტალინს ეს ჭკვიანურ სვლად მიაჩნდა, მაგრამ სინამდვილეში მან მხოლოდ დაუმატა სსრკ-ს პრობლემები მომავლისათვის: საბჭოთა კავშირში თავნება უკრაინელები შეიყვანა და გააძლიერა პოლონეთი, რომელიც უკრაინული უმცირესობის გარეშე ჰომოგენური გახდა. 

ანალოგიურად, თუკი პუტინი უკრაინას საკუთარ კავშირში მოამწყვდევს, მას მოუწევს საზოგადოებრივი აზრის დაშოშმინება, ამ ქვეყნისთვის გულუხვი საჩუქრების კეთება, რისი შესაძებლობაც მას არ აქვს, და კიევისთვის იმ გავლენის დათმობა, რომლის გაზიარებაც არავისთვის არ უნდა. ტრენინი ამბობს, რომ „უკრაინა ყოველთვის იფიქრებს წასვლაზე“. შეიძლება, პუტინმა ნახოს ის, რაც სტალინმა ნახა, რომ უკრაინის დაპყრობას სარგებელზე მეტი პრობლემა მოაქვს.
foreignpress.ge