[ნინო მიქიაშვილი]
გინდა დაიჯერეთ და გინდ არა, მაგრამ ხარაგაულის რაიონის საკრებულოს უმრავლესობამ, ამავე რაიონის გამგებელი გაამტყუნა; ისე, უბრალოდ, სიტყვიერად კი არა?! - საკრებულოში შექმნილი სპეციალური კომისიის დასკვნით და ბოლოს კენჭისყრით, რის გამოც უმრავლესობამ უმცირესობის ტაში და ოვაციები დაიმსახურა.
ამ ფაქტის თვითმხილველი იყო პრესაგე.ტვ, რომელიც თბილისიდან ხარაგაულში სპეციალურად საკრებულოს სხდომაზე დასასწრებად ჩავიდა, “გადაარჩინე სიცოცხლეს“ ერთ-ერთ დამფუძნებელთან, ჯამბულ გამცემლიძესთან, უფლებადამცველ ნოდარ ეფრემიძესთან და ტრიბუნა.გე-ს ჟურნალისტთან, თამუნა წიკლაურთან ერთად.
ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე ტაშის და ოვაციების საფუძველი იყო 4 იანვარს გამგებლის მიერ გამოცემული ბრძანება N1-ის ბათილად ცნობა, რომლითაც გამგებელმა, თორნიკე ავალიშვილიმა ამავე რაიონის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ყოფილი უფროსი, იზა ვეფხვაძე თანამდებობიდან მეორედ გაათავისუფლა.
გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში უზენაესმა სასამართლომ იზა ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი განიხილა და 3 ნოემბერს გადაწყვეტილება გამოაცხადა, რითაც გამგებელს დაევალა იზა ვეფხვაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2009 წლის 27 ოქტომბერს გამოცემული ბრძანების გაბათილება, სათანადო მოკვლევის შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა და 1 წლის განაცდურის ანაზღაურება.
გამგებელმა თორნიკე ავალიშვილმა ახალი ადმინისტრაციული აქტი გამოსცა, მაგრამ ძველებურად დაასაბუთა - ანუ იზა ვეფხვაძე თანამდებობიდან ხელმეორედ გაათავისუფლა, რის შემდეგაც ვეფხვაძემ საკრებულოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა. საკრებულოში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, გამგებლის მიერ 4 იანვარს გამოცემული ბრძანება ბათილად ცნო, რაც კენჭისყრითაც დადასტურდა.
გამგებელი წამოდგა და თქვა - “მე აბსოლუტურად ვეთანხმები, დღევანდელ დღეს, რაც გადაწყდა საკრებულოს სხდომაზე. მე ვალდებული ვარ თითოეული თქვენი მითითება შევასრულო და გავაკეთო ისე, როგორც კანონი მოითხოვს და როგორც საჭიროება მოითხოვს, კანონის მიმართ“.
აუცილებლად გაცნობებთ რა შინაარსის ბრძანებას გამოსცემს ხარაგაულის უცნაური გამგებელი, იზა ვეფხვაძესთან დაკავშირებით; გამორიცხული არ არის მან ისევ უკუღმა შეასრულოს საკრებულოს გადაწყვეტილება, როგორც ეს მოხდა უზენაესი სასამართლოს შემთხვევაში.
ამ ერთი შეხედვით უბრალო, მაგრამ ერთი კონკრეტული რაიონისთვის, ან თუნდაც პიროვნებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემით, ჩვენ მას შემდეგ დავინტერესდით, რაც მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა რურუას სახელზე შედგენილი თხოვნა ვნახეთ, რომელსაც ხელს აწერენ: გურამ დოჩანაშვილი, მარიკა კვალიაშვილი, გურამ საღარაძე, გიორგი ხარაძე, ანზორ ერქომაიშვილი, ფრიდონ სულაბერიძე, რეზო ჭეიშვილი, გიგა ლორთქიფანიძე, ჟანრი ლოლაშვილი, ჯუმბერ ლომინაძე, ჯემალ ღაღანიძე:
”ხარაგაულის რაიონში კულტურის სამსახურს ხელმძღვანელობდა პროფესიონალი, ღრმად ერუდირებული, ქვეყნის ერთგული და საქმისთვის თავდადებული ქალბატონი, იზა ვეფხვაძე… მის საქმიანობას კარგად იცნობენ არა მარტო რეგიონის, არამედ ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ თვითმხილველნი ვართ მისი უსაზღვრო ნიჭიერების და საქმისადმი თავდადების. სამწუხაროდ, შევიტყვეთ ინფორმაცია, მისი სამსახურიდან მოულოდნელად გათავისუფლების შესახებ, რამაც ჩვენი ინფორმაციით, ვნებათაღელვა გამოიწვია. გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას, ამ მეტად სავალალო და გაუგებარი ფაქტის გამო და ვფიქრობთ, ისეთი ადამიანების ყოფნა რეგიონებში, როგორიც ქალბატონი იზა ვეფხვაძეა, ქვეყნის მომავლისთვის და სიძლერისთვის ძალზედ აუცილებელია. გთხოვთ, დაინტერესდეთ”.
ამ წერილის ასლი 2009 წლის ნოემბის ბოლოს ვნახეთ და ამ საკითხთან დაკავშირებით იქიდან მოყოლებული დღემდე ექვსი წერილი გამოვაქვეყნეთ, სათაურებით: როგორ იქცა ხარაგაულის პრობლემა გურამ დოჩანაშვილისა და ჟანრი ლოლაშვილის პრობლემად; ხარაგაულის გამგებლის საქმე უზენაეს სასამართლოშია; უზენაესი სასამართლო სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანას აპირებს?; უზენაესის მოსამართლემ ხარაგაულის გამგებელი გაამათრახა; ხარაგაულის გამგებელმა უზენაესში პროცესი წააგო; ხარაგაულის გამგებელი გაუკუღმართდა.
“სამართალმა პური ჭამა“ - ასე შეაფასა საკრებულოს უმცირესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, “რესპუბლიკელმა“ ნოდარ ებანოიძემ უმრავლესობის გადაწყვეტილება და ერთი იდეაც წამოაყენა, რომელსაც ალბათ, საკრებულოს მომავალ სხდომაზე განიხილავენ - “ბატონი თორნიკეს ქმედებამ ბიუჯეტს სერიოზული, 10 000-ლარიანი დარტყმა მიაყენა. თუმცა, მისმა ქმედებამ დღეს აქ წარმოშვა საკრებულო. მას ეს შეცდომა ხელმეორედ, რომ არ გაემეორებინა, დღევანდელი დღე არ იქნებოდა; მე ახლა სხვანაირი გრძნობა მაქვს. საკითხს მოვამზადებ და მომავალ სხდომაზე ვიმსჯელოთ - ბატონ გამგებელს ხელფასი შევუმციროთ და 10 000 ლარი მისგან ამოვიღოთ, რაც შეიძლება ჩქარა“.