საქართველოს მთავრობა მსხვილი ენერგოპროექტების მშენებლობას სახელმწიფოს თანამონაწილეობით განიხილავს. ჯერ კიდე 2 წლის წინ ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „ნამოხვანი“, „ნენსკრა“ და „ხუდონი“ მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით უნდა აშენდეს. ჯერჯერობით ამ მიმართულებით პროცესები არ გააქტიურებულა, თუმცა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიაც დაბეჯითებით აცხადებს, რომ მსხვილ პროექტებში სახელმწიფოს თანამონაწილეობა უალტერნატივოა.
„მსხვილი პროექტების განხორციელებაში სახელმწიფოს თანამონაწილეობა უალტერნატივოა, ვინაიდან ასეთი ტიპის ობიექტები არიან სტრატეგიული ობიექტები. არის მარეგულირებელი სადგურები, სადაც შესაძლებელია წყალი დაგროვდეს და საჭიროების შემთხვევაში მოხდეს ენერგიის გამომუშავება. რა თქმა უნდა, ასევე სოციალური თვალსაზრისით და დიალოგის კუთხითაც სახელმწიფოს ჩართვა არის მნიშვნელოვანი, რადგან ასეთ დროს მოსახლეობის წინაშე დგას არა ინვესტორი, რომელსაც მთავარი ორიენტირი მოგების მიღება აქვს, არამედ სახელმწიფო, რომელსაც აწყობს პროექტი წყნარად და მშვიდად გაკეთდეს პროექტი, დასაქმდეს მოსახლეობა და სოციალურად უზრუნველყოფილი ადგილობრივი თემი ჰყავდეს.
აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს გადაწყვეტილება თუნდაც ნამოხვანის პროექტის განხორციელების ჩართვასთან დაკავშირებით არის უალტერნატივო. მათ შორის მიწები, რომლებიც ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობა სჭირდება, კი არ გადაეცემა ინვესტორს, არამედ სახელმწიფოს დარჩება. ასეთ შემთხვევაში პროტესტის ტალღა დაბლა დაიწევს“, - განაცხადა ნარმანიამ.
კიდევ უფრო კონკრეტულ მიზნებს ასახელებს საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე. მისი აზრით, ნამდვილად უნდა აშენდეს სამივე მსხვილი ჰესი 2030 წლამდე, რომ არ აღმოვჩნდეს ენერგოდამოკიდებულ ქვეყანათა რიცხვში.
„2030 წლისთვის საქართველოს აღებული აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი - ჩვენს მოხმარებაში 27% უნდა იყოს განახლებადი ენერგიის წილი. დღევანდელი მდგომარეობით, მხოლოდ 19%-ია ეს მაჩვენებელი. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის, რომ გენერაციის ობიექტების გამრავალფეროვნება და მშენებლობა სწრაფად გაგრძელდეს. ამას ემატება ის, რომ შავი ზღვის კაბელი გაეშვება 2030 წელს და, შესაბამისად, მოხარულები ვიქნებით, რომ ჩვენს ქვეყანაში ნაწარმოებ პროდუქტს გავყიდით და არ გადავიქცით ისეთ ქვეყნად, რომელიც მხოლოდ ტრანზიტს მოემსახურება და მეზობელ ქვეყნებში გენერირებული ელექტროენერგიის გატარებას განახორციელებს“, - განაცხადა „კომერსანტის“ ეთერში მელიქიძემ.
მისი თქმით, ვერც მზე და ვერც ქარი ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაანაცვლებს ჰიდროგენერაციას. ამიტომ სამივე მსხვილი ჰესი (ხუდონი, ნენსკრა, ნამოხვანი) აუცილებლად უნდა აშენდეს.
„მართალია მზე და ქარი ძალიან საინტერესო და მიმზიდველი ენერგოწყარო გახლავთ, მაგრამ, ვერავითარ შემთხვევაში მზე და ქარი ვერ ჩაანაცვლებს ჰიდროს. ეს ყოვლად წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ნამდვილად უნდა ავაშენოთ სამივე მსხვილი ჰესი, 2030 წელს და მანამდეც რომ არ აღმოვჩნდეთ ენერგოდამოკიდებულ ქვეყანათა რიცხვში. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვექნება, გარდა ერთისა - ან უნდა გადავიდეთ გრაფიკზე, ან უნდა გავაძლიეროთ ელექტროენერგიის იმპორტი. ჩვენ თუ არ გვინდა რომ ვიყოთ ენერგოდამოკიდებული ქვეყანა და ვიყოთ ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა და ენერგოუსაფრთხოება იყოს დაცული, მაშინ მნიშვნელოვანია ამ ჰესების აშენება“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.
ახალი ჰიდრო გენერაციის ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საპასუხოდ მან აღნიშნა, რომ არსებული ტენდენცია ჰესების წინააღმდეგ ნეგატიურმა პროპაგანდამ მოიტანა.
„ჰესების მშენებლობასთან მიმართებით ყველაზე დიდი გამოწვევა არის ადგილობრივი მოსახლეობიდან წამოსული პროტესტი. 30 წელია, რაც მიმდინარეობს ჰესების წინააღმდეგ ნეგატიური ხასიათის პროპაგანდა, რამაც ის სავალალო შედეგი დააყენა, რომლის წინაშეც ახლა ვართ. რა თქმა უნდა, მხარდაჭერა აქვს მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობას, თუმცა ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ დავაკმაყოფილოთ ქვეყანაში არსებული მოხმარება. ჩვენ ვსაუბრობთ ექსპორტზეც. მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა შეიძლება გახდეს ძალიან ძლიერი ექსპორტიორი თურქეთთან, სომხეთთან მიმართებით, 2030 წლიდან უკვე ევროპის ქვეყნებთან მიმართებით, ნამდვილად დასანანია, რომ ამხელა წინააღმდეგობა ხვდება ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების მშენებლობას“, - თქვა განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა.