საქართველოში ეკომიგრანტების საცხოვრებელი პირობები საგანგაშოა. სტიქიით დაზარალებულებს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში უმძიმეს მდგომარეობაში უწევთ ცხოვრება. მათი პრობლემები მრავალფეროვანია, თუმცა თითქმის ყველა სტიქიით დაზარალებულს აერთიანებს შესაბამისი სტატუსის უქონლობა და უძრავი ქონების საკუთრებაში მიღებასთან დაკავშირებული საკითხები.
ეკომიგრანტების პრობლემების გადაწყვეტას აფერხებს ის, რომ დღეისათვის სტიქიური მოვლენების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებზე არანაირი სამართლებრივი სტატუსი არ ვრცელდება. ტერმინი “ეკომიგრანტი” გვხდება ცალკეულ ნორმატიულ აქტებში, თუმცა მიუხედავად ამისა, არ არსებობს ისეთი სამართლებრივი ნორმა, რომელშიც მოცემული იქნება ეკომიგრანტის დეფინიცია და განისაზღვრება პირთა ის წრე, რომელიც მოიაზრება ამ კატეგორიაში.
რამდენად მნიშვნელოვანია ეკომიგრანტებისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი და რას შეცვლის მათთვის სამართლებრივად დაკანონებული ტერმინი, რა გაკეთდება კონკრეტულად ამ მიმართულებით პროექტის ფარგლებში. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელის წარმომადგენელი ნინო თევზაძე ამბობს, რომ პროექტი მაქსიმალურად შეეცდება პრობლემები მიიტანოს იმ სახელმიწფო სტრუქტურებამდე, რომლებიც ამ საკითხების მოგვარებაზე არიან პასუხისმგებელნი.
“სტატუსის მნიშვნელობაზე თავად ეკომიგრანტებიც აქტიურად საუბრობენ, ხედავენ ამის აუციელობლობასა და საჭიროებას”, - განაცხადა ნინო თევზაძემ.
ქართლი ეკომიგრანტების მიმღები ყველაზე დიდი რაიონია და შესაბამისად, აქაურ ეკომიგრანტთა პრობლემების ნუსხა ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი. “ზოგადად ძალიან მძიმეა მათი მდგომარეობა. ძირითადი პრობლემა ისაა რომ სახელმწიფოს მათთან მიმართებაში არ აქვს გარკვეული საადაპტაციო და საინტეგრაციო გეგმა. მათ უჭირთ ახალ გარემოსთან შეგუება, ეკომიგრანტთა ყოველი ახალი ნაკადის ჩასვლასთან ერთად იმატებს კონკურენცია დასაქმების ადგილებთან დაკავშირებით. სახლები, ხშირად არაა ისეთ მდგომარეობაში, რომ იქ ცხოვრება შესაძლებელი იყოს.
სახელმწიფო მათ ისეთ სოფლებში ასახლებს, სადაც თვითონ ეს სოფლები არაა ინფრასტრუქტურულად გამართული და მას კიდევ დამატებითი რესურსი აწვება. არის კიდევ ერთი პრობლემა: ამ ადამიანებს სახლები არ აქვთ კერძო საკუთრებაში გადაცემული და ეკომიგრანტის ოჯახიც ვერ არემონტებს მას”, - აცხადებს თევზაძე.
სტატუსის განუსაზღვრელობა პრობლემას იმ მხრივაც ქმნის, რომ სტიქიით დაზარალებულები ვერ ახერხებენ სახელმწიფოსაგან დახმარებების მიღებას. მარნეულის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის, სოც.უზრუნველყოფისა და ვეტერანთა საქმეების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი სისვაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში კონკრეტულად ეკომიგრანტებისთვის სოციალური თუ სხვა სახის დახმრების პროგრამა არ ხორციელდება, რადგან არ არსებობს სტატუსი, რომელიც დახმარების ფორმას განსაზღვრავს.
“თუ ყოველწლიურად დევნილების შეშით უზრუნველყოფისთვის გარკვეული თანხის განსაზღვრა ხდება ბიუჯეტში, იგივე არ ხდება ეკომიგრანტებისთვის. იმიტომ კი არა, რომ დევნილებს უფრო უჭირთ, უბრალოდ, სტატუსი არ არსებობს. აქამდე ამაზე არც ცენტრალურ ხელისუფლებას უზრუნვია და არც ადგილობრივს”, - განმარტა გიორგი სისვაძემ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელთან საუბრიას.
მარნეულის მსგავსად სტატუსის არ არსებობის გამო, გარკვეული დახმარების გაწევას ეკომიგრანტებისთვის ვერ ახერხებენ თეთრწყაროშიც. მუნიციპალტეტის გამგებელი მამუკა ჩოქური ამბობს, რომ კანონი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ კონტინგენტის დახმარება მოხდეს.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში აცხადებენ რომ შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიით დაზარალებულთა სტატუსის შემუშავებაზე მუშაობს. შემუშავებული კანონპროექტის მონახაზი დეკემბრის ბოლომდე გადაეგზავნება კომისიაში შემავალ ყველა უწყებას, რის შემდეგაც დაიწყება მსჯელობა აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ.
“ჩვენ საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში პიონერები გამოვდივართ, სადაც შემოვა სპეციალური განმარტება და სტიქიით დაზარალებულის სტატუსის პირველი დეფინიცია და სახელმწიფოსა და ეკომიგრანტების ურთიერთობას კანონი დაარეგულირებს. მუშაობა დაწყებულია და 2014 წლამდე სამინისტროში მომზადებულ ამ კანონპროექტის დრაფტს გადავუგზავნით ყველა დაინტერესებულ უწყებას, რის შემდეგაც დაიწყება მსჯელობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით”, - აცხადებს ზაზა იმედაშვილი.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ერთადერთი არ არის ქვემო ქართლის რეგიონში, სადაც ეკომიგრანტები ცხოვრობენ. გარდაბანშიც, მარნეულშიც, დმანისშიც, ბოლნისსა და წალკაშიც ათასობით მაცხოვრებელი ეკომიგრანტი ოჯახის მოთხოვნაა ერთხელ და სამუდამოდ განისაზღვროს მათი სტატუსი.