უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინაში ომის დასასრულებლად თავისი თავის პოტენციურ შუამავლად პოზიციონერებას აგრძელებს, რითაც, სავარაუდოდ, ცდილობს, დასავლეთის ყურადღების გადატანას შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რათა უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერა შეარყიოს, - ამის შესახებ ამერიკული „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ (ISW) ანგარიშშია აღნიშნული.
“უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინაში ომის დასასრულებლად თავისი თავის პოტენციურ შუამავლად პოზიციონერებას აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უარს აცხადებს შუამავლობაზე ან სერიოზულ მოლაპარაკებებზე. ორბანი, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს, დასავლეთის ყურადღება შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გადაიტანოს, რაც უკრაინის მიმართ ევროპის მხარდხაჭერის შერყევის ძალისხმევის ნაწილია“, - აცხადებენ ორგანიზაციის ანალიტიკოსები.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტარ გლავჩევი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ბულგარეთის შუამავლობის შეთავაზებით გამოვიდა. გარდა ამისა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა 6 ივლისს უკრაინას მოუწოდა, გააფართოვოს და დააჩქაროს მიმდინარე სამშვიდობო პროცესი, რათა თავიდან აიცილოს „პოლარიზაციის გაღრმავება“ და „პრიორიტეტი დიპლომატიას მიანიჭოს“.
„ორბანის და სხვების მოწოდებები მოლაპარაკებებზე და უკრაინის სამშვიდობო ფორმულა განსხვავებული ძალისხმევებია განსხვავებული მიზნებით და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აჩვენა, რომ ის არ არის დაინტერესებული არანაირი შეთანხმებით, უკრაინის კაპიტულაციის გარეშე“, - აცხადებენ ანალიტიკოსები.
ამასთან, „ომის შესწავლის ინსტიტუტი“ ხაზს უსვამს, რომ უკრაინის შესაძლებლობა, გააგრძელოს საკუთარი სამშვიდობო პროცესი დამოკიდებულია მის უნარზე გაათავისუფლოს ოპერატიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიები. ამავდროულად, უკრაინა ვერ შეძლებს წარმატებული კონტრშეტევითი მოქმედებების განხორციელებას ამ მიზნის მხარდასაჭერად უახლოეს და საშუალოვადიან პერიოდში დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერის გარეშე.