ვლადიმერ პუტინი საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მიმართ კეთილგანწყობაზე ალაპარაკდა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი უშვებს შესაძლებლობას, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი აღადგინოს და ქართველ მეწარმეებს რუსულ ბაზარზე მუშაობის საშუალება მისცეს.
პუტინმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა და საქართველოს მისამართით რამდენიმე საყურადღებო ფრაზა თქვა.
„საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება შემეცვალა, ქართველი ხალხის მიმართ კი ყოველთვის მქონდა კეთილგანწყობილი დამოკიდებულება... როდესაც ვამბობ, რომ ქართველი ხალხის მიმართ ყველაზე კეთილი დამოკიდებულება მაქვს, არ ვხუმრობ და არც ირონიით ვამბობ... საქართველოში სიტუციის ისე განვითარება, რასაც ახლა ვხედავთ, ვფიქრობ, მოგვცემს შესაძლებლობას დავაბრუნოთ უვიზო რეჟიმი... ეს დაეხმარება ხალხს ერთმანეთთან ურთიერთობაში, დაეხმარება ქართველ მეწარმეებს რუსულ ბაზარზე მუშაობაში და ჩვენი ურთიერთობების საბოლოო ნორმალიზებას შეუწყობს ხელს“.
ვლადიმერ პუტინი საქართველოსთან დამოკიდებულებაში ტონს არბილებს. ამბობს, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლებიდან რუსეთის მისამართით გაგზავნილ სიგნალებს ხედავს და აქცენტს ორ ქვეყანას შორის რელიგიურ და კულტურულ ურთიერთობებზეც აკეთებს.
რა მიზანს ისახავს პუტინის განცხადებები და ვინ მეტად იხეირებს რუსეთის მიერ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესებით? – for.ge საგარეო ურთიერთობების საკითხებთა ექსპერტებს ესაუბრა.
„რუსეთმა გაზზე ფასის დაწევით უკრაინის მთავრობის ლოიალობა იყიდა, ახლა კი ცდილობს ახალი მიდგომა გამოიჩინოს საქართველოს მიმართაც - ნაკლები სიხისტე და მეტი მოფერება გამოხატოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე.
მისივე განმარტებით, რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება ორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის ურთიერთობას გააიოლებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში კი ვერაფერს შეცვლის.
„ხალხის დონეზე ალბათ ურთიერთობა გაუმჯობესდება. თუმცა, მე ვერ წარმომიდგენია, როგორ აპირებს რუსეთი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გადაჭრას. არ მგონია ამ საკითხზე წამოვიდნენ, ეს არც რუსეთისთვის იქნება იოლი“, - აცხადებს შარაშენიძე.
ექპერტი კახა გოგოლაშვილი კი ფიქრობს, რომ საქართველოსთან ურთიერთობის დათბობა დღეს რუსეთის ინტერესებშია და პუტინის მიზანია, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი თქვას.
„რუსეთს რადაც უნდა დაუჯდეს, შეეცდება საქართველომ უარი თქვას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე. ამიტომ ნელ-ნელა შექმნიან ფონს. შესაძლოა, უვიზო რეჟიმიც აღადგინონ, ვაჭრობის განვითარებასაც ხელი შეუწყონ და დამატებით გაზიც იაფად შემოგვთავაზონ. ვფიქრობ, რუსული პოზიციებიდან ეს ერთადერთი სწორი სტრატეგიაა“, - აცხადებს For.ge-სთან კახა გოგოლაშვილი და აღნიშნავს, რომ რუსეთი ყველანაირად ეცდება საქართველოს ხელისუფლებისგან შეთავაზებული თანამშრომლობის შანსი სათავისოდ გამოიყენოს.
„რუსეთი შეეცდება, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად შეიყოლიოს და რუსული ბაზარი საქართველოსთვის მნიშვნელოვნად აქციოს, შემდეგ კი ეს საკითხი მანიპულაციის მიზნით გამოიყენოს. რუსეთს საკუთარ ბაზარზე ქართველი მეწარმეების შესვლა წმინდა სტრატეგიული ინტერესებისთვის სჭირდება“, - აცხადებს გოგოლაშვილი.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რუსეთი საქართველოსთან დათმობაზე არ წავა და, შესაძლოა, ამ მხრივ, ქართველ საზოგადოებას მხოლოდ გარკვეული ილუზიები შეუქმნას.
საქართველოსთან დაკავშირებით პუტინის განცხადებებს სერიოზულად არ განიხილავს ექსპერტი ელენე ხოშტარია. იგი აქცენტს რუსული მხარის ისეთ ქმედებებზე აკეთებს, როგორებიცაა - ჟენევის ფორმატში წარმოებული მოლაპარაკებები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში მავთულხლართების გაბმა.
„პუტინის სიტყვები, რომ შეცვალა საქართველოს ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება, არანაირად არ მყარდება ქმედებებით. პირადი ანგარიშსწორება და ცინიზმის აქტია, როდესაც ჟენევის მოლაპარაკებებზე აგზავნი ნიჩაევს. ცინიზმია საქართველოს მიმართ შეცვლილ დამოკიდებულებაზე საუბარი იმ პირობებში, როდესაც ჩვენს ტერიტორიაზე დღემდე ებმება მავთულხლართები“, - განუცხადა ელენე ხოშატრიამ for.ge-ს.
ხოშტარია ფიქრობს, რომ პუტინი ქართველი საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას ცდილობს და ვიზების საკითხზეც ამ კონტექსტში საუბრობს, რეალურად კი საქართველოსთვის ახალი მახის დაგება სურს.
„არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ამ საუბარს ქმედებაც მოჰყვება და გაიხსნება მიმოსვლა. რომც გაიხსნას, ესეც არ არის განსაკუთრებული მოვლენა. ჩვენ გახსნილი გვაქვს მიმოსვლა და მათ აქვთ ხელოვნურად ჩაკეტილი. რუსეთი ამ ფორმით ცდილობს, გავლენა მოახდინოს ჩვენს დასავლურ არჩევანზე. როდესაც ვსაუბრობდით, რა შეიძლება მომხდარიყო პარაფირებიდან ასოცირებამდე, ერთ-ერთი პროგნოზი იყო ის, რომ რუსეთი შეეცდებოდა პოზიტიური იმიჯის შექმნას, საქართველოს პოლიტიკურ მახეებში ჩათრევას და მერე ჩვენს კურსსა და მომავალზე გავლენას. რა თქმა უნდა, ამ მახეში ჩვენ მეასედ აღარ გავებმებით. დარწმუნებული ვარ, ამ მახეს არც საქართველოს მთავრობა წამოეგება“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებების შეფასებაზე ამ ეტაპზე თავს იკავებს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ვანო მაჭავარიანი. For.ge-სთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით ვლადიმიერ პუტინის განცხადება ინტერვიუში გამოთქმული აზრია და არა ოფიციალური განცხადება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი საკუთარ განცხადებაში საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის მზაობა დადებითად შეაფასა. ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში მუდმივად იყო და არის რუსი ხალხის მიმართ კეთილგანწყობა.
„რაც შეეხება უახლესი ისტორიის ტრაგიკულ მოვლენებს, მათ მიზეზებსა და შედეგებზე რუსეთისგან განსხვავებული პოზიციები გაგვაჩნია. მოგეხსენებათ, რომ კერძოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ვრცელი და კომპეტენტური დასკვნა გაკეთდა ევროკავშირის ეგიდით შექმნილი ე.წ. „ტალიავინის კომისიის“ მიერ,“- აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში ბოლოდროინდელი წინგადადგმული ნაბიჯები გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის.