პირველადი ტექინსპექტირების ფასი შესაძლოა, გაიზარდოს, პარალელურად კი, მომსახურების ცენტრების კონტროლი გამკაცრდეს. შესაბამისი ცვლილებები მთავრობაში უკვე წარდგენილია.
ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარის გიორგი შიოლაშვილის შეფასებით, 5 წლის წინ დადგენილი ფასი ვეღარ პასუხობს ტექინსპექტირების ცენტრების გამოწვევებს, ამასთან, დიდია კადრების გადინების მაჩვენებელი. შესაბამისად, ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებმა აღნიშნული თხოვნით, ეკონომიკის სამინისტროს უკვე მიმართეს. საუბარია არსებული ფასის, დაახლოებით 50%-მდე ზრდაზე.
„ამ დროისთვის, პირველადი ტექინსპექტირება ღირს 60 ლარი. თუ ავტომობილი დახარვეზდა, განმეორებითის საფასური შეადგენს 20 ლარს.
რაც შეეხება ტექინსპექტირების გაუვლელობაზე ჯარიმებს, თუ ადრე, ავტომფლობელი ყველა ჯერზე 50 ლარს იხდიდა, ახლა განმეორებითი ჯარიმა შეადგენს 150 ლარს, შემდეგი 300 ლარს და 500 ლარამდე ადის.
ახლა ცენტრები ითხოვენ, რომ ტექინსპექტირების საფასური გაიზარდოს, რადგან ძალიან გაიზარდა ხარჯები. მოგეხსენებათ, 5 წლის წინ დადგინდა არსებული საფასური და მას შემდეგ არ გადახედილა.
მაშინდელი სახელფასო ფონდი, რაც იყო, დღეს უკვე აღარ პასუხობს მოთხოვნებს და საკმაოდ დიდია კადრების გადინება. ასევე, 5 წლის ოპერირების თავზე, თვითონ გამზომი მოწყობილობების განახლების საკითხიც აქტუალურია, რადგან არსებული მოძველდა, საჭიროებს განახლებას და საკმაოდ დიდ ინვესტიციებს. აქედან გამომდინარე, დადგა ეს საკითხი, რომ გადაიხედოს პირველადი ტექინსპექტირების საფასური. ამის თაობაზე ტექინსპექტირების ცენტრებმა უკვე მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს. მიმდინარეობს კონსულტაციები.
ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ მძიმე ტვირთად არ დააწვეს ავტომფლობელებს, მაგრამ ამავე დროს, იმდენით გაიზარდოს, ტექინსპექტირების სექტორი არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს. საუბარია, დაახლოებით, 50%-მდე ზრდაზე. კონკრეტული ციფრის დასახელებას ვერიდებით, რადგან ეს სხვადასხვა კვლევებისა და ანალიზის საფუძველზე უნდა დადგინდეს“, - თქვა შიოლაშვილმა.
პარალელურად, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას, ტექნიკური რეგლამენტის დარღვევაზე ჯარიმები წესდება. პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების შემოწმებისას პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრმა ხარვეზები არ დააფიქსირა, სახიფათო დარღვევის შემთხვევაში - 5000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, მნიშვნელოვანი - 2000 ლარით, უმნიშვნელო - 500 ლარით.
კონკრეტულად როგორ მოხდება ცენტრების შემოწმება?
ცენტრები სისტემატური ვიდეო მონიტორინგის ქვეშ იქნებიან, გარდა ამისა, სპეციალური ჯგუფები, ტექინსპექტირების ცენტრების მიერ შემოწმებულ ავტომობილებს მეორედ გადაამოწმებენ, ხარვეზის დაუფიქსირებლობის შემთხვევაში კი, შესაბამის ჯარიმებს გამოწერენ.
„ტექნიკურ რეგლამენტში გაწერილია სხვადასხვა სახის ხარვეზი, რომელიც შეიძლება დაუფიქსირდეს ავტომობილის მფლობელს, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესში. ხარვეზის შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლებელია ეს ხარვეზი იყოს სახიფათო, მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო.
უშუალოდ მონიტორინგის ვალდებულება დაეკისრება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს. ეს უნდა იყოს ვიდეომონიტორინგი პერმანენტულ რეჟიმში, ასევე, შესაძლებელია, მათ ადგილზე გადაამოწმონ ტექინსპექტირების ცენტრებში რომელიმე ავტომობილი, ხელახლა მოხდება ავტომობილის ინსპექტირება, შეადარებენ ინსპექტირების ორგანოში დასრულებული ინსპექტირების ანგარიშს და თუ მოხდა ისე, რომ ამ ჯგუფის მიერ გადამოწმებული ავტომობილის ინსპექტირების შედეგი იქნება განსხვავებული და ინსპექტირების ცენტრის მიერ არ დაფიქსირდება დარღვევები, გამოიწერება შესაბამისი ჯარიმა“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ შიოლაშვილმა.
სატრანსპორტო სფეროს ექსპერტთა ნაწილი ცვლილებებს არ ეთანხმება. როგორც დარგის სპეციალისტმა ნოდარ რამიშვილმა განაცახადა, არ არის საჭირო კიდევ ერთი მაკონტროლებელი ორგანო.
„არასაჭირო რამ არის კიდევ ერთ-ერთი მაკონტროლებელი. როცა ავტომობილი ტექნიკური ინსპექტირებას გადის, თუ რაიმე ხარვეზი იქნება, ადგილზე ხომ მოწმდება, რაღა საჭიროა ავტომობილის გაჩერება და თავიდან შემოწმება?
შეიძლება ავტომობილმა, განსაკუთრებით დიზელის ძრავიანმა ტრანსპორტმა, გაიაროს ტექნიკური დათვალიერება, ყველაფერი იყოს წესრიგში, მაგრამ თუ მანქანა კომპიუტერული მართვით არის, მანქანამ გაუშვას 10-ჯერ მეტი საწვავი და დაიწყოს საშინელი ბოლვა, ეს შეიძლება წამიერად, მოხდეს სრულიად გამართულ მანქანაზე. ასეთი რამ შესაძლოა, ნებისმიერს შეემთხვეს, უცებ შეიძლება რამე დაემართოს ტექნიკურად გამართულ ავტომობილს. ამის გამო, ადგე და მიაკითხო ტექნიკური ინსპექტირების ცენტრს და დააჯარიმო, ყოვლად გაუმართლებად მიმაჩნია. ავტომობილი კი არა, მილიარდებს იხდიან და კოსმოსური ხომალდები ვარდება და ფეთქდება ჰაერში. მეტსაც გეტყვით, ეს სამსახური საერთოდ არ იყო საჭირო. სჯობდა პატრულისთვის დაევალებინათ, როდესაც გამონაბოლქვიან ავტომობილს დაინახავდნენ გაეჩერებინათ და მიიღებდნენ შესაბამის ზომებს“, - აღნიშნა რამიშვილმა და დასძინა, რომ პირველადი ტექინსპექტრირების საფასურის გაძვირება არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნება.