რუსეთი, ისევე როგორც უკრაინა, ნამდვილი დემოკრატია გახდება

რუსეთი, ისევე როგორც უკრაინა, ნამდვილი დემოკრატია გახდება

ასეა თუ ისე, უკრაინის მოვლენები გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციის თვალსაზირისით ეპოქალური და ისტორიულად შეუქცევადია. როგორც ჩანს, უფრო ადრე, ვიდრე გვიან, უკრაინა რეალურად გახდება დემოკრატიული ევროპის ნაწილი, რუსეთი კი მიბაძავს მას, თუკი თვითიზოლაციას არ აირჩევს და არ გადაქცევა უძრავ იმპერიალისტურ რელიქტად. 

უკრაინული პატრიოტიზმის ამოფრქვევა, რაც გარყვნილი და გამდიდრებული ხელისუფლების სიყალბემ გამოიწვია, რომელიც მზადაა მფარველობისთვის მოსკოვს მიმართოს, იმაზე მიუთითებს, რომ ნაციონალური დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა გაბატონებულ პოლიტიკურ რეალობად ყალიბდება. ეს განსაკუთრებით იგრძნობა ახალგაზრდა უკრაინელებს შორის, რომლებიც უკვე აღარ მიიჩნევენ თავს ენობრივი და ისტორიული თვალსაზირისით ოდნავ განსხვავებულ, მაგრამ მაინც „დედა რუსეთის“ ნაწილად. 

თუმცა, ენობრივი სხვაობები რჩება, და უკრაინის ზოგიერთი რაიონი რუსეთთან უფრო მეტ კავშირს გრძნობს. მაგრამ გასაოცარია ის, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის ზოგიერთმა აქტიურმა წევრმაც კი მხოლოდ ახლახანს მიიჩნია უკრაინული მშობლიურ ენად. დამოუკიდებლობის ოცი წელი, ოცი წელი სიამაყისა ხელახლა დაწყებული უკრაინული ისტორიის გამო, ასევე იმის მტკიცებულებები, თუ როგორი ეკონომიკური სარგებელი მიიღეს უკრაინის დასავლელმა მეზობლებმა ევროპასთან კავშირებით - ეს ყველაფერი ახალ მსოფლხედველობას ქმნის. ეს არ არის ანტირუსული მსოფლმხედველობა, მაგრამ მასში მკვიდრდება უკრაინული ისტორიული თვითმყოფადობა, ასევე უკრაინის განუყოფელი კულტურული მიკუთვნებულობა ევროპისადმი. 

აი რატომ განაგრძობს უკრაინა ევროპასთან დაახლოებას ყველა შემთხვევაში. უცნაურია ის, რომ მეზობელ ბელორუსშიც კი, რომელსაც ლუკაშენკოს ავტორიტარული რეჟიმი მართავს, მსგავსი დასავლური ორიენტაცია ჩნდება. არცერთ ამ ქვეყანას რუსეთისადმი მტრული დამოკიდებულება არ ამოძრავებს, მაგრამ ორივე აცნობიერებს, რომ მათი დამოუკიდებლობა და კულტურული იდენტობა სულ უფრო აქტიურად უჩვენებს მათ გზას ევროპისაკენ.

მომდევნო თვეებში, მაინც გახდება შესაძლებელი რაიმე შეთანხმების მიღწევა ევროკავშირსა და უკრაინას შორის. ამ სამუშაოს გაიოლებისათვის, ევროკავშირმა ყურადღებით უნდა უსმინოს კიევის თხოვნებს ეკონომიკურ და ფინანსურ მხარდაჭერაზე და უპასუხოს მას. უკრაინელებმა კი უნდა გაიგონ, რომ ევროპელ გადასახადის გადამხდელებს არ ხიბლავთ დღევანდელი კიევური ელიტის შეცდომებისა და მათი მორალური დეგრადაციის დაფინანსების პერსპექტივაა. ქამრების მოჭერა აუცილებელი წინაპირობა გახდება შეთანხმების ხელმოწერისათვის. სწორედ ეს გახდება ერთგვარი ტესტი უკრაინისათვის, რათა დაამტკიცოს მისი ევროპული მისწრაფებები. კიევს მოუწევს იმის დემონსტრირებაც, რომ არჩევნების შედეგები ქვეყანაში არ განისაზღვრება პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისთვის თავისუფლების აღკვეთით. 

ამ ყველაფრის შედეგები რუსეთისათვის უფრო შორეულ პერსპექტივაში გახდება შესამჩნევი. მოსკოვის დღევანდელი გეოპოლიტიკური მიზანი, რომელიც განისაზღვრება პრეზიდენტ პუტინის აკვიატებული ნოსტალგიით რუსეთის წარსულზე, მდგომარეობს იმაში, რომ ახალი სახით აღდგეს ან რუსული იმპერიის ან გვიანი საბჭოთა „კავშირის“ მსგავსი რამ. 

როგორც ჩანს, პუტინი ხელმძღვანელობს გულუბრყვილო წარმოდგენით იმის თაობაზე, რომ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების ხელმძღვანელები გულწრფელად დათანხმდებიან ქვეშევდრომების როლზე ახალ წარმონაქმნში, რომელსაც კრემლი უხელმძღვანელებს. ზოგიერთი ლიდერი პერიოდულად მართლაც ავლენს ერთგულებას ამ ფორმულის მიმართ. მაგრამ ისინიც კი ამას არაგულწრფელად, აუცილებლობის შემთხვევაში აკეთებენ, და არა შეხედულებების გამო. დამოუკდებლობა ყველას ურჩევნია: ის უფრო სასიამოვნოა პრეზიდენტებისთვის, პრემიერმინისტრებისთვის, გენერლებისთვის, ელჩებისთვის და მათთვის, ვინც ფულს აკეთებს ეკონომიკაში საკუთარ სახლში, და არა ახალი ტიპის უზარმაზარი რუსული იმპერიის შორეულ პროვინციაში. ისტორიამ დაამტკიცა, რომ ნაციონალური სახელმწიფოებრიობა მისი მოპოვების შემდეგ ჩვევად გადაიქცევა ხოლმე და მისი ხელყოფა ფაქტობრივად შეუძლებელია, თუ არა მძლავრი საგარეო ძალის გამოყენების ხარჯზე. 

დღეს რუსეთს არ შეუძლია ძალით და სისასტიკით აღადგინოს თავისი ძველი იმპერია. ის ამისთვის ზედმეტად სუსტია, ჩამორჩენილი და ძალიან ღარიბი. სიტუაციას ამძიმებს დემოგრაფიული კრიზისი. რუსეთს აშფოთებს ის, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები, რომლებმაც დამოუკიდებლობა მოიპოვეს, სულ უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებენ მრავალმხრივ კავშირებს ჩინეთთან. რაც მას უღვიძებს კოშმარებს იმ ტერიტორიულ პრეტენზიებზე, რაც დიდი ხანია მწიფდება. 

კიდევ ცოტა დრო გავა, და რუსული საზოგადოების ელიტისათვის ცხადი გახდება, რომ პუტინის წარმატების შანსები, მისი მოუქნელი და დესპოტური მცდელობებით, ძალიან მცირეა. ადრე თუ გვიან, ის პრეზიდენტი აღარ იქნება. და მისი წასვლიდან მალე, რუსეთი, და განსაკუთრებით მზარდი საშუალო კლასი, მიხვდება, რომ ერთადერთი გონივრული გზა - ნამდვილ თანამედროვე, დემოკრატიულ, და შესაძლოა წამყვან ევროპულ სახელმწიფოდ გარდაქმნაა.

ზბიგნევ ბჟეზინსკი - ამერიკის პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მრჩეველი ნაციონალური უსფართხოების საკითხებში 

foreignpress.ge/