ზამთარი უკვე სრული სიმკაცრით “ამოქმედდა” და ამ დროს სოციალურად დაუცველი ოჯახების ნაწილი უშეშოდაა. თუმცა, წლეულს მისი მომარაგება არათუ სოციალურად დაუცველებისთვის, არამედ შედარებით წელგამართული ოჯახებისთვისაც კი პრობლემაა.
ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის (OECI) სამეგრელოს რეგიონული კოორდინატორის, მაია კოდუას განცხადებით, მოსახლეობის ძირითადმა ნაწილმა მხოლოდ მცირე რაოდენობის შეშის ყიდვა მოახერხა.
“ეს მარაგი ზამთრის სეზონისთვის საკმარისი არ არის და მაქსიმალურად ზოგავენ. უშეშოდ მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მცირეშემოსავლიანი ოჯახები დარჩნენ”, - ამბობს მაია კოდუა.
ასეთი ოჯახებისთვის შეშის მარაგების შექმნა მუნიციპალიტეტების გამგეობებში დაიწყო. “ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობამ, „ჯორჯია ვუდ ენდ ინდუსტრიალ დეველოპმენტთან” შეთანხმებით და სატყეო სამსახურის დახმარებით, ლიცენზირებული ტყიდან რვა სატვირთო მანქანა შეშის გამოტანა მოახერხა, რომელიც 30-მდე ოჯახს გაუნაწილეს. “დღეისათვის მცირე რაოდენობის შეშა კიდევ გვაქვს დარჩენილი და საჭიროების მიხედვით გავცემთ”, - ამბობენ გამგეობაში.
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 117 კბ/მ შეშა დაამზადა. გამგეობის ინფორმაციით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისაგან 50-მდე განცხადებაა შემოსული. შესაბამისად, თითო ოჯახზე 3 კბ/მ შეშა გაიცემა. შეშის სახლში მიტანას თავად მოსახლეობა უზრუნველყოფს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მხოლოდ 8 ოჯახის დახმარება შეძლო. შეშა ქარისგან წაქცეული და ხმელი ხეებისგან შეგროვდა. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობაც დაეხმარა.
ზამთრის სეზონზე არსებული პრობლემებისთვის უფრო მომზადებული აღმოჩნდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, რომლის ბიუჯეტშიც გათვალისწინებული იყო თანხები უმწეო კატეგორიის ოჯახების დასახლარებლად. ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს სათბობის შესაძენად 100-ლარიანი ფულადი შემწეობა გადაეცათ.
მდგომარეობა რთულია მარტვილის მუნიციპალიტეტის კურზუს თემის სოფელ დობერაზენში. აქ ყოველი მეხუთე ოჯახი შეშის გარეშეა დარჩენილი. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელის ინფორმაციით, თოვლის მოსვლის შემდეგ ადგილობრივმა ომარ ნაჭყებიამ ეზოში ტყემლის ხე მოაჭრევინა. “ესეც მხოლოდ რამდენიმედღე შეიძლება გვეყოს და მერე რა გვეშველება, არ ვიცი”, - ამბობსომარ ნაჭყებია. მას მხედველობა აქვს დაკარგული, ცოლიც მძიმე ავადმყოფია, შვილს კი, დამბლის გამო, მოძრაობა აქვს შეზღუდული.
რთულ მდგომარეობაშია 82 წლის იაშა ნაჭყებიას ოჯახიც, რომელიც ხანდაზმულ ცოლთან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილთან და არასრულწლოვან შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. მას ცოტა ხნის წინ გულის ოპერაცია გაუკეთდა, ფიზიკურად ვეღარ შრომობს და არც თანხა გააჩნია შეშის შესაძენად.
75 წლის მარტოხელა გული ნაჭყებიასაც ორი თვის წინ, შვილის დასაფლავების დღეებში მოტანილი შეშიდან მხოლოდ რამდენიმე დღის სამყოფიღა შემორჩა. მისთვის გაუგებარი მიზეზის გამო, ის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების სიიდანაც ამოიღეს. “ერთი წლის წინ მოვინენ, რაღაცები აღწერეს და დახმარება მომიხსნეს. არადა, არც ტელევიზორი მაქვს და არც მაცივარი, მხოლოდ ძველთაძველი კარადაა და სხვა უმნიშვნელო ნივთები. გულის პრობლემები მაქვს და ავტობუსით მგზავრობაც არ შემიძლია, რომ მიზეზი მაინც გავარკვიო”, - ამბობს გული ნაჭყებია.
მეზობლების მოტანილი შეშის ორი კვირის მარაგი აქვს მრავალშვილიან დემურ ნაჭყებიასაც, რომლის 5 წლის ბავშვს მენინგიტის დიაგნოზი დაუსვეს.
კურზუს თემის სოფლების მოსახლეობამ ნოემბერში საპროტესტო აქციები გამართა. ტყეკაფების მიუვალ ადგილებზე გამოყოფამ მოსახლეობას შეშის უკანონო მოპოვებისკენ უბიძგა. შედეგად, რამდენიმე მანქანა დააკავეს და დააჯარიმეს.
საერთოდ, შეშის მომარაგება არათუ სოციალურად დაუცველებისთვის, არამედ შედარებით წელგამართული ოჯახებისთვისაც კი პრობლემა აღმოჩნდა. ამას ბევრი მიზეზი აქვს: ტყეკაფების სიშორე, ტექნიკურ-მატერიალური პრობლემები, უგზოობა და მათ შორის ე.წ. ტყის ბილეთების დეფიციტი.
ღია გარემოსდაცვითმა სამოქალაქო ინიციატივამ, რომელიც საქართველოს შვიდ რეგიონში ტყეების დამოუკიდებელ მონიტორინგს ახორციელებს, საშეშე მერქნის გაცემის პროცესში მნიშვნელოვანი დარღვევა დააფიქსირა. სათემო კავშირ “ჰერეთის” წარმომადგენელი შეშის ქვითრების უკანონო ბიზნესზე საუბრობს და სატყეო სამსახურს მის ხელშეწყობაში ადანაშაულებს.
საუბარია, ცალკეული პირების მიერ ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდის ქვითრების დიდი რაოდენობით შეძენაზე, შემდგომში კი, უბილეთოდ დარჩენილი მოსახლეობისთვის თანხის გამოძალვაზე.
“სანამ გლეხები გაიგებენ, ყველა ქვითარი უკვე გაყიდულია. თითო გადამყიდველი ასობით ქვითარს იღებს და მერე სამმაგ ფასში ასაღებს. ზოგჯერ სამლარიან ქვითრებს 15 ლარადაც ვყიდულობთ. სატყეოშიც ყველაფერი იციან და ამ უკანონობას ხელს უწყობენ. ბანკიდან ვინ რამდენი ქვითარი გაიტანა მაგის გარკვევა ძალიან მარტივია”, - ამბობს სათემო კავშირი “ჰერეთის” წარმომადგენელი მინდია დუმბაძე.
სათემო კავშირი “ჰერეთისკარი” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე შორეულ სოფელში 2010 წლიდან ფუნქციობს და სოციალური-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, ეკოლოგიური და სასოფლო - სამეურნეო პრობლემების გადაჭრას ცდილობს. პრობლემები კი სოფელში, სადაც მაღალმთიანი აჭარიდან სხვადასხვა დროს ჩამოსახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ, მართლაც ბევრია. მინდია დუმბაძის ინფორმაციით, “ქვითრების ბიზნესი” მარტო „ჰერეთისკარის“ პრობლემა არ არის და მას კახეთის სხვა სოფლებშიც მისდევენ.