„ქართველები 33 წელი ელოდნენ წარმატებას, მოვიდა პროფესიონალი თაობა, რომელიც ერთ მუშტად შეიკრა ჯანსაღ გარემოში და ამ გარემოს დაემატა ვილი სანიოლი“

„ქართველები 33 წელი ელოდნენ წარმატებას, მოვიდა პროფესიონალი თაობა, რომელიც ერთ მუშტად შეიკრა ჯანსაღ გარემოში და ამ გარემოს დაემატა ვილი სანიოლი“

დღეს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლაზე, არამხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო მედიაც აქტიურად საუბრობს. ეროვნული გუნდის ასეთი კარგი თამაში იმ ფეხბურთელების დამსახურებაა, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე ყველაფერი გააკეთეს, რათა მსოფლიო აელაპარაკებინათ. ამ 26 მოთამაშეს შორის არის ირანული პერსეპოლისის 33 წლის მცველი გიორგი გველესიანი. გიორგი ნაკრებში გამოძახებას წლების განმავლობაში ელოდებოდა და ვილი სანიოლმა მას შანსი მონტერეგორსთან ამხანაგურ შეხვედრაში მისცა. გამოცდილმა ფეხბურთელმა შანსი კარგად გამოიყენა და ევროპის ჩემპიოანტზე კრიშტიანუ რონალდუს შეჩერებაც კი შეძლო.

For.ge გიორგი გველესიანს ევროპის ჩემპიონატზე, ეროვნულ ნაკრებზე და მის კარიერულ მომავალზე ესაუბრა.

წლები ელოდებოდით საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას და თქვენი დებიუტი ეროვნულ გუნდში მონტერეგროს წინაღმდეგ შედგა. მოულოდნელი იყო თქვენთვის ნაკრებში გამოძახება?

- ჩემი ოცნება იყო მეთამაშა საქართველოს ნაკრებში და ეს ოცნება ავიხდინე. ეს იყო რთული გზა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ საბოლოოდ ამას მივაღწიე. რაც შეეხება ნაკრებს, განსაკუთრებული თაობა გვყავს. მე სხვა თაობის წარმომადგენლებთან ერთად მომიწია მუშაობა და მსგავსი პროფესიონალები და კვალიფიცირებული ფეხბურთელები არასდროს შემხვედრია, როგორიც დღეს გვყავს. გუნდში ძალიან ჰარმონიული განწყობაა. თითეული მოთამაშე მოტივირებული იყო ევროპის ჩემპიონატზე და მომავალშიც ასე იქნება. დარწმუნებული ვარ, ეს წარმატება მუდმივობაში გადაიზრდება და შემდეგ გამოწვევებს ნაკრები კიდევ უფრო კარგად გაუმკლავდება.

ამხანაგურ მატჩში დებიუტის შემდეგ, უკვე ევროპის ჩემპიონატზე მოირგეთ ეროვნული გუნდის მაისური. როგორ შეაფასებდით ნაკრების გამოსვლას აღნიშნულ ტურნირზე და თქვენთვის რომელი თამაში იყო განსაკუთრებული?

- ყველა თამაში მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩეხეთთან შეხვედრა, რადგან ეს იყო ჩემი სადებიუტო შეხვედრა ევროპის ჩემპიონატზე. შემდეგი თამაში იყო პორტუგალიასთან, სადაც გავიმარჯვეთ. რა თქმა უნდა, ყველა თამაში ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. ეს არის დაუვიწყარი შეგრძნებები, ემოციები და მხოლოდ და მხოლოდ დადებითი ემოციები დაგვრჩება ყველას.

პორუგალიასთან მატჩის დროს გიწევდათ ისეთი ლეგენდის წინაღმდეგ თამაში, როგორიც არის კრიშტიანუ რონალდუ. რამდენად რთული იყო მისი განეიტრალება და თუ შედგა თქვენსა და მას შორის კომუნიკაცია?

- როდესაც ეთამაშები ისეთი დონის ფეხბურთელს, როგორიც კრიშტიანუ რონალდუა, პირველ რიგში, ეს არის დიდი პატივი, მეორე მხრივ არის დიდი გამოწვევა. მის წინააღმდეგ თამაში მარტივი არაა, რადგან სტატისტიკას თუ გადავხედავთ, თამაშებზე მეტი გოლი აქვს გატანილი. ჩემი კარიერის მანძილზე მის წინააღმდეგ თამაში მეორედ მომიწია. ბედნიერი ვარ იმ ფაქტით, რომ მას ჩემს წინააღმდეგ გოლი არ გაუტანია. რა თქმა უნდა, მისი განეიტრალება იოლი არაა, მაგრამ ჩვენ ეს მოვახერხეთ გუნდურად, კარგი დაცვით.

საინტერესოა, გუნდში რამდენად გქონდათ მოლოდინი, რომ ჯგუფურ ეტაპს დაძლევდით? იყო ეს მიზანი თუ რადგან დებიუტანტები იყავით, მთავარი იყო ევროპის ჩემპიონატზე თამაში?

- თავიდანვე განვაცხადეთ, რომ იქ ტურისტად წასვლას არ ვაპირებდით. ეს თავის არსში მოიცავდა იმას, რომ იქ ჩვენ უნდა გვებრძოლა, რაც შეიძლება მაღალი მიზნებისთვის - ასეც მოხდა. ძალიან კარგად ჩავატარეთ ის შეხვედრა, სადაც დავმარცხდით (თურქეთთან), ჩეხეთთანაც ურიგოდ არ გვითამაშია, საუკეთესო შეხვედრა ჩავატარეთ პორტუგლისთან. ამან გამოიწვია ის, რომ არამხოლოდ ქართველი გულშემატკივარი, არამედ ყველას, ვინც ჩვენს თამაშებს უყურებდა, საქართველოს ნაკრების მიმართ დადებითი განწყობა გაუჩნდა.

მსოფლიო მედია აალაპარაკეთ, ამხელა რეზონანსს ელოდით?

- ფეხბურთი იმდენად მასშტაბური სპორტია, რომ ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს. რა თქმა უნდა, არ ველოდი თუნდაც იმას, რომ ამდენი ქართველი გულშემატკივარი შეიკრიბებოდა თავისუფლების მოედანზე. დასამახსოვრებელი შეგრძნებაა, როცა ამდენ ადამიანს აერთიანებს ის სიხარული, რასაც საქართველოს ნაკრების წარმატება ჰქვია. მთავარი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ეს წარმატებები გაგრძელდეს და არ დასრულდეს, მუდმვად უნდა გაგრძელდეს. იმედი მაქვს, რომ ქართულ საკლუბო დონეზეც გვექნება წარმატებები. საქართველოს ნაკრები კარგი მაგალითია სხვა კლუბებისთვის. ყველამ დაინახა, ქართველ ხალხს რა დონეზე უყვარს ფეხბურთი და სინამდვილეში, როგორი ქომაგობა შეუძლია. ამან გამოიწვია სწორედ ის, რომ მსოფლიო ალაპარაკდა დადებით კონტექსტში.

საინტერესოა, რა არის ნაკრების წარმატების ფორმულა და ევროპის ჩემპიონატზე გამომსვლელ ნაკრებებისგან, საქართველოს ეროვნული გუნდს რა განასხვავებს?

- დაწერილი ფორმულა, რაც ჩვენს ნაკრებს სხვა ნაკრებებისგან გამოარჩევს, არ არსებობს. არც წარმატების ფორმულა არაა მოგონილი ფეხბურთში. ვფიქრობ, ეს წარმატება დრომ მოიტანა, მოიტანა იმანაც, რომ ქართველი ბუნებით ნიჭიერია. ქართველები 33 წელი ელოდნენ წარმატებას და მოვიდა პროფესიონალი თაობა, რომელიც ერთ მუშტად შეიკრა, გაერთიანდა ერთ ჯანსაღ გარემოში, ამ გარემოს დაემატა ერთი კარგი სპეციალისტი, რომელსაც ჰქვია ვილი სანიოლი. ამ ჰარმონიამ, ამ ერთად ყოფნამ, ერთმანეთის პატივისცემამ, ერთმანეთს სიყვარულმა, პროფესიონალიზმა, დისციპლინამ, საბოლოო ჯამში, მოიტანა წარმატება და გავგვიყვანა იქ, სადაც გავედით. აქაც ჩვენი თავი კარგად წარმოვაჩინეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტენდეცია და კარგი მაგალითი მომავალი თაობებისთვის.

ვილი სანიოლი ახსენეთ, როგორია ის გუნდში და რა შეცვალა ნაკრებში, როგორი დამოკიდებულებაა მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის?

- სანაკრებო სპეციფიკა განსხვავდება საკლუბო სპეციფიკისგან. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ცოტა დრო გაქვს გუნდის მოსამზადებლად, მნიშვნელოვანია ჰარმონიის ჩამოყალიბება და შემდეგ უკვე შენარჩუნება. 26 ფეხბურთელი გყავს, საიდანაც მხოლოდ 11-ის არჩევის უფლება გაქვს, ხოლო 5-ის შეცვლის უფლება. ბუნებრივია, ყველა ფეხბურთელს თამაში უნდა, შეიძლება ზოგს უკაყოფილებაც კი ჰქონდეს გულში, თუმცა როდესაც ამის დაბალანსებას ისე მოახერხებ, რომ მუდმივად ჰარმონიული განწყობა იყოს გუნდში, ეს, პირველ რიგში, არის ვილის დამსახურება.

გულშემატკივარის როლი რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად გეხმარებოდათ თამაშების დროს ქომაგები? ელოდით, რომ გერმანიაში ამდენი გულშემატკივარი გეყოლებოდათ?

- გულწრფელად გეტყვით, ვიცით თუ რა მნიშვნელობის ტურნირზე ვთამაშობდით, თუმცა     ასეთ გამოხმაურებას ჩვენი საქართველოს მოქალაქეებისგან და გულშემატკივრებისგან ნამდვილად არ მოველოდი. ჩამოვედით და აეროპორტში ქომაგთა არმია დაგვხვდა, ქუჩაში ყველა გვცნობს. ვისთვისაც ოდესმე გამარჯობა მითქვია, ვისთვისაც ოდესმე ხელი ჩამომირთმევია, ყველასგან თბილი შეტყობინება და ზარი მივიღე, რაც ძალიან მახარებს. ეს დადებითი ემოციები ძალიან გვაკლდა და ეს ყველაფერი ფეხბურთმა გვაჩუქა. ასეთ ემოციებს აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ.

ამ ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი გაიზარდა. თქვენით რომელიმე ევროპული კლუბი ხომ არ არის დაინტერესებული და ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ახალ კლუბში გიხილოთ?

- ამ ეტაპზე ყველა შემოთავაზებას განვიხილავ, რაიმე კონკრეტული ვარიანტი არაა. ახლა არის ის დრო, როდესაც უნდა დავისვენო, ძალიან გრძელი სეზონი მქონდა და დასვენება ნამდვილად დავიმსახურე. რამდენმე დღეში უკვე ჩამოვყალიბდები და იმის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას.

სექტემბერში იწყება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. პირველი თამაში ჩეხეთთან არის. რა მოლოდინი გაქვთ და რა შანსები გვაქვს ჯგუფიდან გასვლის?

- ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით. რა თქმა უნდა, მოლოდინი დადებითი მაქვს. წინასწარ ვერ ვიტყვი რა და როგორ იქნება, რადგან რთულია ფეხბურთში განსაზღვრო რა იქნება ხვალ. შესაბამისად, ჩვენ ერთადერთი, რაც გვავალია არის ის, რომ გავაგრძელოთ წინსვლა ჩვენ ჩვენს კლუბებში და როდესაც მოვა სანაკრებო თამაშები, ამ თამაშებისთვის საუკეთესო ფორმაში ვიყოთ - ეს არის ჩვენი დავალება. დანარჩენს, უკვე, თამაშების დროს ვნახავთ.

ასევე რომ გვითხრათ აზიის ჩემპიონატზე, სადაც თქვენ თამაშობთ. ქართველი გულშემატკივარი, ძირითადად, ევროპულ საკლუბო ჩემპიონატებს იცნობს. რითი განსხვავდება ევროპული და აზიური საკლუბო დონე?

- აზია დიდია, მაგალითად, ირანის საკლუბო ჩემპიონატი ძალიან მაღალი დონისაა, ძალიან რთულად სათამაშოა ტექნიკურად და საკმაოდ კარგი ჩემპიონატია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ნაკლებად შუქდება, არიან ადამიანები, რომლებიც აზიის ჩემპიონატს თვალს ადევნებენ. დამერწმუნეთ, არაფრით ჩამოუვარდება აზიის ლიგები ბევრ ევროპულ ლიგას. ასევე, მაგალითად, საუდის არაბეთში, ყატარში, ემირატებში ფეხბურთი აღმავლობის გზაზე დგას. რა თქმა უნდა, კლასში და გამოცდილებაში დიდი სხვაობაა ევროპულ და აზიის ლიგებს შორის. აზიის სხვადასხვა ქვეყნის ლიგები ვითარდება და გამორიცხული არაა გავიდეს წლები და დაეწიოს ან გადაასწროს ევროპულ ლიგებს.

ეს დამოკიდებული ხომ არ არის იმაზეც, რომ ბევრი მსოფლიო ვარსკვლავი, რომელიც ევროპაში ასრულებს კარიერას, შემდეგ აზიაში გადადიან, ეს ახდენს ზეგავლენას?

- საკლუბო სპეციფიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური სიტუაციაა. კლუბებს, რომლებსაც აქვთ მაღალი ბიუჯეტი,  ყოველთვის გამოსდით გუნდის კარგად დაკომპლექტება და მოკლე დროში წარმატების მიღწევა. შესაბამისად, აზიის უმეტეს ლიგებში არის ძალიან კარგი ფინანსური შესაძლებლობები. ნებიმსიერი კარგი ფეხბურთელი, რომელიც ევროპაში თამაშობს, რა თქმა უნდა, უარს ვერ ამბობს ხუთმაგ და ათმაგ ხელფასებზე. ეს უკვე აზიურ ლიგების განვითარების წინაპირობაა. გავა წლები და აზიური ქვეყნები საერთაშორისო ასზპარეზზე წარმატებას მიაღწევენ. მაგალითად, საუდის არაბეთს კარგი ნაკრები ჰყავს. ადრე საუდის არაბეთი თუ 0:8-ით მარცხდებოდა, ახლა უკვე საკმაოდ დამაჯერებლად თამაშობენ სხვადასხვა ტურნირებზე. ასევე, ირანს ჰყავს სერიოზული ნაკრები. თითქმის ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა. ვფიქრობ, გავა დრო და დონები გათანაბრდება.

წლებია ირანში თამაშობთ და რამდენად რთული იყო თქვენთვის ადაპტაცია განსხვავებული ტრადიციის, კულტურის და რელიგიის მქონე ქვეყანაში?

- რა თქმა უნდა, რთულია განსხვავებული კულტურის ქვეყანაში ცხოვრება. ისიც უნდა ითქვას, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც განსხვავებული კულტურაა და იქაც გამიჭირდებოდა ცხოვრება. საქართველოს შვილი ვარ, ჩვენ რაღაცები ჩვენებურად გვესმის და რაღაცებთან შეგუება გვიჭირს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ირანი სპეციფიკური ქვეყანაა და არაა ადვილი იქ ცხოვრება, მით უმეტეს ოჯახიდან შორს ყოფნა. თუმცა, ჩემი გუნდით ვამაყობ და ყოველთვის კარგად მომაგონდება იქ გატარებული დრო.

ღირსების ორდენზეც მინდა გკითხოთ, რას ნიშავს თქვენთვის ეს ჯილდო?

- ეს არის ერთგვარი დაფასება და პატივისცემაა ქვეყნის მხრიდან ჩვენდამი. ჩვენ ამას ძალიან დიდი სიხარულით შევხვდით და ძალიან გაგვახარა. ეს ორდენი ყველას სახლში საუკეთესო ადგილს დაიკავებს.

დაბოლოს, თქვენ თამაშობდით თბილისის „დინამოში“, საერთოდ, ხშირად ხდება ხოლმე, რომ ფეხბურთელი, როდესაც კარიერას ასრულებს, იმ გუნდში ასრულებს, საიდანაც დაიწყო. სამომავლოდ ხომ არ აპირებთ თქვენს მშობლიურ კლუბში დაბრუნებას?

- არაფერს გამოვრიცხავ. ჯერ კარიერის დასრულებას არ ვაპირებ. აქედან გამომდინარე, მომავალში რა იქნება, ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ. „დინამო“ ძალიან მიყვარს და ჩემზე ძალიან დიდი ამაგი აქვს. დიდი სიამოვნებით დავასრულებდი ჩემს კარიერას „დინამოში“.