საწვავის აღარ გაძვირდება, გამორიცხული არ არის ბენზინმა გაიაფებაც დაიწყოს

საწვავის აღარ გაძვირდება, გამორიცხული არ არის ბენზინმა გაიაფებაც დაიწყოს

საქართველოში საწვავის ადგილობრივ ბაზარზე ვითარება სრულიად დასტაბილურდა. ზაფხულის განმავლობაში არც მარაგების და არც ფასის მხრივ პრობლემა მოსალოდნელი არ არის. ეს მოცემულობა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.

რუსეთის მთავრობამ ბენზინის ექსპორტზე მოხსნილი აკრძალვა ივლისშიც გაახანგრძლივა. ამის თაობაზე აღნიშნულია მინისტრთა კაბინეტის დადგენილებაში. დოკუმენტის მიხედვით, საზღვარგარეთ ბენზინის მიწოდების აკრძალვა ამჯერად 31 ივლისამდე არ იმოქმედებს.

ექსპორტის დასარეგულირებლად ადრე მიღებულმა ზომებმა დაამტკიცა თავისი ეფექტურობა და საშუალება მოგვცა, შიდა ბაზარი გაგვეჯერებინა. სწორედ ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ექსპორტზე დროებითი აკრძალვის შეჩერება 1-ლი ივლისიდან კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდეს“, - განაცხადა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა სერგეი ცივილევმა.

მისი თქმით, შიდა ბაზარზე საავტომობილო საწვავის რეზერვები საკმარისია და მოთხოვნა მიწოდებით სრულად დაკმაყოფილებულია.

რუსეთის მთავრობამ 1-ლი მარტიდან რუსეთიდან ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა ექვსთვიანი ვადით, ანუ აგვისტოს ბოლომდე დააწესა, თუმცა შიდა ბაზრის გაჯერების ფონზე და გადამამუშავებელ ქარხნებში მარაგის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად აკრძალვა მაისის ბოლოდან 30 ივნისის ჩათვლით მოიხსნა. აკრძალვა არ ეხება საერთაშორისო სამთავრობათაშორისო შეთანხმებების ფარგლებში, მათ შორის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში მიწოდებებს, ასევე, მოქალაქეების მიერ პირადი სარგებლობისთვის და საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებისთვის ექსპორტირებულ საწვავს.

ვითარება საწვავის ადგილობრივ ბაზარზე სტაბილურდება. აღსანისნავია, რომ ახლო მომავალში საქართველოში ბენზინი უკვე აზერბაიჯანიდანაც შემოვა, რაც ფასებს უფრო დააბალანსებს. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა აღნიშნა, საწვავის ბაზარზე სტაბილურობა განსაკუთრებით მომდევნო თვეებიდან გამოიკვეთება, როდესაც ბაქოდან ევრო-5-ის შესაბამისი სტანდარტის საწვავის შემოტანა დაიწყება.

აზერბაიჯანული მედიასაშუალებები აქტიურად წერენ, რომ ქვეყანა საქართველოში ბენზინის ექსპორტს გეგმავს. ცხადია, ეს იქნება ევრო-5-ის სტანდარტის საწვავი, რაც ქართული ბაზრისთვის სტაბილურობის ერთ-ერთ წყაროდ შეიძლება მივიჩნიოთ. გარკვეულწილად, ეს აისახება ფასზეც, ვინაიდან აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტი გაცილებით შეღავათიანად იქნება შესაძლებელი, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან. ტრანსპორტირტებაშიც არ წავა იმდენი ფული, რაც ზღვიდან გადმოზიდვასა და რუსეთიდან ან ბელარუსიდან ჩამოტანას სჭირდება. აშკარაა, რომ ლოგისტიკური დანახარჯი ნაკლები იქნება.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, რუსეთიდან იაფი საწვავი გაუტოლდა ევროპულ პროდუქტს, თუმცა მაინც ცოტათი შეღავათიანი გამოდის ტრანსპორტირების გამო. რკინიგზით შემოტანილი გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ზღვიდან იმპორტის შემთხვევაშია.

სამომავლოდ, როგორც ჩანს, აზერბაიჯანიდან არ მოგვაკლდება საწვავი. იგი ძალიან სტაბილური მომწოდებელია და არც ერთ პროდუქტზე დეფიციტი არ შეუქმნია საქართველოსთვის. აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანული საწვავის იმპორტიც უფრო სტაბილური და საიმედო იქნება, - აღნიშნა ბიზნეს-რეზონანსთან ვახტანგ იობაშვილმა.

ლარის კურსის გარდა, სტაბილურობას ქმნის გეოპოლიტიკური ვითარება, კერძოდ ის, რომ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის კერა მეტ-ნაკლებად ამოწურულია, შესაბამისად, რაიმე ცვლილებას ნავთობპროდუქტების ფასის ან მარაგების მხრივ, არ უნდა ველოდოთ.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ყურადღება საწვავის ხარისხზეც გაამახვილა. მისი განცხადებით, რაც უფრო ხშირი იქნება კონტროლი ხარისხზე, მით უკეთესი შედეგი მიიღწევა, ამიტომ კონტროლი გასაძლიერებელია. ამასთან, კონტროლის გაძლიერების დროს სასურველია ოპერატორების შერჩევა მოხდეს არა შერჩევით, არამედ ზედამხედველობა ყველა ოპერატორის მიმართ ინტენსიურად განხორციელდეს.