ოფიციალური მონაცემებით, საფრანგეთში, საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის „ეროვნულმა გაერთიანებამ“ 34%-ით გაიმარჯვა. ფრაგნი ამომრჩევლის გადაწყვეტილებით ლე პენის მემარჯვენეები პირველზე, ხოლო მემარცხენეები მეორეზე ადგილზე გავიდნენ. შესაბამისად, მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მესამე ადგილზე გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ, დიდი ალბათობით, საფრანგეთის მთავრობას ლე პენის გარემოცვა დააკომპლექტებს.
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ პრემიერ მინისტრობის კანდიდატი ჯორდან ბარდელა აცხადებს, რომ ის კოაბიტაციური მთავრობის პრემიერ მინისტრი იქნება, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციას პატივს სცემს. ბარდელას თქმით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, საფრანგეთისთვის ისტორიული მნიშვნელობის იქნება. „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერები აცხადებენ რომ პარტიის მიზანი ახლა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებაა.
თუმცა, პარიზის „რესპუბლიკის“ მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა და საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ გამარჯვება გააპროტესტა. გამოცემა France 24-ის ცნობით, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ - „ფაშისტებო, წადით“. აღსანიშნავია, რომ მომიტინგეების უმეტესობა ახალგაზრდა იყო.
თავის მხრივ, ემანუელ მაკრონი მოქალაქეებს არჩევნების მეორე ტურში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ დიდი, დემოკრატიული და რესპუბლიკური ერთიანობისკენ მოუწოდებს. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების პირველ ტურში მაღალი აქტივობა მოწმობს ამ კენჭისყრის მნიშვნელობას ფრანგი მოქალაქეებისთვის და პოლიტიკური სიტუაციის გარკვევის სურვილს. ამასთან, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ულტრამემარჯვენეები ახლა „ძალაუფლების კარიბჭესთან“ არიან და ამ „ეროვნულმა გაერთიანებამ“ მეორე ტურში არც ერთი ხმა არ უნდა მიიღოს.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 7 ივლისს გაიმართება და სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, როგორ გადანაწილდება 577 საპარლამენტო მანდატი ეროვნულ ასამბლეაში. ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“ 34 პროცენტით ლიდერობს. მეორე ადგილზეა მემარცხენე „ახალი სახალხო ფრონტის“ (NFP) კოალიცია, დაახლოებით, 29 პროცენტით, მესამეზე კი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ბლოკი - 20,5-23 პროცენტით.
30 ივნისის არჩევნების შედეგად მაკრონის გუნდი, რომელიც მხარს უჭერს რუსეთ-უკრაინის ომს, ასევე ლობირებს სამხრეთ კავკასიაში ცეცხლის რკალის გაჩაღებას, პრაქტიკულად, განადგურდა. ფრანგებმა მხარი დაუჭირეს ლოზუნგს „არა ომს“. „ეროვნული გაერთიანება“ და მისი მოკავშირეები სათავეში დააყენეს“. როგორც მარინ ლე პენი აცხადებს, ხალხს აშკარად სურს გვერდის გადაფურცვლა შვიდწლიანი დამამცირებელი და გამანადგურებელი მმართველობის შემდეგ. ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა სთხოვა ხალხს, ხმა მისცენ „ეროვნულ გაერთიანებას“ მეორე ტურშიც, რომელიც მომდევნო კვირას გაიმართება. „ჩვენ გვჭირდება აბსოლუტური უმრავლესობა, რათა „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი ჯორდან ბარდელა ერთ კვირაში დაინიშნოს პრემიერ-მინისტრად“, - აღნიშნა მარინ ლე პენმა.
დიდი ალბათობით, მაკრონის მმართველობა ზუსტად ერთ კვირაში დასრულდება. როგორი იქნება საფრანგეთის ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა და მათ შორის რუსეთ-უკრაინის ნაწილში, ეს უკვე მომდევნო კვირას გახდება ცნობილი, თუმცა ფაქტია, რომ მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“ აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის შეცვლის შემთხვევაში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინაში ჯარების გაგზავნას ვერ შეძლებს.
მაშ ასე, ფრანგი ამომრჩევლის არჩევანმა დაადასტურაა, რომ ევროპელები არსებულ პოლიტიკას ემიჯნებიან. ვითარება რადიკალურად იცვლება აშშ-ში. დონალდ ტრამპის თეთრ სახლში მეორედ მისვლამდე, დღეიდან, 6 თვის განმავლობაში, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება უნგრეთი. სტატუსი ქვეყნებს, რეალურად, მცირე უფლებამოსილებას აძლევს, თუმცა თავმჯდომარე ქვეყანას აქვს საშუალება, დღის წესრიგში თავისი პრიორიტეტები დააყენოს.
2024 წელი ევროკავშირის ინსტიტუტებში გარდამავალი წელია და უნგრეთს მოუწევს უზრუნველყოს საბჭოს შეუფერხებელი მუშაობა ახალ ევროპარლამენტსა და ევროკომისიასთან. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, ავსტრიის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა, ჰერბერტ კიკლმა და ჩეხეთის ყოფილმა პრემიერმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადეს, რომ ევროპარლამენტში ახალ მემარჯვენე ჯგუფს ქმნიან.
როგორც ორბანმა, ბაბიშმა და კიკლმა განაცხადეს, დღეს ევროკავშირი ევროპელების წინააღმდეგ აღმოჩნდა და ახლა წარმოადგენს ისეთ ინტერესებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ერების, რეგიონებისა და მცირე თემების ნებას. ორბანის შეფასებით, სამეული საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას, შეიქმნას ჯგუფი, რომელიც იქნება ყველაზე ძლიერი მემარჯვენე კოალიცია ევროპაში.
ევროპარლამენტის ფრაქციებმა შემადგენლობა 15 ივლისამდე უნდა გამოაცხადონ, რომელშიც უნდა იყოს, სულ მცირე, 23 პარლამენტარი ევროკავშირის, მინიმუმ, შვიდი ქვეყნიდან. ამრიგად, ორბანის, ბაბიშისა და კიკლის ალიანსს ჯერ კიდევ სჭირდება ევროკავშირის, სულ მცირე, ოთხი ქვეყნის ევროპარლამენტარების მხარდაჭერა.
ანალიტიკოსი „ხალხის ძალის“ წარმომადგენელის დავით ქართველიშვილის შეფასებით, ვიქტორ ორბანმა წლის ბოლომდე ჩაიბარა ევროსაბჭოს საპრეზიდენტო პოსტი, ამიტომაც ძალიან ჩქარობს ბრიუსელის ევრობიუროკრატიის ტრანსფორმირებას. პირველ რიგში, ევროკავშირის შიგნით ქმნის ახალ პოლიტიკურ-პარტიულ ალიანსს - ავსტრიასა და ჩეხეთთან. მისი თქმით, სამივე ძალას აერთიანებს ბრიუსელის პილიტიკისა და უკრაინის დღის წესრიგის მიუღებლობა.
„უახლოეს მომავალში, საკუთარ ქვეყნებში ხელისუფლებაში რეალური მოსვლის შანსები სწორედ ამ პარტიებს აქვთ. „თავისუფლების პარტია“ ლიდერობს ავსტრიაში სექტემბრის არჩევნების წინ. ჩეხეთის 2025 წლის წინასაარჩევნო რბოლაში ლიდერობს ანდრეი ბაბიში, ხოლო ჩეხეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი პიოტრ ფიალა, თავისი 16%-იანი ამჟამინდელი რეიტინგით, ევროპის ყველაზე არაპოპულარული ლიდერია.
მომავალში ამ სამეულს, დიდი ალბათობით, შეუერთდება სლოვაკეთი, რობერტ ფიცოს სახით და გერმანიის „ალტერნატივის პარტია“. ხოლო ორბანის მთავარი მიზანია, თავისი დევიზის ფარგლებში „Make Europe Great Again“ (MEGA) - ევროპარლამენტში შექმნას მსხვილი არაიდეოლოგიური ფრაქცია, რომელიც გააერთიანებს ნაციონალური სუვერენიტეტების მომხრე, სხვადასხვა შეხედულებების მქონე თანამოაზრეებს.
ორბანი აქამდეც ემსახურებოდა თავისი მიზნების ხორცშესხმას: ებრძოდა ევრობიუროკრატებს, ბლოკავდა უკრაინულ ტრანშებს, შუამავლის როლს თამაშობდა ევროპაში ჩინეთის ინტერესების გატარებაში, აშენებდა თავის ტერიტორიაზე ჩინურ ავტოქარხნებს და ა.შ. თავისი მსხვილი კოალიციის შექმნის შემდეგ, ორბანს აქვს ამბიციური გეგმები უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს ტრამპის მომავალ ადმინისტრაციასთან, ბრიუსელის გვერდის ავლით. მოკლედ, ორბანის სახით, ურსულა ფონ დერ ლაიენის მმართველობის მეორე ვადას ელოდება სრული კოშმარი“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოსის ზურაბ ქადაგიძის თქმით, პარადოქსია, რომ ლეგიტიმაციის ზღვარზე მყოფი ევროპელი ლიდერები, კვლავ ძველ პოლიტიკურ კონიუნქტურას ადგანან და უტიფრად აწვებიან ნეოლიბერალურ სტატუს-კვოს.
„რამხელა უფსკრულია ევროპულ ოფიციოზსა და ამომრჩეველს შორის, იტალიის პრემიერის განცხადებაც კი კმარა, სადაც ქალბატონმა მელონიმ ღია უკმაყოფილება გამოთქვა ევროპელი ამომრჩევლის აზრის, ოფიციოზისაგან უგულებელყოფის გამო! ცალკე, ორბანი აპირებს მემარჯვენე ფრაქციის შექმნას ევროპარლამენტში. მოკლედ, მაგრად აყროლდა ნეოლიბერალური პოლიტიკური კონიუნქტურა და შესაბამისად, ამერიკული „ნარატივიზმი“, რაზეც სრულად დამოკიდებულია ევროკავშირი. სტატუს-კვოს შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ ნეოლიბერალებს. მთავარია, რომ ყინული დაიძრა და, ადრე თუ გვიან, აუცილებლად უფსკრულის გზას დაადგება არსებული ძირგამომპალი მსოფლიო წესრიგი“, - აცხადებს ზურაბ ქადაგიძე.