78 - მომხრე, 0 - წინააღმდეგი. საქართველოს პარლამენტმა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო. საკითხი ეხება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ ძირითად კანონპროექტსა და მის თანმდევ სხვა კანონპროექტებს. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონის პროექტს, თუმცა კონსტიტუციური კანონის პროექტის მისაღებად საჭიროა პარლამენტის ხმათა რაოდენობის სამი მეოთხედი. პაპუაშვილის განმარტებით, ამიტომ კენჭისყრა გადაიდება იმ დროისთვის, როდესაც ოპოზიცია დარბაზში იქნება.
კანონპროექტის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით განსხვავებული ბიოლოგიური სქესის ორი ადამიანის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სხვა სახის კავშირის, როგორც ქორწინების, რეგისტრირება ან/და სამართლებრივი აქტით ქორწინებად აღიარება, დაუშვებელია.
კანონპროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის თავისი ბიოლოგიურის სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 17 მაისს მთლიანად საქართველოში ჩატარდა სახალხო რეფერენდუმი, როდესაც საქართველოს მილიონმა მოქალაქემ ქუჩაში თავისი გამოსვლით დაადასტურა მხარდაჭერა ამ პაკეტისა, მოთხოვნა, რომ პარლამენტმა მათი ხმა აქციოს კანონად.
„იცით, რომ კონსტიტუციური კანონის მიღებას სჭირდება ხმათა რაოდენობის სამი მეოთხედი. ოპოზიცია არ იმყოფება დარბაზში, ამიტომ ამ კენჭისყრას გადავდებ შემდეგი პერიოდისთვის, როდესაც ოპოზიცია იქნება დარბაზში და მათ მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებით. ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას, რომ თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ, საზოგადოების წინაშე ამ პოზიციის დაფიქსირება მოუწევთ. ასე რომ, ეს კენჭისყრა გადაიდება იმ დროისთვის, როდესაც ოპოზიციას ვიხილავთ დარბაზში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას არ ღებულობს ოპოზიცია. მათ მიაჩნიათ, რომ ლგბტ-ს პროპაგანდის საკითხი ქვეყანაში არ დგას და მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება ამ თემის აქტუალიზაციით ცდილობს ამომრჩევლის მოზიდვას. „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ჩვენი რწმენის მთავარი არსია, ადამიანმა ჭეშმარიტება ეძებოს და ცხონდეს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონით ვერც ჭეშმარიტებას იპოვი და ვერც ცხონდები.
„ჩვენი რწმენის მთავარი არსია, რომ ადამიანმა ჭეშმარიტება უნდა ეძებოს და ცხონდეს, ამ კანონით ვერც ჭეშმარიტებას იპოვი და ვერც ცხონდები, დანარჩენი, თავის სინდისზე ყველა თავად აგებს პასუხს. კანონპროექტს მხარს არ დავუჭერ, რადგან ეს არის „ქართული ოცნების“ საარჩევნო პიარაქცია და ამ კანონპროექტის მიღებას აღსარების ჩაბარება და ზიარება ურჩევნიათ. რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ადამიანის უფლებების ნაწილში გასაგებია, მაგრამ როცა რაღაცის დაცვაზე ვსაუბრობთ, დაცვა არის ის, როცა შვილები იზრდებიან მშობლებთან ერთად და, სამწუხაროდ, საქართველოში ამის რეალობა არ არის“, - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.
„ხალხის ძალის“ წევრის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის მიღება საჭირო გახდა იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში მიმდინარეობს გაძლიერებული ტენდენცია პროპაგანდასთან დაკავშირებით. სეფაშვილის თქმით, ამან მსოფლიო მასშტაბით გამოიწვია ის, რომ მოსახლეობის და, განსაკუთრებით, ახალგაზრდების სულ უფრო და უფრო მეტი ნაწილი ამ თემს მიაკუთვნებს თავს, რაც ბუნებრივი არ არის.
„ჩვენ ვფიქრობთ, ამ კანონის საშუალებით გავავლოთ მკაფიო ზღვარი ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებების დაცვასა და პროპაგანდას შორის. ეს არის მკაცრად გასავლები ზღვარი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ საქართველოში, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი და ახალგაზრდა თაობა მავნე ზეგავლენისგან. რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, მას შეუძლია მხოლოდ რეკომენდაცია გასცეს ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ეს უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა და ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი ხანია, მტკიცედ განაცხადა, რომ ოჯახი არის მხოლოდ და მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობლივი კავშირით შექმნილი და არავითარ შემთხვევაში ერთნაირსქესიანთა კავშირი“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
კომპანია „დიემესის“ გენერალური დირექორი მარიამ მაისურაძე აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში ლგბტ პროპაგანდა წარმოადგენს იდენტობის პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე წინააღმდეგობრივ ნაწილს, რომელიც უკავშირდება უამრავ საკანონმდებლო, სოციალურ და კულტურულ ცვლილებას. აღნიშნული იწვევს მხარეების მუდმივ დაპირისპირებას, რის შედეგადაც რეალურად მნიშვნელოვანი პრობლემებისთვის აღარავის სცალია.
„ლგბტ პროპაგანდა არის მხოლოდ მცირე ნაწილი და ინსტრუმენტი რეალური გავლენის მცდელობისა. რეალური გავლენა წარმოადგენს კაპიტალისტურ ექსპანსიას, კერძოდ გავლენის ქვეყნებში მართვის იმ მექანიზმის დანერგვას, რომელიც ფულზე იქნება დაფუძნებული. გავლენის მოხდენის მსურველი ქვეყნისთვის ეს იქნება მარტივი სამართავი მექანიზმი, რომელიც დათვლადი და სტაბილურია. იმისათვის, რომ მსგავსი მართვის მექანიზმები დაინერგოს, აუცილებელია ხელისშემშლელი ფაქტორების აღმოფხვრა.
მაგალითისთვის, თუ ქვეყნისთვის დამახასიათებელია ისეთი კულტურული და ეროვნული ღირებულებები, როგორებიცაა პატრიოტიზმი, სარწმუნოება, ისტორიული ღირებულებებისადმი პატივისცემა, მორალი, წინაპრები და ა.შ. უფრო რთულია ფულის შეთავაზებით დაითანხმო ადამიანები წავიდნენ საკუთარი ქვეყნის მიმართ მავნებლურ ქცევაზე, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის მოსახლეობას მსგავსი ღირებულებები არ აქვს“, - აცხადებს მაისურაძე.
შესაბამისად, მისი თქმით, აუცილებელია მსგავს ქვეყნებში ღირებულებებისა და იდეოლოგიის სხვა ღირებულებებით და იდეოლოგიით ჩანაცვლება, რათა მართვის აღნიშნული მექანიზმი დაინერგოს. ამ შემთხვევაში ჩამნაცვლებელი იდეოლოგია უნდა გატარდეს იდენტობის პოლიტიკაზე, რომლის ნაწილიც, მაისურაძის განცხადებით, არის ლგბტ პოლიტიკა.
„თუმცა, იდეოლოგია, გარდა ლგბტ პოლიტიკისა და პროპაგანდისა, შედგება კიდევ სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლებისგან, შესაბამისად, აუცილებელია იდენტობის პოლიტიკის მთლიანი განხილვა და არა მხოლოდ ლგბტ პროპაგანდისა, რომელიც მისი მხოლოდ მცირე ნაწილია. საქართველოში ამჟამად აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენს მწვავე პრობლემას, თუმცა დასავლეთი ითხოვს იმავე პოლიტიკის ადაპტირებას ჩვენთან. აქედან გამომდინარე, არსებობს პრობლემები, რომლებიც გადასაჭრელია და პრობლემები, რომლებიც თავიდან არის ასარიდებელი. დასავლეთში აღნიშნული პოლიტიკის გატარების დინამიკაზე და შედეგებზე დაკვირვების შედეგად, გონიერი ქვეყანა პრობლემის დადგომამდე აირიდებდა მას თავიდან. აღნიშნული საკითხი, ამ შემთხვევაში, წარმოადგენს პრობლემის პრევენციას, მის დადგომამდე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მარიამ მაისურაძემ.