ნაციონალების დროს „ოდეერის“ ინსტიტუტი პოლიტიკური ოპონენტების დევნის საშუალებად გამოიყენებოდა. „ოდეერების“, ანუ უშიშროების ოფიცრების სახით, უშიშროების ყოფილი მინისტრები აკონტროლებდნენ და წილში უსხდებოდნენ მსხვილი საწარმოების ხელმძღვანელებს.
თუმცა რა ფუნქცია აქვს დღეს ამ ინსტიტუტს, უცნობია. მით უფრო, როგორც ექსპერტები ამბობენ, ამ უწყებაში თავშესაფარი ნახეს სააკაშვილის დროის ჩინოვნიკებმა.
პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი, ექსპერტი გია ხუხაშვილი „ოდეერის“ ინსტიტუტის არსებობას აღიარებს და ხელისუფლებას მის მოშორებას ურჩევს.
„ჩემი აზრით, ყავლგასულ ინსტიტუტზე უარის თქმით ხელისუფლება საბოლოოდ დაადასტურებს, რომ ეკონომიკურ პროცესში ჩაურევლობის პრინციპი საბოლოოდ დამკვიდრდა ქვეყანაში“, - მიიჩნევს გია ხუხაშვილი.
როგორც გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, „ოდეერის“ ინსტიტუტი ძირითადად საჯარო სამსახურში გვხდება. ამას ემატება გარკვეული სტრატეგიული დანიშნულების კომერციული (სახელმწიფო თუ კერძო) სტრუქტურებიც.
მისი თქმით, გასაგებია, რომ ამ ინსტიტუტს რაღაც დატვირთვა ეძლევა, მაგრამ იგი თანამედროვეობას არ შეეფერება. თუ დანაშაულის პრევენციისთვის ხდება ეს ყველაფერი, მაშინ სულ სხვა ფორმების გამოძებნა შეიძლება. თორემ, ეს აშკარად საბჭოური გადმონაშთია და მისი არსებობა სამარცხვინოა. მის გაუქმებას მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება.
„რაც არ უნდა პატიოსანი იყოს მენეჯერი, ეკონომიკური ინსტიტუტები „ოდეერის“ არსებობას მაინც სიფრთხილით ეკიდებიან, გამომდინარე იქიდან, რომ „ოდეერი“ ორმაგი დაქვემდებარებისაა. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ეს არის პირდაპირი მექანიზმი, რომ მათ სხვადასხვა მიზნები შეასრულონ ან ვინმესგან დავალებები მიიღონ. მაგალითად, ყველაზე მარტივი - თავისი ახლობლების შრომითი მოწყობა. უარის შემთხვევაში, „ოდეერს“ ზემოქმედების გარე მექანიზმი გააჩნია. არ ვამბობ, რომ დღევანდელ სიტუაციაში ეს რისკები რეალიზებულია, მაგრამ ამის რისკები არსებობს. თუ ჩვენ ამა თუ იმ სამსახურში ვნიშნავთ ჩინოვნიკს, მას იმდენად უნდა ვენდოთ, რომ „ოდეერი“ არ დაგვჭირდეს“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა და განმარტა, რომ ამ ინსტიტუტში უფრო მეტი მინუსია, ვიდრე პლუსი. ამიტომ, თუ დასავლური ფასეულობების გზით მივდივართ, ამ ფასეულობებში „ოდეერის“ ინსტიტუტის არსებობა არ ჯდება.
თავის დროზე ე.წ „ოდეერის“ ინსტიტუტზე ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა კომენტარი. მან განმარტა, რომ ეს სამარცხვინო ლაქა საქართველოში დღესაც არსებობს და ჩვენი სახელმწიფო ცდილობს, ამ ინსტიტუტზე უარი თქვას.
„მთავრობის სხდომაზე ორჯერ მქონდა პოლემიკა ამაზე. ამას გარეთ ვერ გამოვიტან, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, ამაზე უარი ვთქვათ და, ალბათ, უახლოეს მომავალში მოვახერხებთ“, - აღნიშნა პრემიერის რანგში მყოფმა ბიძინა ივანიშვილმა.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმერეთის გუბერნატორის -ზაზა მეფარიშვილის მედიასთან შეხვედრას უშიშროების თანამშრომელი დათო ხაბურძანია ესწრებოდა.
ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ რა მიზეზით ესწრებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დასავლეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე შეხვედრას, გუბერნატორმა უპასუხა, რომ „ის მისი მეგობარი იყო“.
„ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვის რა თანამდებობა და პოზიცია უკავია. ის ჩემი მეგობარია და დღეს უბრალოდ წამომყვა. მარტოც შეიძლებოდა, მოვსულიყავი, მაგრამ ასე გადავწყვიტე,“- განაცხადა მეფარიშვილმა.
სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე მიიჩნევს, რომ „ოდეერის“ ინსტიტუტმა ტრანსფორმაცია უნდა განიცადოს. იმ ფორმით, როგორც დღეს არსებობს, მისი დატოვება მიუღებელია, რადგან აბსოლუტურად საბჭოთა კავშირიდან გადმოღებული მოდელია.
თუმცა გიორგი თავდგირიძე მის სრულ გაუქმებას ეწინააღმდეგება. იგი ითვალისწინებს, რომ ჩვენი ქვეყანა მუდმივად საფრთხის ქვეშაა, ტერიტორიები დაკარგულია, გვყავს მოწინააღმდეგე ქვეყნის გარეთ თუ შიგნით, არსებობს სეპარატისტული მოსაზრებები. ამიტომ, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთიანი სისტემის ეს რგოლი უნდა არსებობდეს და ამაზე უკეთესს ვერაფერს მოვიფიქრებთ.
„სანამ გაუქმებაზე ვისაუბრებთ, ჯერ გავარკვიოთ, რას ვაპირებთ? მაშინ ვინ აიღებს პასუხისმგებლობას, რაც მოჰყვება „ოდეერის“ გაუქმებას? ეს გამოიწვევს საინფორმაციო შიმშილს. „ოდეერი“ მარტო ის კი არ არის, რომ ვიღაც ზის და თანამშრომლებს აკვირდება, ეს არის სამსახური, რომელიც ინფორმაციით უზრუნველყოფს უსაფრთხოების ერთიან სისტემას. სანამ იარსებებს სახელმწიფო, მანამდე მას აუცილებლად სჭირდება უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ეს ინსტიტუტი ნებისმიერ ქვეყანას გააჩნია სხვადასხვა ფორმითა და სახელით. ნებისმიერი ქვეყანა აქტიურად ახორციელებს კონტრდაზვერვით ღონისძიებებს. ინფორმაცია ყოველთვის ღირებულია, ის საშუალებას იძლევა, დროულად მოახდინო პრობლემის ლოკალიზება,“ -აღნიშნა გიორგი თავდგირიძემ For.ge-სთან საუბარში.
მისი განმარტებით, ჩვენი პრობლემა სულ სხვა რამეშია. კერძოდ, ჩვენ ამ ინსტიტუტს უფრო მეტი დატვირთვა მივცეთ, ვიდრე სინამდვილეში გვჭირდებოდა და ნაციონალებმა ის კომისრების ინსტიტუტად აქციეს. უფრო ზუსტად, შსს-ს ერთ-ერთი დეპარტამენტის ქვეშ არსებობდა კომისრების ჯგუფი, რომლებიც წარმოდგენილნი იყვნენ სახელმწიფო დაწესებულებებში თუ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან კერძო სტრუქტურებში და ნაციონალები პარტიულ და სახელმწიფო ინტერესებს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებდნენ.
ექსპერტი აცხადებს, რომ სხვა ქვეყნების გამოცდილებაც უნდა გავითვალისწინოთ. შესაძლოა, სხვაგან ამ ტიპის ინსტიტუტი უფრო მკაცრიც იყოს. კერძოდ, ისრაელში უფრო მკაცრი ღონისძიებები ტარდება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ასევეა, საფრანგეთშიც, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჟანდარმერია და კონტრდაზვერვა აგრესიული ქმედებებით ხასიათდებოდა. თუმცა 21-ე საუკუნეში ადამიანის უფლებების დაცვამ წინ წამოიწია.
„საბჭოთა კავშირში ეს ინსტიტუტი არა მარტო სახელმწიფო უსაფრთხოებას უწყობდა ხელს, არამედ მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენდა სახელმწიფოს იდეოლოგიური მტრების წინააღმდეგ, რამაც ამ ინსტიტუტს სახელი გაუტეხა. საქართველოში კი იდეოლოგიური მოწინააღმდეგეები არ გვყავს და პოლიტიკური ბრძოლის შემადგენელ ნაწილში ოდეერი გამოყენებული არ უნდა იყოს, განსხვავებით ნაციონალებისგან“, - განმარტავს გიორგი თავდგირიძე.
ექსპერტი ვახტანგ მაისაია მიჩნევს, რომ „ოდეერს“ თავისი დატვირთვა აქვს სტრატეგიულ, მათ შორის, ენერგეტიკულ ობიექტებთან მიმართებით, სადაც უშიშროების თანამშრომლების ყოფნა აუცილებელია. თუ „ოდეერი“ დაინახავს რაიმე საფრთხეს სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით, ის ეხმიანება თავის უშუალო, მეორე ნამდვილ ხელმძღვანელობას და ისინი ახდენენ რეაგირებას „ოდეერის“ ინფორმაციის საფუძველზე.
ექსპერტის თქმით, „ოდეერის“ საჯაროდ გამოჩენა კანონით აკრძალულია. თუ „ოდეერი“ პოლიტიკურ საქმებში ერევა და საჭიროების გარეშე გამოჩნდება, მაშინ კაპიკია მისი ფასი, რადგან „ოდეერის“ არსებობა არ იციან თვითონ პირველმა პირებმაც კი. უფრო მეტიც, „ოდეერი“ არის უხილავი ძალა, რომელიც სახელმწიფომ გამოყო იმისთვის, რომ აკონტროლოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე პროცესები.
„რაც იმერეთში მოხდა და გუბერნატორმა აღნიშნა, უშიშროების თანამშრომელი ჩემი მეგობარიო, ჯერ იმ გუბერნატორს რა ვუთხარი და მერე თვითონ უშიშროების თანამშრომელს, თუ ის მართლაც „ოდეერია“. ეს კანონდარღვევაა, ამ ადამიანმა საკუთარი თავი გაშიფრა და სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. „ოდეერის“ მთავარი პრინციპია, იყოს ბალახზე უფრო დაბლა და წყალზე უფრო ჩუმად. დღევანდელ „ოდეერში“ კი პირდაპირ არიან ჯალათები. სააკაშვილის სპეცსამსახურების თანამშრომლების სავანედ გადაიქცა ეს ინსტიტუტი. „ოდეერის“ მთავარი სამმართველოს უფროსი დღეს არის ყოფილი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ოთარ ორჯონიკიძე, კაცი-ჯალათი, რომელმაც გააყალბა ე.წ. ჯაშუშების საქმე. ამაზე უნდა ატყდეს სერიოზული პროტესტი“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
მანვე სააკაშვილის ძველი კადრები პოლიტიკური გესტაპოს თანამშრომლებს შეადარა და გაიხსენა, რომ თავის დროზე მესამე რაიხის სპეცსამსახურებმა შეიმუშავეს პროექტი -“ოდესის არხი“, რომლის საფუძველზეც ყოფილი ჯალათები და დამნაშავეები ოდესის არხის მეშვეობით სამართალს გაურბოდნენ და ზოგი ლათინურ ამერიკაში მიდიოდა და იქაურ სამსახურებში მოღვაწებდა, ზოგი კი ვატიკანში. რაც შეეხება საქართველოს, ექსპერტის თქმით, ამ ჯალათების გაწვევა და დასჯა უნდა მოხდეს, თორემ „ოდეერის ინსტიტუტი“ იქნება მახვილი ქართულ დემოკრატიაზე.