„არჩევნების დროს „მეხუთე კოლონა“ საკმაოდ რადიკალურად იმოქმედებს, მაგრამ მის მიმართ კანონიც ასევე რადიკალური იქნება“

„არჩევნების დროს „მეხუთე კოლონა“ საკმაოდ რადიკალურად იმოქმედებს, მაგრამ მის მიმართ კანონიც ასევე რადიკალური იქნება“

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის, ირაკლი გოგავას შეფასებით, ვინაიდან ქვეყანაში ნორმალური ხელფასის მიღების სხვა გზა არ არსებობდა, დასავლური გრანტების მიღების მიზნით, 26 000 არასამთავრობო ორგანიზაცია შეიქმნა. შედეგად პრივილეგირებული არასამთავრობო სექტორის მთელი კასტა ჩამოყალიბდა, რომელიც უცხოურ გრანტებს რეგულარულად იღებს, მაღალი ხელფასები აქვს და მხოლოდ ერთი რამ ევალება - უცხო სახელმწიფოების დავალებები შეასრულოს. მისი თქმით, ეს დავალებები კი ხშირად საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არ ემთხვევა.

როგორ იკრებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები ძალას საქართველოში? რამდენი დაიხარჯა და რა გაკეთდა ქვეყნისთვის?

ირაკლი გოგავა: 1995 წელს ქვეყანა ეთნოკონფლიქტებისა და სამოქალაქო დაპირისპირებიდან ახალი გამოსული იყო, როცა საქართველოში მდიდარი დასავლური ფონდები შემოვიდნენ. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ეკონომიკა გაჩერდა, არადა ჯერ კიდევ 1988 წელს საქართველო 970 მლნ პირობით ქილა კონსერვს უშვებდა და 260 მილიარდი დოლარის ღირებულების მრეწველობა გააჩნდა. ეს ყველაფერი ორ წელიწადში გაჩერდა, უმუშევრობა გაჩნდა, ხელფასები კი 10-20 დოლარი იყო.

დონორმა ორგანიზაციებმა ასეთ დამშეულ ქვეყანაში გრანტების დარიგება დაიწყეს, სადაც ხელფასები 1000 დოლარს შეადგენდა, ამას უცხოეთში უფასო მივლინებები, კონფერენციებზე, სემინარებზე, მიღებებზე დასწრება ემატებოდა. 1996 წელს ულტრალიბერალური „თავისუფლების ინსტიტუტი“ შეიქმნა. მაშინ უცხოური სპეცსამსახურები საქართველოში რელიგიური სექტის - „იეღოვას მოწმეების“ პოპულარიზაციით იყვნენ დაკავებულნი და „თავისუფლების ინსტიტუტს“ სწორედ მათი დაცვა დაევალა და ამისთვის დიდ გრანტებსაც იღებდა.

ვინ წყვეტდა, რაში და სად უნდა დახარჯულიყო გრანტი?

- გრანტის გამცემები მიმართულებებს თავად აყალიბებდნენ, ანუ არასამთავრობო სექტორის დღის წესრიგს ისინი განსაზღვრავდნენ. თავიდან იყო მედიის და ჟურნალისტიკის გაძლიერების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მხარდამჭერი, ადამიანის უფლებების, ეკოლოგიური პროექტები. მას შემდეგ, დასავლური გრანტების მიღების მიზნით, 26 000 არასამთავრობო ორგანიზაცია შეიქმნა. ქვეყანაში ნორმალური ხელფასის მიღების სხვა გზა არ არსებობდა. შედეგად, პრივილეგირებული არასამთავრობო სექტორის მთელი კასტა ჩამოყალიბდა, რომელიც უცხოურ გრანტებს რეგულარულად იღებს, მაღალი ხელფასები აქვს და მხოლოდ ერთი რამ ევალება - უცხო სახელმწიფოების დავალებები შეასრულოს. ეს დავალებები კი ხშირად საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არ ემთხვევა.

თავიდან მოლოდინი იყო, რომ ჭეშმარიტად ძლიერი სამოქალაქო სექტორი და თავისუფალი მედია ქვეყნისთვის, როგორც სამოქალაქო კონტროლის მექანიზმი, სასარგებლო იქნებოდა. შემდგომში პროცესმა სხვა ხასიათი მიიღო და ქვეყნას არასამთავრობო სექტორის მხრიდან დიდი ზიანი მიადგა.

რა ზიანს გულისხმობთ?

- უცხოურ გრანტებზე მყოფი ორგანიზაციები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო ბეჯითად შეასრულებდა უცხოურ დღის წესრიგს, რადგან ასე მეტ ფულს მიიღებდნენ. სამოქალაქო სექტორი დასავლეთისთვის აგენტურული კადრების სამჭედლო გახდა. პოლიტიკურ სპექტრს რომ გადახედოთ, ბევრს დაინახავთ „თავისუფლების ინსტიტუტიდან“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან“, „სამართლიანი არჩევნებიდან“ და სხვა ორგანიზაციებიდან.

ქვეყანაში რეალური სამოქალაქო საზოგადოება ჩანასახშივე მოკლეს და მისი მონოპოლიზირება მოხდა. მედიაკულტურა გადაგვარდა და მედია ტყუილების და მანიპულაციების საშუალებად გადაიქცა. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი სამი ათწლეულის მანძილზე საჭირო იყო მხოლოდ ერთი ამოცანისთვის - ჩამოყალიბებულიყო უცხო სახელმწიფოების დასაყრდენი მრავალათასიანი ძალა, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე გავლენას მოახდენდა და ხელისუფლებაში მოვიდოდა.

ჩამოყალიბდა მრავალათასიანი „მეხუთე კოლონა“, რომელიც დღემდე უცხო სახელმწიფოებს ემსახურება. 2003 წელს ეს ძალა, სახელმწიფო გადატრიალების გზით, ხელისუფლებაში მოიყვანეს. შედეგად მივიღეთ არნახული მასშტაბის რეპრესიები, ხალხის წამება, ქუჩებში ხოცვა, ომი, ტერიტორიების დაკარგვა, ბიზნესის და ადამიანების ეპიკური ძარცვა. შედარებისთვის, ორგანიზაცია „მემორიალმა“ გერმანული ჰენრიხ ბიოლის ფონდის ფულით საქართველოში 30-იანი წლების რეპრესიები შეისწავლა და რეპრესირებულად 25 000 ადამიანამდე მიიჩნია.

სააკაშვილის დროს კი ციხე 300 000 ქართველმა გაიარა, ეს კი შრომისუნარიანი მამაკაცების 30%-ია. არასამთავრობო სექტორი და დასავლეთი დუმდა და მეტიც, ამ პროცესის მონაწილე და თანაავტორი თავად იყვნენ. გვახსოვს, როგორ გამოაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა 26 მაისის საპროტესტო მიტინგის სისხლიანი დარბევის წინ, რომ ხელისუფლებას უფლება აქვს დაშალოს აქციაო.

როგორია მათი მართვის სტილი - ესენი არიან გამტარები პოლიტიკაში და მათი მეშვეობით ხდება ფული შემოტანა პარტიებში? და საერთოდ, რა დაფინანსება აქვთ და საიდან იღებენ ამ დაფინანსებას?

- ამ ორგანიზაციებს არასამთავრობო კი ჰქვიათ, მაგრამ რეალურად ისინი სხვა სახელმწიფოების სამთავრობო სტრუქტურებია. მათი დაფინანსების 95%-ზე მეტი უცხო სახელმწიფოების ბიუჯეტის ფულია. მოგეხსენებათ, ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. უცხოეთიდან ფინანსდება ლიბერალური მედია, 200-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, სოციოლოგიური კვლევები, ლიბერალური პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაც კი არასამათავრობო ორგანიზაციების გავლით ხდება, რადგან კანონით პარტიას უცხოური დაფინანსების მიღება ეკრძალება.

ჯამში, საქართველოში აშშ-დან და ევროკავშირისგან, ყოველწლიურად, 240 მილიონი დოლარი შემოდის და ამას დახმარებას ეძახიან, მაგრამ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეებისთვის ამ თანხის მცირე ნაწილი იხარჯება და ისიც საჩვენებლად. ეს ფული ძირითადად „მეხუთე კოლონის“, ანუ გავლენის აგენტურის შენახვას და საქმიანობას ხმარდება. ამ ფულით არც ერთი ქარხანა არ გახსნილა. წარმოიდგინეთ, 30 წლის განმავლობაში რამდენი ფული დაიხარჯა ამათ შენახვაზე?! ტყუილად ფულს არავინ არაფერში იხდის. დასავლეთში პრაგმატული ხალხია - ამ „დახმარებით“ თავის სასიკეთოდ გაცილებით მეტს იღებენ - როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად.

რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს?

- „მეხუთე კოლონის“ ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იმ პოლიტიკას არ გადაუხვიოს, რაც უცხო ქვეყნების ინტერესებში შედის, თუნდაც საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე. ეს ეხება არა მხოლოდ იდეოლოგიურ და პოლიტიკურ სფეროს, არამედ ეკონომიკურსაც. ეკონომიკა მთავარია, ის ბაზისია, დანარჩენი ზედნაშენი. დასავლეთიდან „მარშალის გეგმის“ მსგავს დახმარების პროგრამას, ეკონომიკურ განვითარებას და კეთილდღეობას ველოდით, სანაცვლოდ კი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელით, კოლონიალური სისტემა დაგვინერგეს - ე.წ. „ვაშინგტონის კონსენსუსის“ მოდელი.

ჩვენგან გააქვთ ბუნებრივი რესურსები: ხე-ტყე, სპილენძი, ოქრო, მარგანეცი, დიატომიტი, მეტალი და ფერადი ლითონები, გაყავთ შრომითი რესურსები ანუ შრომისუნარიანი ხალხი, რომელსაც იაფად ამუშავებენ საკუთარ ეკონომიკაში და სანაცვლოდ, მათი ინდუსტრიული საქონელი ჩვენთან საღდება, ხოლო ადგილობრივი წარმოების განვითარება არ ხდება. ეს კლასიკური მეტროპოლია-კოლონიის ურთიერთობებია. ამას გარდა, ქართული საბანკო სექტორის 90%-ზე მეტი უცხოურია და ეს კაპიტალი საქართველოში ზემოგებებზე მუშაობს. ევროპაში საბანკო კაპიტალის რენტაბელობა 8%-ია, აშშ-ში - 7%, საქართველოში კი - 23%. საიდან ბანკებს ასეთი ზემოგება?! ეს ხომ ჩვენი ხალხის „გატყავების“ ხარჯზე ხდება! სიამოვნებით მოგცემენ კრედიტს კორეული ტელეფონის, ჰოლანდიური მაცივრის, გერმანული ავტოს შესაძენად, მაგრამ თუ ეცდებით მიიღოთ კრედიტი ახალი ქარხნის ან ფაბრიკის გასახსნელად - მიიღებთ უარს. ეს იმიტომ ხდება, რომ არსებობს სიმდიდრის დაგროვების მხოლოდ ოთხი გზა: 1. ცოდნა ანუ მეცნიერება და ტენქოლოგიები; 2. ბუნებრივი რესურსები; 3. ფინანსური კაპიტალი; 4. მრეწველობა.

ამ სიიდან ჩვენთვის ყველაზე ოპტიმალური მრეწველობაა, რადგან დანარჩენი საკმარისი არ გვაქვს. მრეწველობა კი დამატებით ღირებულებას ქმნის და თან ხალხს ქარხანა-ფაბრიკებში ღირსეულ ხელფასზე ასაქმებს. ამის საშუალებას არ გვაძლევენ, რადგან მსოფლიოში თითქმის ყველაფრის ჭარბწარმოებაა, გასაღების ბაზრები გადანაწილებულია და ზედმეტი კონკურენტი არავის სჭირდება.

დაგვადებინეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები და ჩვენი ბაზარი მათთვის ღიაა და ამის გამო ადგილობრივი მწარმოებლის დაცვას ვერ ვახერხებთ. სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ჩვენი და ჩვენი მსგავსი განვითარებადი ქვეყნების ხარჯზე განვითარებულმა ქვეყნებმა გამდიდრება გააგრძელონ. უცხოეთის „მეხუთე კოლონა“ ამ პოლიტიკას იცავს. გამოდის, რომ რეალურად ჩვენი ხალხის სიღარიბე მათი დამსახურებაცაა. რა ენაღვლებათ?! 10 ათასლარიანი ხელფასები და პრივილეგიები გარანტირებული აქვთ, თვითონ ხომ კარგად ცხოვრობენ! რომელიმე არასამთავრობოსგან ამ თემებზე რაიმე კომენტარი გსმენიათ? დასაქმებულთა მესამედი ხელფასის სახით 500 ლარს ან ნაკლებს იღებს, მიუხედავად იმისა, რომ საშუალო ხელფასი ქვეყანაში 1900 ლარს გადასცდა. 600 000 ადამიანი სოციალურ დახმარებაზეა. რომელიმე არასამთავრობოსგან ამაზე წუხილი არ მახსენდება.

რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ვითარება გამოსწორდეს?

- საქართველო 1994 წლიდან ნაწილობრივ გარე მართვაზეა, 2003-2012 წლებში სრულად გარე მართვაზე გადავიდა. ასე გაგრძლება აღარ შეიძლება. კოლონიალური მოდელის გავლენით, ქვეყანა ხალხისგან და რესურსებისგან იცლება. 60 მილიონ ტონაზე მეტი მეტალია გატანილი, დღეს 1 ტონა ფოლადის ფასი 800 დოლარზე მეტია, ჩვენგან კი კაპიკებში გადის. ხომ ჯობია, რომ აქვე გადამუშავდეს და ქვეყანამ იხეიროს? ამის საშუალებას მსოფლიოს საფინანსო ინსტიტუტები არ გვაძლევენ. ქვეყანა, რომელსაც ეკონომიკაში ერთ სულ მოსახლეზე 7 ტონაზე მეტი მეტალი აქვს, განვითარებულად ითვლება, 1988 წელს ჩვენ 36 ტონა გვქონდა. ფერადი ლითონები ცალკე დასათვლელია.

ჩემი გამოთვლებით, დასავლეთს პატარა საქართველოსგან და ქართველებისგან წელიწადში მინიმუმ 10 მილიარდი დოლარის სარგებელი აქვს: რესურსების გატანა; საგარეო ვაჭრობა, სადაც მილიარდებს გვიგებენ; ჩვენი ხალხი, რომელსაც თავის ქვეყნებში მესამედ ფასში ამუშავებენ; მათი საბანკო კაპიტალი საქართველოში ზემოგებებზე მუშაობს; კერძო ბიზნზესშიც აქტიურად ნახულობენ ხეირს; სამხედრო ბეგარასაც გვახდევინედნენ ავღანეთში, ერაყში, აფრიკასა თუ კოსოვოში... ერთი სიტყვით, სერიოზულ ხარკს ვიხდით და ჩვენი სიღარიბის მთავარი წყაროც ეს არის. რომ არა ასეთი მიდგომა, საქართველო უკვე აყვავებული ქვეყანა იქნებოდა.

29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა უალტერნატივო გამოსავალი შემოგვთავაზა: ქვეყნის სუვერენიტეტი უნდა გავაძლიეროთ. ილიას სიტყვები „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ რეალობად უნდა ვაქციოთ. ბევრი ამბობს, რას აკეთებდა მთავრობა 12 წელი? რას ელოდებოდა? ისტორიიდან მაგალითს მოვიყვან: დავით აღმაშენებელი თურქებს ხარკს გამეფებიდან კიდევ 10 წელი, ხოლო გიორგი ბრწყინვალე მონღოლებს ხარკს გამეფებიდან კიდევ 9 წელი უხდიდნენ. ორივე მეფემ ხარკის გადახდა შეწყვიტა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლა მაშინ დაიწყო, როცა რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა და ჰეგემონი დასუსტდა. დავითის შემთხვევაში ჯვაროსნებმა იერუსალიმი აიღეს, ხოლო გიორგი მეფის დროს მონღოლთა სახელმწიფოში შიდა არეულობა დაიწყო.

გეოპოლიტიკური ვითარება 2022 წლიდან რადიკალურად შეიცვალა და მსოფლიო მრავალპოლუსიან მოწყობისკენ მიდის. ერთი ჰეგემონი აღარ იქნება. 2023 წლიდან შესაძლებლობა გაჩნდა, რომ სუვერენიტეტი მოვიპოვოთ და სახელმწიფოს შენება „ქართული პროექტით“ გავაგრძელოთ. ამისთვის საჭიროა, რომ პირველ რიგში, უცხო სახელმწიფოების გავლენის ინსტრუმენტები გავანეიტრალოთ - გარედან დაფინანსებული „მეხუთე კოლონა“ და უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონი სწორედ ამას ემსახურება. ეს არ ნიშნავს, რომ ანტიდასავლური კამპანია ვაწარმოოთ. ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს დასავლეთისგან საქართველოს იზოლირება. უბრალოდ ფილტრი უნდა დავაყენოთ: მისაღები მივიღოთ, ხოლო მიუღებელი არ მივიღოთ. ეს ეხება იდეოლოგიურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს.

ოპოზიცია აცხადებს, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონი რუსულია და „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა რუსეთისკენ მიყავს...

- რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობები რაღაც დოზით საჭიროა, ის ჩვენი მეზობელია. მაგრამ მათთან სამოკავშირეო ურთიერთობები არარეალურია, ვიდრე ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინის ომის დაწყებიდან მსოფლიო ორ ბანაკად გაიყო. საქართველოს სტრატეგიული ამოცანაა, რომ არც ერთ ბანაკში არ აღმოვჩნდეთ, რადგან ერთ-ერთი გაგვსრისავს. ვნახეთ, როგორი ზეწოლა იყო ხელისუფლებაზე, რათა აქ მეორე ფრონტი გაგვეხსნა. ეს ჩვენთვის დამღუპველი იქნებოდა. გვეუბნებოდნენ, არაუშავს, დანგრეულს აღგიდგენთო. დაღუპულ ხალხს ხომ ვერ დააბრუნებდნენ?! ამიტომაც მოიძულა დასავლეთმა ეს ხელისუფლება. ივანიშვილმა სააკაშვილის მსგავსად ქვეყანა გარედან დაკვეთით ომში არ ჩართო და ეს დასაფასებელია, რადგან მთელი რისკები პირადად მან აიღო.

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სამხედრო გზით დაბრუნების ვარიანტი უნდა გამოვრიცხოთ, რადგან წარმატების შემთხვევაშიც კი, ეს პრობლემის შემდეგი თაობებისთვის გადაბარებას ნიშნავს. ივანიშვილი რუსეთთან ომის სცენარზე არ წავიდა, რითიც გლობალური ომის პარტია გადაიმტერა და ახლა ეს ძალა ამ ხელისუფლების დამხობას ცდილობს, რადგან იცის, რომ ოპოზიცია ჯიბეში უზის და ნებისმიერ ავანტიურას ხელს მოაწერს, როგორც ეს 2008 წელს ხელისუფლებაში ყოფნისას გააკეთა. გადახედეთ ლიბერალურ პარტიებს, დღესაც იგივე ხალხია: ნაცები და არასამთავრობოები. ასეთ ვითარებაში ჩვენთვის, არაპარტიული ხალხისთვის, საზოგადოების მოაზროვნე ნაწილისთვის, სამარჩიელო აღარაფერი რჩება - ბიძინა ივანიშვილის მშვიდობის პოლიტიკას მხარი უნდა დავუჭიროთ. მისი მთავარი მოკავშირე ახლა ქართველი ხალხია, სხვა ყველა არასანდოა.

ცხადია, ის ამას ხვდება და ამიტომაც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ და ოჯახის სიწმინდის დაცვის შესახებ კანონპროექტთა მთელი პაკეტი დაინიცრდა - ეს სწორედ ის საკითხებია, რომელიც ქართველ ხალხს განსაკუთრებით აწუხებს. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს მხრიდან ნებისმიერი სამხედრო ავანტიურა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციით დასრულდება და სახელმწიფოებრიობას დავკარგავთ. გამოდის, რომ პირიქით, დღეს სამშვიდობო და მიუმხრობლობის პოლიტიკა საქართველოს რუსული ოკუპაციისგან იცავს.

დასავლეთში ამას ვერ ხვდებიან?

- რა თქმა უნდა დასავლეთში ეს იციან, მაგრამ მათთვის მთავარი ფრონტი უკრაინაშია და წარმატება სწორედ იქ სურთ. საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა კი ნატო-ს უკრაინაში წარმატების ალბათობას გაზრდიდა, რადგან რუსეთი იძულებული გახდებოდა 60-100 ათასიანი სამხედრო დაჯგუფება აქეთ გადმოესროლა - დაახლოებით ამდენი სამხედრო სჭირდება საქართველოს ოკუპაციას ან კიდევ ორი ტაქტიკური ბირთვული რაკეტა გამოეყენებინა საქართველოს წინააღმდეგ. ბირთვული იარაღის გამოყენების ფაქტზე კი მთელ მსოფლიოს რუსეთის წინააღმდეგ მომართავდნენ. ამ სცენარში საქართველო ნატო-ს გენერლებისთვის მეორადი, სახარჯი მასალაა.

ზოგადად, რადიკალურმა ლიბერალიზმმა მსოფლიო მმართველი ელიტების დეგრადაცია გამოიწვია. შეხედეთ დღეს ვინ მართავს დასავლეთის ქვეყნებს და შეადარეთ ისინი მე-20 საუკუნის ლიდერებს: ჩერჩილს, რუზველტს, ადენაუერს, დე გოლს, მიტერანს, კოლს... გლობალისტი ლიბერალები ტოტალიტარულ სექტად ჩამოყალიბდნენ და 2001 წლიდან პროექტი „დემოკრატია“ დახურეს. 2020 წლის აშშ-ს არჩევენები ამის ნათელი მაგალითია. ამერიკაში პოლარიზება პიკს აღწევს და გლობალისტები ცდილობენ პატრიოტული ამერიკა კვლავ არ მიუშვან ქვეყნის მართვის სადავეებთან. ადრეც ამის მჯეროდა და ახლაც ვადასტურებ: ტრამპის გაპრეზიდენტება წაადგება მსოფლიოს, ამერიკას და ჩვენც, რადგან ამ ულტრალიბერალური სიგიჟეების ექსპორტი შეჩერდება და ომები შეწყდება. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი და ჯიმი კარტერი ბოლო ორი საუკუნის მანძილზე აშშ-ს ის პრეზიდენტები იყვნენ, რომელთაც არ უომიათ.

ნათელია, რომ გლობალისტების სცენარი ჩავარდა და ახლა ისინი აგონიაში არიან. ამიტომაც სურთ, რომ მსოფლიო ომის ქარცეცხლში გახვიონ და კრიზისი როგორმე გადააგორონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ. ასე იყო პირველი და მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც. ასე იქნება ახლაც. ერთადერთი, რასაც გლობალისტებმა მიაღწიეს, ის არის, რომ აშშ დაასუსტეს და ერთადერთი ჰეგემონის სტატუსი დააკარგვინეს. ამერიკელი გეოპოლიტიკოსების მთავარი შიში - ჩინეთის და რუსეთის კავშირის შესახებ კი რეალობად აქციეს.

რას უნდა ველოდოთ არჩევნებისთვის?

- ხელისუფლებამ ომის რისკები თავიდან აგვარიდა. აქედან გამომდინარე, დღეს ხალხი და მთავრობა სიტუაციური მოკავშირეები არიან. სუვერენიტეტის მოპოვება იოლი არ არის და ამას თაობები ეწირებოდნენ. მოაზროვნე ადამიანები ამ პროცესს ხედავენ და მხარს უჭერენ. „ქართულ ოცნებას“ შანსი აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. ხალხი არჩევნებში იაქტიურებს, რადგან რეალური არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის უნდა გაკეთდეს.

აშშ-ში 5 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნებია, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კი 26 ოქტომბერსაა. თუ ვაშინგტონში კვლავ დემოკრატები დარჩებიან, ისინი ჩვენი არჩევნების შედეგებს, იდეალურადაც რომ ჩატარდეს, არ ცნობენ. ადრე ჩვენი მეფეები მონღოლ ყაენთან მიდიოდნენ ე.წ. იარლიყის მისაღებად, რაც მეფობაზე დამტკიცებას ნიშნავდა. ახლა ამ იარლიყის მიცემა არჩევნების ცნობა-არცნობით არის ჩანაცვლებული, არსი არ შეცვლილა. მეტროპოლიამ ადგილობრივი მმართველი უნდა დაამტკიცოს - ასეთია წესი.

იტყვიან არჩევნები გაყალბდაო, ხელისუფლებას და ქვეყანას კი სანქციებს დაუწესებენ. რადგანაც ყველა სფეროში მათ ჩვენგან სარგებელი მეტი აქვთ, ვიდრე ჩვენ მათგან, ამიტომაც სანქციების მოგონება უჭირთ. ეს არ იქნება სასიამოვნო პროცესი, მაგრამ უნდა გავუძლოთ, რადგან მეორე გზა ომში ჩართვას, ნგრევას, მსხვერპლს და ქვეყნის დემოგრაფიულ დაცლას ნიშნავს. სანქციებით უბრალო ხალხს არაფერი მოუვა, მდიდრების ფენას კი დისკომფორტი შეექმნება, რადგან შესაძლოა მილანში შოპინგზე და „უიკენდზე“ პარიზში ყავის დასალევად ჩვეულად ვეღარ ჩავიდნენ. ზოგადად, სანქციებს რაც შეეხება, 30 წელია ისედაც სანქციების ქვეშ არ ვართ?! ქვეყნის ეკონომიკის და პოლიტიკური სისტემის სუვერენული განვითარება გვეკრძალება. თუ ხელისუფლება ევროპის მემარჯვენე ძალებთან იმუშავებს, შესაძლოა ბრიუსელმა მკაცრი სანქციები არ დააწესოს.

ევროპას საქართველო, როგორც აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ცენტრალური აზიის ენერგომატარებლების, ნედლეულის და ჩინური პროდუქციის გამტარი ქვეყანა სჭირდება, რადგან ამ ნედლეულის გარეშე მისი მრეწველობა სრული დატვირთვით ვერ იმუშავებს. საქართველოს კონსოლიდირებული (მთავრობის და კერძო სექტორის) ვალი 23 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეკონომიკური სანქციების შემთხვევაში ვინ გადაიხდის ამ ფულს?!

ჩვენს საბანკო სექტორში 25 მილიარდი დოლარი უცხოური ფულია, სანქციების დროს ამ კაპიტალს რას უზამენ?! დასავლეთის არსენალი ჩვენს წინააღმდეგ არცთუ დიდია. იმედია, ეყოფათ გონიერება და საქართველოსთან პრაგმატულ, თანასწორ დიალოგს დაიწყებენ. ჩვენი ინტერესია, ევროპასთან ურთიერთობები შევინარჩუნოთ და ეკონომიკური ვექტორები სხვა მიმართულებითაც განვავითაროთ. საქართველო კორიდორი არ არის, საქართველო გზაჯვარედინია.

თქვენი დაკვირვებით როგორი იქნება არჩევნების კვლადაკვალ რადიკალური ძალების მოქმედების სტრატეგია?

- არჩევნების დროს „მეხუთე კოლონა“ საკმაოდ რადიკალურად იმოქმედებს, მაგრამ მის მიმართ კანონიც ასევე რადიკალური იქნება. ხელისუფლება მონოლითური აღმოჩნდა, მისი ნავიდან მხოლოდ 5 ჩინოვნიკი გადახტა და ორი ისევ უკან დაბრუნდა. ოქტომბერ-ნოემბერში ხელისუფლებაც რომ შედრკეს, რისი ნიშნებიც არ არის, ხალხი აუცილებლად გამოვა და პროცესებზე პასუხისმგებლობას აიღებს. ვერ ვხედავ რეალისტურ სცენარს, რომლითაც „მეხუთე კოლონა“ ხელისუფლებაში მოვა. გვესმის, რომ კოლექტიური ნაცების ხელისუფლებაში მოსვლა და ომში ჩვენი ჩართვა ერთი იქნება. დასავლეთშიც ესმით, რომ გადატრიალება არ გამოვა და ახლა პატრიოტულ ფლანგზე ახალი პერსონაჟების შემოგზავნას უნდა ველოდოთ, რათა მომავლის პროცესებისთვის გავლენის აგენტები ყავდეთ.

ევროკავშირში წევრობას რაც შეეხება, ეს სატყუარაა. ჩვენს მიღებას არც ევროკავშირში და არც ნატო-ში არავინ აპირებს. ამიტომაც გონივრული იქნება, თუ ევროინტეგრაციის პროცესი ჩვენი მიზეზით არ შეჩერდება, ხოლო მათი სიყალბის ლუსტრაცია მოხდება. სატყუარა „ევროკავშირში გაწევრიანება“ ცხვირწინ იმიტომ დაგვიკიდეს, რადგან მათ სცენარში საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ დანთებულ კოცონში ფიჩხის ფუნქცია აკისრია.

ქართული სახელმწიფო 3000 წელზე მეტისაა, არსებობდა ევროკავშირის წარმოქმნამდე და იარსებებს მას შემდეგ, რაც ევროკავშირი აღარ იქნება. არავის ჭკუის სასწავლი ჩვენ არ გვჭირს, იქით შეგვიძლია ვასწავლოთ. ევროპული სახელმწიფოები ჩვენ თუ მოგვბაძავენ და მეტი სუვერენიტეტისთვის იბრძოლებენ - არ წააგებენ.

თუ ვეროპა ტრადიციულ, ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებულ გზას დაუბრუნდება, ის ჩვენთვის საინტერესო იქნება და მასთან ურთიერთობებს აქტიურად გავაგრძელებთ. მთავარია, ჩვენს სუვერენიტეტს პატივი სცენ და საქართველოს შიდა საქმეებში არ ჩაერიონ. ქართული სახელმწიფოს როლი და ადგილი ისეთი უნდა იყოს, როგორიც ავსტრიას ჰქონდა „ცივი ომის“ დროს. ავსტრია არ ეკუთვნოდა არც ერთ სამხედრო ბლოკს და ორივე ბანაკი მის ტერიტორიაზე სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს ახორციელებდა. ასეთი მოდელი ქართველ ერს გრძელვადიან მშვიდობას და კეთილდღეობას მოუტანს.

მერაბ.g დაწვრილებითი კომენტარისათვის მხად არ ვარ, ფეხბურთმა მომშალა!
ეს კაცი რომ არაა ხელისუფლებაში და იქაურობა ზარქუა-მაჭარაშვილებით რომაა სავსე, ის ოცნების საკადრო პოლიტიკის უვარგისობასა და იმაზე მიუთითებს, რომ "მთავარია ერთგულება"არ ამართლებს, მითუმეტეს, რომ არსებობენ გუბაზი, ბერძენიშვილი,ბესელია ...
4 თვის უკან
ლაზი ასეთი ანალიტიკოსები, სწორედ ნეიტრალური პლატფორმიდან უფრო მეტი სარგებლის მომტანნი არიან ვიდრე თანამდებობაზე ან პარლამენტში. თუ ვინმეს ჰგონია, რომ პარლამენტარები და მთავრობა ასეთ ხალხს არ უსმენს, ძალიან ცდება. მათ არ ახსენებენ, მაგრამ აზრებს ითვალისწინებენ და იყენებენ კიდეც. თანაც, ბატონი იარაკლი გოგავა, ერთად ერთი ასეთი ანალიტიკოსი არ არის.
4 თვის უკან