უკრაინულმა „მაიდანმა" დააჩქარა პროცესები, რომლებიც წლების განმავლობაში შეიძლებოდა გაწელილიყო და მკაფიოდ წარმოაჩინა როგორც თანამედროვე ევროპის, ასევე თანამედროვე რუსეთის შესაძლებლობები.
აღმოჩნდა (უფრო ზუსტად, დადასტურდა), რომ ყოველ შემთხვევაში პოსტსაბჭოურ სივრცეზე მოსკოვის პოტენციალი განუზომლად, შეუდარებლად მეტია, ვიდრე ევროპისა. უკრაინაში განცდილი მარცხი, როგორც არ უნდა ცდილობდნენ ახლა ევროპელი ლიდერები „არ შეიმჩნიონ", არა უბრალოდ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის კრახია, არამედ ძალიან სერიოზული დარტყმაა, მთლიანობაში, საერთოევროპულ პროექტზე ანუ თვით „ერთიანი ევროპის" იდეაზე.
მაგრამ ვინ უნდა დაადანაშაულონ ევროპელებმა? მხოლოდ საკუთარი თავი, მხოლოდ თავიანთი მცონარობა და საკუთარ პოლიტიკოსთა ნების დეფიციტი, რაც მთლიანობაში, საზოგადოების სისუსტეზე მეტყველებს, რაკი პასიონარულ საზოგადოებებს ტრადიციულად ძლიერი ლიდერებიც ჰყავთ.
ევროპასაც ჰყავდა ასეთი ლიდერები ოდესღაც: ჯერ დე გოლისა და უინსტონ ჩერჩილის, შემდეგ მარგარეტ ტეტჩერის, ფრანსუა მიტერანისა და ჰელმუტ კოლის სახით. დღეს კი, გერმანიას ხელმძღვანელობს ქალბატონი მერკელი, რომელმაც, უკრაინის კაპიტულაციის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთთან დაპირისპირება „არაფერს მოიტანს".
არადა, ამაზე მეტი და უარესი რა უნდა გააკეთოს პუტინმა? ეკონომიკური ბლოკადით, უკანონო შეზღუდვებით, გასტერბაიტერთა გამოყრის მუქარით და პირდაპირი, მოურიდებელი ზეწოლით აიძულა უკრაინა, უარი ეთქვა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე და პირიქით, გაეფორმებინა კაბალური შეთანხმებები მოსკოვთან, რომლებიც ჯერ არ ნიშნავს და არ გულისხმობს საბაჟო კავშირში შესვლას, მაგრამ უეჭველად წერტილს უსვამს ევროპასთან უკრაინის ასოცირების მცდელობას, რაკი იმავე ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ მართალია უკრაინას შეუმცირდა ბუნებრივი აირის საფასური, მაგრამ მოსკოვს აქვს უფლება, როცა მოესურვება, ისევ ძველი ფასი დაუწესოს კიევს.
ბუნებრივია, თუ უკრაინა მაინც ხელს მოაწერს ევროპასთან „ასოცირებას", პუტინის რუსეთი ასეც მოიქცევა.
პერსონალურად ვიქტორ იანუკოვიჩზე ყველაფრის „გადაბრალება" არ გამოვა. უკრაინის ელიტა და ხელისუფლება მზად იყვნენ, გაეფორმებინათ ასოცირება ვილნიუსში, მაგრამ ბოლო მომენტში გადათქვეს, რაკი ვერ დაინახეს და ვერ იგრძნეს რეალური მხარდაჭერა ევროპისაგან, რომელსაც ერთის მხრივ, აშკარად უნდოდა ამ აქტით დაედასტურებინა თავისი გეოპოლიტიკური და ცივილიზაციური „მიმზიდველობა", მაგრამ, იმავე დროს, არ სურდა ეკისრა ის რისკები, რაც რუსეთის უკმაყოფილებიდან გამომდინარეობდა.
კიევმა პოზიცია შეიცალა არა მხოლოდ იმიტომ, რომ დასავლეთმა რაღაც მათხოვრული 15 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე უთხრა უარი (ზუსტად ეს თანხა მიიღო დღეს პუტინისაგან 5 პროცენტიან სესხად), არამედ, უფრო მეტად იმის გამო, რომ უკრაინელებმა ვერ იგრძნეს ევროპის რეალური მზადყოფნა, დაპირისპირებოდა მოსკოვის აგრესიას.
მართლაც: როდესაც რუსეთმა უკრაინას ჩაუკეტა საზღვრები და სრულიად უკანონო, ყოველგვარი საერთაშორისო ნორმების დამრღვევი ემბარგო დაუწესა (სხვათა შორის, იმავე საერთაშორისო სამართლის თანახმად, ბლოკადა აგრესიის ერთ-ერთი ფორმაა), არანაირი არსებითი რეაქცია ევროპიდან ამას არ მოჰყოლია, თუ არ ჩავთვლით მეორე, მესამე ხარისხოვანი ჩინოვნიკების განცხადებებს და საპარლამენტო რეზოლუციებს, რომლებიც იმდენი ღირს, რამდენიც ქაღალდი, რაზეც ისინი ამოიბეჭდა.
რა ექნა ამ პირობებში იანუკოვიჩს? გაეწირა მილიონობით უკრაინელი უმუშევრობისა და ყინვისათვის მაშინ, როდესაც ისინი იმით მაინც ვერ ინუგეშებდნენ თავს, რომ ევროპას ისინი არ მიუტოვებია და რუსეთს არ ელაქუცება მათ ზურგს უკან?
სხვათა შორის, ძალიან ჰგავს საქართველოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს 2004-2008 წლებში. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჩვენი ქვეყნის იმდროინდელ ხელისუფლებას არ ეყო ნება, მიეღო გადაწყვეტილებები, რომლებიც, დასავლეთის სრული გულგრილობისა და იმპოტენციის პირობებში, გამანადგურებელ ომს თავიდან აგვაცილებდა.
პუტინის რუსეთი კი აგრძელებს ჩვეულ სტილში: რაკი სისუსტე შეატყო, ახლა სრულიად უკანმოუხედავად მოქმედებს. კალინინგრადში უკვე განლაგებულია რუსული არმიის ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე იარაღი: ახლო მანძილის რაკეტები SS-26 „ისკანდერი". სწორედ ეს რაკეტა დაეცა გორს 2008 წლის 12 აგვისტოს.
ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში მიღწეული ხელშეკრულებებით, ევროპაში აკრძალულია 500 კილომეტრზე მეტი სიშორის რაკეტების განლაგება, ისკანდერთა სროლის მანძილი კი, ფორმალურად (!), 500 კილომეტრზე ნაკლებია, მაგრამ ეს დისტანციაც საკმარისია, რათა კალინინგრადიდან (ყოფილი „აღმოსავლეთ პრუსიიდან") მისწვდნენ ჩრდილოეთ ევროპის დედაქალაქებს. მათ შორის გერმანიის, პოლონეთის, ბელგიის, ნიდერლანდის პორტებსა და მსხვილ სამრეწველო ცენტრებს.
ევროპელებმა საპასუხოდ რაღაც პროტესტის მსგავსი კი წამოიკნავლეს, მაგრამ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ (საქართველოს „დაუძინებელმა მეგობარმა" ჯერ კიდევ აფხაზეთის ომიდან) დაუსჯელი, მაშასადამე დამსახურებული თავხედობით უპასუხა: „ჩვენს მიწაზე რაკეტებს სადაც გვინდა იქ განვათავსებთო".
კალინინგრადი კი რუსული მიწაა მას შემდეგ, რაც გენერალ ჩერნიახოვსკის არმიებმა კანტის ქალაქი მიწასთან გაასწორეს, ათეულობით ათასი გერმანელი ქალი (მათ შორის ბავშვები) გააუპატიურეს, შემდეგ პირწმინდად გაძარცვული ქალაქიდან გამოვიდნენ, ალყა შემოარტყეს და, ლენინგრადის ბლოკადისათვის სასჯელის სახით, უსასტიკესი, თუმცა სამხედრო თვალსაზრისით სრულიად უაზრო ბლოკადა მოუწყვეს, რის შედეგადაც ასეულობით ათასი გერმანელი შიმშილით ამოწყდა.
«Веками будут помнить!» - ამბობდა მაშინ გენერალი ჩერნიახოვსკი და მართალიც აღმოჩნდა: ახლაც ახსოვთ და „რამე რომ იყოს" მათი იმედი ტყუილად ნურავის ექნება.