„ეს არის კრიმინალური კლანისათვის დამახასიათებელი მოქმედება“

„ეს არის კრიმინალური კლანისათვის დამახასიათებელი მოქმედება“

„ძალიან საეჭვოდ დაპანიკდნენ მას შემდეგ, რაც ახალმა პროკურორმა დაიწყო ჟვანიას საქმის გადახედვა და გამოძიება. ორი დღის წინ პროკურატურამ დააკავა ჟვანიას დაცვის ყოფილი წევრი, რომელიც ჟვანიას გარდაცვალებისას შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. ეს ყველაფერი ძალიან მარტივი ამოსახსნელია“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი არ აპირებს მერაბიშვილის და უმცირესობის განცხადების საფძველზე სასჯელაღსრულების მინისტრს და გენერალურ პროკურორს შეუჩეროს უფლებამოსილება.

სასჯელაღსრულების მინისტრი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილი ციხიდან გაყვანილი არ ყოფილა. შესაბამისად, კადრები ამოღებული ვერ იქნება, ვიდრე გამოძიება არ დაიწყება. „ნაციონალურმა მოძრაობა“ კი კადრების და ზურაბ ჟვანიას საქმის გასაჯაროვებას ითხოვს. რა პრეტენზიები აქვს უმცირესობას პროკურორთან და რატომ ალაპარაკდა 2 დღის დაგვიანებით ვანო მერაბიშვილი, ამ საკითხებზე for.ge. უმცირესობის ერთ-ერთ ლიდრეს, ნუგზარ წიკლაურს ესაუბრა.

სოზარ სუბარი ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილი საკნიდან გამოყვანილი არ ყოფილა. მერაბიშვილმა მოიტყუა?

- თუ კი, სოზარ სუბარი არ გამოამზეურებს იმ კადრებს, რომელიც ასახავს ვანო მერაბიშვილის სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, თავის საკანში ყოფნას, ეს ჩემის აზრით ნიშნავს, რომ მთავრობა აღიარებს, რომ ვანო მერაბიშვილი მართლაც იყო გამოყვანილი. საპირისპირო შემთხვევაში დარწმუნებული იყავით, რომ სისხლის სამართლის საქმეც აღიძვრებოდა და მთელ საქართველოს ნანახი ექნებოდა დღეს კადრები, როგორ ზის ვანო მერაბიშვილი თავის საკანში და როგორ არ დაუტოვებია მას მთელი ამ ხნის განმავლობაში საპატიმრო დაწესებულება.

ამიტომ, მიმაჩნია, რომ სუბარის განცხადება არის აღიარება მთავრობის მხრიდან, რომ მართლაც, ეს ადამიანი გამოყვანილი იყო ციხიდან და რასაც ვანო მერაბიშვილი ამბობს, ეს არის სიმართლე. საზოგადოება მათგან ელოდება არა რაღაცა გაურკვეველ და ბურუსით მოცულ პასუხებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცის ფსიქიური მდგომარეობა არის შეცვლილი და ა.შ. არამედ ერთადერთ რამეს, გამოაქვეყნონ ციხის ვიდეოკამერის ჩანაწერი და მთელი საზოგადოება დარწმუნდეს ან ერთი, ან მეორე მხარის სიმართლეში. თუ ეს არ იქნება გამოქვეყნებული, ეს ნიშნავს, რომ მართლაც განხორციელდა ეს უკანონო დანაშაულებრივი ქმედება ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ.

მინისტრი ამბობს, რომ კადრები მის მიერ ვერ იქნება ამოღებული. ბატონო ნუგზარ, რატომ არ გაახმაურა ეს ფაქტი ორშაბათს მერაბიშვილმა, როდესაც მასთან შესული იყო ადვოკატი და ძალიან დიდხანს საუბრობდნენ. რატომ არ მოითხოვა იმავე დღეს გამოძიების დაწყება და კადრების ამოღება?

- საქმე გვაქვს მარტივ რამესთან - დღეს მათავრობა ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილი არ ყოფილა გაყვანილი იმ ღამეს თავისი საკნიდან. სრულიად საპირისპიროს აცხადებს ვანო მერაბიშვილი და ამბობს, რომ ის იქნა გაყვანილი, მიიყვანეს გენერალურ პროკურორთან სადაც მოხდა მასზე მუქარა და ზეწოლა. იმისათვის, რომ დადგინდეს სიმართლე, არსებობს ერთადერთი გზა, თუ კი სასაჯელაღსრულების სამინისტრო გამოაქვეყნებს ციხის კადრებს სადაც უწყვეტად უნდა აისახოს მერაბიშვილის კამერაში ყოფნა.

მაგრამ სამინისტო ამ კარდების გასაჯაროვებაზე იმ მოტივით ამბობს უარს, რომ ყოფილი პრემიერი საკნიდან არ გაუყვანიათ...

- ეს არის ირიბი აღიარება იმისა, რომ მართლაც, ეს ადამაინი იყო გამოყვანილი. სხვა ლოგიკა ამაში, უბრალოდ, არ არსებობს. მერაბიშვილი რომ ტყუოდეს ამ კადრებს მთელ ქვეყანას ანახებდნენ. რადგან ამას არ აკეთებენ, ადასტურებს, რომ ეს ადამიანი იყო გამოყვანილი. ახლა როგორი მითოლოგიით და ლირიკული გადახვევებით არ უნდა შეეცადონ ამის შეფუთვას, ეს არ მოხერხდება. საზოგადოება ითხოვს ერთ მკაფიო მოქმედებას, გამოაქვეყნონ კადრები. ნუ იფიქრებენ, რომ ამ თემის სხვა ნებისმიერი თემით გადაფარვას შეძლებენ.

თქვენ თვლით, რომ გიგი უგულავასთვის ბრალის დამძიმება ამ თემის გადაფარვის მცდელობა იყო?

- დიახ ასეა. თვითონ ეს თემა ძალიან მძიმეა მათთვის. მიუხედავად ყველანაირი მცდელობებისა, ეს იქნება ცენტრალური თემა. სრულიად აშკარაა, მოხდა კანონდარღვევა. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ მთელი ხელისუფლება ცდილობს კვალის დაფარვას. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის კორპორატიული დანაშაული და ყველა სამინისტრო პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, ჩართულია ამ დანაშაულის მიჩქმალვაში.

რაც შეეხება გიგი უგულავას, იცით ეს რომელი საქმეა? - რასმუსენის ვიზიტის დროს, მერიის 30 თანამშრომელი რომ დააკავეს, შემოატარეს მთელი თბილისი და მერე თქვეს, რომ ეს ასე არ ყოფილაო და გაუშვეს. მე მიმაჩნია, რომ როგორც ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება, ისევე გიგი უგულავას მიყვანა, ასევე ბაჩო ახალაიას ყოფნა საპატიმროში, რომელსაც ვერაფერს ვერ უმტკიცებენ, ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა უმძიმესი ეკონომიკური ვითარების ფონზე აგრესიით და პოლიტიკური დევნით ჩაახშოს პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგობა.

ფაქტია, რომ ხელისუფლება უარს გეუბნებათ ამ კადრების გამოქვეყნებაზე, რა გზა გრჩებათ, რას აპირებთ?

- ვაპირებთ საზოგადოების ინფორმირებას. ახლა ვპასუხობ თქვენს კითხვებს, ასევე, უკვე დაიწყო ყველაზე უფრო მასობრივი ინფორმირება საერთაშორისო საზოგადოების იმ უკანონობასთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი აქვს ვანო მერაბიშვილის მისამართით. ეს არის ლეგალური ინსტრუმენტები, რომელიც ახლა პოლიტიკური ოპოზიციის ხელშია.

როგორ ფიქრობთ, შეძლებთ საერთაშორისო ორგანიზაციების დარწმუნებას?

- არ მაქვს იმის ილუზია, რომ ხვალ და ზეგ ყველა დარწმუნებას მოვახერხებთ. მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გაივლის კვირეები, თვეები და ჩვენ ყველას დავარწმუნებთ იმაში, თუ როგორი დანაშაულებრივი მთავრობა გვყავს, რომელიც სამწუხაროდ, დღეს მართავს სახელმწიფოს.

მერაბიშვილი ამბობს, რომ მთავარი პროკურორი ფარცხალაძე დამემუქრა, რომ თუ ითანამშრომლებდ ზურაბ ჟვანიას საქმეზე, მაშინ მომცემდა შანს ქვეყნიდან გასვლის. როგორ ფიქრობთ პროკურატურას არ გააჩნია ამ კონკრეტულ საქმეზე მტკიცებულება და ამიტომ სთხოვეს მერაბიშვილს დახმარება?

- 1 წელზე მეტია რაც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზებზე კეთდება განცხადებები. ეს არის პოლიტიკური დემაგოგიის, გამაოგნებელი უნამუსობის ნაერთი. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ კამპანიაში მისი ძმა არის ჩართული. ჩვენ ვაყენებთ საკითხს ასე - გამოქვეყნებული იქნას ყველა ის მტკიცებულება, ძველი თუ ახალი, რომელიც ხელთ აქვს გამოძიებას, რათა ყველამ დაინახოს სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე.

ბატონო ნუგზარ, თქვენც ხომ იცით, რომ გამოძიების დასრულებამდე მტკიცებულების გამოქვეყნებას არ იცნობს სისხლის სამართლის კოდექსი...

- პოლიტიკური დემაგოგია და პოლიტიკური სპეკულაცია გარდაცვლილ ადამიანზე არ მიმაჩნია სწორად და ამას ჩვენი გუნდის არც ერთი წევრი არ აკეთებდა. ამას აკეთებს მისი ძმა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა გარკვეული ნაწილი.

ყოფილი პრემიერის ძმა დარწმუნებულია, რომ მისი ძმა არის მოკლული და ეს მკვლელბა ჩაიდინა ყოფილმა ხელისუფლებამ...

- ამიტომ ვამბობთ, რომ გამოაქვეყნონ ყველა მტკიცებულება. თუ ასეთი რამ არის, თუ ვინმეს ბრალი იკვეთება, თუ ვინმემ ჩაიდინა ძალადობრივი აქტი ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ, გამოაქვეყნონ ყველა მტკიცებულება, მათ შორის ის დახურული ნაწილიც, რომელიც აქამდე არ ქვეყნდებოდა.

ბატონო ნუგზარ, როგორ წარმოგიდგენიათ საქმის მასალების გამოქვეყნება შეიძლება, როცა საქმე არის ძიებაში?

- მე ვერ წარმომიდგენია პოლიტიკიკური დივიდენდების მიღების მიზნით ხალხი დადიოდეს და ყოველი არჩევნების წინ იძახდეს, რომ ვიღაცამ მოკლა პრემიერ-მინისტრი, ეს გაუგონარია.

ამ საკითხზე პროკურატურის პოზიცია არის ასეთი - საქმის მასალებს საზოგადოება და „ნაციონალური მოძრაობა“ ნახავს მაშინ, როგორც კი საქმე გაიხსნება...

- წელიწადნახევარია გასული რაც „ქართული ოცნების“ მიერ დაკომპლექტებული პროკურატურა იძიებს ამ საქმეს. ამ წელიწადნახევრის განმავლობაში რაც გამოიძიეს, აგრეთვე რაც იყო დახურული ამ საქმეში, ყველაფერი გახდეს საჯარო. ეს არის ჩვენი პოზიცია, მათი პოზიციაა ის, რომ ყოველი არჩევნების წინ ვისმენთ, რომ ვიღაცამ მოკლა ზურაბ ჟვანია.

როდესაც ოჯახი საუბრობს, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა, თქვენ არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა მართლაც მკვლელობა იყოს?

- იმისათვის არსებობს გამოძიების ორგანოები, პროკურატურა, რომელიც „ქართული ოცნების“ გამარჯვების შედეგად მოვიდა და, რომელიც წელიწადნახევარია იძიებს ამ საქმეს და გამოაქვეყნოს მტკიცებულებები ამ ადამიანის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით. აი, ასე ვფიქრობ მე.

პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ ძალიან საეჭვოდ დაპანიკდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მას შემდეგ, რაც ახალმა პროკურორმა დაიწყო ჟვანიას საქმის გადახედვა და გამოძიება, ასევე დააკავეს მისი დაცვის ყოფილი წევრი, რომელიც ჟვანიას გარდაცვალებისას შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. რა პასუხი გაქვთ პრემიერის ამ განცხადებაზე?

- არავინ არაა დაპანიკებული. როგორც თვითონ აცხადებენ,  რისიც ჩვენ გვეშინია, აი, იმის გამოქვეყნებას ვითხოვთ. ვითხოვთ გასაჯაროებას და ამ მტკიცებულებების ხილვის შემდეგ გაირკვეს მტყუან-მართალი.

თქვენ ითხოვთ სასჯელაღსრულების მინისტრს და გენერალურ პროკურორს შეუჩერდეს უფლებამოსილება. არც ამ თხოვნის გაზიარებას აპირებს პრემიერი. საინტერესოა, რატომ არ დააყენეთ ანალოგიური მოთხოვნა პრეზიდენტის წინაშე მაშინ, როდესაც მერაბიშვილის მეუღლე პირდაპირ მხილებული იქნა სანდრო გირგვლიანის მკვლეობის საქმეში?

- ეს საქმე იქნა გამოძიებული და დადგა ბრალი. მას შემდეგ თუ კიდევ რამე ახალი მტკიცებულებები აქვს ისევ და ისევ პროკურატურას, შეუძლიათ გამოაქვეყნონ ეს ახალი მტკიცებულებები, ან აღძრან ხელახლა საქმე. ყველაფერი მათ ხელშია და ვერ დაუძვრებიან ვერანაირ ახალ-ახალი გამოსვლების ფასად იმას, რაც დღეს ხდება. ადამიანი გაიტაცეს ციხიდან, პროკურორი დაემუქრა მას, ახლა აპირებენ, რომ ეს კვალი როგორმე მოსპონ და ამაში ჩართულია მთელი მთავრობა. გეუბნებით, რომ ეს არის კრიმინალური კლანისათვის დამახასიათებელი მოქმედება.

საინტერესოა, ყოველ ღამე გააგრძლებეთ „მატროსოვის“ ციხესთან ვანო მერაბიშვილის დარაჯობას?

- მე არავის არ ვდარაჯობ.