თბილისის მერს ბრალი წაუყენეს

თბილისის მერს ბრალი წაუყენეს

48 180 960 ლარის გაფლანგვის ფაქტზე, პროკურატურამ თბილისის მერს ბრალი წაუყენა. მოითხოვს თუ არა მთავარი პროკურატურა გიგი უგალავასთვის პატიმრობის შეფარდებას, ეს უახლოეს 48 საათის განმავლობაში გაირკვევა. უგულავას სასამართლო პროეცესი რუსთავის სასამართლოში გაიმართება.

ეს რიგით მესამე სისხლის სამართლის საქმეა, რომელშიც ბრალდებულია უგულავა. შეგახსენებთ, რომ უგულავა უკვე ბრალდებულია რიყის ტერიტორიის გასხვისებისა და ტელეკომპანია „იმედის“ ეპიზოდებზე. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა უკვე მიმდინარეობს.

მაშ ასე, დედაქალაქის მერს დაკავებისგან იმუნიტეტი არ იცავს. „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, რომელიც დაკავებისას იმუნიტეტის საკითხს განმარტავს, ნათქვამია - არ შეიძლება დაკავებულ იყვნენ დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირი და მისი ოჯახის წევრები, პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი, გენერალური აუდიტორი, სახალხო დამცველი და მოსამართლე. კანონის ამ ჩამონათვალში არ ფიგურირებს მერი.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ააიპ „თბილისის განვითარების ფონდისთვის“ დედაქალაქის რეაბილიტაცია-განვითარებისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე, დედაქალაქის მერს ბრალი წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უგულავას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიება გრძელდება სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.

ერთსათიანი დაკითხვის შემდეგ თბილისის მერმა პროკურატურის შენობა დატოვა. როგორც დაკითხვის შემდეგ გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქმე აბსურდულია, თავიდან ბოლომდე ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და იგივე ჩვენებები არსებობს, რაც სხვა საქმებებში.

„განსხვავება ის არის, რომ თბილისის მაგივრად რუსთავის სასამართლოში ვივლი. მოდის ადგილობრივი არჩევნები და უჭირს მთავრობას, რადგან ივანიშვილმა არაადეკვატური და უსუსური კანდიდატი დატოვა და ახლა ფიქრობენ, როგორ შეასაღონ ეს კანდიდატი თბილისს. ამისთვის კი აუცილებელია, ყველა სხვა კანდიდატის ჩამოშორება და ბუტაფორული კანდიდატების შექმნა, დღევანდელი დღეც მხოლოდ და მხოლოდ ამას ემსახურება. 

ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, მინდა მათ გასაგონად ვთქვა, რუსთავში კი არა, მესტიის სასამართლოში ვივლი, იქაც დავამტკიცებ, რომ ვარ უდანაშაულო და შესაბამისად, ჩემს წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება საპნის ბუშტივით გასკდება“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

რაც შეეხება სიხსლის სამართლის საქმეს, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის რეაბილიტაციის მიზნით 2010 წლის 16 ივლისს, თბილისის მერიამ დააფუძნა „თბილისის განვითარების ფონდი“. თბილისის მერმა და ამავდროულად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ - გიორგი უგულავამ, მერიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, შეიმუშავეს დანაშაულებრივი სქემა, „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი თანხებით 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო ხარჯების დასაფინანსებლად.

2011 წლის ნოემბერში, ორგანიზებული ჯგუფის მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, თბილისის მერის დავალებით, „თბილისის განვითარების ფონდ“ - ში ფიქტიურად გაფორმებული 719 შენობის კვლევის სპეციალისტისთვის დამზადდა პლასტიკური სახელფასო ბარათები, რომლებიც რეალურად წარმოადგენდნენ არა ფონდის თანამშრომლებს, არამედ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ დამზადებულ პლასტიკურ ბარათებზე უკანონოდ ირიცხებოდა „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი თანხები, რომლებიც წინასაარჩევნოდ გაწეული პარტიული საქმიანობის სანაცვლოდ ხელფასის სახით ურიგდებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ აქტივისტებს - უბნის უფროსებს და მიკროკოორდინატორებს. ამ გზით 2011 წლის ნოემბრიდან - 2012 წლის ივნისის ჩათვლით, პარტიული ინტერესებისათვის მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი 13 852 497 ლარი.

2012 წლის ივნისიდან - ოქტომბრის ჩათვლით, უგულავას დავალებით, პარტიული აქტივისათვის დასარიგებელი სახელფასო თანხა „თბილისის განვითარების ფონდის“ ანგარიშიდან, საბანკო ჩეკების გამოყენებით, გამოჰქონდათ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებს, რომელიც კოორდინატორების რაოდენობის მიხედვით, ეტაპობრივად, ხელზე გადაეცემოდა პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, ხოლო მათი მეშვეობით უშუალოდ პარტიულ აქტივისტებს. აღნიშნული გზით მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი 34 328 463 ლარი.

გამოძიებით დადგენილია, რომ გიორგი უგულავასა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების მიერ, პარტიული ინტერესებისათვის, მთლიანობაში მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი 48 180 960 ლარი, რომელიც მოხმარდა არა თბილისის განვითარებასა და რეაბილიტაციას, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას.

აღსანიშნავია, რომ ამავე დანაშაულის ჩადენის გამო ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შემდეგი წევრები: თბილისის მერის ყოფილი მოადგილე დავით ალავიძე, „თბილისის განვითარების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი საბანაძე, მერიის შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი ალექსანდრე თაბუაშვილი, ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი დავით ავალიანი და ამ უკანასკნელის მოადგილე დიმიტრი ჩხაიძე.

გიგი უგულავასთვის ბრალის წაყენებას უკვე გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს უგულავა იქნება თუ სხვა ვინმე, როცა გამოძიებას კითხვები აქვს, მათ პასუხები უნდა გაეცეს.

„მოვისმინე პროკურატურის განცხადება. ძალიან მარტივად არის საქმე. როცა ადამიანის მიმართ, არ აქვს მნიშვნელობა უგულავა იქნება თუ სხვა ვინმე, გამოძიებას კითხვები აქვს, მათ პასუხები უნდა გაეცეს. ეს მოხდება ცივილიზებულად, ევროპულად, დემოკრატიულად და რაც მთავარია, პროცესი გამჭვირვალე იქნება. არც ერთ მხარეს ექნება იმის თქმის საშუალება, რომ პროცესის არატრანსფარენტულობაზე მიუთითოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია კი განმარტავს, რომ მთავრობა პრობლემების მოგვარების ნაცვლად პოლიტიკური ოპონენტების განადგურების მცდელობითაა დაკავებული. გიგა ბოკერია უგულავას მიმართ ბრალის წარდგინებას პოლიტიკური დევნის გაგრძელებად მიიჩნევს.

„ეს არის პოლიტიკური დევნის ნაწილი. პრობლემების გადაჭრის ნაცვლად მთავრობა დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტების განადგურების მცდელობით. ეს არაფერს არ მოუტანს მათ, ეს ვერ გაგვაჩერებს ჩვენს, მაგრამ დააზიანებს ქვეყანას“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიასგან განხვავებით, დაპატიმრების შემთხვევაში თბილისის მერს მატროსოვის ციხეზე კარგ მასპინძლობას ჰპირდება, ბრალდებული ვანო მერაბიშვილი. როგორც მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, იგი მზად არის, უგულავა საკუთარ საკანში მიიღოს და საკნის ცხოვრებას შეაჩვიოს.

„თუკი ხელისუფლებას ღმერთი გაუწყრა და გიგი უგულავა დააპატიმრა და თუკი მთავარმა პროკურორმა შეასრულა სიტყვა, რომ უგულავას გვერდით მომისვამს, სიამოვნებით მივიღებ გიგის, მაქვს ოთხადგილიანი საკანი და მას დავეხმარები ციხესთან შეგუებაში. დღეს გიგი უგულავას დაპატიმრების საფრთხე არსებობს“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.