„რკინიგზაში ტვირთები ისევ ისე ნაწილდება, როგორც სააკაშვილი-შევარდნაძის პერიოდში“

„რკინიგზაში ტვირთები ისევ ისე ნაწილდება, როგორც სააკაშვილი-შევარდნაძის პერიოდში“

10%-იანი ვარდნა ნებისმიერ ბიზნესში მნიშვნელოვანი უკუნახტომია, მაგრამ როცა საქმე რკინიგზას და ტვირთების გადაზიდვას ეხება, ეს მონაცემი ძალიან დამაფიქრებელია. ჯერჯერობით „საქართველოს რკინიგზაში“ ვითარების გამოსწორება ვერაფრით ხერხდება.

ერთ წელიწადში რკინიგზის ტვირთბრუნვა 9,7%-ით არის შემცირებული. 11 თვეში “საქართველოს რკინიგზა” 16 737 677 ტონა ტვირთს მოემსახურა, რაც 2012 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 1,8 მლნ ტონით ნაკლებია.

კომპანიის სტატისტიკით, იანვარ-ნოემბერში გაზრდილია საექსპორტო ტვირთები. 11 თვეში “საქართველოს რკინიგზამ” 1 590 990 ტონა საექსპორტო ტვირთი გადაზიდა, 22,38 ათასი ტონით მეტი, ვიდრე 2012 წლის ანალოგიურ პერიოდში. ამავე პერიოდში რკინიგზით 2 296 224 ტონის მოცულობის ადგილობრივი გადაზიდვები განხორციელდა, 16%-ით ნაკლები 2012 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით.

ჯერჯერობით “საქართველოს რკინიგზამ” 8 409 394 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები გადაზიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 4%-ით ჩამორჩება. მხოლოდ ნოემბერში კი, კომპანია 874 138 ტონა ამ სახის ტვირთს მოემსახურა.

2012 წლის 11 თვესთან შედარებით ყველაზე მეტად - 1,5-ჯერ - შემცირდა მარცვლეულისა და მარცვლეულის პროდუქტების ტვირთების გადაზიდვები. 11 თვეში რკინიგზა 873 746 ტონა ტვირთს მოემსახურა.  ამავე პერიოდში, რკინისა და მარგანეცის მადანის ტვირთების მოცულობამ 660 457 ტონა შეადგინა (2012 წლის 11თვეში 730 847 ტონა).

სპეციალისტები რკინიგზაში არსებული ვითარებას არაპროფესიონალიზმს და ერთიანი სტრატეგიის უქონლობას აბრალებენ. რკინიგზელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ვალერიან მაყიშვილის თქმით, აქამდე “საქართველოს რკინიგზაში” არაფერი შეცვლილა.

“მოვიდა ახალი ხელისუფლება, მაგრამ არაფერი შეცვილა, ის ტვირთები, რაც შემოდის, ისევ ისე ნაწილდება, როგორც ნაწილდებოდა სააკაშვილი-შევარდნაძის პერიოდში. რკინიგზა რომ განვითარდეს, დარგში პროფესიონალი ადამიანები უნდა დაბრუნდნენ. სისტემა კი არ შეცვლილა.

იმისათვის, რომ საქმე გამოსწორდეს, საჭიროა ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს წარმომადგენლებს, პარლამენტის თავჯდომარეს, პრემიერს და პრეზიდენტს რკინიგზის განვითარების ერთიანი ხედვა ჰქონდეთ. ერთიანი ხედვა კი არ არსებობს, რაც დარგის განვითარებას მუდმივად უშლის ხელს”, - აცხადებენ მაყიშვილმა.

უშუალოდ კომპანიაში არ უარყოფენ, რომ ტვირთების გადაზიდვის მხრივ პრობლემები მართლაც არის, მაგრამ ამას ობიექტურ ახნას უძებნიან. “საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე ტვირთბრუნვის კლების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ნედლი ნავთობი გადაზიდვის შემცირებას ასახელებს.

“ამ მხრივ გარკვეული ადმინისტრაციული ბარიერი იყო, თუმცა არა ჩვენთან. წლეულს 550 000 ტონა სატრანზიტო ნედლი ნავთობი დაგვაკლა. სხვადასხვა მიზეზით, შემომტანმა კომპანიამ 3 თვის განმავლობაში შეაჩერა კონტრაქტის პუნქტების შესრულება, მხოლოდ ახლა განაგრძო და აიღო ვალდებულება, რომ შეასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა პირობას. დაგვაკლდა ასევე 600 000 ტონა სატრანზიტო ხორბალი, რომელიც სომხეთის მიმართულებით მიდიოდა და არ შემოვიდა. ესეც ობიექტური მიზეზით იყო განპირობებული.

სამწუხაროდ, კლებაა რკინის მადნის ტრანზიტშიც, წლეულს 170 მლნ-ით ნაკლები გადაიზიდა. მიზეზი გახდა ქარხნის დაკეტვა აზერბაიჯანში. შემცირდა აგრეთვე სამშენებლო მასალების გადაზიდვა. თუმცა, ეს არ არის საგანგაშო მდგომარეობა. წელს იყო მძიმე წელი. ყველა მინუსი, რომელიც მივიღეთ, გამოსწორდება”, - ამბობს გუნცაძე.

სს “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი, მამუკა ბახტაძე კი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ინვესტიციების მოსაზიდად და ტვირთების ადმინისტრირების საკითხების განსახილველად ვაშინგტონში იმყოფებოდა.

“ჩვენ შევეხეთ იმ შესაძლებლობას, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ გამოგვიჩნდა, რომ ჩინეთიდან მოვიზიდოთ ტვირთები. გარდა ამისა, გავაკეთეთ პრეზენტაცია, თუ რა ლოგისტიკური სერვისის შეთავაზება შეგვიძლია ავღანეთის მიმართულებით. ყველაფერ ამის გათვალისწინებით ვიმედოვნებთ, რომ საინვესტიციო თვალსაზრისითაც დაინტერესდებიან ამერიკული კომპანიები, რათა ჩვენს დერეფანში ინვესტიციები განახორციელონ”, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მიუხედავად ამისა, უკვე აშკარაა, რომ “საქართველოს რკინიგზისთვის” 2013 წელი მნიშვნელოვანი უკუსვლით დასრულდება.