„ოჯახური მდგომარეობის“ მოტივით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტის პლენარულ სხდომებს ხშირად აცდენენ, მაგრამ რეგლამენტში არსებული აღნიშნული ჩანაწერის წყალობით, ისინი კუთვნილ ხელფასს ყოველგვარი დანაკლისის გარეშე იღებენ. ყოველ შემთხვევაში, უმცირესობაში სხდომების გაცდენებისთვის მხოლოდ როლანდ ახალაია არის დაჯარიმებული, რომელიც 71 სხდომიდან 58 სხდომას არ დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ როლანდ ახალაიას გარდა, პლენარულ სხდომებს პარტიის არც სხვა წევრები სწყალობენ. თუ 71 სხდომიდან აზერ სულეიმანოვი 63 სხდომას არ დაესწრო, მას 61 გაცდენით არც ბიზნესმენი კობა ნაყოფია და რამაზ ნიკოლაიშვილი ჩამოუვარდებიან. შგახსენებთ, რომ ნიკოლაიშვილმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით, ქუთაისში 360 მლნ ლარიანი გამჭირვალე შენობა ააშენა.
თუ თავისსავე აგებულ შენობაში ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების ყოფილი მინისტრი არ დადის და მას 58 სხდომა აქვს გაცდენილი, უწყებას არც სპორტსმენი ზაზა კედელაშვილი, მოქანდაკე გოგი ოჩიაური და ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ეტრფიან, რომლებიც გასული წლის ნოემბრიდან დღემდე, სხდომათა გაცდენის თვალსაზრისით, „რეკორდსმენები“ არიან.
კერძოდ, for.ge-მ პარლამენტის აპარატიდან უმცირესობის წევრთა პლენარულ სხდომებზე დასწრების თაობაზე, საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. საორგანიზაციო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია 2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის ნოემბრის პერიოდს მოიცავს, რა დროსაც 71 პლენარული სხდომა ჩატარდა.
ექსკლუზიურად მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ მერვე მოწვევის პარლამენტში, სხდომები საპატიო და არასაპატიო მიზეზით, ყველა ნაციონალს აქვს გაცდენილი, რომელთა შორის ყველაზე „ბეჯითი“ ვაჟა ჩიტაშვილია, რომელიც აქტიური კანონმდებელი არ არის, მაგრამ მას მხოლოდ 6 გაცდენა აქვს. მას კი 15 გაცდენით მოსდევს - გიორგი თევდორაძე, 17-17 გაცდენით - დავით ჭავჭანიძე და სერგო რატიანი, 18-18 გაცდენით ომარ მეგრელიძე და აკაკი ბობოხიძე, 19-19 გაცდენით კი, ზურაბ მელიქიშვილი და მიხეილ მახარაძე.
შედარებით ნაკლები გაცდენა უფიქსირდება რამდენიმე დეპუტატს, რომელთა შორის - 21 გაცდენა აქვს ტარიელ ლონდარიძეს, 23-23 გაცდენა აქვთ - გოკა გაბაშვილს, ნუგზარ წიკლაურსა და სამველ პეტროსიანს, 24 გაცდენა აქვს - პავლე კუბლაშვილს, 25 გაცდენა აქვს - დავით დარცემლიძეს, 28 გაცდენა აქვს - ვახტანგ ლემონჯავას, 29-29 გაცდენა აქვთ - შოთა მალაშხიას და კახა ბუცხრიკიძეს, 30-30 გაცდენა აქვთ - ლევან ბეჟაშვილს, მიხეილ მაჭავარიანსა და ნაული ჯანაშიას, 31-31 გაცდენა აქვთ - კობა სუბელიანსა და დავით დარჩიაშვილს, 32 გაცდენა აქვს - აკაკი მინაშვილს, ხოლო 34-34 გაცდენა აქვთ - გოგა ხაჩიძესა და ჩიორა თაქთაქიშვილს.
რაც შეეხება იმ დეპუტატებს, რომლებიც სხდომების გაცდენებით გამოირჩევიან, მათ რიგებში, 36-36 გაცდენით არიან - გიორგი მელაძე და გიორგი ღვინიაშვილი, 37 გაცდენა აქვს - გიგი წერეთელს, 39-39 გაცდენით არიან - ზურაბ ჩილინგარაშვილი, თინათინ ბოკუჩავა და ირმა ნადირაშვილი, 40-40 გაცდენა აქვთ - დავით საყვარელიძესა და ხათუნა გოგორიშვილს, 43 გაცდენა აქვს ზურა ჯაფარიძეს, 44 გაცდენა აქვს - გიორგი კანდელაკს, 45-45 გაცდენა აქვთ - პაატა ლეჟავასა და გიორგი ვაშაძეს, 46-46 გაცდენა აქვთ - დავით ბაქრაძესა და პეტრე ცისკარიშვილს, 47 გაცდენა აქვს - გიორგი ბარამიძეს, ხოლო 48 გაცდენა - გივი თარგამაძეს, რომელიც პლენარულ სხდომებზე დასწრებით, თავს არც წინა მოწვევის პარლამენტში იწუხებდა. ის ძირითადად, პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში მისვლასა და მთავრობის დამტკიცებას ესწრებოდა.
მართალია, წინა მოწვევის პარლამენტის წევრი როლანდ ახალაია არ იყო, მაგრამ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოს დიდად არ სწყალობს, მას 58 გაცდენა აქვს და ის უწყებაში ბოლოს, უკრაინაში მიმდინარე პროცესების გასაპროტესტებლად, დროშით და ყელსახვევებით გამოცხადდა. ახალაიამ რეზოლუციის მხარდაჭერა ვერ შეძლო, მაგრამ მისგან განსხვავებით, სხდომას რამაზ ნიკოლაიშვილი არ დასწრებია, რომელსაც 71 სხდომიდან 58 სხდომა გაცდენილი აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნულ პირებს დიდი რაოდენობის გაცდენები აქვთ, „რეკორდსმენები“ არიან - 50 გაცდენით გიორგი კარბელაშვილი, 56 გაცდენით - ლევან ქარდავა, 57 გაცდენით ზაზა კედელაშვილი, 59 გაცდენით - გოგი ოჩიაური და 61-61 გაცდენით - კობა ნაყოფია და ნიკოლოზ ყიფშიძე.
ცალკე განხილვის თემაა მარიამ საჯაიას სადეპუტატო საქმიანობა, რომელსაც მანდატი ოთხი წლით მიენიჭა, მაგრამ ის ერთი წლით სასწავლებლად ამერიკაში გაემგზავრა. იმის მიუხედავად, რომ 21 წლის საჯაიასთვის საქართველოს კონსტიტუცია შეიცვალა და ასაკობრივი ცენზი შემცირდა, ახალგაზრდა კანონმდებელმა ერთი წლით ქუთაისს ვაშინგტონი არჩია, რომელსაც რეგლამენტის გათვალისწინებით, ხელფასის 80 პროცენტი მიეცემა, მაგრამ ის რიგი თანაგუნდელისგან განსხვავებით, ღირსეულად მოიქცა. მან ბინის ქირის ანაზღაურებაზე მაინც განაცადა უარი და სახელმწიფოს „წურბელასავით“ არ ჩამოეკიდა.
იქედან გამომდინარე, რომ რეგლამენტში არსებული ჩანაწერის თანახმად, სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება - ავადმყოფობა, ოჯახური მდგომარეობა და სამსახურებრივი მივლინება. დეპუტატები განსაკუთრებით, „ოჯახური მდგომარეობის“ ჩანაწერით მანიპულირებენ და მათ ხელფასის 10 პროცენტიც არ ექვითებათ, მაგრამ რეგლამენტის კორექტირება რომ გარდაუვალია, ამაზე ხმამაღლა უკვე კანონმდებლები საუბრობენ, რომლებიც მერვე მოწვევის პარლამენტში კვორუმის პრობლემის წინაშე არაერთხელ დამდგარან. უფრო მეტიც, გასულ სასესიო კვირას, მმართველმა ძალამ ნაციონალების დამკვიდრებული ტრადიციაც გააგრძელა და პულტებით სარგებლობას მიმართა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ რეგლამენტში უნდა დაკონკრეტდეს - თუ რას წარმოადგენს „ოჯახური მდგომარეობა“.
„სამწუხაროდ, რეგლამენტში არ არის გაწერილი თუ როგორ უნდა გადამოწმდეს ოჯახური მდგომარეობით გაცდენილი დღე. რეგლამენტში რაღაც ცვლილება არის შესატანი, რადგან გაცდენების დროს, ადამიანს არც ხელფასი დაექვითოს და თან მას დეპუტატი ერქვას, ეს არ მგონია მართებული იყოს. ეს ამომრჩეველების ფულია და დაუშვებელია, ასეთი ფორმა არსებობდეს. რაღაც ფორმას მოვძებნით, თუ რას ნიშნავს საპატიო გაცდენა. მარიამ საჯაია წერდა, რომ „ოჯახური პირობების“ გამო, სხდომებს არ ესწრებოდა, მაგრამ ის ამერიკაში სწავლობს. იმედია, ამ პროცესის დარეგულირებას შევძლებთ“, - განუცხადა for.ge-ს კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თუ რეგლამენტის ჩანაწერი გამკაცრდება, ეს სწორი იქნება და ეს გაკეთდება, მაგრამ შეზღუდვა პრობლემას სრულად ვერ მოხსნის.
„პარლამენტის წევრები გვყავს, რომელთაც არცერთი სხდომა არ გაუცდენიათ, მაგრამ რაც შეეხება რეგლამენტის ჩანაწერს, აქ ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ. რეგლამენტით დაწესებული შეზღუდვები იმას ნიშნავს, რომ უმრავლესობის ხელში მეტი ბერკეტების თავმოყრა მოხდება. საქართველოს პარლამენტის ისტორიაში, ერთადერთი პარლამენტის წევრია ვალერი გელაშვილი, რომელსაც უფლებამოსილება იმის გამო შეუწყვიტეს, რომ პარალელურად ბიზნესით იყო დაკავებული. ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში ყოველთვის იყო და გაიხსენეთ, რამდენი იყო ბიზნესით დაკავებული, მაგრამ უმრავლესობამ მისი დასჯა გადაწყვიტა და ის გაუშვა კიდეც სახლში. როცა საუბარია საპატიო მიზეზით გაცდენაზე, შეიძლება სხდომის გაცდენა ყველას მოუწიოს“, - განუცხადა for.-ge-ს სპიკერმა.
დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ „ოჯახური პირობები“ ასევე პრობლემაა, მაგრამ თუ ამ ჩანაწერის დეტალიზაცია მოხდება, შეიძლება, საქმე მეორე უკიდურესობამდე მივიდეს.
„ევროპულ ქვეყნებში მედიისა და არასამთავროების პროექტი - პარლამენტის „კვალდაკვალ“ მინახავს. დანარჩენს თავად მიხვდით! თუ დეპუტატი სხდომას არ ესწრება, ტელევიზიები ხართ, ჯგუფები გყავთ და იმის გარკვევა შეგიძლიათ, დეპუტატი სად არის ოჯახში თუ სხვაგან. ბევრი არასამთავრობო ორაგანიზაცია დადის და ირკვევს - თუ სად არის დეპუტატი. ის საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. თუ რეგლამენტის ჩანაწერს გავამკაცრებთ, იქნება სწორი და კარგი, ამას გავაკეთებთ, მაგრამ ეს პრობლემას ვერ მოხსნის. დეპუტატებს ცოტა მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს და მეტი კონტროლის მექანიზმების ამოქმედება შეგვიძლია“, - განუცხადა for.ge-ს დავით უსუფაშვილმა, რომლის პასუხიც ჩვენთვის ბუნდოვანი დარჩა, რადგან for.ge საკუთარი სახსრებით იმ 150 დეპუტატის კონტროლს ვერ დაიწყებს, რომელთაც სახელმწიფო გაწეული სამუშაოსთვის, ხელფასის სახით, 2800 ლარიდან 4000 ლარამდე უხდის.
თუ რატომ აცდენენ ნაციონალები სხდომებს, ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს აკაკი ბობოხიძეს, მაგრამ კანონდებელი სხდომის გაცდენის ერთ-ერთ მიზეზად ქუთაისში პარლამენტის მდებარეობას კატეგორიულად გამორიცხავს.
„დეპუტატების მიერ სხდომების გაცდენა, ქუთაისში პარლამენტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, არაფერ შუაში არ არის. კანონმდებლები სხდომებს წინა პარლამენტშიც აცდენდნენ. შეფასებებს დღევანდელი შემადგენლობით, ნუ ვიწყებთ! პარლამენტი ქუთაისში დავტოვოთ და ათი წლის შემდეგ, ნახავთ თუ როგორი ვითარება იქნება. ამჟამად, დეპუტატთა შემადგენლობის 80 პროცენტი თბილისელია და ქვეყანას მათი ბინებით უზურუნველყოფა ძვირი უჯდება. ვისაც ქუთაისში ყოფნა არ უღირს, მომავალში, საარჩევნი სიაში ნუ ჩაეწერება და სიებიც არ დაკომპლექტდება იმ თბილისელებით, რომელთა დიდი ნაწილი ქუთაისს ვერ ეგუება. მართალი გითხრათ, დეპუტატებს ასევე წარმატებით შეიძლება გაეცდინათ პლენარული სხდომები თბილისში და რატომ არ იყენებენ ფინანსურ სანქციებს?! ქუთაისი რა შუაშია?! დეპუტატებს პარლამენტში ყოფნა სურთ და მუშაობა არა. ქართულ პოლიტიკაში დომინანტი თბილისელი, რატომ არის?!“, - განუცხადა for.ge-ს ბობოხიძემ.
ფინანსური სანქციების გამოყენებით, მართალია, განსაკუთრებით უმცირესობა დაზარალდება, მაგრამ როგორც ჩანს, რეგლამენტში ცვლილებების განხორციელების სურვილი არც უმრავლესობაშია, რადგან „ოჯახური მდგომარეობის“ მოტივი მათთვისაც სახარბიელოა. თუმცა, თუ ვინ გამოირჩევა მმართველი ძალიდან პლენარული სხდომების გაცდენით, ამის შესახებ ინფორმაციას for.ge უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ, მაგრამ ფაქტია, რომ დეპუტატები რეგლამენტის იმ ჩანაწერითაც სარგებლობენ, რომლის მიხედვითაც, „პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა გაცდენილად ჩაეთვლება, თუ იგი არ გაივლის რეგისტრაციას დილის სხდომის განმავლობაში ან კენჭისყრების წინ“. კანონმდებელთა ნაწილი სწორედ ამ ჩანაწერით ხელმძღვანელობს - დილით რეგისტრაციას გაივლიან და საკანონმდებლო ორგანოში მომდევნო დღისთვის ბრუნდებიან.