ხაზინის ფლანგვის სინდრომი - მოსიარულე

ხაზინის ფლანგვის სინდრომი - მოსიარულე "ნაღმები" საქართველოს ხელისუფლებაში

"უნახავმა რა ნახაო", - კარგი გამოთქმა გვაქვს ქართველებს. ფსიქოლოგები კი ამას "სიხარბის სინდრომს" უწოდებენ. ძირითადად ემართებათ ისეთ ადამიანებს, რომლებიც უცბად, ზოგჯერ თავისთვის მოულოდნელადაც, იშოვიან ფულს და რაიმე თანამდებობას მიაღწევენ. როგორც წესი, ასეთი ადამიანები ამ უნახაობითა თუ სიხარბის სინდრომით, ისეთ შეცდომებს უშვებენ, რომ, როგორც იტყვიან, ქარის მოტანილი ისევ ქარს მიაქვს ხოლმე. თუმცა როდესაც უნახაობისა თუ სიხარბის სინდრომი ემართებათ სახელმწიფო მოხელეებს, მედია და საზოგადოება უკვე დამკვირვებლის როლში ვეღარ დარჩება - სწორედ ჩვენი გადასახადებიდან ფინანსდება სახელმწიფო მოხელეების ხელფასები, მათი მანქანები (შეძენა, ბენზინი და ა.შ), მათი თანაშემწეებისა თუ მძღოლების ხელფასები და ის კონვერტიც კი, რომლებითაც ისინი ოფიციალურ წერილებს გზავნიან", - წერს გაზეთი"ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით ხაზინის ფლანგვის სინდრომი / მოსიარულე "ნაღმები" საქართველოს ხელისუფლებაში. 

"აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის შემთხვევა ერთადერთი არ არის. მაღალჩინოსნებს, რომლებსაც "უნახავმა რა ნახა" დაემართათ, თავისი "სიხარბის სინდრომის" დასაკმაყოფილებლად უკვე ხაზინის ფლანგვის სინდრომი უყალიბდებათ. უნახავი ჩინოსნის "ბიუჯეტზე მიშვება" იგივეა, ხელისუფლებაში ნელი მოქმედების მოსიარულე ნაღმი რომ გყავდეს. - როდის აფეთქდება, არ იცი, სამაგიეროდ, აფეთქება (სკანდალი, გადახარჯვა, საბიუჯეტო კრიზისი) კი ნამდვილად მტკივნეული იქნება და ყველა გაისვრება, მათ შორის ის თანამდებობის პირებიც, რომლებიც პატიოსნად და ყოველგვარი ზედმეტი ფუფუნების გარეშე უძღვებიან საქმეს. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სფეროში გარკვეული სტანდარტები უნდა დაწესდეს", - აღნიშნავს გამოცემა.

"სახელმწიფო შესყიდვების სფეროში იდეალური იქნებოდა გარკვეული სტანდარტების ჩამოყალიბება, ერთიანი სისტემის შექმნა. ისე, საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალეა, ჩანს, ვინ რის შეძენას აპირებს და საზოგადოების მხრიდან მონიტორინგი, სიფხიზლე დაცვის ერთ-ერთი მექანიზმია არასათანადო ხარჯვის პრევენციისთვის. კანონში "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" პირდაპირ არის ნათქვამი, რომ "შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია რაციონალურად და სახელმწიფო ინტერესების დაცვით განახორციელოს შესყიდვა". ახლახან ჩვენი ყურადღება მიიპყრო მარნეულის გამგეობის მიერ გამოცხადებულმა 170 000 ლარის ღირებულების ტენდერმა 3 მანქანის შესაძენად. ტენდერის პირველ ვერსიაში ( რომელიც ახლა სასწრაფოდ შეასწორეს) აშკარად ჩანდა, რომ ტენდერის დოკუმენტაცია დაქსეროქსებული იყო ერთ-ერთი კომპანიის მანქანების მონაცემთა სიიდან, ამ კომპანიის ლოგოც ჩანდა!", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი გიორგი ჭანტურია.

"ტენდერის მოთხოვნები: მანქანის სიგრძე-სიგანე-სიმაღლე სანტიმეტრებში, სხვა პარამეტრები, ისე იყო გაწერილი, მხოლოდ ერთ მანქანას შეიძლება დაეკმაყოფილებინა, რაც კანონდარღვევაა. ახალ ვერსიაში ლოგო აღარ ჩანს, მაგრამ პირობები, რაც ავტომანქანამ უნდა დააკმაყოფილოს, მაინც ძალზე შეზღუდულია. არის შემთხვევები, როცა სატენდერო პირობებში ლაპარაკია მანქანის მაცივარზე, საჭის დიზაინზე, მაგალითად, ხისა და ტყავის კომბინირებულ საჭეზე, რაც უკვე ფუფუნებაა და არა აუცილებლობა. შესაძლოა, სამინისტროს სჭირდება მაღალი კლასის მანქანა თუნდაც უცხოელი სტუმრების მისაღებად, მაგრამ ხშირად ისეთი მოთხოვნებია, რისი დასაბუთებაც ძნელია. მაღალჩინოსნებმა ზედმეტ ხარჯებს თავი უნდა აარიდონ, ხალხის ჯიბიდან შევსებული სახელმწიფო ბიუჯეტის ყაირათიან ხარჯვაზე უნდა იყონ ორიენტირებული და არა საკუთარ კომფორტზე", - დასძენს გიორგი ჭანტურია. 

"კანონი, რომლითაც სახელმწიფო შესყიდვები მიმდინარეობს, ძალზე ზოგადია, მასში ნათქვამია, რომ შესყიდვებისას სახელმწიფო ორგანიზაციები სახელმწიფო სახსრებს რაციონალურად უნდა ხარჯავდნენ, თუმცა, არ არსებობს კონკრეტული წესი, კრიტერიუმი, მაგალითად, რა სახის ავტომანქანა უნდა შეისყიდოს სამინისტრომ თუ სხვა ორგანომ, რა ხარჯები უნდა დაიხარჯოს მათ შესაძენად. ამიტომ, მთავრობას მივმართეთ რეკომენდაციით, შემუშავდეს სამართლებრივი აქტი, რომელიც კონკრეტულ წესებს, კრიტერიუმებს დაადგენს და ყველა საჯარო დაწესებულებაზე გავრცელდება. შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელიც ამ საკითხს სწავლობს. ჩვენმა ორგანიზაციამ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის წესთან დაკავშირებით, საჯარო სამსახურებში საინტერესო კვლევა ჩაატარა. კვლევის თანახმად, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ოქტომბრის არჩევნებიდან 2013 წლამდე, 307 ავტომობილი შეიძინეს, 2013 წელს კი საჯარო დაწესებულებებმა 461 ავტომანქანა იყიდეს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საიას წარმომადგენელი სოფიო ჭარელი და შეკითხვას - "უნდა არსებობდეს თანხის ზედა ზღვარი, რომლის ზემოთ ავტომობილის შეძენა არ შეიძლება?", პასუხობს:

"შესაძლოა, თანხა სხვადასხვა იყოს, თუნდაც ორგანიზაციის ბიუჯეტიდან გამომდინარე, მაგრამ, პირველ რიგში, ეს წინასწარ უნდა გაიწეროს, რადგან ერთი წლით ადრე საჯარო დაწესებულებამ უკვე იცის, სჭირდება თუ არა მანქანა, რაც არ ხდება და მანქანებს სპონტანურად იძენენ, რაც ასევე კანონდარღვევაა, მეტი დასაბუთებაა საჭირო, თუ რატომ ყიდულობენ"

"სახელმწიფო მოხელეებს უნდა ემსახურებოდეთ მხოლოდ ეკონომ-კლასის და არა ბიზნეს და ლუქს-კლასის მანქანები. სწორედ ამ პარამეტრების გათვალისწინებით უნდა შეიმუშაოს მთავრობამ სამართლებრივი აქტი. გასაგებია, რომ სახელმწიფოს სჭირდება ასევე წარმომადგენლობითი კლასის ავტომანქანების პარკი, რადგან მაღალი დონის სტუმრები ჩამოდიან და თვითონ უმაღლესი თანამდებობის პირებს: პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს ასეთი მანქანები უნდა მოემსახუროს, მაგრამ აქაც მკაცრი რეგლამენტაცია უნდა არსებობდეს - ვის რა მანქანა ეკუთვნის; რაც შეეხება ჯიპებს, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში სახელმწიფო მოხელეებს ჯიპი არ ემსახურება და რადგან ბოლო დროს ჩვენმა ჩინოვნიკებმა მოუხშირეს საუბარს, რომ მთებში უწევთ სიარული, ასეთი საგანგებო შემთხვევებისთვის, სამინისტროს ბალანსზე შეიძლება ერთი მანქანა ირიცხებოდეს, მაგრამ ამ მანქანით მინისტრი ყოველდღიურად არ უნდა სარგებლობდეს, მხოლოდ საგანგებო შემთხვევაში უნდა იქოქებოდეს, რადგან მისი შენახვა ძალზე ძვირია, როგორც საწვავის, ისე სათადარიგო ნაწილების მხრივ", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი კახა კახიშვილი.

"თანამდებობა, ძალაუფლებით ტკბობის არეალი - მაინც პატივმოყვარე ადამიანების სარბიელია და რაკი ისინი ხარბად ეტანებიან თანამდებობას, მისგან შესაბამის დივიდენდებს, გამორჩენასაც ელიან. ხელისუფლებაში ყოფნის სურვილიც ძალაუფლების ნების გამოხატვაა, ძალაუფლება კი ადამიანებს ხშირად სწორედ თავიანთი პოზიციების გასაძლიერებლად სჭირდებათ. უნდათ, რაც შეიძლება დიდხანს იყვნენ ხელისუფლებაში, თუმცა, ამჟამად ჩვენში ხშირია საკადრო ცვლილებები, რაც პოლიტიკოსებში არასტაბილურობის განცდას ბადებს: ერთი ძალა წავიდა, მეორე მოვიდა, ვინ იქნება ხვალ? ამიტომ ცდილობენ, დროის მცირე მონაკვეთში მაქსიმალური სარგებელი ნახონ, მანქანა იქნება, ძვირად ღირებული მობილური ტელეფონი თუ ფუფუნების სხვა საგნები. ეს ადამიანები სხვისი, ხშირად თავისი ზემდგომი თანამდებობის პირის თვალით უყურებენ სამყაროს: მას თუ აქვს, მე რატომ არ უნდა მქონდეს? სხვაგვარად ვერც მოიქცევა, რადგან ამ შემთხვევაში, თეთრი ყვავის როლში აღმოჩნდება~, - განმარტავს ფსიქოლოგი ნოდარ სარჯველაძე.

"მარტო ავტომანქანებში არ არის საქმე. მაგალითად, 2014 წლის ბიუჯეტის მიხედვით, გაიზარდა საჯარო უწყებების შტატები და დაფინანსება. ცოტა უცნაური მდგომარეობა მივიღეთ. საჯარო სამსახურში ხშირად უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე ბიზნეს-სექტორში და არ არის დასაბუთებული, მაგალითად, კონკრეტულმა ჩინოსანმა არცთუ ისე მნიშვნელოვანი საქმის კეთებაში რატომ უნდა მიიღოს 4-5 ათასი ლარი. ეს არაჯანსაღ პროცესებს იწვევს - ყველა ცდილობს საჯარო სამსახურში დასაქმებას და ხშირად სახელმწიფო უწყებები ბიზნესკომპანიებს კვალიფიციურ კადრებს ართმევენ. სახელმწიფო რომ ბიზნესის კონკურენტის როლში გამოდის, ალბათ, ასეთი უცნაურობა მხოლოდ საქართველოში თუ მოხდება... ალბათ, კიდევ ერთ სინდრომზე უნდა ვისაუბროთ - "დაბურულმინებიანი ჯიპების" სინდრომზე - საშუალოზე დაბალი რანგის ჩინოსნებიც კი ასეთი მანქანებით მოძრაობას ცდილობენ და კარგი იქნებოდა, ცალი ყურით მაინც მოესმინათ, რას ამბობენ მოქალაქეები, მორიგი ასეთი ბორბლებიანი "სამოთახიანი ბინა" რომ ჩაუწუილებთ ხოლმე", - დასძენს რესპონდენტი.