მიუხედაავად იმისა, რომ 66 მომხრით 4 წინააღმდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ რეზოლუცია მიიღო, წინა რეზოლუციებისგან განსხვავებით, დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილის და მიხეილ სააკაშვილის სახელები არ მოხვდა.
დოკუმენტი, რომლის ავტორები კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა არიან, საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის სრულად და დაუყოვნებლივ გაწვევას. დოკუმენტი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის მოსაზრებას. ტექსტში ხაზგასმულია, რომ მიღებული კანონი შეუთავსებელია ევროპის დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებთან, ასევე იმ ვალდებულებებთან, რაც საქართველოს აქვს აღებული.
რეზოლუცია საკმაოდ მკაცრია, თუმცა აქ გარკვეულ ოპტიმიზმსაც ვნახავთ და ნათლად ჩანს, რომ სიტუაცია, ევროსაბჭოს ფორმატში, შეცვლილია. ასამბლეამ საბოლოო დასკვნაში არ შეიტანა შესწორებები, სადაც პირდაპირ იყო ნახსენები ივანიშვილი, როგორც ეს ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოხდა. ასევე რეზოლუციაში არ შევიდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და სხვა მძიმე პუნქტები, რომელთა ინიციატორი იყო უკრაინელი დეპუტატების ჯგუფი ოლექსი გონჩარენკოს მეთაურობით, მხარდამჭერები კი ლიეტუველი და ქართველი ოპოზიციონერი პარლამენტარები.
შესწორება საკმაოდ მკაცრი იყო, რომელიც პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს ურტყამდა. ხოლო რეზოლუციისთვის ამ პარაგრაფის დამატებას მოითხოვდა დეპუტატების ჯგუფი - ოთხი უკრაინელი, ორი ლიეტუველი და ორი ქართველი (წითლიძე და ბეჟაშვილი), სადაც უნდა ჩაწერილიყო: „ასამბლეა ასევე, შეშფოთებულია პოლიტიკოსისა და ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის გავლენით საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, რომლის ქმედებები და განცხადებები პირდაპირ ემუქრება საქართველოს გზას ევროკავშირისა და ნატოსკენ. კერძოდ, მისი ბოლო განცხადებები, რომლებიც ამართლებს რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, მისი პრორუსული შეხედულებების მტკიცებულებაა, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს“
თუმცა ეს შესწორება ასამბლეამ უარყო - 41 ხმით 29-ის წინააღმდეგ.
მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ ევრო საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია, ფაქტობრივად, არაფრის შესახებ არ არის. ახვლედიანი აცხადებს, რომ ის სრულიად განსხვავდება ევროპარლამენტის რეზოლუციებისგან, რომელიც მკაცრი იყო და პირდაპირ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვდა.
„ეს არის ისევ და ისევ ჩვენს მიმართ გამოთქმული რეკომენდაციები, იქნება და ვენეციის კომისიის დასკვნები შევასრულოთ ცესკოსთან დაკავშირებით და ელგებეტე პროპაგანდის აკრძალვასთან მიმართებაში. პრაქტიკულად, ეს არის რბილი და უკბილო რეზოლუცია. ეტყობოდა, რომ ამ საკითხებთან მიმართებაში შიგნით არც ისეთი მყარია პოზიციები, როგორც წინა ევროპარლამენტში იყო.
ეს სულ უფრო და უფრო მკაფიოდ გამოჩნდება და ამის წინაპირობა ეს როზოლუციაა. საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა, „გამჭვირვალობის კანონი“ არჩევნებზე აისახოს, სიცრუეა. თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნებს ვეღარ დააკვირდებიან, აბსურდია. შესანიშნავად დააკივრდებიან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, ელემენტარულად, შავ ფულზე არ არიან ჩამოკიდებულები. თუ ვინმე ფულს იმაში იღებს, რომ აქ რევოლუციური სცენარები განახორციელონ, ასეთები გინდ დააკვირდენ და გინდ არა, ისინი მაინც მიკერძოვებულები არიან. არაფერი პრობლემა დამკვირვებლების მხრივ, ამ არჩევნებს არ ექნება, მით უმეტეს ძალიან ბევრი სადამკვირვებლო ორგანიზაცა ჩამოვა. ევროპაშიც ხვდებიან, რომ ეს თამაში წაგებულია“, - ამბობს ახვლედიანი.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ რეზოლუციაში არ მოხვდა ბიძინა ივანიშვილის და მიხეილ სააკაშვილის გვარები, ახვლედიანი ამბობს, რომ სააკაშვილის ფაქტორი ევროპაშიც გაიაზრეს და მიხვდნენ, რომ რეალურად, ამ თემამ აქტუალობა დაკარგა.
„ძალიან დიდი ფიასკო განიცადა იმ პოლიტიკურმა პიარმა, რომ სააკაშვილი კვდება და მისი ჯამრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და არიქა, ფიზიკურად არის გადასარჩენი. ევროპაშიც მიხვდნენ, რომ ეს თემა მათ ავტორიტეტს აზიანებს. აღმოჩნდა, რომ კაცს კუჭის ოპერაცია აქვს გაკეთებული და ამ წონაზე ამიტომ დადგა. ეს არაადეკვატური ნარატივი სრულიად ჩამოიშალა. ამიტომ ახლა სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე და მძიმე მდგომარეობაზე საუბარი ევროპული პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის უკვე არამომგებიანია.
გასაგებია, რომ უკრაინის სპეკულაციებს საზღვარი არ აქვს, თან გარკვეულწილად ერთგვარი ვალდებულებაც აქვთ, რომ თავიანთი მოქალაქის და მთავრობის წარმომადგენლის გამო იაქტიურონ. გონჩარენკოს რა სერიოზულობა უნდა მოვთხოვოთ, ეს არის მხოლოდ ვალის მოხდის მცდელობა, რაც არ გამოუვიდათ. სააკაშვილი ევროპულმა პოლიტიკამ უკვე დიდი ხანია ჩამოწერა, ყველამ დაინახა, რომ ამ ადამიანს ქართულ საზოგადოებაში დიდი ნეგატივი აქვს და მასზე ფსონის დადებაც აღარ უნდათ“, - ამბობს ახვლედიანი.
მისივე თქმით, ბიძიან ივანიშვილთან დაკავშირებით ჩავარდნილი შესწორება ძალიან კარგი ტენდენციაა, რადგან ახალმა ევროპარლამენტმა არ დაიწყო მუშაობა დიდი შეცდომით და არაადეკვატური გადაწყვეტილებით.
„ვიღაცა ნაციონალებს უნდათ ევროპარლამენტარებს რაღაცა სისულელეები ჩააწერინონ ბიძინა ივანიშვილზე. ამაზე ბევრჯერ კბილი და კისერი უკვე მოიტეხეს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა კეზერაშვილი დევნილ მედიამაგნატად გამოაცხადეს. ამიტომ ახლა უფრო მეტად ფრთხილები და დაკვირვებულები იქნებიან“,-ამბობს ახვლედიანი.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კი for.ge-სთან ამბობს, რომ უფრო მკაცრი რეზოლუციის მიღების მოლოდინი არსებობდა. მისი თქმით, დაშინების და შანტაჟის გრადუსი ძალიან მაღალი იყო, ამიტომ ჩნდებოდა განცდა, რომ რეზოლუცია უფრო მკაცრი იქნებოდა.
„ბიძინა ივანიშვილის და მიხეილ სააკაშვილის თემა მაინც ვერ გარისკეს და არ ასახეს ამ რეზოლუციაში. კვლავ რაღაცა ზოგადი და ჩვენთთვის ცნობილი ფრაზებით, შეშფოთება-აღშფოთებით შემოიფარგლნენ. ამ ზოგადი დაშინებების და შეშფოთებების მიღმა, ჩვენ უკვე გამომუშავებული გვაქვს იმუნიტეტი. ამიტომ არ მგონია ხელისუფლებაზე ამან რაიმე ზეგავლენა მოახდინოს. მათი ეს მოწოდებები, გავითვალისიწინოთ ვენეციის კომისიის დასკვნა, მიუღებელია.
ვენეციის კომისია ფსევდოლიბერალების ხელში დასჯის და თითის ქნევის პოლიტიკურ იარაღად იქცა. არანაირი საერთო არ გააჩნია ამა თუ იმ კანონპროექტის სამართლებრივ შეფასებასთან. ამიტომ, ამასაც მიჩვეულები ვართ და როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, გამორიცხულია ელგებეტე პროპაგანდის დონეზე, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება. მსგავსი ჩანაწერები, რაც უფრო ბევრი იქნება საქართველოს კანონშემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებით, მით უფრო უარესია თავად ევროკავშირისთვის და მისი ინსტიტუტებისთვის. ასეთი ჩანაწერები, ჩვენს საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმს აღვივებს“,-ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ადვოკატებმა სტრასბურგის სასამართლო უკვე მერამდენედ წააგეს და ამიტომ არ გამორიცხავს, რომ ევროპარლამენტარებს და ევროსაბჭოს ჰქონდათ იმის იმედი, რომ სააკაშვილის საკითხის რეანიმირებას პრაქტიკულ ჭრილში გადაიყვანდნენ. თუმცა, როცა დაინახეს, რომ სტრასბურგის სასამართლო ამ სასჯელებს განსახილველადაც არ იღებს, ამან მათ დამოკიდებულებაზე დიდი გავლენა იქონია.