პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებების შესახებ პირველი მოსმენით იმსჯელა და მხარი დაუჭირა. საქართველოში უცხოელებისთვის აზარტულ თამაშებში ჩართვა მარტივდება, ამასთან, სისტემაში ჩართული უცხოელები გადასახადისგან თავისუფლდებიან, ხოლო სათამაშო ბიზნესი უცხოელებისგან მიღებული შემოსავლის მხოლოდ 5%-ით დაიბეგრება.
ხელისუფლების ორივე შტო ასეთ მიდგომას სრულიად ემხრობა, რაც კატეგორიულად მიუღებელია ოპოზიციისთვის. უცხოელების ხარჯზე შემოსავლების გაზრდის იდეამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
როგორც უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ცვლილებები განპირობებულია იმით, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში აზარტული თამაშების გამკაცრებული კანონმდებლობის ფონზე, სხვა ქვეყნებში გადაინაცვლეს. მოთხოვნის შემცირება კი საბიუჯეტო შემოსავლებზე უარყოფითად აისახა, ამიტომ გადაწყდა, რომ საქართველოს მოქალაქეების მიმართ გამკაცრებული მიდგომა შენარჩუნდეს და შეიცვალოს უცხოელებისთვის, რათა ონლაინ ისინი კაზინოებში შემოვიდნენ.
„ჩვენ გვაქვს და ვინარჩუნებთ მკაცრ პოლიტიკას ჩვენი თანამემამულეებისათვის. ასაკობრივი შეზღუდვებიც გვაქვს და მაქსიმალურად ვცდილობთ, საქართველოს მოქალაქე ნაკლებად მოხვდეს ამ სქემაში. გამკაცრებულმა პოლიტიკამ მოგვცა ის, რომ უცხოელების მხრიდან ნაკლები ინტერესია კაზინოებში სიარულის და ფულის ხარჯვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ნაკლები შემოსავლები აქვს ჩვენს ბიუჯეტს, რითაც შემდეგ მთელ რიგ სახელმწიფო პროექტებს ვაფინანსებთ“, - განაცხადა ზარქუამ.
დეპუტატმა ასევე უპასუხა ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის კრიტიკას, რომელმაც თქვა, რომ არსებული ცვლილებები კაზინოების ინტერესების დაცვაა.
„ჩვენ კაზინოები გადავიკიდეთ იმიტომ, რომ შევუზღუდეთ მილიონობით ადამიანის შესვლა და თამაში. უამრავი თანხა დაკარგეს. კაზინოები დასანახად ვერ გვიტანენ, მილიონობით შემოსავალი დაკარგეს ჩვენი სწორი, გამკაცრებული კანონმდებლობით“, - განაცხადა დეპუტატმა.
როგორც ჩანს, მთვარობის ინიციატივას პარლამენტში მხარდაჭრა აქვს. უმრავლესობის დეპუტატის ირაკლი კირცხალიას თქმით, აზარტულ თამაშებთან მიმართებით საქართველოს მოქალაქეებისთვის მაქსიმალური შეზღუდვებია და ამ მხრივ არაფერი იცვლება.
„კანონის სულისკვეთებაა, რომ შეიქმნას მიმზიდველი საკანონმდებლო ბაზა ონლაინ კაზინოებში უცხოელი მოთამაშეების მოსაზიდად. იცით, ჩვენი პოლიტიკა როგორ განისაზღვრა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ამ მიმართულებით მაქსიმალური შეზღუდვებია და ამ მხრივ არაფერი იცვლება.
რაც ეხება ლიცენზიებს, ჩვენ, ახლა გვაქვს 8 მოქმედი ონლაინ კაზინო. ამათ უბრალოდ ემატებათ, რომ თუ ისინი მოიზიდავენ უცხოელ მოთამაშეებს, ამისთვის საჭირო იქნება განათავსონ მეორე სერვერი, საიდანაც მართავენ დომეინს, შემდეგ მართავენ საიტს, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი მხოლოდ და მხოლოდ უცხოეთის მოქალაქეებისთვის. რაც შეეხება დასაბეგრ ბაზას, უქმდება გატანის საშემოსავლო, რომ მიმზიდველი გახდეს ჩვენი მხარისთვის“, - განაცხადა კირცხალიამ.
ის, რაც მისაღებია ხელისუფლებისათვის, კატეგორიულად მიუღებელია ოპოზიციისთვის. განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც აზარტული თამაშების წინააღმდეგ დიდი ხნის განმავლობაში კამპანიებს აწარმოებდა.
კანონში შესატან ცვლილებებს პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე ანა დოლიძე სწრაფად გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონპროექტის ინიციატორების მიზანია, აქაურობა იქცეს ოფშორულ ზონად, სადაც უცხოური ფული გაირეცხება.
„52 მლრდ არის სათამაშო ინდუსტრიის წლიური ბრუნვა და ეს არის ფული, რომელიც სინამდვილეში უნდა მიდიოდეს ბავშვების კვებაზე, სკოლების გარემონტებაზე, ახლა ამას ემატება საშუალება, რომ აქ „გაირეცხოს“ უცხოური ფული. ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმდინარეობს ომი, ემიგრაციის, სიღარიბის, ნარკოდამოკიდებულების და ლუდომანიის გაზრდა. ცარიელ ოფშორულ ზონად უნდათ გადააქციონ ის ტერიტორია, რომელიც დაგვრჩა“, - განაცხადა „ბიპიენთან“ დოლიძემ.
აქამდე მოქმედი კანონით დასაშვები იყო აზარტული თამაშობების ორგანიზების ერთი ნებართვით მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზება, ანუ ერთი ნებართვით, ონლაინკაზინოს მოწყობის მსურველს, მხოლოდ ერთი შესაბამისი საიტის გაკეთება შეეძლო.