დასავლეთი საკუთარი მომავლის იმედს კარგავს

დასავლეთი საკუთარი მომავლის იმედს კარგავს

რა ახასიათებს დასავლეთს? ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსებს უყვართ ლაპარაკი ფასეულობებზე და ინსტიტუტებზე. თუმცა მილიარდობით ადამიანისათვის მთელ მსოფლიოში არსებობს ბევრად უფრო მარტივი და იოლად გასაგები კრიტიკული ზღვარი. 

დასავლეთი - სამყაროს ნაწილია, სადაც რიგითი ადამიანებიც კომფორტულ პირობებში ცხოვრობენ. სწორედ ეს ოცნება უბიძგებს არალეგალ ემიგრანტებს იმისკენ, რომ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად შეაღწიონ ევროპაში ან შეერთებულ შტატებში.

მართალია, დასავლეთის მიმზიდველობა კვლავ მნიშვნელოვანია, მაგრამ დასავლური სამყარო საკუთარი მომავლის რწმენას კარგავს. გასულ კვირაში ბარაკ ობამამ მთელი თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დამთრგუნველი ტექსტი წარმოთქვა. გამოიყენა რა პირქუში ტერმინები, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა წარმოადგინა მზარდი უთანასწორობის და სულ უფრო შეზღუდული სოციალური მობილურობის ქრონიკა, რაც მისი თქმით „ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის ამერიკულ ოცნებას, ჩვენ ცხოვრების წესს და იმას, რასაც მხარს ვუჭერთ მთელ მსოფლიოში“. 

ამ გაზაფხულზე ჩატარებული კვლევის ფარგლებში, რომელიც 39 ქვეყანაში კვლევითმა ორგანიზაცია Pew Research Center-მა ჩაატარა, შეკითხვაზე „იცხოვრებენ თუ არა თქვენს ქვეყანაში შვილები მშობლებზე უკეთ?“ ამერიკელების მხოლოდ 33%-მა უპასუხა დადებითად, მაშინ როდესაც 62%-მა თქვა, რომ მათი შვილები უარესად იცხოვრებენ. ევროპელების პასუხები კიდევ უფრო პირქუშია. მხოლოდ გერმანელების 28%-ს, ბრიტანელების 17%-ს, იტალიელების 14%-ს და ფრანგების 9%-ს მიაჩნია, რომ მათი შვილები უკეთესად იცხოვრებენ, ვიდრე წინა თაობები. ამ ტიპის დასავლური პესიმიზმი მკვეთრად კონტრასტულია იმ ოპტმიზმისა, რომელიც განვითარებად სამყაროშია: უფრო ნათელი და აყვავებული მომავლის იმედი აქვთ ჩინელების 82%-ს, ინდოელების 59%-ს და ნიგერიელების 65%-ს. 

სასიამოვნო იქნებოდა იმის ფიქრი, რომ დასავლეთში ცხოვრების დონის ვარდნა მხოლოდ პრესის მიერ ატეხილი ხმაურია, მაგრამ, სამწუხაროდ, ციფრები იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანებს რაღაცეები ესმით. ბრუკინგსის ინსტიტუტის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში სამუშაო ასაკის მამაკაცთა ხელფასი, ინფლაციის გათვალისწინებით, 1970 წლის შემდეგ 19%-ით შემცირდა. საშუალო ამერიკელმა, რომელიც ერთ დრს ამერიკული ოცნების განსახიერება იყო, პოზიციები დაკარგა, თუმცა ადამიანების 5%-ის შემოსავლები სიის სათავეებიდან, სერიოზულად გაიზარდა. შეშფოთებას კონსერვატორი პოლიტიკოსებიც კი აღარ მალავენ. სენატრომა მარკო რუბიო, რომელიც რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტის კანდიდატობის პრეტენდენტია 2016 წლის არჩევნებში, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მის მშობლებს ჰქონდათ „წინსვლის და საშუალო კლასის წარმომადგენლებად“ ჩამოყალიბების შესაძლებლობა, მოკრძალებული, მაგალითად ბარმენის ან მოახლის სამუშაოს შესრულების შემთხვევაშიც კი. თუმცა, ის აღიარებს, რომ ჩვენს დროში ეს უკვე შეუძლებელია. 

პირქუში განწყობები და რწმენის ნაკლებობა ევროპაში არსებულ რეალობასაც ეფუძნება, განსაკუთრებით იმის გაცნობიერებას, რომ დახმარებები და პენსიები მომავალში, როგორც ჩანს, ნაკლებად გულუხვი იქნება. კეთილდღეობის შეზღუდვა ყველაზე მკვეთრად იგრძნობა იმ ქვეყნებში, სადაც ყველაზე მეტად დაზარალდნენ ვალის კრიზისის გამო - საბერძნეთსა და პორტუგალიაში ხელფასები და პენსიები რეალურად შეამცირეს. 

იმავდროულად ცხოვრების დონე იზღუდება იმ ქვეყნებშიც, რომლებსაც შედარებით კარგი შედეგები აქვთ. Financial Times-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 1985 წელს დაბადებული ბრიტანელები ბოლო ასი წლის განმავლობაში მოქალაქეთა პირველი თაობაა, რომლებიც არ მოელიან ცხოვრების დონის გაუმჯობესებას იმ ადმიანებთან შედარებით, რომლებიც ათი წლით ადრე დაიბადნენ.

გერმანიაშიც კი, რომელსაც ხშირად აქებენ, როგორც შედარებით წარმატებულ მსხვილ ეკონომიკას დასავლურ სამყაროში, „მერკელის ეკონომიკური სასწაულის“ შედეგები დიდწილად სახელფასო ანაზღაურების სკალის ზედა ნაწილში იგრძნობა. ეკონომიკური რეფორმები, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საექსპორტო ბუმს გერმანიაში, დაკავშირებული იყო სახელფასო ანაზღაურების ზრდის შეკავებასთან, სოციალური დახმარებების შეზღუდვასთან და იმასთან, რომ დიდი ოდენობით დროებით მუშახელს იყენებდნენ. 

არსებობს კავშირი განვითარებად ქვეყნებში ოპტიმისტური განწყობების ზრდასა და მზარდ პესიმიზმს შორის დასავლეთში. გასულ კვირაში, თავის გამოსვლაში ობამამ აღნიშნა, რომ „1970-იანი წლების შემდეგ, სოციალური კონტრაქტის ნგრევა დაიწყო“. შეიძლება, დამთხვევა არც იყოს ის, რომ სწორედ 1970-იანი წლების ბოლოს ჩინეთი გახსნას იწყებს გარე სამყაროსთვის. 

დღეს, თავად გლობალიზაციის დამცველებიც კი, როგორც წესი, აღიარებენ, რომ გლობალური შრომითი რესურსების გაჩენამ ხელი შეუწყო ევროპაში სახელფასო ანაზღაურების დონის ზრდის შეკავებას. ზოგიერთი ჩემი ევროპელი მეგობარი ოცნებობს, რომ პროტექციონიზმი (ან აზიაში ომიც კი) დააბრუნებს დასავლეთში ბევრ კარგად ანაზღაურებად სამუშაო ადგილს. თუმცა, სინამდვილეში, საეჭვოა გლობალიზაციამ უკან დაიხიოს, თუკი გავითვალისწინებთ ტექნოლოგიურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალებს, რომელიც მას წინ უბიძგებს. რა თქმა უნდა, მორალური თვალსაზრისით საეჭვო იქნებოდა ცხოვრების დონის გაზრდის მცდელობა დასავლეთში იმ ეკონომიკური ტენდენციისთვის ძირის გამოთხრით, რომელმაც შეძლო სიღატაკიდან დაეხსნა მილიონობით ადამიანი განვითარებად სამყაროში. 

იმ შემთხვევაშიც, თუკი დასავლური სახელმწიფოები დახურავენ საკუთარ ბაზრებს, დასავლური დაქირავებული მუშახელი, სულ უფრო მკაფიოდ გააცნობიერებს, რომ ზოგიერთი სამუშაოს შესრულება უფრო იაფია კომპიუტერების ან რობოტების საშუალებით. მართლაც, რობოტების მოზღვავება მალე საფრთხეს შეუქმნის მათაც, ვინც ჩინეთში კონვეიერზე მუშაობს.

თუკი ცხოვრების დონის ვარდნა გაგრძელდება, როგორ ირეაგირებენ ამაზე დასავლელი ამომრჩევლები? პოლიტიკური რადიკალიზაციის ნიშნები უკვე შესამჩნევია - პოპულისტი მემარჯვენეები იმყარებენ პოზიციებს როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაში. თუმცა, ჯერ-ჯერობით იმის ნიშნები არ ჩანს, რომ "ჩაის პარტიის" მოძრაობას ამერიკაში ან ნაციონალისტურ ძალებს ევროპაში რეალური წარმოდგენა აქვთ იმაზე, თუ რას ნიშნავს მსხვილი სახელმწიფოს ცენტრალური მთავრობის კონტროლი. კონსესუსი გლობალიზაციის თემაზე, როგორც ჩანს, ჯერ-ჯერობით შენარჩუნებულია. გასული კვირის ბოლოს მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციამ, როგორც ჩანს, გარღვევა მოახდინა ახალი გლობალური სავაჭრო შეთანხმების ძიების პროცესში.

მართალია ახალი პოლიტიკური მოძრაობები არ არიან ჯერ მზად იმისთვის, რომ დაანგრიონ ტრადიციული პოლიტიკური პარტიები დასავლეთში, თუმცა მეინსთრიმულ პოლიტიკოსებს უწევთ ახალ ეკონომიკურ კლიმატზე რეაგირება. იზრდება მზარდი უთანასწორობის წნეხი, რომელიც მიმართულია გადასახადების უფრო სამართლიანი გადანაწილების შემოღებასა და სახელფასო ანაზღაურების მინიმალური დონის ზრდისაკენ ატლანტიკის ორივე მხარეს.

დასავლეთის ეკონომიკური სნეულების კიდევ ერთი ათწლეული, ან ღმერთმა დაგვიფაროს და კიდევ ერთი ფინანსური კრიზისი, დიდი ალბათობით უფრო რადიკალური გადაწყვეტილებების და პოლიტიკოსების გაჩენის მიზეზი გახდება. 


foreignpress.ge