აშშ-მა საქართველო ნატოს სამიტზე მიიწვია - წავა თუ არა ვინმე ვაშინგტონში საქართველოდან, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს მიწვევა ძალიან მნიშვნელოვანია და წასვლაზე უარის თქმა პოლიტიკურად არასწორი გადაწყვეტილება იქნება, მით უმეტეს იმ ფორნზე, როცა საქართველოს და ამერიკას გართულებული ურთიერთობა აქვს და ნატოს სამიტი მაღალი რანგის პოლიტიკური შეხვედრების და ურთიერთობის გამოსწორების შანსს იძლევა.
ნატოს მომავალი სამიტი ვაშინგტონშია დანიშნული 2024 წლის 9-11 ივლისს. განსახილველ საკითხებს შორის კვლავ უკრაინაში ომია მთავარი - რის გაკეთება შეუძლია ნატოს კიევის დასახმარებლად.
ასევე, ვაშინგტონის სამიტის ფოკუსში სამი ძირითადი საკითხია: „ალიანსის ჯანმრთელობა“, ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონთან პარტნიორობა, უკრაინის წარმატების უზრუნველყოფა.
24 ივნისს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ჯეიმს (ჯიმ) ო'ბრაიენმა, რომელიც სახელმწიფო მდივნის თანაშემწეა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვაშინგტონში სამიტის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, ერთ-ერთ კითხვაზე პასუხად განაცხადა: „დიახ, საქართველო და ყველა პარტნიორი მოწვეული იქნება“. შემდეგ კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ საქართველოს წარმომადგენლებს უკვე გაეგზავნათ მიწვევა „საპარტნიორო ღონისძიებებზე“ მონაწილეობის მისაღებად.
საქართველოს მთავრობამ რამდენიმე კვირის წინ უარი თქვა შეერთებული შტატების მიწვევაზე, უმაღლესი თანამდებობის პირებთან ვაშინგტონში განეხილათ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა და აშშ-ის დახმარება.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ეს უარი იმით ახსნა, რომ მიწვევას თან სდევდა დათქმა „აგენტების კანონის“ განხილვის შეჩერებაზე, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას“.
მას შემდეგ შტატებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ვითარება მხოლოდ გაუარესდა.
შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციების პირველი ეტაპი გამოაცხადა სამ დღეში, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა „აგენტების კანონს“.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ნატოს ნებისმიერ სამიტზე საქართველოს დასწრება აუცილებელია. მისი თქმით, შანსი, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ ნატოს რადარებზე დაფიქსირდეს, ხელიდან არ უნდა გავუშვათ.
„ნატოს სამიტი მგონია, რომ ახლა ყველაზე კარგი შანსია, მით უმეტეს დასავლეთთან და ამერიკასთან გაფუჭებული ურთიერთობის ფონზე. საქართველო თუ კიდევ ერთხელ დაფიქსირდება, რომ ის არის ნატოსკენ მიმავალი ქვეყანა, მის გადაწყვეტილებებს ემხრობა და ა.შ. ძალიან კარგი იქნება.
რაც შეეხება იმას, აქედან რას მოვიგებთ და რისი ჩამოტანა შეგვიძლია, მგონია, რომ ეს იქნება ძალიან კარგი პოლიტიკური საშუალება, რომ ამ რთულ და გაფუჭებულ ურთიერთობას რაღაცა ვუშველოთ. ამერიკა მიუხედავად სანქციების დაწესებისა, მაინც იტოვებს საქართველოსთან პოლიტიკური მანევრის სივრცეს. ო’ბრაიენის განცხადებაც ამის ნიშანია, რომ ამერიკისთვის, საქართველო ისევ ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირეა. ჩემი გადმოსახედიდან ამერიკელები საბოლოოდ ჩვენს ქვეყანას კარს არ უკეტავენ“, - ამბობს კაპანაძე.
მისივე თქმით, სამიტი მშვენიერი შესაძლებლობაა, რომ ორივე ქვეყანამ, საქართველომაც და ამერიკამაც, ურთიერთობის ხელახლა გადატვირთვაზე იფიქროს და მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეხვედრები გამართონ.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაიაც for.ge-სთან ამბობს, რომ ამხელა დონის სამიტზე საქართველოს მიწვევა ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ახლა, როცა მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური საკითხები იხილება.
„ნატოს სამიტი ყოველთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია. ამიტომ არა აქვს აზრი, იქ გაფართოვების საკითხის განხილვა იქნება თუ არა. ამ დიდი გლობალური გამოწვევების ფონზე, ძალიან სერიოზული საკითხების განხილვა მოხდება. აქ საუბარი ბირთვულ იარაღზე, უკრაინის ომზე და ბევრ სხვა რაღაცებზე იქნება. ხოლო ამ ყველაფერში საქართველოს ჩართვა და აქტიურობა უკვე მნიშვნელოვანია. სანქციების მიუხედავად, პრემიერი კვლავ ამბობს, რომ 2030 წელს ევროპული ოჯახის წევრი გავხდებით. ეს ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუციაში 78-ე მუხლი უნდა შესრულდეს და ჩვენი სწრაფვა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ გაგრძელდეს. ჯერჯერობით, ეს მუხლი არავის გაუუქმებია და მმართველი გუნდის რიტორიკიდან გამომდინარე, ჩვენ ისევ ამ გზას მივყვებით. მთავარია, რომ საქართველოს თავდაცვითი და გეოპოლიტიკური კურსი ევროატლანტიკურ ალიანსთან მჭიდრო თანამშრომლობაზეა აგებული. საქართველო უკრაინასთან დაკავშირებით, ასევე რამშტეინის ფორმატში მონაწილეობს, ამიტომ ნატომ საქართველო მიიწვია. შესაძლოა ევროკავშირზე არის რაღაცა განცხადებები გაკეთებული, თუმცა ნატოსთან დაკავშირებით, მე არც ხელისუფლების და არც თუნდაც „ხალხის ძალის“ მხრიდან გაკეთებული ურყოფითი განცხადებები არ მახსოვს. ამიტომ იმედია, რომ ჩვენი ხელისუფლებიდან მიწვევას მიიღებენ და წავლენ. ვისურვებდი, რომ პრემიერი წასულიყო, რადგან ძალიან მაღალი დონის სამიტი იმართება“, - ამბობს მაისაია.