„რა შემატა სააკაშვილმა საქართველოს და რას შემატებს ამერიკას?!“

„რა შემატა სააკაშვილმა საქართველოს და რას შემატებს ამერიკას?!“

პროექტი „სააკაშვილი“ საქართველოში დასრულდა, თუმცა ამავე სახელწოდების პროექტი ნიუ-იორკში გრძელდება... ექსპრეზიდენტი მარტო ნიუ-იორკის მეტროთი არ მგზავრობს, ის ნიუ-იორკის უნივერსიტეტებში რეფორმირების პროგრამაზეც მუშაობს და, როგორც ჩანს, საქართველოში დაბრუნებაზე არც ფიქრობს. ყოველ შემთხვევაში, აშშ-ის უნივერსიტეტში რეფორმირების პროგრამაზე მუშაობა, სავარაუდოდ, სამ-ოთხ წელიწადს მაინც გასტანს.

უკრაინულ ტელეკომპანია „112 უკრაინასთან“ ინტერვიუში სააკაშვილმა ჟურნალისტის ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა და კითხვაზე, რას აკეთებს ნიუ-იორკში და რატომ არ იმყოფება საქართველოში, უპასუხა, „თავის დროზე მე დავამთავრე კოლუმბიის უნივერსიტეტი და ვცხოვრობდი ნიუ-იორკში. თბილისისა და კიევის შემდეგ, ნიუ-იორკი ჩემთვის ყველაზე მშობლიური ქალაქია. აშშ-ში ვმუშაობ რამდენიმე უნივერსიტეტში რეფორმების პროგრამაზე“.

ამასთან, ექსპრეზიდენტმა განმარტა, რომ მუშაობის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნდება და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ჩაერთვება. მისი თქმით, ადამიანებს თავხედობა, კორუფცია, კრიმინალი მობეზრდათ და ნორმალური ცხოვრება სურთ. ამიტომ საჭიროა წმინდა მეცნიერული გამოკვლევა და ამ მიზნით მას მოუწევს წარსულში დაბრუნება და საქართველოს რეფორმების აწ უკვე უცხოელებისთვის გაანალიზება.

ჩვენ დავინტერესდით, სააკაშვილის გუნდის წევრებს რა ინფორმაცია ჰქონდათ საკუთარი ლიდერის საზღვარგარეთული საქმიანობის შესახებ. როგორც აღმოჩნდა, ნაციონალებს ამ თემაზე კომენტარისთვის არ ეცალათ, მხოლოდ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა გვითხრა, რომ სააკაშვილის შესახებ მას იმდენივე ინფორმაცია ჰქონდა, რაც ჩვენ და მის შესახებ მხოლოდ ტელევიზიიდან იგებდა. სწორედ ასე შეუტყვია მას, რომ რამდენიმე უნივერსიტეტს მიუწვევია ექსპრეზიდენტი, თუმცა მისთვისაც უცნობი იყო, კონკრეტულად რომელი რეფორმირების პროგრამაზე მუშაობდა უცხოეთში მყოფი მიხეილ სააკაშვილი.

„მის შესახებ ვერაფერს გეტყვით, სააკაშვილის პირად გეგმებზე საუბარი შეუძლია მხოლოდ ერთადერთ ადამიანს - თავად მიხეილ სააკაშვილს“, - განმარტა ნუგზარ წიკლაურმა.

პრეზიდეტის ყოფილმა პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ კი გვითხრა, რომ შესაძლოა, პირადად მან იცის კიდეც, თუ რა საქმიანობითაა დაკავებული პრეზიდენტი ნიუ-იორკში, მაგრამ ამ თემაზე საუბარი არ სურს.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ნიუ-იორკში ექსპრეზიდენტის ვოიაჟს შემდეგნაირად აფასებს, რომ, დიდი ალბათობით, ეს გახლავთ პროექტი „მიშა-პოლიტიკური თავშესაფრისთვის“. მისი თქმით, ჩვენს მრავალწლიან პრეზიდენტს არც სურვილი აქვს და არც სიმშვიდე იმისთვის, რომ დაბრუნდეს სამშობლოში. ამიტომ მას ჯერ კიდევ ბევრი საშუალება ეგულება ამერიკაში, რომელთაც ადვილად შეიყვანს შეცდომაში ამერიკელებს.

„ნათქვამია, „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“. ამერიკელებმა სწორედ სააკაშვილი დათესეს, როგორც უპირველესი შემოქმედი „პოზიტიური რეფორმების“. თუ ნიუ-იორკის რომელიმე უნივერსიტეტი იხელმძღვანელებს სააკაშვილის მოძღვრებით, დაე, მოგვიანებით ეს შეაფასონ თავად სტუდენტებმა და ნახავენ, რა ცოდნის და რა შედეგის ამარა დარჩებიან“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი For.ge-სთან საუბარში და შეკითხვაზე, რატომ უნდა დაინტერესდეს ამერიკა სააკაშვილის ე.წ. რეფორმებით, განმარტავს, რომ ამერიკის მხრიდან ეს უფრო თავის მართლებაა, ვიდრე თავის მოტყუება, რადგან ამერიკაშიც გადამწყვეტი სიტყვა ამომრჩეველს ეკუთვნის.

ამდენად, არცერთი ამერიკული ხელისუფლების ინტერესში არ არის, რომ საკუთარმა ამომრჩევლებმა აღმოაჩინონ, თუ რა ტიპის „პროდუქტში“ დებდა ამდენ ფულს ამერიკა წლების განმავლობაში. შესაბამისად, საკუთარი მარცხის აღიარებას არავინ ჩქარობს და არის იმის მცდელობა, რომ წინა ხელისუფლებების მიერ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი გამართლებული იყოს. ამით აიხსნება, რომ სააკაშვილის „მოღვაწეობის“ შედეგი ცამდეა აყვანილი და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ დასრულდეს ეს ყველაფერი მშვიდად. უფრო მეტიც, ამერიკელებს სააკაშვილის გადამტერებაც არ სურთ, რადგან მასთან ერთად განხორციელებული არაერთი ერთობლივი პროექტი საერთო ინტერესს ემსახურებოდა.

„სატრაბახო როცა არაფერია, ასეთ ვითარებაში სჯობს დუმილი. სწორედ ასეთი დუმილის პირობებში აძლევენ სააკაშვილს ამერიკელები საშუალებას, რომ, ვისაც დააჯერებს, დააჯეროს საკუთარი უმანკოება“, - მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი.

ამასთან, მისი პროგნოზით, სააკაშვილი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება საქართველოში, თუ უშდეგოდ დასრულდება ყველა გახმაურებული საქმის გამოძიება, სადაც მისი კვალი ზოგში ჩანს, ზოგში - არა. თუმცა სააკაშვილის სულისკვეთება ყველა ამ საქმეში ადვილად საგრძნობია. ამდენად, თუკი ერთ დილას გამოგვიცხადებენ, რომ ყველა საქმე დახურულია და რაც გამოსაძიებელია, უკვე გამოძიებულია, ვინც დასასჯელია, უკვე დასჯილია და ბოლო თურმე კეთილია, მაშინ, რასაკვირველია, სააკაშვილი უკვე ახალი ენერგიით დაბრუნდება ქვეყანაში ერთადერთი მისწრაფებით, რომ კვლავ მოექცეს სათავეში.

განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ უამრავი უნივერსიტეტია ამერიკაში და სახელმწიფო უნივერსიტეტებიც კი ძალიან ფართო ავტონომიით სარგებლობენ. ამდენად, სააკაშვილის იქ ჩასვლა სულაც არ არის ამერიკის სახელმწიფო პოლიტიკა.

„რა შემატა სააკაშვილმა საქართველოს და რას შემატებს მისი ნაშრომი ამერიკას? რა თქმა უნდა, არაფერს არ შემატებს და არაფერი ჭკვიანური არ იქნება. არ ვიცი, რას აკეთებს იქ და რომელ პროგრამაზე მუშაობს, ეს ნაკლებად მაინტერესებს. კი ბატონო, თუ რომელიმე უნივერსიტეტს ჰგონია, რაიმე ჭკვიანურს გაიგებს სააკაშვილისგან და რეფორმებს განახორციელებს, მართალი გითხრათ, არ მესმის. ალბათ, სააკაშვილი შეეცდება, საკუთარი მმართველობის გამოცდილება წარმოაჩინოს, როგორც ნიმუში ამერიკელებისთვის, თუ როგორ უნდა გაატარონ რეფორმები მესამე სამყაროს ქვეყნებში და რას უნდა შეუწყოს ამერიკამ ხელი. ეს პირველი არ არის მისთვის. არა მგონია, რომელიმე სერიოზულ უნივერსიტეტთან ჰქონდეს ურთიერთობა“, - აცხადებს დავით ზურაბიშვილი და განმარტავს, რომ, ყველაფრის მიუხედავად, ექსპრეზიდენტმა კარგად იცის იქაური წრეების ენა და მუშაობას ვერავის დავუშლით.

დაუბრუნდება თუ არა სააკაშვილი საქართველოს, დავით ზურაბიშვილისთვის ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია.

ექსპერტი ნიკა  ჩიტიძე მიიჩნევს, რომ ამერიკას სურს, გამოიყენოს სააკაშვილის ნიჭი და გამოცდილება და კარგია, რომ მისი ინტელექტი იქ მაინც ფასდება.

„არ მინდა, რადიკალური ვიყო, მაგრამ მრცხვენია, რაც აქ ხდება და ერთხელაც იქნება, სათქმელს ცოტა სხვანაირად ვიტყვი. მათ შორის, იმაზეც, თუ ვინ არიან საქართველოში გმირები და ვის სცემენ პატივს. წინა ხელისუფლების დროს ერთ-ერთი წარმატებული რეფორმა სწორედ საგანმანათლებლო სფეროში განხორციელდა. გადავედით ბოლონიურ სისტემაზე, მივიღეთ ახალი კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, დაინერგა ეროვნული გამოცდების ინსტიტუტი. ამიტომ, ცხადია, სააკაშვილი თავის გამოცდილებას უზიარებს ამერიკელ კოლეგებს. მით უმეტეს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგი სწავლობდა კოლუმბიის უნივერსიტეტში და მეტ-ნაკლებად იცნობს ამერიკულ საგანმანათლებლო სისტემას“, - აცხადებს ნიკა ჩიტიძე For.ge-სთან საუბარში.

შეკითხვაზე, როგორ მოახერხებს სააკაშვილი ნიუ-იორკის უნივერსიტეტისთვის ღირებული რამის შექმნას, მაშინ, როცა მის შესახებ საქართველოში ურთიერთგამომრიცხავი პოზიცია არსებობს და საზოგადოების უმეტესობა მის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი, ექსპერტი აცხადებს, რომ მოსახლეობის ნაწილმა უნდა გაიაზროს, ცხრა წლის განმავლობაში რა გაკეთდა ქვეყანაში.

მისი თქმით, დიდი ილია ამბობდა, „ერის გათახსირება და პირქვე დამხობა მაშინ იწყება, როცა ერი თავის ისტორიას ივიწყებს“. ამდენად, თუ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ავიწყდება, როგორი იყო საქართველო კომუნისტური მმართველობის ან შევარდნაძის პერიოდში, ეს პრობლემაა. ამას დრო სჭირდება და ორი-სამი წლის შემდეგ შესაბამისი ნიადაგი რომ მომწიფდება, ალბათ, შესაძლებელია, მიხეილ სააკაშვილის მშობლიურ მხარეში ჩამოსვლა და თავისი ქვეყნის მონახულება.

„დაბრუნდება თუ არა ის საქართველოში? - ჩემი აზრით, ჯერჯერობით, არ დაბრუნდება, რადგან მას აქვს კონკრეტული შეთავაზება ამერიკელი პარტნიორებისგან და მან საქმიანობა უნდა გააგრძელოს აშშ-ში. ძნელია თქმა, რამდენ ხანს დარჩება იგი უცხოეთში, მაგრამ ჯერჯერობით მისი საქართველოში დაბრუნების ნიადაგი არ არის მომწიფებული“, - ასეთია ნიკა  ჩიტიძის პოზიცია.

იგი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სააკაშვილი თავშესაფრის საძიებლადაა წასული, რადგან, მისი აზრით, სააკაშვილს თავშესაფრის მონახვა არ გაუჭირდება და ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა მას მიიღებს.