ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსი დაკავებულია

ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსი დაკავებულია

სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე და მისი ყოფილი მოადგილე კობა ხარშილაძე დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. საგამოძიებო ორგანოების მხრიდან განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობენ თბილისის მერიაში. გიგი უგულავა მოუწოდებს სახალხო დამცველს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ მონიტორინგი გაუწიონ ამ საქმეებს, რომ საგამოძიებო ორგანოების მხრიდან არ დარჩეს პასუხგაუცემელი შეკითხვები.

გამოძიებით დადგინდა, რომ ძველი თბილისის რაიონის გამგებლმა ლაშა ფურცხვანიძემ და მისმა მოადგილე კობა ხარშილაძემ 2007 წლის 01 მაისს ნაცნობების - მარინა მურცხვალაძის, მამუკა მურვანიძის, გელა ქავთარაძის და კობა ყორღანაშვილის მეშვეობით დააფუძნეს შპს „გრინსერვისი“, რომლის ფაქტობრივი მფლობელები და ხელმძღვანელებიც, მისი დაფუძნების დღიდან იყვნენ თვითონ.

ძველი თბილისის გამგეობის სატენდერო კომისიის წევრები ფურცხვანიძე და ხარშილაძე ტენდერს აცხადებდნენ სწორედ მათი დავალებითა და მათ მიერვე შედგენილი ხარჯთაღრიცხვებით, შპს „გრინსერვისი“ ინტერესთა კონფლიქტის ვითარებაში მონაწილეობას იღებდა და იმარჯვებდა ძველი თბილისის გამგეობის მიერ გამწვანებით სამუშაოებზე გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში, რომელიც ცხადდებოდა უშუალოდ იმ ოდენობისა და სახეობის ხე-მცენარეებზე, რომელიც წინასწარ შეძენილი ჰქონდა კომპანიას.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2010 წლის 16 ნოემბერს საზოგადოების რეალურმა დამფუძნებლებმა შეცვალეს საწარმოს ფიქტიური დამფუძნებლები და თანაბრად გაიყვეს ფირმის 100 პროცენტიანი წილი, მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტისათვის საწარმოს კაპიტალი შეადგენდა 1 381 487 ლარს, წილებზე საკუთრების მოპოვების კანონიერად წარმოჩენისათვის შეადგინეს წილის ნასყიდობის ხელშეკრულებები 100 პროცენტი წილის 400 ლარად შესყიდვის თაობაზე.

წილების ოფიცილურად გადაფორმების შემდეგ, 2011 წლის 10 თებერვალს, იმავე წლის 1 ნოემბერს და 2012 წლის 25 იანვარს ლაშა ფურცხვანაძემ და კობა ხარშილაძემ სამ ეტაპად განახორციელეს შპს „გრინსერვისის“ მეშვეობით უკანონოდ მიღებული შემოსავლებისთვის კანონიერი სახის მიცემა 1 927 237 ლარის დივიდენდად გატანის გზით.

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ ამ საკითხზე გამოძიება არ დაწყებულა ახალი ხელისუფლების პერიოდში. როგორც მერიაში განმარტავენ, თავის დროზე კომპანია „გრინსერვის“ -ის საქმიანობასთან დაკავშირებით მწვავე რეაქცია ჰქონდა თბილისის მერსაც, რომლის გადაწყვეტილებითაც 2012 წლის მაისში თბილისის მთავრობის სხდომაზე გაუქმებულ იქნა აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, ხოლო საქმის მასალები შემდგომი შესწავლისთვის საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა.
„საგამოძიებო სამსახურმა დააკავა პირები, რომლებიც ამ საქმეზე წელიწადნახევრის განმავლობაში არაერთხელ დაიკითხნენ, მათ არ უცდიათ გამოძიებისთვის ხელის შეშლა ან მიმალვა. შესაბამისად, 2007 წელს ჩადენილი დანაშაულის გამო მათი დღეს დაკავება გარკვეულ ეჭვსა და შეკითხვებს ბადებს. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ერთ-ერთი დაკავებული, კობა ხარშილაძე, პროკურატურას არაერთხელ დაკითხული ჰყავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე“, - განმარტავენ მერიაში.

გარდა ამისა, წინასაარჩევნო პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა ქვემო ქართლის ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურში თბილისის მერიის მაღალჩინოსნების - დავით ავალიანის, დავით ალავიძის, დიმიტრი ჩხაიძისა და ალექსი თაბუაშვილის დაკითხვა. გამოძიებამ კიდევ ერთხელ დააზუსტა მათი ჩვენებები. თავად დაკითხვიდან გამოსულებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი აბესაძის განცხადებით კი, მათი დაკითხვის მიზანი იყო ის, რომ ჩვენება მიეცათ თბილისის მერის, გიგი უგულავას წინააღმდეგ, რაც არ მოხდა.

„ეს ადამიანები ადრე უკვე იყვნენ დაკითხული, საქმე სასამართლოში გადასაცემად მზად არის, თუმცა დღევანდელი დაკითხვის ერთადერთი მიზანი და მოთხოვნა იყო, რომ მათ ჩვენება მიეცათ და ხელი დაედოთ ქალაქის მერზე გიგი უგულავაზე. მათ, რა თქმა უნდა, ვერ მიაღწიეს ამას და მიიღეს უარყოფითი პასუხი, რადგან ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია. ვნახოთ, დაველოდებით გამოძიების დასრულებას“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი თვლიან, რომ ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსის წინაშე წინა ხელისუფლების წარმომადგენლები დიდ ვალში იყვნენ.

„როდესაც „გრინ სერვისის“ საკითხი აქტუალური ხდებოდა, ჯერ კიდევ 4 წლის წინ, მე პირველსავე პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, რომ კომპანიის უკან მდგარი პირის, კობა ხარშილაძის მიმართ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები დიდ ვალში იყვნენ და მისი „გრინ სერვისის“ უკან დგომა მის დუმილს ემსახურებოდა. უკვე დიდი ხანია, ამ ადამიანის მიმართ ჩამოყალიბებული მაქვს აზრი, თუმცა არ ვიცი, კონკრეტულად რა მიზეზის გამო აიყვანა იგი პროკურატურამ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მერიის თანამშორმლების დაკავებას ეხმაურება რეჟისორი გოგა ხაინდრვა, რომლის განცხადებით მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი კობა ხარშილაძე პროკურატურას ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში აქამდეც უნდა დაეპატიმრებინათ, რადგან ის ჟვანიას დაცვის უფროსი იყო და ყოფილი პრემიერ-მინისტრის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრებოდა.

„ამ კაცმა ზურას ჯიბიდან გასაღები მოპარა და მისი ორივე სეიფი გაძარცვა. ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე არასწორი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობისთვის მან ყოფილი ხელისუფლებისგან სხვადასხვა პრივილეგიები მიიღო და მისი კარიერული წინსვლაც აღნიშნულ ფაქტს უკავშირდება. კობა ხარშილაძემ პრეზიდენტის ცოლთან ერთად გამწვანებაში უამრავი ფული იშოვა და ზურას მკვლელობის შემდეგ სულ რომ წინ და წინ მიდიოდა, ეს სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელია ამ მკვლელობის და მონაწილეც. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური მკვლელობა ჩაიდინეს სააკაშვილმა, უგულავამ, მერაბიშვილმა და ადეიშვილმა“, - აცხადებს ხაინდრავა.

მისივე თქმით, გამოძიება კობა ხარშილაძის დაპატიმრებით უნდა დაწყებულიყო. ის უნდა დაეპატიმრებინათ მაშინ, როდესაც ზურაბ ჟვანიას ცხედარი აღმოაჩინეს.

„ამდენი ხანი გარეთ იყო და მერიაში რომ წინდაწინ მიდიოდა, ეს არის საკვირველი, თორემ ის რომ დააპატიმრეს, ამაში გასაკვირი არაფერია. მკვლელობა თუნდაც იმიტომ იყო, რომ ღამის 00:00 საათზე გაზი გამოირთოო გამოაცხადეს და გაზით ვერანაირად ვერ მოიწამლებოდა, აგრეთვე რადგან გამათბობელი იყო სულ ახალი და წინა დღით იყო ჩაყენებული საერთოდ.

ამიტომ ეს ვერსია, რომელიც 9 წლის განმავლობაში მთელი სახელმწიფო მანქანიდან მოდიოდა, თავშივე იყო აბსოლუტურად უადგილო. რამდენადაც ვიცი, გამოძიება ძალიან აქტიურ და დამამთავრებელ ფაზაშია შესული, საქმე მალე დაიხურება და საზოგადოება გაიგებს სიმართლეს“, - აცხადებს გოგა ხაიდრავა.