რა კავშირი აქვს მერაბიშვილის განცხადებას ჟვანიას საქმის გამოძიებასთან?

რა კავშირი აქვს მერაბიშვილის განცხადებას ჟვანიას საქმის გამოძიებასთან?

გენერალური პროკურატურა კატეგორიულად უარყოფს ვანო მერაბიშვილზე ზეწოლის ფაქტს. პროკურატურა ხაზგასმით აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მერაბიშვილის ბრალდების სასამართლო პროცესი დასკვნით ფაზაში გადავიდა, ბრალდებულების და მათი გულშემატკივრების მხრიდან სხვადასხვა ქმედებები ხორციელდება, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროცესის მონაწილეებზე ზეწოლის განხორციელებას.

როგორც პროკურატუარაში განმარტავენ, ასეთ ქმედებას ადგილი ჰქონდა ივანე მერაბიშვილის წინა სასამართლო პროცესზეც, რომლის დროსაც ბრალდების მხარის მოწმის სულამანიძის დაკითხვისას, ამ უკანასკნელის მიმართ განხორციელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება.

„პროცესის შემდგომ ბრალდებულები და დაცვის მხარე რამოდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ შეცდომაში შეეყვანათ, თითქოსდა სულამანიძეს არ მიუცია სასამართლოზე მერაბიშვილის დანაშაულში მამხილებელი ჩვენება, რაც არ შეესაბამება რეალობას და სრულად დაფიქსირებულია სასამართლო სხდომის ოქმში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბრალდებულმა ვანო მერაბიშვილმა ქუთაისში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა.

„პარასკევს, გვიან ღამით, შაბათს დილას 2-ის ნახევარზე გამომიყვანეს ციხიდან, ჩამსვეს მანქანაში თავზე გადამახურეს ჩემივე მოსაცმელი და წამიყვანეს ჩემი ვარაუდით სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. იმ კაბინეტში დამხვდა ორი ადამიანი. პირადად მთავარი პროკურორი ფარცხალაძე დამემუქრა, რომ თუ „ვითანამშრომლებდი“ ზურაბ ჟვანიას საქმეზე და ასევე მივაწვდიდი ინფორმაციას სააკაშვილის „ნაშოვნი ფულის“ ადგილსამყოფელზე, მაშინ მომცემდა შანსს ქვეყნიდან გასვლის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხეში გამიუარესდებოდა პირობები და ჩემს პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ მეგობრებსაც დაიჭერდნენ.

მთავარმა პროკურორმა მკაფიოდ ამიღწერა როგორ ტირის დედაჩემი ყოველ დღე, როგორ უჭირს ჩემს ოჯახს. პროკურორმა მითხრა, რომ სანამ ღარიბაშვილის მთავრობა ხელისუფლებაში იქნება და ღარიბაშვილი დიდხანს აპირებს ხელისუფლებაში ყოფნას, მე ციხიდან ვერ გავალ“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

ამ განცხადების შემდეგ მერაბიშვილმა ნახევარსაათიანი შესვენების შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს. მოსამართლემ მერაბიშვილის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მას 15 წუთიანი შესვენება მისცა. შესვენების დასრულების შემდეგ მერაბიშვილმა კიდევ ერთი შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს და მოითხოვა მისი ადვოკატების აცილება. შესაბამისად, ისინი მერაბიშვილის ინტერესებს არ დაიცავენ. დღეიდან ბრალდებული მერაბიშვილის ინტერესებს სასამართლოზე სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი დაიცავს.

დაცვის მხარე მოითხოვს მატროსოვის ციხეზე არსებულ იმ სათვალთვალო კამერების გადმოცემას, რომელსაც წესით უნდა ჰქონდეს დაფიქსირებული მერაბიშვილის გადაადგილება. ადვოკატმა დავით ხაჟალიამ ამ მოთხოვნით უკვე მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და საქმეზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.

„10 დღის ვადაში ველოდები პასუხს. მერაბიშვილის უსაფრთხოებიდან და იმ კანონდარღვევებიდან გამომდინარე, რაც მის განცხადებაშია აღნიშნული, მოვითხოვეთ ციხეში დამონტაჟებული კამერების ჩაწერილი მასალის უწყვეტი რეჟიმი - 10 დეკემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით. ვანო მერაბიშვილის საკანშიც და N9 დაწესებულების დერეფნებშიც მოთავსებულია სათვალთვალო კამერები, რაზეც ხდება ნებისმიერი მოძრაობის და გადაადგილების დაფიქსირება. ჩვენ ვითხოვთ უწყვეტი ჩანაწერების გადმოცემას“, - აცხადებს დავით ხაჟალია.

სასჯელაღსრულების სამინისტროში არ აკონკრეტებენ, გადაიყვანეს თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი საკნიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. იმ შემთხვევაში თუ ამ საკითხთან დაკავშირებით დაიწყება გამოძიება, სამინისტრო მზად არის, ყველა კითხვას გასცეს პასუხი და ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

„ბატონი ვანოს განცხადება უცნაური ჟღერადობის და არადამაჯერებელია. ის ამბობს, რომ ემუქრებიან პირობების გაუარესებით. ამას ამბობს ადამიანი, რომლის მდგომარეობას ციხეში რეგულარულ მონიტორინგს უტარებენ, როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე სახალხო დამცველი, ევროპარლამენტარები, ევროპის სახალხო პარტია და ასე შემდეგ. ამდენად, ეს არის აბსურდი“, - განაცხადა ირაკლი კორძაიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას, ხოლო გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდეს მთავარ პროკურორ ფარცხალაძეს და სასჯელაღსრულების მინისტრს სუბარს. გარდა ამისა, რაც ყველაზე საინტერესოა „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს, რომ გასაჯაროვდეს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ყველა ძველი და შესაძლო ახალი გარემოება. 

„არ გამოვრიცხავ, რომ იგივე ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი კობა ხარშილაძე ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით იყოს დაკავებული. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომელსაც აქვს დღეს ადგილი, ჩვენ ცხადად ვხედავთ, რომ სრულიად შესაძლებელია ეს დაკავებაც დაკავშირებული იყოს ამ საქმესთან. ხელისუფლებამ მრავალჯერ გამოიყენა პოლიტიკური მიზნით ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებები, ეს მოხდა ამ არჩევნების წინაც. არ არის გამორიცხული კიდევ სხვა ადამიანებიც დააკავონ, რომ როგორმე მოხდეს ზურაბ ჟვანიას საქმის ფაბრიკაცია“, - აცხადებს უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური.

მთავარ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ ყოფილი-პრემიერის გარდაცავების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები აქტიურ ფაზაშია შესული. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ამ ბოლო დროს გახშირდა სპეკულირების ფაქტები სხვადასხვა პირების მხრიდან ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას საქმეზე, რასაც მთავარი პროკურატურა ამ საქმეზე საგამოძიებო ქმედებების გააქტიურებას უკავშირებს.

„არანაირი ნდობა არ არსებობს იმ პირისა, რომელიც მაფიოზურ გარჩევებში მონაწილეობს, ოპოზიციის ლიდერს მძევლად აქცევს და მის დაშინებას ცდილობს. მან საერთოდ რა უნდა გამოიძიოს, არ მესმის. ეს არის პოლიტიკური დევნის ახალი ეტაპი, რომელიც აქამდე გაუგონარი და სკანდალური ფორმებით გამოირჩევა.

ეს არის ოპოზიციის ლიდერის ციხიდან მძევლად წაყვანა მაფიოზურ-ძველბიჭურ-კრიმინალურ გარჩევაზე, იქ აშკარა მუქარა და რაღაც აბსურდული გარიგების შეთავაზება. ნორმალურ ქვეყანაში, ასეთ დროს, პირველ რიგში, კმაყოფილდება ადვოკატების მოთხოვნა, რომ სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები მისცენ და ვნახოთ, რა მოხდა“, - აცხადებს გიგა ბოკერია, რომელიც თვლის, რომ მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ყოფილ პრემიერს ულტიმატუმი წაუყენა და ეს საქმე საპარლამენტო კომისიამ უნდა გამოიძიოს.

ფაქტს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ მერაბიშვილის მიერ სასამართლოში გაკეთებული განცხადება ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა იყოს. 

„მერაბიშვილის განცხადება არასერიოზულია და ახალი ხელისუფლება მსგავსი მეთოდებით არ მუშაობს. არსებობს მთელი რიგი პროცედურები და ამას გამომძიებლები გამოიძიებენ. ამ საქმეში ჩემზე უკეთესი რესპონდენტები ფსიქოლოგები და ფსიქოანალიტიკოსები არიან და ისინი გააკეთებენ კომპეტენტურ კომენტარს.

შესაძლოა, ეს იყოს ახალი პროკურორის დისკრედიტაციის მცდელობა, ან მერაბიშვილის გადაჭარბებული შიში. მე მოვისმინე, რომ დააკავეს ძველი თბილისის გამგეობის თამაშრომელი, რომელიც წარსულში იყო ჟვანიას მძღოლი, თუ პირადი დაცვა. და მეორე, – მერაბიშვილი ცდილობს, დააშანტაჟოს მისი ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი. მერაბიშვილმა საყურადღებო აქცენტები გააკეთა ზურაბ ჟვანიას ბუნდოვანებით მოცულ გარდაცვალებასთან და სააკაშვილის ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

იუსტიციის მინისტრი მიიჩნევს, რომ მერაბიშვილის დღევანდელ განცხადებას სერიოზული პასუხი უნდა გაეცეს.

„ძალიან მიკვირს, წარმოუდგენელიც კი მგონია, რომ ამგვარი რამე მომხდარიყო, თუნდაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, სადაც თვისობრივად სხვა მეთოდებით მუშაობენ და მითუმეტეს მთავარ პროკურორს გამოეყენებინა ამგვარი მეთოდი. მე ეს მიმაჩნია გამორიცხულად. რაკი ეს განცხადება გაკეთდა ამას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ და არ უნდა მოვეკიდოთ ისე, როგორც წინა ხელისუფლება აკეთებდა - ყოველგავრი სერიოზული მიდგომის გარეშე, როდესაც ამბობდა, რომ ყველა დანარჩენი იტყუებოდა მის გარდა.

მე ამას ასე არ ვუყურებ. რაკი სასამართლო სხდომაზე ეს განცხადება გააკეთდა, შესაბამისმა უწყებებმა შესაბამისი განცხადებები უნდა გააკეთონ. სერიოზულობით უნდა მოეკიდნონ ამ განცხადებას და გასცენ დასაბუთებული და სერიოზული პასუხი. არც იმას გამოვრიცხავთ, ვანო მერაბიშვილმა ვერ გაითავისა, რომ ხელისუფლება შეიცვალა და სხვა მეთოდებით მოქმედებს“, - თეა წულუკიანმა.