ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყების ინიციატივით გამოვიდა, რომელსაც უფრო ულტიმატუმის სახე ჰქონდა. მან დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მთელი ტერიტორიიდან უკრაინის ჯარები გაყვანა და NATO-ში უკრაინის გაწევრიანებაზე უარის თქმა მოითხოვა, რაც რუსულ ნაციზმად შეაფასეს უკრაინაში, ხოლო თავად პუტინი ჰიტლერს შეადარეს.
პუტინს პასუხი გასცეს ამერიკიდან, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა პუტინს მიუთითა, რომ რუსეთი ვერ დააწესებს პირობებს, რადგან რუსული ჯარები შეიჭრნენ უკრაინის ტერიტორიაზე.
სანამ დასავლეთიდან პუტინს ამუნათებდნენ, ამ უკანასკნელმა ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩემ ინთან ხელი მოაწერა შეთანხმებას „აგრესიის შემთხვევაში ურთიერთდახმარების შესახებ“, რამაც ახალი თავსატეხი გაუჩინა როგორც უკრაინის მხარდამჭერებს, ისე ჩინეთსაც, რამეთუ მოვლენების გამწვავება რეგიონში აშშ-ს გაძლიერებას მოასწავებს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთ კორეის მხარდაჭერა რუსეთისადმი, დასავლელი და აღმოსავლეთ აზიის მოკავშირეების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას გააძლიერებს.
რამდენიმე დღის წინ, იტალიის პარლამენტში კონფერენცია გაიმართა, სადაც დასავლეთს რუსეთთან დიალოგისკენ მოუწოდეს. იტალიელები თვლიან, რომ ქაოსურ გლობალურ პოლიტიკაში მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა შეუძლებელია რუსეთის გარეშე.
გარდა ამისა, ისიც აღინიშნა, რომ რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან შუამავლების დახმარებით უნდა მივიდნენ. ამის გაკეთებას კი უკვე ცდილობენ საუდის არაბეთი და სხვა ქვეყანები, თუმცა მათი აზრით, მეტი ეფექტურობისთვის, უმჯობესია, ეს ევროპამ გააკეთოს.
კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯეფრი საქსი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა არ უნდა მიიღოს პუტინის პირობები, მაგრამ მზად უნდა იყოს მოლაპარაკებებისთვის, მით უმეტეს, რომ, მისი თქმით, „NATO-ს გაფართოება შეიძლება დასავლეთის მხრიდან დაშვებული შეცდომა იყო და უფრო გონივრული იქნება, თუ ზოგიერთ ქვეყანას ნეიტრალიტეტი შეუნარჩუნდება“.
ასე თუ ისე, ყველაფერს აქვს დასასრული და ეს ომიც თავის ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეს და როგორი იქნება ეს დასასრული, ორმაგად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ბევრი თვლის, რომ საქართველოს ბედი, დიდწილად, უკრაინის ბედზეა გადაჯაჭვული და for.ge სწორედ, ამ თემების ირგვლივ ესაუბრა ისტორიკოს სოსო მანჯავიძეს.
როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ საქართველოში ხალხმრავალი აქციები იმართებოდა, ხელისუფლებამ ვერაფრით ვერ დაითანხმა აქციის ორგანიზატორი არასამთავრობოები, ოპოზიციის ლიდერები და თავად დასავლეთიდან „ჭკუის მასწავლებლები“, რომ კანონის განხილვაში შევსულიყავით, რათა საზოგადოებას გაეგო, რატომ იყო კანონი „რუსული“. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმაც კი გაგვაოცა თავისი „მჭერმეტყველებით“, როდესაც დეპუტატეტბი კითხვას სვამდნენ, რატომ ეწინააღმდეგებოდა პრეზიდენტი კანონს, პასუხი იყო მოკლე და ამომწურავი - „იმიტომ“. როგორც ჩანს, არ გვიყვარს ჩვენ სიღრმეებში შესვლა და ფაქტებზე ყოველთვის ან აღქმებით ვრეაგირებთ ან ანალიზს გავურბივართ, რომ განზრახულობა მივჩქმალოთ. ასე დავიყვანეთ ჩვენს ირგვლივ მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები ერთ უბადრუკ კანონამდე. თუმცა, სანამ თემას გავშლით, პირველ კითხვაზე მაინტერესებს თქვენი პასუხი - როგორ შეიძლება ომის მონაწილე მხარეები მოლაპარაკებების პროცესამდე მივიდნენ, რა შეიძლება იყოს მისაღები და რაზე უნდა დათანხმდეს ერთი ან მეორე მხარე?
- იმ ინერციიდან გამომდინარე, რასაც ვხედავთ, ჯერჯერობით, არანაირი კომპრომისის საშუალება არ არსებობს. ბევრი ამბობდა, თითქოს ეს ყველაფერი სცენარია და მალე დაიწყებოდა მოლაპარაკება, მაგრამ ეს ტყუილია. რა თქმა უნდა, მხარეები ითვალისწინებენ გარკვეულ დონემდე ესკალაციის საფრთხეებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არიან შეთანხმებულები. ეს არის ე.წ. ომის მორევი, რომელიც სულ უფრო და უფრო იხვევს ახალ და ახალ სეგმენტებს თავის ბრუნვაში. აი, უკვე მოვესწარით იმასაც, რომ მიმდინარეობს ღია საუბარი ატომურ ესკალაციაზე. ამას ლაპარაკობენ პირველი პირები და მარტო კი არ ლაპარაკობენ, არამედ მოქმედება მიმდინარეობს. კერძოდ, ჩვენ ვხედავთ, რომ მესამე სტადია უნდა დაიწოს ტაქტიკური იარაღის გამოყენებით, ბელარუსში ვარჯიშები მიმდინარეობს; სტოლტენბერგმა გააკეთა განცხადება, რომ მზადყოფნაში უნდა მოიყვანონ თავიანთი ატომური იარაღი. შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს განხილვა, რომ პროგრამა მოძველებულია და სტრატეგიული დანიშნულების რაკეტები ახლით უნდა შეცვალონ, რაც წამოუდგენელ ხარჯებთან არის დაკავშირებული - დაახლოებით ერთი ტრილიონი სჭირდება ამ სტრატეგიული რაკეტების პაკეტების განახლებას...
ფიქრობთ, რომ დასავლეთი წამსვლელია ბირთვულ აფეთქებაზე?
- დასავლეთზე როცა ვსაუბრობთ, დასავლეთი ვინ არის? ეს არის ის „ომის პარტია“, როგორც აქ ეძახიან და მას წარმოადგენენ ე.წ. ნეოკონსერვატორები და კიდევ რამდენიმე, არანაკლებ გავლენიანი სხვა ჯგუფები, რომლებსაც უკავიათ სრულიად შეურიგებელი პოზიცია. ესენი არიან ნულანდი, მისი მეუღლე კოგანი, , ბუშები... მათი პოზიცია სრულიად გასაგებია - მათი გათვლებით, საჭიროა ამერიკის დომინირებისთვის ყველაფერი გაკეთდეს, ანუ შეერთებულ შტატებს შეეძლოს სამ სხვადასხვა თეატრზე აწარმოოს ომი, რომ ჰქონდეს უპირატესობა. ის უზარმაზარი უწყებები, როგორიცაა მაგალითად, CIA (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო), პენტაგონი, სახელმწიფო დეპარტამენტი, უზარმაზარი დაფინანსებით და გავლენებით მოქმედებენ არაინტეგრირებულად ამერიკის სახელმწიფო ინტერესებთან მიმართებაში. ასე ვთქვათ, თავის თავზე მუშაობენ, განსაკუთრებით პენტაგონი, რომელიც შეერთებული შტატების სამხედრო სამრეწველო კომპელქსია უზარმაზარი ლობით. ის აფინანსებს ძალიან ბევრ კონგრესმენს, სენატორს, პრესას და ა.შ. მთელი სისტემაა შექმნილი, რომელიც მუშაობს ამ ომზე. ნეოკონსერვატორები ამ ინტერესების გამტარები არიან, თუმცა არა მარტო ისინი, იქ არის ტრანსნაციონალური კორპორაციები, მაგალითად „ბლექროკი“, რომელსაც ტრილიონიანი აქტივები აქვს. ბუნებრივია, როდესაც ასეთი დიდი სისტემაა, ის მუშაობს როგორც ერთიანი ორგანიზმი და თავისი ინტერესებით მუშაობს ყოველგვარი მორალის გარეშე - მხოლოდ შედეგებზე.
ამ რანგის მოთამაშეების მიზანი გასაგებია, მაგრამ ომში როდესაც ერთი იმარჯვებს, მეორე მარცხდება და ინგრევა. ისიც გასაგებია, რომ ნგრევაში რუსეთი მოიაზრება, მაგრამ რა დონეზე უნდა დაინგრეს რუსეთი, რომ ამერიკამ თავი გამარჯვებულად ჩათვალოს?
- ბოლომდე, რუსეთის დაყოფამდე.
ანუ, უნდა დაიშალოს ისე, როგორც მას ევროპაში ინტეგრირების სანაცვლოდ სთავაზობდნენ?
- დიახ, რუსეთი უნდათ დაშალონ. ელცინს სთავაზობდნენ რუსეთის ერთიან სისტემაში ნაწილ-ნაწილ ინტეგრირებას. ახლა უკრაინა, კავკასია და ბელარუსი არის პირდაპირ ფრონტის ხაზი, ვინაიდან როგორც ზბიგნევ ბჟეზინსკი ამბობდა, რუსეთი უკრანის გარეშე მხოლოდ რეგიონალურ სახელმწიფოდ რჩება, ხოლო უკრაინასთან ერთად ის არის ზესახელმწიფო. აქ იგულისხმება როგორც ადამიანური რესურსები, ისე ბუნებრივი რესურსები, ტერიტორიული განლაგება, ზღვასთან გასასვლელები და ა.შ. ეს ყველაფერი ითვლება და ამის საფუძველზე არსებობს სიმძლავრის ინდიკატორები. ამერიკლებისთვის ყველაზე ცუდი კოშმარი იქნება, თუ ეს სამი სლავიანური ქვეყანა (რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა) თავის გავლენას და ტერიტორიულ სიმძლავრეს განავრცობს სხვა ქვეყნებზე, რითაც ქმნის გავლენის ზონებს. თუ შედგება ეს მძლავრი გაერთიანება, ამ შემთხვევაში ევროპას არგუმენტები არ ექნება და გაერთიანდება ევრაზიული (დავარქვათ რუსული) რესურსები და გერმანული ტექნოლოგიები. ამას ამბობდა ბისმარკიც, რომ ანგლოსაქსების ბოლო ჟამი მაშინ დადგება, როცა გაერთიანდება გერმანიის ტექნოლოგიები და რუსული რესურსები. აქედან გამომდინარე, ეს არის ბრძოლა. აქ ჩვენ უნდა განვიხილოთ ეს ბრძოლა ობიექტურად, როგორც ორმხრივი მოძრაობის ქუჩა და არა ისე, რომ რომელიმე მხარეს დავუდგეთ და ვთქვათ, რომ ეს ბოროტია, ის კეთილია და ა.შ.
თუმცა, ანგლოსაქსებისგან განსხვავებით, რუსეთისთვის ეს ომი ეგზისტენციალურია.
- კი ასეა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია ანგლოსაქსური განწყობისთვის, რომელიც განსაკუთრებულობისა და ჰეგემონობისკენ არის მიმართული. ტერმინიც არსებობს -„ამერიკული განსაკუთრებულობა“, რაც ნიშნავს, რომ მათ უნდა აკონტროლონ დედამიწა, ვინაიდან ჰგონიათ, რომ სხვებთან შედარებით აქვთ მორალური უპირატესობა. მათ ამ მორალურ უპირატესობას თავისი ისტორიული და ფსიქოლოგიური მიზეზები აქვს, რაზე საუბარიც შორს წაგვიყვანს, მაგრამ ინგლისიდან შეერთებულ შტატებში გადასახლებული პროტესტანტებს პურიტანული ფსიქოლოგია ჰქონდათ ჩამოყალიბებული, რომ ისინი ახალი ისრაელის ასაშენებლად მიდიოდნენ და მათი ამერიკაში წასვლა იგივე იყო, რაც, დავუშვათ, ებრაელების შესვლა ქანაანში. მიაჩნდათ, რომ ეს იყო მათი ღმერთისგან მონიჭებული უფლებები და, სხვათა შორის, დღესაც ამ იდეით ცხოვრობენ. როდესაც პროტესტანტი ამერიკისკენ მიემართებოდნენ, მსჯელობდნენ, როგორ ააშენებდნენ ქვეყანას და ბრწყინვალე სასახლეს გორაკზე, რომელიც იქნებოდა მთელი მსოფლიოსთვის მაგალითი. მათ დღესაც იგივე ფსიქოლოგია აქვთ, ოღონდ რელიგიური შინაარსის გარეშე. თუმცა, ამერიკული წარმატების იდეა დარჩათ, რაც სინამდვილეში გულისხმობდა სულ სხვა რამეს - ცხონება შეეძლო იმას, ვინც დაამტკიცებდა, რომ ღმერთის რჩეულია, ღმერთმა კი წინასწარ განსზღვრა, ვინ რჩეულია და ვინ არა და ეს ადამიანმა უნდა დაამტკიცოს თავისი უნაკლო ცხოვრებით. სამწუხაროდ საწყალმა ინდიელებმა არ იცოდნენ, რომ რჩეულები არ იყვნენ და რომ მათ ტერიტორიაზე ბრწყინვალე სასახლის აგებას აპირებდნენ.
თავის დროზე ისინი ამ დომინანტობას ახერხებდნენ, მაგრამ დღეს, როცა უკვე შეიცვალა სიტუაცია, აქ მარტო ამერიკა აღარ არის, იქ არიან სხვა ქვეყნებიც უზარმაზარ რესურსებით, იგივე ჩინეთი, ინდოეთი, ირანი, იგივე ბრიკსის ქვეყნები, სადაც რუსეთიც შედის. ასე რომ, რუსეთის განადგურება რამდენად მოუტანს ამ ქვეყნებს სარგებელს, ანუ, მათთვის რამდენად მისაღებია ამ უზარმაზარი ქვეყნის დანგრევა?
- საქმეც ესაა, მანდ ვინმეს ვინმე კი არ უყვარს, მათ ესმით, რომ ძალთა ბალანსში რომელიმე დამბალანსებელი ძალის გამოკლება გამოიწვევს მეორე ქვეყნის გაძლიერებას. საქმე ისაა, რომ ამერიკელებს და სხვათა შორის ბრიტანელებსაც (თუმცა ბრიტანელებს ნაკლებად), არ ახსოვთ ძლიერი ჩინეთი. მათთვის ჩინეთი იყო სუსტი სახელმწიფო, რომელიც გაანადგურეს ოპიუმის ცნობილი სპეცოპერაციებით და არა მარტო ამით. ამის შემდეგ იქ საოცარი მოვლენები მოხდა. ჩინეთი, ფაქტობრივად, დაშლის პირას მყოფი სახელმწიფო იყო, რომელიც აჯანყებებით, სამოქალაქო თუ საგარეო ომებით, იმპერიის გაუქმებით, უპრეცენდენტო ნგრევით და მსხვერპლით უაღრესად ღატაკი სახელმწიფო იყო, ძალიან მძიმე სოციალური ფონით. ტექნოლოგიებზე ხომ აღარც არის ლაპარაკი. მოკლედ, ჩინეთს კონკურენტად ვერ აღიქვამდნენ. ამიტომ ჰენრი კისინჯერის სტრატეგიის საფუძველზე დაისახეს გეოპოლიტიკური ამოცანა ე.წ. სამკუთხედის დიპლომატია, რომ გაეძლიერებინათ ჩინეთი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. სხვათა შორის, კისინჯერი წარმოადგენდა ძალიან დიდ კლანებს, მაგალითად, როკფელერების კლანს, რომელიც ზოგიერთს რომ ლეგენდა ჰგონია, სინამდვილეში უსერიოზულესი ოჯახია, უზარმაზარი კაპიტალით. მათი ეს მიზანი განხორციელდა და ჩინეთმა დაიწყო განვითარება, დაიდო ხელშეკრულებები ამერიკასთან, ჯერ კლინტონის ადმინისტრაციის დროს, შემდეგ 2000 წელს დაიდო სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება - დემოკრატები დებდნენ ხელშეკრულებებს, მაგრამ აღარ გაგრძელდა ტრამპის დროს და მერე არც ბაიდენის დროს, რადგან ამასობაში ჩინეთი გადაიქცა უძლიერეს სახელმწიფოდ თავისი ისტორიული ამბიციებთ. და ჰოი, საოცრებავ, ამერიკელების წინაშე აღმოცენდა ჩინური კოლოსი, მსოფლიოს სამჭედლო უზარმაზარი ეკონომიური სიძლიერით.
რაც შეეხება რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობას, საბჭოთა კავშირის დროს, საბჭოეთი უფროსი ძმის როლს ასრულებდა, მაგრამ ახლა როლები შეიცვალა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი ჩინეთთან პირდაპირ დამოკიდებულებაში გვარდება. ლეგენდები იმის შესახებ, რომ ჩინეთი რუსეთში ციმბირს ასახლებს და ა.შ. აბსოლუტური სისულელეა. ჩინელები ძალიან კომფორმისტული ხალხია. რუსეთის ტერიტორების მოსაზღვრე ჩინეთის პროვინციები ძალიან დეპრესიულია და იქიდან პირიქით, უკან, ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მიდის ხალხი. მართალია, რუსეთიდან რესურსები გადის, თუმცა იქ რესურსები იმდენია, რომ დიდად არ ეტყობა.
მსოფლიო პოლიტიკის და ეკონომიკის ცენტრი ინაცვლებს აღმოსავლეთ აზიაში. ეს ქვეყნებია ჩინეთი, ინდოეთი, ვიეტნამი, მალაიზია, ინდონეზია... ამ რეგიონი სასიცოცხლოა აშშ-სთვის აქ წარმოდგენილი. ვიდრე უკრაინის კრიზისი დაიწყებოდა, ვამბობდი, რომ სამგან იქნებოდა უდიდესი დაძაბულობა. ეს არის აღმოსავლეთ ევროპა, რომელშიც რუსეთის გაბატონებას არანაირად არ დაუშვებენ. ახლო აღმოსავლეთი, სადაც მთავარი სამიზნე არის ირანი. აღმოსავლეთ აზია- ახლახან ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აქიქმნება ახალი ნატო.
ამერიკელმა ეკონომისტმა, ჯიმ ო'ნილმა იწინასწარმეტყველა, რომ მზარდი ეკონომიკის ქვეყნები - ჩვენს შემთხვევაში ასეთია „ბრიკსი“ (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), გლობალურ ეკონომიკურ ძალად ჩამოყალიბდებოდნენ და უკვე ვხედავთ, რომ „ბრიკსმა“ ეკონომიკის ზომით უკვე გადაუსწრო „დიდ შვიდეულს“.
„ბრიკსი“-ს ქვეყნებმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ალტერნატივად შექმნეს „ბრიკსის ბანკი“ და აპირებენ საერთო ვალუტის შექმნას, რომ ამერიკულ დოლარს გაუწიონ კონკურენცია. შარშანდელი მონაცებებით, თუ არ ვცდები, ოფიციალურად, 23 ქვეყანას ჰქონდა გამოთქმული ბლოკში გაერთიანების სურვილი, მათ შორის ირანს, საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს და ყაზახეთს. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, ამერიკული გავლენის შესუსტებას ნიშნავს, მაგრამ რა მოუვა თავად დოლარს, რომელზეც დგას ამერიკის ეკონომიკა? ასე რომ, ამერიკის ჰეგემონობისთვის სწრაფვასაც აქვს თავისი ობიექტური მიზეზები...
- ამერიკის ეკონომიკის ბალიშს წარმოადგენს დოლარი და მისით ინარჩუნებს სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიმძლავრეს. დოლარი, ჯერჯერობით, არის მთავარი სარეზერვო ვალუტა და ხდება მისი გამოყენება პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მიზნებით. ამავე დროს, დოლარი უზრუნველყოფილია მსოფლიო საფინანსო სისტემის უწყვეტობით და ადამიანების ნდობით და ინერციით, რომელიც ყველაზე დიდი ძალაა. წარმოვიდგინოთ, ეს ინერცია შეჩერდა, რაღაც პოლიტიკური, ან სამხედრო, ან სტიქიური, ან სხვა მოვლენა ჩაერთო ამაში და დაირღვა ეს უწყვეტობა, დავუშვათ, დაიწყო ინფრასტრუქტურული ომი, მაგალითად, დააზიანონ ტრანსატლანტიკური საკომუნიკაციო კაბელები, გამოიყვანონ მწყობრიდან თანამგზავრები . ანუ, ატომური იარაღის გარდა, არსებობს კიდევ უფრო დამანგრეველი საშუალებები, რაც გლობალური უსაფრთხოების სიტემის საბოლოო ჩამოქცევის შემთხვევაში სრულიად რეალური გახდება. ყველაფერი მოსალოდნელი იქნება, თუ ერთ-ერთი მხარე დაინახავს, რომ აგებს. შტატებისთვის ეს შეიძლება ეგზისტენციალური საფრთხე არ იყოს, რადგან მის ტერიტორიაზე არაფერი ხდება, პირიქით, მოგებაც ნახეს - გაზის, იარაღის ექსპორტი მატულობს, ეკონომიკა უფრო სარგებელს ნახულობს, მაგრამ რუსეთისთვის ან ჩინეთისთვის ეს არის ეგზისტენციალური საკითხები, მათ არსებობას ემუქრება საფრთხე. ამერიკელები ომს წააგებენ თუ არა, ეს მათ პოლიტიკურად ნაკლებდ შეეხება. ისედაც სულ არ აგებენ?! ვიეტნამში წააგეს, მაგრამ ვითომც არაფერი; ავღანეთიდან გამოიქცნენ, მაგრამ ვითომც არაფერი. ეს მათთვის აღარ არის ეგზისტენციალური, რადგან მათი პოლიტიკური სისტემა სხვანაირად არის მოწობილი. თუმცა, ჩვენ ვხედავთ ამ პოლიტიკური სისტემის საშინელ კრიზისს.
დასავლეთი ამბობს, რომ არ დაუშვებს რუსეთის გამარჯვებას, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოიყენებენ ყველა პოტენციალს, თუმცა რუსეთის დამარცხების შემდეგ რა ხდება? განსაკუთრებით ჩინეთის პოზიციაა საინტერესო...
- რუსეთი თუ დამარცხებისკენ წავიდა, ის გამოიყენებს ჯერ ტაქტიკურ,, შემდეგ სტრატეგიულ ატომურ იარაღს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბლეფია, ასე არაა - გამოიყენებენ. უბედურებაც ეს არის, რომ ფაქტობრივად, „რუსულ რულეტკას“ ეთამაშებიან მთელ კაცობრიობას. . ჩვენ ხომ გაცილებით უკეთესად ვიცით რუსეთის ფსიქოლოგია, რადგან ერთ სახელმწიფოში გვიცხოვრია. აქედან გამომდინარე, ვამბობ, რომ აუცილებლად გამოიყენებენ. ის კი არადა აქამადე რომ არ გამოიყენეს, ესეც ძალიან მიკვირს. ახლა აქვთ, 6 ათასი ატომური ქობინი, რადგან თავის დროზე, ხელშკრულების საფუძველზე შეამცირეს, მაგრამ ძალიან სწრაფად შეუძლიათ ეს 6ნათასი გახადონ 24 ათასი. ეს ჩვენ გვესმის, მაგრამ იმ ადამიანებს, ვინც დღეს არიან ხელისუფლებაში, ჰგონიათ, რომ იმ ესკალაციის შედეგად რუსები გამოიყენებენ ატომურ იარაღს მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპაში და დაბომბავენ იმ ბაზებს, რომელიც იქ არის - პოლონეთში, რუმინეთში. მერე ესენი დაგმობენ და ჰგონიათ, რომ ეს რაღაც ეფექტის მატარებელი იქნება. ეს ადამიანები, ძირითადად, პიარში ცხოვრობენ, ეს არის უბედურება. ანუ, სოციალურმა ქსელებმა და პიარის განუწყვეტელმა მუშაობამ ასეთი ფსიქოლოგიის ადამიანები მოიყვანა ხელისუფლებებში. ვისაც ჰგონია, რომ დასავლეთის ქვეყნების სათავეებში ჭკვიანები არიან, ძალიან ცდება. იცით, რომ ახლა მთელი ელიტა ბუნკერებს აშენებს შტატებში? კატასტროფის წინაშე ვდგავართ და წარმოიდგინეთ, ბუნკერებს აშენებენ. ვისაც არ უნახავს ვეტყვი, რომ ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ფილმ „don't look up“ – „არ აიხედო ზემოთ“. სიუჟეტს, ამ ფილმში ნათლად არის ამ პოლიტიკური ელიტის სახე ასახული. ვინმეს მოსწონს თუ არა, ამის მიუხედავად, ამ შემთხვევაში, სი ძინპინი არის პუტინის შემაკავებელი ფაქტორი და კიდევ ერთი ბირთვული სახელმწიფო ინდოეთი, რომელიც კატეგორიულად აფრთხილებს პუტინს, რომ არ გამოიყენოს ატომური იარაღი. უნდა გვესმოდეს, აქ მარტო რუსეთი კი არ არის, ყველას ესმის, ინდოელებს, ჩინელებს, რომ ეს იქნება უდიდესი კატასტროფა.
ყველაფრის მიუხედავად, რუსეთს შერჩეს, რაც უკრაინაში ჩაიდინა, ესეც უსამართლობაა და ამიტომ - რა გააჩერებს პუტინს?
- საქმეც მაგაშია, რა გაააჩერებს? ან რა გააჩერებს ბაიდენის ადმინისტრაციას? - არაფერი. ისინი, ამავდროულად, ჩინეთსაც ატერორებენ. ბლინკენი ჩავიდა და ჭკუის დარიგება დაუწყო სი ძინპინს. ჩინეთს ელაპარაკებიან ქედმაღლურად, ისევე როგორც რუსეთს, როგორც ყველას - ჭკუას არიგებენ. ენტონი ბლინკენმა ჩინელებს მოსთხოვა, რომ რუსეთის წინაღმდეგ სანქციებს შეერთებოდნენ და რუსების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებოდნენ. ერთ-ერთმა ჩინელმა კომენტატორმა თქვა - რა საინტერესო ხალხია ეს ამერიკელები, გვთხოვენ დაგვახრჩობინეთ რუსებიო, რომ შემდეგ ჩვენ უფრო ადვილად დაგვახრჩონო. ჩვენც ასევე გვექცევიან, გვეუბნებიან, არაფერს მოგცემთ-იომეთო. 6 მილიარდი მოგეცითო, მაგრამ იტყუებიან, არც არაფერში კაპიკი არ ჩაუდიათ, გარდა გიგიაურებისა და ლომჯარიების დაფინანსებისა.
სხვათა შორის, ანაკლიის პორტის თემაც უცნაურია. ხაზარაძეს რომ ანდეს ანაკლია, პომპეო სპეციალურად იმის სათქმელად ჩამოფრინდა, ეთქვა, რომ ჩვენ ფულს არ მოგცემთ, მაგრამ არ გაბედოთ ჩინელების შემოყვანაო...
- მათ გვითხრეს, აქ ფულის ჩადება გამორიცხულია, მაგრამ 2 მილიარდის იარაღს მოგცემთო. ის კი არ გვითხრეს, ეკონომიკა განავითარეთო, არა, იარაღს მოგცემთ, წადით და იომეთო. პორტს ამერიკელები რატომ ააშენებდნენ, არანაირი ინტერესი არ აქვთ. ამ შემთხვევაში კი ხორციელდება ჩინური და ინდური პროექტი, ახალი ლოგისტიკური გზები კეთდება, რასაც თვითონ ვერ გააკონტროლებენ და ესაა ყველაფრის თავი.
დღეს საქართველოში ზუსტად ამ ყველაფრის გამოძახილს ვაკვირდებით. ხელისუფლება თითქოს, მრავალვექტორული პოლიტიკის გატარებას ცდილობს, ვინაიდან თვლის, ეს იქნება ქვეყნის განვითარების შანსი. ჩვენ არავინ გრანდიოზულის არც გაკეთებას გვეკითხება და არც ჩაშლას, მაგრამ მეორე ფრონტის გახსნაზე ზეწოლა იმდენად დიდია, რამდენად შეძლებს საქართველო დამოუკიდებლად მოქმედებას? უკვე საკამათოც არაა, რომ არჩევნების შემდგომ, შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირებამდეც კი მივიდეთ. ფრონტის გახსნაზე რომც გავჯიუტდეთ, საკმარისია აქ სიტუაცია უკონტროლო გახდეს, რომ ავტომატურად, მაინც აღმოვჩნდებით ფრონტის ხაზზე, ოღონდ სად გაივლის ეს ხაზი, ჩრდილოეთ კავკასიში? ჩვენ კი ვამბობთ, რომ ომის თავიდან აცილების გარანტია არის ანაკლიის პორტში შემოსული ჩინური კომპანია, მაგრამ არის კი ეს გარანტია?
- არაფრის გარანტი ეს არაა. ჩვენ გვეშლება რაღაცები. აქ არის საუბარი შესაძლებლობებზე. განვიხილოთ ახლა შესაძლებლობების ორი ვარიანტი. პირველი ვარიანტი - რას გვეუბნებიან ამერიკელები - რაც გაჟღერდა დანიგანის მიერ - გვეუბნებიან, არ ააშენოთ ანაკლიის პორტი, ჩვენ მოგცემთ 2 მილიარდს, როგორც გაძლევდით, მოიყვანთ იმ ხელისუფლებას, რომელიც ჩვენ გვინდა, ანუ ნეონაცებს - გვარამია, ხაზარაძე, მელია, ზურაბიშვილი. არ მაინტერესებს თქვენი აზრი, იმ საზოგადოებას ვცნობთ, ვინც ჩვენ გვაწყობს და არა იმას, ვინც სინამდვილეშია; ამის შედეგად სომხეთთან გაერთინდებით და იქნებით ერთიანი ბაზა ჩვენთვის; განახორციელებთ იმას, რასაც გეტყვით და გეტყვით იმას, რომ უნდა შეუქმნათ მაქსიმალური პრობლემები რუსეთს, ირანს და შესაძლოა, სხვებსაც, ვისაც გეტყვით. ამ შემთხვევაში აზერბაიჯანიც რიგშია - ეს არის და ეს. ამას რაც მოჰყვება, დანახვა მარტივია - არავითარი დერეფანი აქ არ იქნება, არც ჩრდილოეთ-სამხრეთ მარშრუტები არ განხორციელდება. შედეგად, საქართველოს ჰაბის მაგივრად ექნება სადგისის ფუნქცია, რასაც მოჰყვება პასუხი. ეს პასუხი არ იქნება მხოლოდ რუსული, ეს პასუხი იქნება თურქული, ირანული და აზერბაიანული. ანუ, საქართველო გეოპოლტიკური თანხმობისა და ლოჯისტიკური ჰაბის პერსპექტივის ნაცვლად, გადაიქცევა დაპირისპირების არეალად, მოხდება რეგიონალური აქტორების ჩარევა, მათი შეთანხმება, გადანაწილება და დეზინტეგრაცია .თუ ვინმეს ჰგონია, საერთაშორისო სამართალი იცავს საზღვრებიურყევობას , ვეტყვი, რომ საზღვრები მუდმივად იცვლება ძალთა ბალანსის დარღვევების შედეგად. ძალთა ამის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი, სხვა ფაქტორებთან ერთად, არის შიდა არეულობა და პოლიტიკური შეუთანხმებლობა ქვეყნის ინტერესებზე, რაც სახეზე გვაქვს. გვყავს საოცარი დესტრუქციით გაჟღენთილი ადამიანები, რომელთაც 30-წლიანი გამოცდილება ვერ გაუთავისიებიათ და რუკას ვერ ხდავენ საერთოდ, თუ სად ვართ და რაშია საქმე. ყველა საღ აზრს მიიჩნევენ პროირანულად, პრორუსულად, პროთურქულად და რაღაც სიგიჟეებს ლაპარაკობენ ტელევიზიებში. შეპყრობილები არიან რაღაც ფობიებით და ეს ძალიან დიდი ტრაგედიის მანიშნებელია. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ რაღაცნაირად შევძლოთ სტაბილურობის შენარჩუნება.
როგორ უნდა შევძლოთ? იმის უფლებას არ გვაძლევენ, ქვეყნისთვის კანონი მივიღოთ, არათუ ხელი შევუშალოთ იმპერიებს.
- რატომ? შეგვიძლია. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ მას არავითარ შემთხვევაში არ აპატიებენ იმას, რაც ახლა ხდება. ერთადერთი, რაც აკავებს ამერიკელებს, ის არის, რომ არავის არ უნდა აქ არევა. რეგიონალურ აქტორებს ვგულისხმობ - თურქებს, ირანელებს, 3+3 ფორმატი გავიხსენოთ. რუსებს არ უნდათ იქიდან გამომდინარე, რომ რუსებისთვის ახალი პრობლემა იქნება. ასევე, რუსებისთვის სამხრეთ კავკასიაში მტრული გუნდის შეკვრით დაიწყება ცნობილი მოვლენები - „კოკოითი ფანდარასტ“ და ა.შ. ახალი ვარიაციებით, ტერორისტების შემოყვანით. აზერბაიჯანს არ უნდა და ალიევმა პირდაპირ თქვა, ამას არ დავუშვებთო. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ჩვენ თუ გამოვიჩენთ აქ ხისტ პრინციპულობას, არ მოვერიდებით არანაირ ქმედებას, ვისაც უნდა, რაც უნდა, ის განაცხადოს. სასწორზე დევს ჩვენი არსებობა - ეს კარგად უნდა გააცნობიეროს ყველამ. ჩვენ კარგად გვახსოვს სულელური და პროვოკაციული მოქმედებები აფხაზეთში, ცხინვალში, სამოქალაქო ომი გვახსოვს, რამდენი ათასი ადამიანი დაიღუპა... იმ სისულელეების შედეგად გავნახევრდით, რაც მოჰყვა ხელისუფლების არაკონსტიტუციურ ცვლილებას. შემდეგ, ამას მოჰყვა საქართველოს დეზინტეგრაცია. ამის მიუხედავად კიდევ ერთი რევოლუცია მოვაწყვეთ - ვარდების და ამასაც მოჰყვა იგივე - კიდევ ტერიტორიების დაკარგვა და ახალი უბედურება. ასეთი რევოლუციები ყოველთვის იწვევენ ქვეყანაში სამოქალაქო ომს და ტერიტორიების დაკარგვას. ეს არის კანონი.
ოპოზიციას რა ინტერესებიც აქვს გასაგებია, აქ არეულობის შემთხვევაში, როგორც 2008 წელს ასწრებდნენ ერთმანეთს წითელ ხიდზე, ისევ ისე გადაასწრებენ. ქუჩაში გამოსულმა ახალგაზრდებმა კი ჩვენზე უკეთ არ შეიძლება იცოდნენ, რა არის და როგორია რუსეთი. მათ რასაც ეუბნებიან, იმას იმეორებენ, თუმცა რომ შეუტრიალონ ეს ნარატივი, ისევე წარმატებით მიიღებენ, როგორც ახლა იღებენ. და არის ადამიანების გარკვეული ნაწილი, რომელიც, მეტ-ნაკლებად, საზოგადოების დიდ ნაწილში მიიჩნევა ინტელექტუალად(?!) სწორედ, ეს ხალხი ამყარებს დღეს ოპოზიციის ნარატივებს, ახალისებს მათ მოქმედებებს. ისინი ამ საფრთხეებს ვერ ხედავენ? მათი ინტერესი რა არის - სიბეცე? ფინანსური კეთილდღეობა?
- მე, მაგალითად, იშვიათად მინახავს მათში ვინმე ჭკვიანი. ჭკვიანი ადამიანი შედეგებზე ფიქრობს და მოდელირებას აკეთებს.
მე არა მგონია, მათ ამის უნარი ჰქონდეთ, იქიდან გამომდინარე, რომ მათი ნაწილი ფინანსდება და ვინც მათ აჭმევს, იმათ ინტერესებს ატარებენ. სამწუხაროდ, სხვანაირად არ შეუძლიათ. შემდეგ ეს იწვევს ადამიანის დეგრადაციას და ობიექტურად ვეღარ აზროვნებს. ჩვენ ვნახეთ სრულიად ნორმალური ადამიანები რა პროგნოზებს აკეთებდნენ, მათ შორის არიან ისინი, ვინც მეგობრად მიმაჩნდნენ, მაგრამ ისეთი სიგიჟეები იძახეს ტელევიზიიდან... როგორ შეიძლება ადამიანი ამ ფორმამდე მივიდეს... წინა წელს რადიკალურად სხვა რამეს იძახდნენ და შემდეგ უცებ გაგუბაზდნენ. გუბაზ სანიკიძე სააკაშვილს ჯერ ჯალალედინს ეძახდა, მერე ალექსანდრე მაკედონელად და საქართველოს გადამრჩენელად გამოაცხადა. სანიკიძე, უბრალოდ, კარგად გამოკვეთილი ტიპაჟია და ამიტომ ვახსენე, თურემ ასეთი უამრავია. ეს ადამიანები, ვფიქრობ, ვერ აცნობიერებენ თავიანთ მოქმედების შედეგებს მაგრამ ვინც აცნობიერებს, ის ყველაზე მეტად დამნაშავეა.
საუბარი არის იმაზე, რომ ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს საკმაოდ მაღალი შანსი აქვს აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა, ვინაიდან ეს შედის თვითონ ჩინეთის ინტერესებში, ლოჯისტიკურად აწყობთ. ამ შემთხვევაში, ჩვენ ალბათ, რუსეთთან მოგვიწევს მოლაპარაკება, რადგან რუსეთმა უნდა უთხრას აფხაზებსაც და ოსებსაც, რომ ერთიანი პროექტისთვის იქნება საჭირო მათი საქართველოსთან ინტეგრირება. ნუ, ეს ცოტა რთულად წარმოსადგენი სცენარია, მაგრამ თეორიულად რომ დავუშვათ, ამ შემთხვევაში, უნდა ჩავთვალოთ, რომ ამ პროექტის ფარგლებში ჩვენი და რუსეთის ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს. მაგრამ, რაღაც მომენტში თუ ყველაფერი ამ სცენარით არ განვითარდა - არეულობა და ქაოსი დაიწყო, გვემუქრება ისევ რუსეთის შემოჭრა საქართველოში „სიტუაციის გასაკონტროლებლად“?
- რა თქმა უნდა, რუსეთი არ დაჯდება გულხელდაკრეფილი. იმ შემთხვევაში, თუ დაინახავს, რომ ახალი სააკაშვილი მოდის, ეს ბმაშია, როგორც ვთქვი, სომხეთთან და სამხრეთ კავკასია მთლიანად არასტაბილურ ზონად ფორმირდება, , რუსები, რომლებსაც უწერიათ თავის დოქტრინაში, რომ თუ შეექმნება საფრთხე მათ ინტერესებს მოსაზღვრე რეგიონებში, იტოვებენ უფლებას, გამოიყენონ შეიარაღებული ძალები. თუმცა, ამ შემთხვევაში, ამერიკელებისთვის ეს არ არის ცუდი ვარიანტი. პირველი კარგი ვარიანტი იქნება, თუ აქ მათთვის მისაღები ხელისუფლების ფორმირებას შეძლებენ, როგორც უკრაინაში შეძლეს.პირობითი გვარამია ახალი ზელენსკი გახდება, მაგრამ სამოქალაქო დაპირისპირება თუ არ იქნა და დამყარდა მათი სასურველი რეჟიმი, ეს მათი დიდი გამარჯვება იქნება.
მეორე ვარიანტი - აქ მათი ინტერესები განხორციელდება და რუსებიც ვერ შემოვლენ, დაიწყება იგივე პროცესი - რევოლუცია, რასაც,, მოჰყვება სამოქალაქო დაპირიპირება. მათთვის ესეც წარმატებაა, რადგან სამოქალაქო დაპირისპირების და არეულობის შემთხვევაში ის ლოგისტიკური პროექტები, რომელიც არ აწყობთ, ვერ განხორციელდება.
მესამე ვარიანტი - რუსეთი შემოდის იმ შემთხვევაში, თუკი ხედავს, რომ ხდება ხელისუფლების ფორმირება მის საწინააღმდეგოდ. შემოდის არა თვითონ, არამედ შეთანხმებით- სცენარი რომ წარმოვიდგინოთ, ხდება რუსეთის, თურქეთის და ირანის პრეზიდენტების შეხვედრა, რომელზეც იღებენ პროცესებში ჩარევის გადაწქყვეტილებას სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. . ასეთ შემთხვევაში, ცხადია, დასავლეთი შეეცდება, რომ მხოლოდ რუსეთის მიერ განხორციელდეს ეს ჩარევა, რომ დასდონ ბრალი ოკუპაციაში. ამისთვის, შესაძლოა, მოელაპარაკონ თურქებს, რომელსაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა აქვს, ნატოს წევრია, მისცენ კრედიტი და მისი თანხმობით, დაიწყოს ტრანზიტი ლიბიიდან და სხვა ადგილებიდან ტერორისტული ორგანიზაციების გადმოსასხმელად აქ, რომ პრობლემები შეუქმნან რუსებს. რუსებს მოუწევთ საქართველოში დიდი ძალების დაბანდება, რაც ასევე გამარჯვებაა დასავლეთისთვის. ქალბატონი დანიგანი როცა მეტყველებს, მეტყველებს ამ სამივე ვარიანტზე. ეს უნდა გავაცნობიეროთ. ისე, მეოთხე ვარიანტიც არსებობს - ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სტაბილურობა.
ეს როგორ უნდა მოვახერხოთ?
- პირველი - საზოგადოებამ უნდა იაქტიუროს. მეორე - სახელმწიფომ უნდა უზრუნველჰყოს, მაგალითად, ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობიდან დამკვირვებლები მოიწვიოს, ხოლო ვისაც წინასწარ მტრული განცხადებები აქვთ გაკეთებული, საერთოდ უნდა აუკრძალონ საქართველოში შემოსვლა. ძალადობისაკენ მოწოდებებზე, დაუსაბუთებელ ბრალდებებზე არჩევნების გაყალბების შესახებ და სხვა მსგავს დესტრუქციულ მოწოდებებზე და მოქმედებებზე დაუყოვნებლივ უნდა ხდებოდეს რეაგირება და ამ ადამიანების სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემა. უნდა მოხდეს იმ არასამთვრობო ორგანიზაციების აკრძალვა, ვინც პოლიტიკური დღის წესრიგით ცხოვრობენ. დაიწყოს გამოძიებები „კანვასის“, „აკერმანის“ და სხვა მსგავსი ორგანიზაციების მიმართ. ორგანიზატორების დაპატიმრებები. ეს არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით გაწერილი მოქმედებები. წინასწარ უნდა თქვან, რომ აქვთ ინფორმაცია, დასავლეთიდან არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების თაობაზე და აპირებენ, მაგალითად გამარჯვებულად გვარამია გამოგვიცხადონ.ან გვეტყვიან, რომ ზურაბიშვილი ჟანა დარკია. არავის უნდა წასცდეს ხელი, რომ რაღაც დესტრუქციული მოქმედებები განახორციელოს. გინდა ქართველი იყოს, გინდა უცხოელი ამისთვის დაუყოვნებლივ ციხეში უნდა გამწესდეს, აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ რაღაც არადემოკრატიულია. დემოკრატიული ზუსტად ეს არის, რომ შენ გიცავდეს შენი სახელმწიფო. ეს არის დემოკრატია და არა ის, რომ ყველა გიჟს, ყველა ავადმყოფს, ყველა მოძალადეს მიეცეს თავისუფალი მოქმედების საშუალება.
გამოხვედი და იძახი - „დავამხოთ“ - ციხეში. აბა, ამერიკაში თქვი, დავამხოთ, შევიჭრათ თეთრ სახლშიო?! რამდენი ადამიანია გასამართლებული ამერიკაში კონგრესში შეჭრის გამო?! ასი ათასი ადამინი დაიჭირა ერდოღანმა თურქეთში გადატრიალების მცდელობისთვის, რა მერე? ვინმემ დაგმო?
არეულობაზე და სამოქალაქო დაპირისპირებაზე როცა ვსაუბრობთ, აქ იარაღიც შემოდის სცენარში. 2003 წელს ჯარი, პოლიცია მთლიანად ჩამოიშალა. ახლა ამის ნიშნები ჯერ არ ჩანს. შესაბამისად, იარაღი როგორ შეიძლება აღმოჩნდეს რევოლუციონერების ხელში?
- ამის ათასი გზა არსებობს - მოსყიდვა,, პოლიტიკური შანტაჟი, აგენტურული მუშაობა. აგენტების რაოდენობა ვნახეთ, , მაგრამ რამდენმა შეინარჩუნა კონსპირაციული მდგომარეობა, არ ვიცით. უნდა გვესმოდეს- თუ არ არის სტაბილურობა და უსაფრთხოება, არც ეკონომიკური სიძლიერეა, და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მაგივრად იმასაც დავკარგავთ, რაც გვაქვს..
ერაყს რა უქნეს - ვინმემ აგო პასუხი ასიათასობით ადამიანის დაღუპვის გამო? აყვავებული სახელმწიფო იყო ლიბია და კადაფის არ აპატიეს ოქროს დინარი და სარწყავი არხების გაყვანა და რა უქნეს?! დღეს ლიბიას სახელმწიფო ჰქვია? იგივე დაგვემართება, რა არის ამაში გაუგებარი?! აგერ, სომხეთში მოხდა ფერადი რევოლუცია. მაშინ დავწერე, რომ სომხეთს მოუწევდა არამარტო ხუთი რაიონის, არამედ ყარაბახის დატოვებაც.მსხვერპლი დიდია, ეს ფერადი რევოლუციის შედეგია. სამწუხაროდ, ასეა მოწყობილი სამყარო, არაკონსტიტუციურ ცვლილებებს მოჰყვება ყოველთვის მსხვერპლი. ამიტომ, ვინც ამისკენ მოუწოდებს ხალხს, მათ პასუხი უნდა მოეთხოვოს!
რეალობასთან ძალიან ახლოს არის ყოველივე ზემოთ თქმული. სტაბილურობის შენარჩუნებას ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს ჩვენთვისაც, ნებისმიერ ფასად უნდა შევძლოთ მისი შენარჩუნება.