„შიდა პრობლემებია, შეცდომებს უშვებენ, თორემ რუსეთი ვერაფერს გაგვიკეთებს“

„შიდა პრობლემებია, შეცდომებს უშვებენ, თორემ რუსეთი ვერაფერს გაგვიკეთებს“

შესაძლოა, რუსეთმა ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხელოვნურად შეძენა დაიწყოს, შემდეგ კი, მოლდოვის მსგავსად, ემბარგო შემოიღოს. ეს საქართველოს მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევს და გამორიცხული არაა, პროდასავლური ორიენტაციის გამო ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები გაჩნდეს. ასეთ პროგნოზს აკეთებს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.

ამასთან, ეჭვობს, რომ, შესაძლოა, რუსეთის მხრიდან საქართველოზე ზემოქმედების მეორე ბერკეტი კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით, ჩვენს ხელისუფლებასთან ვაჭრობის დაწყება იყოს, რაც ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ, რაღაც ფორმით ტერიტორიების დაბრუნებასაც გულისხმობდეს.

„2008 წლის აგრესიის შემდეგ რუსეთმა საქართველოს პოლიტიკაზე პირდაპირი ზეგავლენა დაკარგა. ფაქტობრივად, აღარაფერი დარჩათ გასაკეთებელი. აქედან გამომდინარე, რუსეთის დიდი თავისტკივილია, საქართველოზე ზეგავლენის შენარჩუნების მიზნით, რაიმე ბერკეტის ამოქმედება. პირობითად, რა შეიძლება გააკეთოს რუსეთმა? ის, რომ გაიხსნა რუსული ბაზარი და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გატანა შეიძლება, რუსეთმა ეს ფაქტორიც შეიძლება გამოიყენოს. ცხადია, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ქართველი გლეხი კმაყოფილი იქნება, თუკი ყოველთვიურად, ვთქვათ, 500 ლარის შემოსავალს მიიღებს ციტრუსის ან სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტის რუსეთში გაყიდვის ხარჯზე. თუმცა, თუ ცოტა ხანში ეს ბაზარი დაიკეტება, ის ამას ვერ გაიგებს და ჩვენს ხელისუფლებაზე გაბრაზდება. არადა, გამორიცხული არ არის, რომ ერთი წლის შემდეგ, როდესაც ჩვენთან დაიწყება მოლაპარაკება ასოცირებული ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ, რუსეთი ხელახლა დააწესებს ემბარგოს და ეს ძალიან მტკივნეული იქნება ქართული სოფლებისთვის. ასე მოხდა მოლდოვის შემთხვევაშიც. ასოცირების ხელშეკრულების შორსმიმავალ პერსპექტივას ვერ გაიგებს ჩვენი გლეხი, უახლოეს ვადებში მას ფინანსური პრობლემები შეექმნება, ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის გატანას კი დიდი დრო დასჭირდება. ამიტომ, ეს იქნება ძალიან მტკივნეული პროცესი, როცა ადამიანს შეჩვეულ ბაზარს შეუწყვიტავ“, - აღნიშნა კორნელი კაკაჩიამ For.ge-სთან საუბარში.

აქვე არ გამორიცხა, რომ ეს თემა ადვილად მანიპულირებადი გახდება პოლიტიკური ძალების მხრიდან. განსაკუთრებით, საუბარია იმ ძალებზე, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ რუსეთთან სულ სხვა ურთიერთობებია საჭირო და აუცილებელია ევრაზიულ კავშირში შესვლა.

ექსპერტის აზრით, საფრთხე არსებობს და ამის გაკეთება რუსეთს არაფერი დაუჯდება. უფრო მეტიც, ჩვენი პროდუქციის ფასი ერთი ლარიც რომ იყოს, რუსეთს შეუძლია, პროდუქცია ორ ლარად ჩაიბაროს, ხელოვნური ბაზარი გააჩინოს და ქართული მოსახლეობის მასზე დამოკიდებულება გაზარდოს. თუმცა, ცხადია, ეს ბაზარი პოლიტიკურად ანგაჟირებული და პოლიტიკურ კონიუნქტურაზე მორგებული იქნება. ამიტომ იგი იმედოვნებს, რომ ჩვენი მთავრობის წევრებს ეს გათვლილი ექნებათ და, ალბათ, სხვადასხვა ვარიანტიც არსებობს, რომ რუსეთის ბაზარზე ზედმეტად დამოკიდებულნი არ ვიყოთ და დივერსიფიკაცია განხორციელდეს.

„პირობითად, კილო მანდარინი თუ ჩვენთან 30 თეთრი ღირს, რუსეთმა შეიძლება 2 ლარად იყიდოს, ისე, რომ ეს მას არაფერში სჭირდებოდეს, რადგან რუსეთის ბაზარზე უამრავი მანდარინია, დაწყებული ალჟირიდან, მაროკოდან და სხვა. ქართული მანდარინის გარეშე თუ აქამდე გაძლეს, ამის შემდეგაც მშვენივრად იქნებოდნენ და ბორჯომის გარეშეც გაძლებდნენ. მაგრამ ისინი იყიდიან ამ პროდუქტს და შემდეგ ხელოვნურად შექმნილი ბაზრით მანიპულაციას დაიწყებენ. როგორც ვიცი, ჩვენი მთავრობა აფრთხილებს ბიზნესმენებს, რომ რუსეთის ბაზარი რისკიანია, მაგრამ ეს ბაზარი განსაკუთრებით საფრთხილოა აგროსექტორში ჩართული ხალხისთვის, რომელთაც მართლაც არ აქვთ დიდი არჩევანი. მით უფრო, მოსახლეობის დიდი პროცენტია უმუშევარია და 50%-ზე მეტი სოფლის მეურნეობაშია ჩართული. ეს ვითარება კიდევ სამი-ოთხი წელიწადი რომ გაგრძელდეს და რეფერენდუმი ჩავატაროთ - ევროკავშირში თუ ევრაზიული კავშირი, მაშინ შეიძლება, სულ სხვა შედეგი მივიღოთ. უბრალო გლეხისთვის ევროპული ფასეულობები შეიძლება, ბევრს არაფერს ნიშნავდეს, რამდენადაც პრაქტიკული და პრაგმატული საკითხებია“, - მიიჩნევს პოლიტოლოგი.

ამასთან, კონკრეტულ ფაქტსაც იხსენებს, როცა მსგავსი პრეცედენტი რუსეთმა ბალტიისპირეთთან მიმართებით გამოიყენა. კერძოდ, როდესაც ლატვიაში შედარებით პრორუსულად განწყობილი ხელისუფლება მოვიდა, ისინი ცუდი და კარგი პოლიციელის როლს თამაშობდნენ. ამიტომ ძალიან სიღრმეებში არ უნდა შევიდეთ და დამოკიდებულნი არ უნდა გავხდეთ რუსულ ბაზარზე. მით უფრო, გასათვალისწინებელია მოლდოვის, უკრაინის მაგალითი, სადაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსული ბიზნესი. ასევე, მათ მთლიანად გადაფარეს უკრაინის ეკონომიკა, ხოლო სომხეთში რაც ხდება, კიდევ ცალკე თემაა. სომხეთში აბსოლუტურად ყველაფერი შესყიდული აქვთ რუსებს, დაწყებული რკინიგზიდან.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა შეშელიძე ეჭვობს, რომ ასეთი მიკროსკოპული მასშტაბის ოპერაციით იყოს დაკავებული რუსეთი. ამასთან, აცხადებს, რომ რუსებს არც ბალტიისპირეთში გამოუვიდათ რამე.

„ხომ წარმოგიდგენიათ, რა მასშტაბზეა საუბარი? ერთი მილიონი ამერიკული დოლარიც არ იქნება ამ ოპერაციის მასშტაბი. რა ლოგიკაა ამაში, ვერ ვხვდები. მეტი საქმე არ აქვს რუსეთს, ხელოვნური ემბარგოთი დაკავდეს. შვიდი წლის განმავლობაში არ გადიოდა მანდარინი რუსეთში და მერე რა მოხდა? ბოლოს და ბოლოს, შვიდ წელზე მეტი სრული ემბარგო გვქონდა. მეტი რა უნდა გააკეთოს რუსეთმა? სულაც არ არის საინტერესო, რას გააკეთებს ახლა რუსეთი, რადგან თავისუფლების ფასი არ აქვს არაფერს. ბევრად მეტია თავისუფლების ფასი, ამიტომ რამენაირად ავიტანთ ამ ემბარგოებს“, - აცხადებს პაატა შეშელიძე და უფრო დიდ პრობლემას ქვეყნის შიგნით ხედავს:

„შიდა პრობლემებია, შეცდომებს უშვებენ, თორემ რუსეთი ვერაფერს გაგვიკეთებს“.