ვისი დახმარებით აიღო 1 მილიონამდე სესხი მურმან დუმბაძემ?

ვისი დახმარებით აიღო 1 მილიონამდე სესხი მურმან დუმბაძემ?

სურს თუ არა მურმან დუმბაძეს, იქცეს აჭარის ფეოდალად და რატომ თვლიან, რომ სეპარატიზმს აღვივებს? ვინ შეჭამა ფერმერებისთვის გამოყოფილი თანხა და რატომ არ საუბრობს დუმბაძე ლევან ვარშალომიძეზე? რატომ სცადა ცენტრალური ხელისუფლებისგან ავთო ბერიძის დაცვა და რას მიიღებს ის ამის სანაცვლოდ?

"ალიას" "ხალხის პარტიის" აჭარის რეგიონის თავმჯდომარე, ჯუმბერ თავართქილაძე ესაუბრა:

- მურმან დუმბაძის რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს რეგიონის ბიუჯეტის განკარგვაში, სხვა არაფერია, გარდა იმისა, რომ მან ამ განცხადებით გამოავლინა საკუთარი შინაგანი მრწამსი და სურვილი იმისა, რომ ის ქვეცნობიერად ყოფილა სეპარატისტულად განწყობილი. როგორ შეიძლება, ვიცე-სპიკერმა გააკეთოს ასეთი განცხადება? ან მას ვინ მისცა იმის მანდატი, რომ საუბრობს რეგიონის სახელით? მინდა, შევახსენო ყველას, რომ, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, მურმან დუმბაძე ყველაზე კარგ სიზმარშიც კი ვერ იხილავდა პარლამენტის კიბეებსაც კი.

- რატომ დაუჭირა დუმბაძემ მხარი ავთო ბერიძეს, როცა იცოდა, რომ კალაძე მას ღიად დაუპირისპირდა?
- საქმეც მაგაშია, ავთო ბერიძე მურმან დუმბაძის ნებართვის გარეშე წყალსაც კი ვერ დალევს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს მურმან დუმბაძის ახირება იყო.

- რა იყო დუმბაძის ახირება? მანქანის ყიდვაზე ტენდერის გამოცხადება?
- დიახ, ავტომანქანის შეძენა. რადგან მერე მას ესარგებლა. მურმან დუმბაძე ავთანდილ ბერიძის კაბინეტში ზის და ის იძლევა განკარგულებებს, ვინ სად დაინიშნოს. ესაა კლანი, რომელმა კლანმაც დღევნადელი ხელისუფლების რეიტინგი აჭარაში ნულზე დაიყვანა. რატომ დაუჭირა მხარი ბერიძეს? იმიტომ, რომ ბერიძე მურმან დუმბაძის ახირებების შემსრულებელია. დუმბაძემაც პატრონობა გამოიჩინა. საქმე ისაა, რომ ამ ორ ვიპ-პერსონას აჭარა თავისი "შპს" ჰგონია. სად და ვის გაუგია, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას არ ჰქონდეს თავისი კუთხის ბიუჯეტის გაკონტროლების, ან კიდევ მოკითხვის უფლება? ეს სულაც არაა თვითმმართველობაში ჩარევა და ცენტრალური ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა. დუმბაძეს დასაკარგი არც არაფერი აქვს, რომ რაიმე მოიგოს თავისი განცხადებით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მანქანის შეცვლა მე ვურჩიეო. ამ განცხადებით, უბრალოდ, საკუთარი თავი აჩვენა საზოგადოებას და კიდევ არ გამოვრიცხავ, მისი საქმიანობებიდან გამომდინარე, ნიადაგს იმზადებს, ვითომ ოპოზიციაში წასასვლელად, რომ დაჩაგრულის მანტია მოისხას და ამ პოზიციიდან ისაუბროს მერე.

- მურმან დუმბაძე გუნდთან დაპირისპირებას აქამდე ვერ ბედავდა. ბიძინა ივანიშვილის წასვლას ელოდა, რომ "გუდისთვის პირი მოეხსნა"?
- დუმბაძემ ბიძინა ივანიშვილის სახით დაკარგა პატრონი. ის ბიძინა ივანიშვილმა აღაზევა. რთული არ იქნება მოძებნა, შედით, წინა არჩევნების შედეგები ნახეთ, სანამ ბიძინა ივანიშვილი მოვიდოდა პოლიტიკაში და ნახავთ, საკუთარ სოფელში რამდენ ხმას იღებდა ხოლმე. უბრალოდ, მურმან დუმბაძისა და მისი კლანის საქმიანობის შესახებ კახი კალაძემ ბევრი რამ გაიგო მისი ერთკვირიანი აჭარაში ყოფნის დროს. კახი კალაძე იძულებული გახდა, განცხადება გაეკეთებინა, რომ ბერიძის საკითხს პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილავენ. კალაძემ დაინახა, აქ რა ხდებოდა, თორემ არაა კონფლიქტური ადამიანი, ბევრ რაღაცაზე დახუჭავდა თვალს, მაგრამ ყველაფერზე – ვერა, რადგან ის ვიცე-პრემიერია და პასუხს აგებს ხელისუფლების ქმედებებზე. მურმან დუმბაძე კი არ დაუპირსპირდა გუნდს, ავთოს მხარდამჭერი განცხადების გაკეთების გამო, უბრალოდ, ეს მისი ჩვეული დაუფიქრებელი გამოხტომა იყო, რომელმა გამოხტომამაც ქართველ ერსა და პოლიტიკურ წრეებს აჩვენა თავისი სახე.

- ხომ არ ცდილობს მურმან დუმბაძე, რომ "ასლან აბაშიძედ" იქცეს და ცენტრალურ ხელისუფლებას უთხრას, ავტონომია ვარ და ფულს ნუ მითვლითო?
- მურმან დუმბაძე არაა ის პიროვნება და მას არც იმის რეიტინგი აქვს, რომ იქცეს "ასლან 2"-ად. ამ განცხადებით აჩვენა, რომ სურვილი ნამდვილად აქვს, თუმცა სურვილს ადამიანი არ მოუკლავს. დღეს აჭარას არ ჰყავს რეალური არც მმართველი და არც უმაღლესი საბჭო. აჭარას მართავს ბალასტი ჯგუფი, რომლებიც აქაც არაკომპეტენტურები არიან. დღემდე ქალაქის ქუჩები გაუწმენდავია, გადაადგილება პრობლემას წარმოადგენს. რაც შეეხება პირველობის მანიას, ბათუმში დუმბაძის კლანი ებრძვის ხაბაძის კლანს და მესამე კლანი დუმს. ეს მესამე კლანია პატარა დაჯგუფება, რომელსაც მფარველობენ ცენტრალური ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. ბიძინა ივანიშვილს დიდი მადლობა, რაც მან გააკეთა, თუმცა მისი ყველაზე დიდი შეცდომა არის და იყო კადრები აჭარაში. მან აჭარელ ხალხს შესთავაზა არაკომპეტენტური ბალასტი, რომლებმაც თვაიანთი უუნარობით შექმნეს უამრავი პრობლემა. პრაქტიკულად ჩავარდა რთველი, ხალხს ციტრუსი დაულპა. მოვუწოდებ ბატონ პრემიერს, დროულად გამოასწოროს აჭარაში საკადრო პოლიტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად ხალხი გამოვყრით მათ კაბინეტებიდან. გაგიგიათ სადმე, რომელიმე თუნდაც დიქტატორულ ქვეყანაში იყვნენ ეკომიგრანტები, უსახლკარო ხალხი და ასეთ ძვირადღირებულ მანქანებს იძენდნენ? და საერთოდ, იქნებ ვინმემ ამიხსნას, რა სარგებლობა მოაქვს ამ უმაღლეს საბჭოს ხალხისთვის? რატომ ვხარჯავთ ამდენ ფულს? ხომ არ სჯობია, უმაღლესი საბჭოს ნაცვლად იყოს წარმომადგენლობითი საბჭო, სადაც შევლენ რაიონის გამგებლები და არ იქნება ანაზღაურებადი.

- პირად საუბარში მეუბნებოდით, ვითხოვ, ფერმერებზე გამოყოფილი თანხის აუდიტი გაკეთდეს და გამოჩნდება, ეს თანხა ვინ შეჭამაო. კონკრეტულად, რას გულისხმობთ?
- მე არ ვამტკიცებ ამას, ეს ფული ვინ შეჭამა და ვინ - არა, ეს ჩემთვის უცნობია, თუმცა დიახ, ეს თემა ძალიან აქტუალურია. სად წავიდა ფერმერებზე გამოყოფილი თანხები? არაერთ ფერმერთან მქონია საუბარი, სადაც მიდასტურებდნენ, რომ ეს ყველაფერი იყო პიარი. სინამდვილეში, ეს თანხები გაიცა მათ წრეში, ანუ შიდა წრეში მათთან დაახლოებულ ფერმერებთან გადანაწილდა და მეტიც, ის ვაუჩერებიც კი, ყველას არ აუღია და სად წავიდა, არავინ იცის, ვფიქრობ, ამ თემის ირგვლივ უნდა დაინტერესდეს პროკურატურა და სიმართლე გაირკვეს. საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს სიმართლე და ხელისუფლებაც ვალდებულია, სიმართლე უთხრას ხალხს.

- რომელ ფერმერებს დაურიგდათ ეს თანხა, რომელთაც ახლო ურთიერთობა ჰქონდათ მურმან დუმბაძესთან?
- დიახ, როგორც ჩემთვის ცნობილია, ძირითადში თევზის ბიზნესში, მეფუტკრეობის თითქოს განვითარებისთვის. აჭარაში თევზის ბიზნესი კი იცით, ვისიცაა.

- მსმენია ისიც, რომ ლევან ვარშალომიძესთან მურმან დუმბაძე დღემდე ინარჩუნებს ურთიერთობას, საერთო ბიზნესი აქვთო. ასეა?
- დიახ, ეს არაა ახალი ამბავი და არც ისაა ახალი ამბავი, რომ ვარშალომიძის დახმარებით აიღო მილიონამდე სესხი დუმბაძემ. ახლა იმით უხდის პატივისცემას დუმბაძე ვარშალომიძეს, რომ ხელს არ ადებს და არც კი ლანძღავს საჯაროდ. დღეს, თუ დუმბაძის ახლობელი არ ხარ, სახელმწიფო დახმარებას ვერ მიიღებ. ერთი წელი თავს ვარიდებდი მიმდინარე მოვლენებზე ჩემი აზრის დაფიქსირებას, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად უარესდებოდა აჭარაში საქმეები და მათი მხრიდან თავხედობებს საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვცდილობდი, კომეტარები არ გამეკეთებინა. ვფიქრობდი, ცენტრალური ხელისუფლება დროზე მოეგებოდა გონს და თავად მიიღებდნენ ზომებს, მაგრამ დუმბაძის განცხადება იყო ჩემთვის უკანასკნელი წვეთი და მივხვდი, რომ კვლავ უნდა ჩავმდგარიყავი ხალხის სამსახურში. ვაიპოლიტიკოსებს არ მივცემ ასეთი სეპარატისტული განცხადებების გაკეთების საშუალებას და ხელისუფლებას ყოველ წამს შევახსენებ, რომ ისინი ხალხის მსახურები არიან და არა უფროსები.

- თქვენ ამბობთ, რომ დუმბაძე პოპულისტური განცხადებებით სპექტაკლებს დგამს, რას გულისხმობთ?
- მაგალითისთვის მოგიყვანთ მეჩეთის საკითხს. ეს თემა დადგმული იყო "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, რომ აჭარაში ხმები არ მიგვეღო მაშინდელ ოპოზიციას. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ იმ ამბების შემდეგ აჭარაში ვერ მივიღებდით 5 პროცენტსაც კი, განსაკუთრებით, ზემო აჭარაში. ამ თემის გარშემო ასეთმა აჟიოტაჟმა ის შედეგი მოიტანა, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელმაც კი ვერ უშველა და არჩევნებზე 25 პროცენტი მიიღო კოალიციამ. არანაირი მეჩეთი იქ არ შენდებოდა, თუ შენდებოდა, სადაა ის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც უნდა აშენებულიყო? ხომ არის დუმბაძე ახლა ხელისუფლებაში, ახლა ხომ მიუწვდება ხელი, ვნახოთ, რა ხელშეკრულება იყო? არანაირი ხელშეკრულება არ არსებობს, საკუთარით ავის რეაბილიტაციისთვის სჭირდებოდა ეს.

- მინდა გკითხოთ, კალაძე დივერსიის შესახებ რომ საუბრობდა, ასეთი ძლიერია ძველი ხელისუფლება, რომ დივერსიას აწყობს?
- ასეთი უსუსური ადგილობრივი ხელისუფლების ხელში ყველაფერი შესაძლებელია. დღეს აჭარაში ხელისუფლებაშია ხალხის უმეტესი ნაწილი, ვისაც არასოდეს ხელი არ გაუნძრევიათ წინა რეჟიმის დასამრაცხებლად და ისინი შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ ერთად. ასეთი არაკომპეტენტური კადრები, ახლა რომ ჰყავს აჭარას, ჯერ არ ჰყოლია.

"ალია" კომენტარისთვის მურმან დუმბაძეს დაუკავშირდა:

- ბატონო მურმან, ჯუმბერ თავართლქილაძე სერიოზულ ბრალდებებს გიყენებთ.
- ჯუმბერ თავართქილაძეს ვერ ვუპასუხებ. არ არის ის კლასი, რომ პასუხი გავცე. რაც უნდა, ის თქვას. ერთი კობა დავითაშვილი იყო, წავიდა პოლიტიკიდან და დარჩა ჯუმბერ თავართქილაძე. მადლობა, რომ დამირეკე და დაინტერესდი ჩემი პოზიციით. მაგნაირები წავლენ, წამოვლენ და პოლიტიკა დარჩება. ასლან აბაშიძე გავაგდე სეპარატიზმის გამო და მე ვიქცევი ახლა სეპარატისტივით? არ ჩამოვქვეითდები მე ჯუმბერის დონეზე. დაწერე, რომ დამიკავშირდი და უარი ვთქვი კომენტარზე.