ბახმაროში დაგეგმილი უზარმაზარი სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. მთავრობის ახალი განკარგულებით კომპლექსის მოცულობა მცირდება, კომპანიაში კი ამტკიცებენ, რომ არაფერი იცვლება.
„ორბი ჯგუფი ბახმაროსთან“ 2020 წლის იანვარში გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში შესული ცვლილებებით, საპრივატიზაციო პირობის შესრულების ვადად არაუგვიანეს 2027 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა.
განკარგულებით, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, ბახმაროში „ორბი ჯგუფის“ მრავალფუნქციურმა კომპლექსმა მუშაობა 2028 წლის 19 ივნისამდე უნდა დაიწყოს. აქამდე დაგეგმილი იყო პროექტის 2025 წელს დასრულება.
შემცირდა სასტუმროს ნომრების რაოდენობაც. როგორც ცნობილი იყო, კომპანია ბახმაროში 350-ნომრიან კომპლექსს ააშენებდა, ახალი განკარგულების მიხედვით კი ნომრების რაოდენობა 120-მდე დავიდა. გარდა ამისა, კომპანია ააშენებს კომერციული დანიშნულების ფართებს, კვების ობიექტებსა და სპორტულ მოედანს.
განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 წლის განმავლობაში, გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა არ უნდა განხორციელდეს“.
ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე მოულოდნელი განცხადება გაკეთდა „ორბშიც“ და როგორც სამშენებლო კომპანიის დირექტორმა ირაკლი ჯვერღელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, არაფერი შემცირებულა, „ორბი“ ისევ 350-ნომრიანი კომპლექსის მშენებლობას აგრძელებს და კომპანიამ მთავრობას მხოლოდ საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების ვადის გადაწევასთან დაკავშირებით მიმართა.
„ვადის გადაწევა განპირობებული იყო იმით, რომ პანდემიის პერიოდი, რომელიც დაემთხვა საქმიანობას, გათვალისწინებულიყო ვადების გადაანგარიშებისას.
არაფერი შემცირებულა. თავის დროზე, როდესაც პირდაპირი მიყიდვის კონტრაქტი იყო, არანაკლებ 120 ნომერი იყო მითითებული და კომპანია არანაკლებ 120 ნომრის ფარგლებში ახორციელებს 350-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას. კონტრაქტში ადრეც არანაკლებ 120 ნომერი იყო მითითებული და დღესაც, იმავე საინვესტიციო თანხის ფარგლებში, რაც იყო თავდაპირველად.
ვადების გარდა არაფერი შეცვლილა კონტრაქტში. ვადა იწურებოდა ივნისში. შესაბამისად, ჩვენ მის ამოწურვამდე მივმართეთ, ჩავაბარეთ ანგარიში რა იყო გაკეთებული ამ ეტაპამდე“, - აღნიშნა ირაკლი კვერღელიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ და დასძინა, რომ კომპანია ბახმაროში კომპლექსის მშენებლობაზე 100 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.
კითხვაზე, როდის დაიწყებს კომპანია პროექტის მშენებლობას, კომპანიის დირექტორმა განაცხადა, რომ „უახლოეს ხანებში“. რაც შეეხება გაყიდვებს, „ორბში“ ამბობენ, რომ ამ მიმართულებით არ აქტიურობენ.
„ამ წუთისთვის ნებართვა გაცემულია იმ პროექტზე, რაც ყველამ იცის. მშენებლობას დავიწყებთ უახლოეს ხანებში. ჩვენ მოცემულობა ასეთია: კანონს არ ვარღვევთ, ყველა ნორმატიულ აქტში ვჯდებით, საკითხი მიდის გემოვნებამდე, გემოვნებაზეც მზად ვართ მოვისმინოთ მოსაზრებები. გაყიდვებს რაც შეეხება, მშენებლობის ნებართვა არსებობს და გაყიდვებში მე ხელი არ მეშლება, თუმცა ამ ფორმატში ამ მიმართულებით, არც ჩვენ გვინდა ვიაქტიუროთ,“ - განაცხადა კვერღელიძემ.
არსებული ცვლილებებს ეჭვის თვალით უყურებენ სპციალისტები. ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი ფიქრობს, რომ თუ რეალური და შესაბამისი დასკვნით არ მოხდება მოსახლეობის დარწმუნება, მაშინ ეს მხოლოდ და მხოლოდ პიარსვლა და პროტესტის ჩახშობის სურვილია და მეტი არაფერი.
„თუკი თეორიულად მართლა აპირებენ რაიმეს დადებითი კუთხით შეცვლას, რაშიც ეჭვი ძალიან მეპარება, მაშინ კეთილი ინებონ და ასეთი ზეპირი განცხადებების და დაპირების ნაცვლად, გამართონ მოსახლეობისა და ექსპერტების ჩართვით სრულფასოვანი პროცესი. იქ გამოჩნდება ეს შემცირება რამდენად რეალურია და რა ტიპის ზიანი შეიძლება მოიტანოს ან არ მოიტანოს. არესებითად, თუ რაიმე უსაფრთხოს აშენება უნდათ, კეთილი ინებონ და დაარწმუნონ საზოგადოება ამაში. სხვა შემთხვევაში, როგორც გითხარით, ეს იქნება პიარსვლა და პროტესტის ჩაშლის მცდელობა“, - აღნიშნა ჩხარტიშვილმა.