ეჭვიანობა ჩინეთთან ურთიერთობის გამო, თუ რეალური შიში, ჩინეთი არ გახდეს კავკასიის რეგიონში დომინანტი?! დასავლეთს საკუთარი თავი უღირს იმისთვის, რომ ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობები დაალაგოს, საქართველო კი არ „ემეტებათ“ ამ ურთიერთობისთვის და გვახსენებენ, რომ ჩინეთი რუსეთის მეგობარია, ამდენად, საქართველოს საკუთარი ოკუპანტის მეგობართან არაფერი ესაქმება.
პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ჩინეთი ევროკავშირისა და აშშ-ისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია და ასეთ პირობებში საქართველო-ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კრიტიკა ორმაგი სტანდარტია.
თავის მხრივ, ოფიციალურმა პეკინმა დიდხანს ითმინა დასავლეთიდან წამოსული კრიტიკა და ბოლოს მკაცრად დაგმო საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის განცხადება, რომელმაც ანაკლიის პორტის ინვესტორი ჩინური კომპანიის უკან რუსეთის დამფინანსებელი ჩინეთის კომუნისტური პარტია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დაინახა. პეკინის განცხადებით, ამერიკელი დიპლომატის მოსაზრება აბსურდული, არაპროფესიონალური და ფაქტებთან შეუსაბამოა.
„საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს მაღალი დონის დიპლომატის მტკიცებები აბსურდულია, თითქოს ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანიაში წილების უმრავლესობას ჩინეთის კომუნისტური კომპანია ფლობს, რომელიც ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ერთად რუსეთის სამხედრო მანქანის ნომერ პირველი ბანკირი და დამფინანსებელია“, - ნათქვამია ოფიციალური პეკინის განცხადებაში.
ჩინური მხარე აცხადებს, რომ ზემოაღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ შეთანხმებულ სან-ფრანცისკოს ხედვას.
„ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ აშშ თვითონ როცა ურთიერთობს და ვაჭრობს ჩინეთთან, მაშინ ჩინეთი დემოკრატიული სახელმწიფოა, საქართველოს შემთხვევაში, თურმე „დიქტატორული“ ხდება.
საინტერესოა პაველ ჰერჩინსკის განცხადებაც, რომელიც არ მალავს, რომ ჩინეთს გლობალურ არენაზე შეუცვლელ პარტნიორად განიხილავს, თუმცა აქ საჭიროა რისკ- ფაქტორების გათვალისწინებაც. ყოველ შემთხვევაში, ჰერჩინსკი ნებას რთავს საქართველოს, თავად გადაწყვიტოს, როგორი ურთიერთობები სურს რომელიმე ქვეყანასთან.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, ცხადია, ორმაგი სტანდარტია, როცა დასავლეთი თავად ურთიერთობს ჩინეთთან, საქართველოს კი ამას უკრძალავს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ქართველებს დაგვჩემდა გაკვირვება ამგვარი დამოკიდებულების გამო. რამაზ საყვარელიძის თქმით, დასავლეთმა გვითხრა, რომ თანაბარი უფლებები არსებობსო და ჩვენც დავიჯერეთ, რომ ყველა ქვეყანა თანაბარი უფლებებითაა. თუმცა წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენს ოჯახში უცხო პირი მოვიდა სტუმრად, მის მიმართ და საკუთარი შვილის მიმართ ერთნაირი დამოკიდებულება გვექნება?! რის უფლებასაც ერთს მივცემთ, იმავე უფლებას მივცემთ ახლადშემოსულ ადამიანს? ცხადია, არა, ამიტომ რატომ ვთვლით, რომ უნდა გიჟდებოდეს ჩვენზე მთელი მსოფლიო?! ჩვენ სოხუმი დაგვამხეს ისე, რომ დეპეშა არ მოსულა დასავლეთიდან. მხოლოდ მას მერე, რაც ბაქო- თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი გაკეთდა, დასავლეთმა იმაზე დაიწყო ლაპარაკი, რომ ევროპისკენ უნდა წავიდეს საქართველო, ანუ ეკონომიკამ დააინტერესა დასავლეთი. რაღაცამ ხომ უნდა დააინტერესოს ევროპა ან ამერიკა? ან ქვეყნის ზომამ, რაც არ გვაქვს, ან ქვეყნის ეკონომიკურმა პოტენციალმა, რაც დიდი არაფერია, ან სამხედრო პოტენციალმა, არც ასეთი რამ გვაქვს. ამას რატომ არ ვუკვირდებით, რისი მქონეები ვართ და რატომ უნდა გაგვიწიონ ანგარიში სხვა ქვეყნებმა?!
„ჩინეთთან დაახლოების გამო უდავოდ გავაღიზიანეთ ამერიკაც და ევროპაც, მაგრამ მანდ ისმის საკითხი, საქართველომ უნდა გააგრძელოს ჩინური ჰაბი, თუ უნდა დაუთმოს ამერიკას და ევროპას? ვისურვებდი, საქართველო დაუტკბეს ევროპას და ამერიკას და რუსთაველის არ იყოს, „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“, ასე ტკბილად მოუბარი გახდეს საქართველო იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ჩინეთთან ურთიერთობა. ჩინეთი ძალიან ბევრი ფუნქციის გამოა ჩვენთვის აუცილებელი, ისევე, როგორც ჩვენც ვჭირდებით ჩინეთს და აფასებს ჩინეთი ამას. ევროპასა და ამერიკასთან რამდენი ხნის ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ გვრჩება კი განცდა, რომ აფასებენ ჩვენთან ურთიერთობას? ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის - რუსეთი, ამ რუსეთს ამერიკის და ევროპის არ ეშინია, პირდაპირი მტრობა აქვს უკრაინის თემით ევროპასა და ამერიკასთან, სამაგიეროდ, რუსეთს ეშინია ჩინეთის, რადგან ჩინეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი რაოდენობა- 2 მილიონზე მეტი ადამიანი შესულია რუსეთის ტერიტორიაზე. რუსეთი ხმას არ იღებს ამაზე, რადგან ჩინეთის ეშინია. შეიძლება საქმე ისე გაგვიხდეს, ვინმეს მხარდაჭერა დაგვჭირდეს რუსეთის პირისპირ. ვხედავთ, რომ ამერიკის და ევროპის მხარდაჭერა ჩვენს მიმართ რუსეთს მხოლოდ აღიზიანებს. პერსპექტივა დიდია, რომ ჩინეთის მხარდაჭერაზე რუსეთი გაჩუმდეს და გაწვეს. ამიტომ რუსეთთან პრობლემური ურთიერთობის ფონზე ჩინეთთან ხელიხელჩაჭიდებული ყოფნა უფრო სასარგებლოა ჩვენთვის“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი არ ფიქრობს, რომ ჩინეთთან დამოკიდებულებაში დასავლეთი ორმაგ სტანდარტს ავლენს. მისი აზრით, ჩინეთი ნატოს პოტენციური მოწინააღმდეგეა, არც საქართველოს უწერია კონსტიტუციაში, რომ ჩინეთია საქართველოს მიზანი, კონსტიტუციაში გვიწერია პირიქით, რომ ჩვენი მიზანია ნატო და ევროკავშირი. ამდენად, თუკი ეს მიზნები არ მოგვწონს, მაშინ ამოვიღოთ კონსტიტუციიდან.
„როგორ შეიძლება, უფრო მეტად ვენდოთ ჩინეთს, რომელიც რუსეთის მოკავშირეა. ახლა რუსეთი აგრესიას ახორციელებს უკრაინის წინააღმდეგ. სხვათა შორის, შვეიცარიაში ჩატარდა კონფერენცია, სადაც ჩინეთის წარმომადგენელი არც კი ჩავიდა, გაეროში უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ჩინეთმა ხმა არ მისცა საქართველოს, არ გვაქვს სტრატეგიული ურთიერთობა ჩინეთთან და რატომ ვაძლევთ ჩინეთს შავ ზღვაზე შემოსვლის საშუალებას? კონსტიტუციაში გვიწერია ერთი და ვამბობთ მეორეს, დაახლოებით იგივეა, ვამბობდე, მივდივარ ქუთაისში და ამ დროს მივდიოდე თელავში. ხომ ყველა გვკითხავს, რატომ მიდიხარ თელავში, როცა ქუთაისის გზაზე დგახარ?! დემაგოგიაა „ხალხის ძალის“ განცხადება, თითქოს დასავლეთი თავად ურთიერთობს ჩინეთთან, საქართველოს კი ამას უკრძალავს. ამერიკამ არც უნდა უპასუხოს „ხალხის ძალას“, ვინ არის „ხალხის ძალა“, ამერიკას კავშირები აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალებით. „ხალხის ძალის“ დემაგოგია კი ქართველ ამომრჩეველზეა გათვლილი“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი for.ge- სთან საუბრისას.
ამასთან, პოლიტოლოგი განმარტავს, რომ ტყუილია, თითქოს ევროპულ ქვეყნებს სტრატეგიული ურთიერთობა აქვთ ჩინეთთან. არ არის ჩინეთი არც ამერიკის, არც ევროკავშირის სტრატეგიული მეგობარი. „ხალხის ძალა“ ამას იგონებს, რათა თავისი ამომრჩეველი „დააბოლოს“, შექმნას ილუზია, თითქოს ამერიკა და ევროპა ჩინეთის სტრატეგიული მოკავშირეა. პირიქით, ჩინეთი მათთვის მტერია, მოწინააღმდეგეა.
საუკუნეებია რუსეთი კავკასიაში გავლენებისთვის იბრძვის და არაფრით არ აიკრიფავს გუდა-ნაბადს და კავკასიის ქედს იქით არ გადავა.
რუსეთს სამხედრო და პოლიტიკური გავლენა სჭირდება (მეტზე ტვინი არ ჰყოფნის), ჩინეთს კი, ეკონომიური. ორივე დაეტევიან ერთ ლოკაციაზე.