ე.წ. ერთიანობის დეკლარაციით პარტიები საერთო საპრეზიდენტო კანდიდატზეც უნდა შეთანხმდნენ. იქნება თუ არა ის სალომე ზურაბიშვილი, ამას ჯერჯერობით არ ამბობენ, თუმცა მხარდაჭერას უცხადებენ. მმართველი გუნდის შეფასებით, განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ ლეიბორისტული პარტიის ოფისი, წლების შემდეგ, ორბელიანების სასახლემ ჩაანაცვლა.
რა კონფიგურაციით გავა არჩევნებზე ოპოზიცია, რომელიც, ერთი მხრივ, თანამშრომლობს, თუმცა, მეორე მხრივ, ერთმანეთს ემიჯნება, რამდენიმე დღეში გამოჩნდება. ახალი შეთანხმებით, 6-მა პარტიამ ვადა 8 ივლისამდე დათქვა.
ერთიანობა დეკლარაციაზე 6 პარტიის ხელმოწერით გამოიხატა. „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ახალი“, და „ლელო“ - სალომე ზურაბიშვილის ქარტიაზე ხელმომწერების არასრულმა შემადგენლობამ მორიგი დოკუმენტი, თბილისის შემდეგ, ამჯერად ბრიუსელში გააფორმა, პარტნიორების ჩართულობით. პირველი განცხადებებიც სწორედ ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან გააკეთეს. თანამშრომლობა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ - პარტიები, რომლებიც ერთმანეთთან საარჩევნოდ გაერთიანებას კატეგორიულად გამორიცხავენ, ერთიანობის კონფიგურაციას მაინც ეძებენ.
პარტიების ნაწილის მორიგი შეთანხმება მორიგი უშინაარსო დოკუმენტია საპარლამენტო უმრავლესობისთვის, რომელიც ე.წ. ერთიანობის დეკლარაციას გარე დაკვეთას უწოდებს. ამბობენ, რომ გაუგებარია, როგორ უნდა შექმნას კოალიცია ოპოზიციამ, რომელიც ერთიანობას ვერც საკუთარი პარტიის შიგნით ახერხებს და ვერც საერთო სიაზე თანხმდება.
დეკლარაციის ხელმომწერებმა კი შემდეგი ვალდებულებები უნდა შესრულონ: თავის შეკავება ერთმანეთზე თავდასხმებისგან, არჩევნების შემდეგ კოალიციის ჩამოყალიბება და პარლამენტში წინააღმდეგობის გაწევა ისეთი მთავრობის ფორმირებაზე, რომლის ნაწილიც „ქართული ოცნება“ იქნება.
„ისინი წვალობენ ძალიან, სინამდვილეში არიან ერთი ქოლგის ქვეშ, ნათელაშვილის ფანჩატური გადაიქცა სალომეს ფანჩატურად“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი, ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ფორმალურად იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას, გახდა „ნაცმოძრაობის“ და ნიკა გვარამიას თოჯინა.
„ძალიან სამწუხაროა ერთი ამბავი, რომ თავად სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამ დავალებების მიმღებების საერთო ქვაბში იხარშება, სამწუხაროდ, და ცოტა მძიმეა ამის თქმა, მაგრამ გახდა „ნაცმოძრაობის“ და ნიკა გვარამიას თოჯინა. ადამიანი, რომელიც გუშინ რეზიდენტს უწოდებდა, გახდა მისი დავალების მომცემი, ანუ დავალების მიმღებისგან იღებს დავალებებს წარმოიდგინეთ, მესამე რგოლია დავალების მიმღებთა შორის. „ნაცმოძრაობისგან“ და ნიკა გვარამიასგან იღებს დავალებებს და მათი თოჯინა გახდა, ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ფორმალურად იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას“, - განაცხადა მდინარაძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ეს არის ოპოზიციის მორიგი არაფრის მთქმელი დეკლარაცია, რომელიც არანაირ შინაარსობრივ დატვირთვას არ ატარებს.
„მე პირადად ეს დეკლარაცია 2020 წელს „მთავარი არხის“ ეთერში ოპოზიციების ე.წ. ფიცს მაგონებს. თეთრ დაფაზე ხელი მოაწერეს, რომ ისინი ე.წ. არალეგიტიმურ პარლამენტში არ შევიდოდნენ. თუმცა მერე დავინახეთ, რომ პარლამენტში შესვლას ერთმანეთს ასწრებდნენ. იგივე ვითარება იქნება ახლაც, რადგან არჩევნების პერიოდში ისევ დაიწყებენ უსინდისო ბრალდებებს, რომ ვითომ გაყალბდა. ამ მესიჯბოქს კი, რა თქმა უნდა, განამტკიცებენ ის უაზრო არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც თავის დროზე, პარალელური ხმების დათვლა გააყალბეს. 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს ეს ხალხი ხომ იტყუებოდა ასევე, რომ ვითომ ყალბი პასპორტები იყო გაცემული და ა.შ.
ჩნდება კითხვა, თუ ასეთი ერთიანები არიან და ერთმანეთს ენდობიან, რაში სჭირდებათ ყველა არჩევნებზე ამის რაღაცა დეკლარაციების დამოწმება?! ეს შეკითხვა ლეგიტიმურია, განსაკუთრებით, ოპოზიციური ელექტორატის წიაღიდან. არაერთხელ გვინახია, რომ ამ განცხადების ხელმომწერებმა, მათსავე დეკლარილებულ პრინციპებს როგორ უღალატეს, აბსოლუტურად და რადიკალურად განსხვავებულად იმქომედეს. ასე იქნება ახლაც, წარმოუდგენელია, კოლექტიური ნაცმოძრაობის, რომელიმე სუბიექტმა ზნე ან ჩვეულება შეინარჩუნოს“, - ამბობს აბაშიძე.
რაც შეეეხება სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის გარშემო გაერთიანებას, აბაშიძე ამბობს, რომ ესეც ასევე კომედიური ჟანრიდან არის, როემლიც რეალობას მოკლებულია.
„თეორიულად დავუშვათ, რომ ოპოზიციის საპარლამენტო არჩევნების დროს დაწინაურება მოხდა. თუმცა „ოცნება“ არსად დაიკარგება პოლიტიკურ ველზე. მომდევნო საქართველოს პრეზიდენტი ე.წ. 300-კაციანი ხმოსნების საარჩევნო კოლეგიამ უნდა აირჩიოს. ისინი კი როგორც პარლამენტიდან ყალიბდებიან, ასევე საკრებულოებიდან. ასეთ შემთხვევაში, როცა ოპოზცია არაა დარწმუნებული, რომ მოიგებს, როგორ შეიძლება, რომ ამ 300 ხმოსანში უმრავლესობა ოპოზიციის ფლანგზე გადავიდეს, ესეც ხომ მორიგი თავის მოტყუებაა და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა?! აქაც იაფფასიანი თვალთმაქცობაა, რომ ვითომ ბლოკებით და გაერთიანებებით იქნებიან წარდგენილი არჩევნებზე. მხოლოდ ინდივიდუალურად იქნებიან არჩევნებზე წარდგენილები“, - ამბობს აბაშიძე.
საუბარი იმაზე, რომ გარე აქტორების მხრიდან ოპოზიციის გაერთიანებაა დაკვეთილი და მათი მოთხოვნაა ზურაბიშვილი ლიდერი იყოს, აბაშიძე ამბობს, რომ ეს უკვე ძალიან ღიად ჩანს და დასამალი არავისთვის აღარაფერია.
„პოლიტკური აქტორები, რომლებიც საქართველოს შიდა საქმეებში თავხედურად ერევიან, ან ვერ აცნობიერებენ რა უნდათ ან მიზანმიმართულად აკეთებენ. ვერ გაიგეს, რომ მათი გავლენა საქართველოს მოსახლეობაზე ისეთივე ჩალის ფასის მქონეა, როგორც ლომაჯრიასა და გიგაურის. ზურაბიშვილმა დაკვეთა მიიღო, რომ თავი ოპოზიციონერად და მათ ლიდერად წარმოაჩინოს. ოღონდ მისმა ბრიყვულმა განცხადებებმა და ქმედებებმა იმდენად შორს წაიყვანა, რომ ქართულ ელექტორატს დაუპირისპირდა. ბოლო ასეთი არაადეკვატური ქცევა იყო ფეხბურთელების დაჯილდოვება. ამიტომ ზურაბიშვილის ქმედებები საზოგადოებაში რეიტინგს კიდევ უფრო აგდებს. ამიტომ, არ ვიცი, დასავლეთში ვის გონია, რომ მას ჩვენს მოსახლეობაში ვინმეზე გავლენა და ავტორიტეტი აქვს. ზურაბიშვილი უფრო ტრაგიკომიკურ პერსონაჟად იქცა და ისევე გაუფასურდა მისი პოლიტიკური ღირებულება, როგორც მამუკა ხაზარაძის და გიორგი გახარიასი“, - ამბობს აბაშიძე.
„ხალხის ძალა“ და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ მას ჩვენს გამოცემასთან არაერთხელ უსაუბრია დასავლეთი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციურ ლიდერად წარმოჩენას რომ აპირებდა. ქადაგიძე ამბობს, რომ ზუსტად ამ სცენარით მიდის ახლა მოვლენები და ეს დეკლარაციაც ამის ერთ-ერთი ნაწილია.
„რამდენად შეძლებენ სიის ერთად თუ ცალ-ცალკე გაკეთებას, მნიშვნელობა აღარ აქვს. უკვე ყველა კარგად ვხედავთ რეალურად რასთან გვაქვს საქმე. ეს არის სრულიად გარე ძალებზე დამოკიდებული კოალიცია, რომელსაც ქვეყნის შიგნით არანაირი რესურსი არა აქვს. გარე პოლიტიკურ დონაციაზე არიან სრულად დამოკიდებულები. დღეს ძალიან მენიშნა ხანდაზმული თაღლითის, ბადრი ჯაფარიძის განცხადება, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ყველაზე დიდი ევროგაერთიანების ხელშეწყობით მოხდა ქართული ოპოზიციის შეთანხმებაო. უკვე დეკლარილებულად საუბრობენ აგენტოკრატიაზე. ეს ადამიანები ქვეყნის ინტერესებს საკუთარ ინტერესებზე დაბლა აყენებენ, გარეთ ეძებენ გამოსავალს და ამომრჩეველთან საუბრის მაგივრად, გადაწყვეტილებებს ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან ერთად იღებენ. ანუ ხალხი, რომელმაც მათ ხმა უნდა მისცეს, არ აინტერესებთ. იქნებ მოსახლეობას არ უნდა ენმ-თან მათი გაერთიანება, არ უნდა იკითხონ? ეს ხალხი აღარ ერიდება და ღიად ამბობს, რომ ისენი არიან მათი უფროსები. ახლა ეცდებიან როგორმე ერთიანი სია გააკეთონ, რომ ყველა ერთად რამენაირად პარლამენტში მოახვედრონ. კარგად იციან, ერთს ან ორ პარტიას რომ ჰქონდეს მხოლოდ გადალახვის შანსი, ესენი დაიშალონ და ბარიერის გადალახვაც ვერ შეძლონ, მაშინ საერთოდ განადგურდებიან. ამიტომ ერთიან სიაში ცდილობენ, რომ რაღაცნაირად 35 კაცი მაინც შეიყვანონ“, - ამბობს ქადაგიძე.
მისი თქმით, მათი მთავარი პრობლემა ის არის, რომ რეალურად თავად ვერ გააანალიზეს რატომ აგებენ ბოლო წლების განმავლობაში არჩევნებს. პოლიტიკური გადარჩენის პერსპექტვას უცხოეთში ეძებენ და ეს დეკლარაციაც ამის მაგალითია.