არსებობს თუ არა ჩრდილოეთ კავკასიის აფეთქების საფრთხე და როგორ უნდა მოიქცეს საქართველო 450 კილომეტრში მომხდარი უმძიმესი ტერაქტის შემდეგ? არსებობს თუ არა საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის და რა უნდა გავაკეთოთ?
დაღესტანში 24, 25 და 26 ივნისი გლოვის დღეებად გამოცხადდა და ახლა ყველა იმის დადგენას ცდილობს, რა მოხდა და რამ გამოიწვია ეს უმძიმესი დანაშაული? დგას თუ არა ამ სისხლიანი ანგარიშსწორების უკან უკრაინის და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომების კვალი?
კრემლმა თითი ისევ დასავლეთისკენ გაიშვირა. თუმცა, მარტში მოსკოვში განხორციელებული თავდასხმის მსგავსად, საქმეში ამჯერადაც ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ ჩაერთო, რომელმაც „კავკასიელი ძმები“ მომხდარის გამო შეაქო. ომის კვლევის ინსტიტუტმაც დაღესტანში მომხდარი ტერაქტის უკან ხორასნის ვილაეთის ქვედანაყოფი დაინახა.
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ სიტუაცია არც ისე მარტივია და ეს ჩადებული ნაღმები ჩრდილო კავკასიაში, ადრე თუ გვიან, ისევ იფეთქებს და კიდევ უფრო მძიმე ფორმით. მისი აზრით, ტერაქტის მიზეზი, როგორც უკრაინის ომი, ასევე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტია. რუსეთს დაღესტნის სახით იმაზე დიდი პრობლემა შესაძლოა შეექმნას, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. თუმცა ეს საშიშროება საქართველოსაც უდგას და რამდენიმე დღის წინ, ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაცია მოჰყავს, სადაც ისლამურ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.
რა მოხდა დაღესტანში
20 დაღუპული და 46 დაჭრილი - დაღესტნის ქალაქებში - მაჰაჩყალასა და დერბენტში მომხდარი თავდასხმები რესპუბლიკის ადგილობრივმა მთავრობამ ტერორისტულ აქტებად შეაფასა. ორმხრივი სროლის შედეგად დაღუპულთა შორის არიან სამართალდამცველები, მშვიდობიანი მოქალაქეები და ერთი სასულიერო პირიც. კრიტიკულია კიდევ 7 დაჭრილის მდგომარეობა.
თავდასხმები დაღესტნის ორ ქალაქსა და ერთ სოფელში ერთდროულად დაიწყო. შეიარაღებულმა პირებმა, დერბენტში, სინაგოგასა და ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, შენობებში ხანძარი გაჩნდა.
პარალელურად, ეკლესიაზე თავდასხმა მოხდა მაჰაჩყალაშიც. ორმხრივი სროლა იყო საგზაო პოლიციის საგუშაგოს მიმართულებითაც.
კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა სოფელ სერგოყალაში, სადაც თავდამსხმელებმა პოლიციის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს.
დაღესტნის საგამოძიებო კომიტეტის დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული თავდასხმის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, გადატანისა და ცეცხლსასროლი იარაღის ქურდობის მუხლებით აღძრა. ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, განეიტრალებულია ხუთი ბოევიკი: ორი დერბენტში და სამი მაჰაჩყალაში. ბოლო ინფორმაციით, ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია.
დაკავებულია 1 პირი - სერგოკალინის რაიონის ხელმძღვანელი და პარტია „ედინაია როსიას“ ადგილობრივი ორგანიზაციის მდივანი მაგომედ ომაროვი. სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს მისი სახლიც. რუსული მედიის ცნობით, ომაროვის ორმა ვაჟმა და მისმა ძმისშვილმა, მონაწილეობა მიიღეს სინაგოგასა და პოლიციელებზე კვირას მომხდარ თავდასხმაში.
დაღესტნის ადგილობრივი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სიტუაციას სამთავრობო უწყებები და სამართალდამცავები უკვე სრულად აკონტროლებენ და სამძებრო-ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ტერაქტში მონაწილე ყველა პირის ვინაობა არ გაირკვევა. მანამდე, მთელი რესპუბლიკის მასშტაბით, კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია შემოღებული.
რა არის ტერაქტის გამომწვევი მიზეზები
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი ამბობს, რომ პირველ რიგში, ამ ტერაქტის გამომწვევ მთავარ მიზეზად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ისრაელ-პალესტინის კონფლიქტია. კონფლიქტოლოგი for.ge-სთან ფიქრობს, რომ ასევე, არსებობს უკრაინის ომის პრობლემებიც, რადგან რუსები დაღესტნელების ომში გაწვევას არ ერიდებიან და ეს უკვე დიდი დაპირისპირების მიზეზად იქცა.
„გვახსოვს, როდესაც ისრაელიდან თვითმფრინავი დაბრუნდა დაღესტანში, როგორ დახვდნენ აეროპორტში და ებრაელებს ეძებდნენ. მაშინაც, ლამის, ოფიცილური პირები და მათი ნათესავები მოანწილეობდნენ ამაში. მაშინ ეს ამბავი ჩაიფარცხა და უკვე იყო იმის ნიშანი, რომ ყველაფერი კარგად არ იყო. დღეს კი გამოჩნდა, რომ სიტუცია და პროცესები დაღესტანში ძალიან ღრმად არის წასული და რუსეთი უდიდესი გამოწვევის და პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.
ჩვენ გვახსოვს უმძიმესი ტერაქტი მოსკოვში და შემდეგ როსტოვში, როცა საგამოძიებო ორგანოში მძევლად პოლიციის თანამშრომლები აიყვანეს. დაღესტანში კი ეს პროცესები უკვე გაგრძელდა. რა თქმა უნდა, ამას უკრაინასთან და ამერიკასთან არანაირი კავშირი არა აქვს. თუმცა უკრაინის ომი ამ ამბავზე გავლენას ახდენს. ვიცით, რომ დაღესტნის მოსახლეობა ომში ახალგაზრდების გაწვევის წინააღმდეგია. რუსები კავკასიიდან ცდილობენ ფრონტის ხაზის შევსებას და ამ ხალხის ბედი არ ანაღვლებს. ეს აგრესია კი თავის კვალს ტოვებს. უსამართლობის და პროტესტის განცდა, რომელიც გროვდება, შემდეგ მსგავს მძიმე ფორმებს იღებს“,-ამბობს კონფლიქტოლოგი.
მისივე თქმით, ამ მძიმე ტერაქტის მთავარი ფიგურანტები ერთ-ერთი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შვილები და ძმის შვილი არიან. ბენდიანიშვილის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ უკიდურესად მძიმეა სიტუაცია. დეპრესიული ფონი ადგილობრივ მოსახლეობაში დიდია და პოროტესტის, უსამართლობის განცდა უკვე მაღალი თანამდებობის პირების ოჯახებში გაჩნდა.
„რა დონის სიტუაცია უნდა იყოს, როდესაც ყველაფრით უზრუნველყოფილი ადამიანები, ტერორისტულ საქმიანობაში ერთვებიან. მათი გადაბირება „ისლამური სახელმწიფოს რესპუბლიკის“ მიერ ხდება და ამ დონის ტერაქტი იგეგმება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ დაღესტანში სრული ქაოსია და კრემლისთვის ეს კიდევ უფრო დიდი თავის ტკივილი გახდება.
უკრაინის ომში დაღესტნელების მსხვერპლი ძალიან დიდია, რაც აგრესიას კიდევ უფრო ზდის. უსამართლობის განცდა, რომელიც ამ ხალხში ყოველდღიურად იზრდება, ფეთქებადსაშიში ხდება. კაცმა არ იცის ეს ფონი, განწყობა და აგრესია სად და როდის გამოჩნდება. ეს ყოველდღიურად კიდევ უფრო მძიემე სახეს მიიღებს“, - ამბობს ბენდიანიშვილი.
რაც შეეხება საქართველოს, კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ ტენდენციები ძალიან საშიშია და ჩვენს საზღვრებთან ასე ახლოს ფეთქებადსაშიში სიტუაცია, ბევრ რისკს აჩენს.
„ეს ტერაქტი აშკარად აჩვენებს, რომ მეტასტაზები საკმაოდ ღრმად არის გასული და ეს არ იქნება ბოლო. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ისლამის ინტერესის ობიექტი საქართველო არ გახდება, მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენ ამ პროცესებიდან იზოლირებულები ვერ დავრჩებით. ეს არის ჩვენი მოსაზღვრე რეგიონი და დაღესტანს დიდი ტერიტორიით ვესაზღვრებით. აქ საფრთხის ქვეშ მთელი ჩრდილოკავკასია დგას. შესაბამისად, შესაძლოა, საქართველო გარკვეულ პლაცდარმადაც კი გამოიყენონ. ჩვენ ვნახეთ ბათუმში დააკავა უსაფრთხოების სამსახურმა „აისისი“-თან კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქეები. ეს რისკები არსებობს და ამაზე ძალიან დიდი ყურადღებაა საჭირო. შესაძლოა, საქართველოში არ აპირებდნენ არაფერს, მაგრამ ჩვენს ქვეყანას რაღაცა ცუდის მოსამზადებლად იყენებდნენ. არავინ იცის, სად რას აპირებდნენ. ამიტომ დიდი სიფრთხილე გვჭირდება“, - ამბობს ბენდიანიშვილი.