[როზი ჯღამაია]
თვენახევრიანი შესვენების შესვენების შემდეგ „ოპოზიციური რვიანი“ ხელისუფლებასთან ერთად კვლავ მიუჯდა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის მოლაპარაკების მაგიდას. შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის ბოლო შეხვედრა გასული წლის 24–25 დეკემბერს სიღნაღში გაიმართა. აქამდე, საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის ყველა წინა შეხვედრა განსახილველ საკითხთა პრეზენტაციას მიეძღვნა და 9 თებერვლიდან, როგორც დაგეგმილი იყო, ხელისუფლებას უნდა დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია ოპოზიციის მიერ, პრეზენტირებული საკითხების თაობაზე.
9 თებერვლის შეხვედრაზე, რომელიც ცესკოს შენობაში გაიმართა, მოლოდინი იყო, რომ დისკუსია გაიმართებოდა საკითხზე – „ბიომეტრია არჩევნებში“, რომელიც თავის მხრივ ორ ნაწილად იყოფოდა: ბიომეტრული პირადობის მოწმობები და ამომრჩეველთა სიები. შესაბამისად, ოპოზიციური „რვიანი“ სრულ მზადყოფნაში იყო ხელისუფლებასთან თემაზე სადისკუსიოდ, თუმცა ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც დაგეგმილი იყო – ხელისუფლება არ აღმოჩნდა მზად საპაექროდ და საკითხის შესასწავლად დამატებითი დრო მოითხოვა.
საქმე ისაა, რომ ოპოზიციის მიერ, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის შემუშავებულ საკითხებზე უცხოელმა ექსპერტებმა დასკვნა დაწერეს, ხოლო როგორც აღმოჩნდა, ხელისუფლება დოკუმენტს ჯერ არ იცნობდა, ყოველ შემთხვევაში, შეხვედრაზე ასე თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილმა.
თუმცა, სანამ შეხვედრის დეტალებზე საუბარს შევუდგებოდეთ, კიდევ ერთხელ, შეგახსენებთ საარჩევნო კოდექსზე მომუშავე პარტიებს:
„ახალი მემარჯვენეები“, „დემოკრატიული პარტია“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ - დემოკრატიული პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“, „თავისუფლება“, „კონსერვატული პარტია“, „მრეწველები“, „რესპუბლიკური პარტია“, „საქართველოს გზა“, „ქართული დასი“, „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა“, „ქრისტიან - დემოკრატიული სახალხო პარტია“, „ჩვენ თვითონ“, „ხალხის პარტია“ და რვა პოლიტიკური პარტიის ერთობის ექსპერტი ირაკლი მელაშვილი.
შეხვედრებს დამკვირვებლის სტატუსით ესწრებიან: ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები: GYLA, ISFED საერთაშორისო ორგანიზაციები: IFES, NDI, UNDP, USAID, NIMD და ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფი. ჯგუფის ტექნიკურ მხარდაჭერას ახორციელებს IFES Georgia.
ახლა კი გუშიდელ შეხვედრის დეტალები – აქვე აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო კოდექსზე მომუშავე პარტიებს კიდევ ერთი სუბიექტი შეემატა – „სამართლიანი საქართველოს“ სახით. ახალი პოლიტიკური ძალის შემომატება არავის გაუპროტესტებია და „სტუმრები“ საერთო გადაწყვეტილებით, სადისკუსიო მაგიდასთან მიიწვიეს. თუმცა, „შემოსწრებულები“ ამჯერად, მხოლოდ მოსმენით და გარემოში ადაპტაციით შემოიფარგლნენ.
ამის შემდეგ, სხდომის წამყვანმა, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სხდომა გახნილად გამოაცხადა და კოლეგებს, განსაკუთრებით მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შეახსენა, რომ მზად იყვნენ ხელისუფლების პოზიციის გასაცნობად.
„ხელისუფლების პოზიცია იყო, რომ თებერვალში დასრულებულიყო ყველა საკითხზე პოზიციების მოსმენა“, – თქვა დავით უსუფაშვილმა.
ამაზე, პავლე კუბლაშვილმა მორიდებით უპასუხა: „იქნებ დღევანდელი შეხვედრა შემდგომი დღის წესრიგის განხილვას დავუთმოთ, რადგან უცხოელი ექსპერტების დასკვნის გაცნობა ვერ მოვასაწარით. თანაც, უმჯობესი იქნება მომავალ შეხვედრაზე სამოქალაქო რეესტრიც დავისწროთ და მან გაგვარკვიოს არჩევნებამდე მოესწრება თუ არა ბიომეტრული პასპორტების ყველა მოქალაქეზე გაცემა, აქვს თუ არა სამოქალაქო რეესტრს ამის ფინანსური საშუალება“.
„რესპუბლიკური პარტიიდან“ ვახტანგ ხმალაძემ კი საჭიროდ მიიჩნია, კუბლაშვილისთვის შეეხსენებინა, რომ ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის განხილვას სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენელი წინა შეხვედრაზე ესწრებოდა და მისი მხრიდან გამოითქვა შენიშვნა, რომ მხოლოდ პირისახის ბიომეტრული აღრიცხვა არ იძლევა დუბლირების აღმოფხვრის საშუალებას. ამიტომ, სამოქალაქო რეესტრში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ბიომეტრულ მონაცემებში თითის ანაბეჭდებიც გაკეთდეს.
„გარდა ამისა, ამომრჩეველთა აღრიცხვის საკითხი კენჭისყრის, ანუ, არჩევნების დღესთან არ არის მიბმული და შეგვიძლია საკითხზე მსჯელობა დავიწყოთ,“– აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.
პავლე კუბლაშვილის განცხადებამ „ქრისტიან დემოკრატი“ ლევან ვეფხვაძე იმდენად გააკვირვა, რომ საკუთარი პოზიცია ასე გამოხატა: „უცნაურია, დისკუსიაზე წინასწარ შევთანხმდით და ხელისუფლება ახლა აცხადებს, რომ მზად არ არის საკითხის განსახილველად. ახლა, რა ვქნათ, დავიხუროთ ქუდი და წავიდეთ? მმართველმა გუნდმა, იქნებ, გვითხრას რა გრაფიკით ვიმუშაოთ, თორემ ჩვენს თავს ვინ ჩივის, ამ შეხვედრებს უცხოელი დამკვირვებლები ესწრებიან და მატთან არის უხერხული“.
ვეფხვაძის პოზიცია არ გაიზიარა „ახალი მემარჯვენეებიდან“ მამუკა კაციტაძემ და განაცხადა, რომ იგი თანახმა იყო ხელისუფლება კარგად გაცნობოდა უცხოელი ექსპერტების დასკვნას და მსჯელობა მას შემდეგ დაეწყოთ. ამის
„მე ხელისუფლების ამ პოზიციას არ დავარქმევდი ხელოვნურ „ტაიმ–აუტს“, ექსპერტები იმისთვის მოვიწვიეთ, რომ მათ ვენდობით, თუმცა არ ვფიქრობთ, რომ მათი დასკვნა არის პანაცეა. ამიტომ, იქნებ მართლაც გადავდოთ საკითხზე მსჯელობა. შესაძლოა, ხელისუფლების არგუმენტების მიღმა მართლაც სხვა რამ დგას, მაგრამ ახლა არ მინდა ამ განწყობით ვიყო. ექსპერტების დასკვნა სხვა საკითხებსაც შეეხება და იქნებ, ხელისუფლება ყველას გაეცნოს, ჩვენც საფუძვლიანად მოვემზადოთ და შემდეგ ვიმსჯელოთ“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
კაციტაძის პოზიციას კვერი დაუკრა „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ირაკლი ჩიქოვანმაც და შემდეგ, სიტყვა კვლავ, პავლე კუბლაშვილმა აიღო და აღნიშნა: „ვეფხვაძის გამოსვლაზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან პუბლიკაზე იყო გათვლილი. რაც შეეხება ბიომეტრულ პირადობის მოწმობებს, პირველი ივნისიდან ხელისუფლება ისედაც იღებს ვალდებულებას, რომ 100 ათასი მოწმობა გაიცემა, რაც სახელმწიფო თანადაფინანებით მოხდება. თუმცა, რამდენად მოხერხდება თითის ანაბეჭდებისთვის თანხის მოძიებას და სამოქალაქო რეესტრი 3 მლნ ადამიანის მოწმობის დაბეჭდვას წელიწადნახევარში მოასწრებს თუ არა, ეს მტკივნეული საკითხია. გარდა ამისა, ისიც განსახილვევლია მოხერხდება თუ არა ამ პირადობის მოწმობებით არჩევნების ჩატარება“.
კუბლაშვილს „მრეწველმა“ ზურაბ ტყემალაძემ უპასუხა: „თქვენ როდესაც გისმენთ თანხებში იმხელა სხვაობაა... ადრე საუბარი იყო, რომ ეს პროცედურები 50 ცენტი ჯდებოდა, ახლა კი 30 და 45 ლარს ახსენებთ. ამიტომ, ესეც გასარკვევია, რეალურად რა ჯდება ბიომეტრული პირადობის მოწმობების დაბეჭდვა“?
აქვე დაისვა მისამართების კორექტირებაზე კითხვები, კერძოდ, ჯერ დამისამართება მოხდებოდა და შემდეგ დაიწყებოდა ბიომეტრული პირადობების მოწმობების ბეჭდვა თუ...
პავლე კუბლაშვილის პასუხი იყო, რომ მისმართების კორექტირება მოწმობების გაცემის პარალელურ რეჟიმში მოხდებოდა – „ესარაა პრობლემა, ყველაზე დიდი საფრთხე ისაა, რომ ჩვენ დავიწყოთ რაღაც და ბოლომდე ვერ მივიყვანოთ.“
შემდეგი კითხვა ისევ, ლევან ვეფხვაძემ დასვა და დაინტერესდა რასაც სამოქალაქო რეესტრი გადაწყვეტდა და იტყოდა ყველაფერი ისე მოხდებოდა თუ მმართველი პარტია მისცემდა მას დავალებას?
„მიმოქცევაში ორმაგი პირადობები არის, რაც დუბლირების საშუალებას იძლევა და ვფიქრობ, მმართველი პარტიის ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ ეს აღმოიფხვრას. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაღაც ისე რომ არ მოხდეს, ყველაფერი მათ დაბრალდებათ“, – თქვა ლევან ვეფხვაძემ.
მამუკა კაციტაძე კი დაინტერესდა, ID–ზაცია რომ მოხდეს, ფინანსების გარდა სხვა პრობლემას თუ ხედავდა ხელისუფლება, რომ ოპოზიციური პარტიები მათ ალტერნატიული გზების მოძიებაში დახმარებოდნენ.
„როდესაც რესურსებზე ვსაუბრობთ აქ ფინანსები, ტექნიკური საშუალებები და კადრები იგულისხმება. ყველა ეს პრობლემა დგას და თუ ამის გამო, პროცესი ბოლომდე არ მივიდა, ვეფხვაძე, რომ საკუთარ თავზე არ აიღებს პასუხისმგებლობას ეს ჩვენც კარგად ვიცით“, – თქვა პავლე კუბლაშვილმა.
დავით უსუფაშვილმა, რომელიც მთელს ამ დიალოგს ჩუმად ისმენდა თქვა ის, რისი თქმისგან თავიდან თავი შეიკავა: „ყველა ის კითხვა, რომელიც აქ დაისვა, 2 თვით ადრეც დაისვა და საკმარისი დროც იყო, რომ პასუხები გვქონოდა. თუ ეს პასუხები 2 თვეში არ მოიძებნა, ვეჭვობ, ერთ კვირაში მოვისმენთ ამ პასუხებს. თუ დახმარება გინდათ თქვით, თორემ რაც დრო გადის, ის საფრთეები და რისკები რაზეც თქვენ საუბრობთ, უფრო იზრდება. თუ უცხოელი ექსპერტების დასკვნების გასაცნობად დრო გჭირდებათ, მაშინ იქნებ, გვითხრათ, თუ ხართ რომელიმე საკითხისთვის მზად და თუ – არა, მაშინ, გრაფიკი თავად გვითხარით, როდის რაზე ვიმსჯელოთ“.
პავლე კუბლაშვილმა კი კვლავ გაიმეორა, რომ ბიომეტრულ პირადობების დამზადება მოესწრება თუ – არა, პასუხები სამოქალაქო რეესტრისგან უნდა მოესმინათ და იქვე განიხილავდნენ საარჩევნო სისტემის საკითხებსაც.
„თუ ეს არ გამოვა, მაშინ, ალტერნატიულ გზებზე უნდა ვიმსჯელოთ“, – განმარტა კუბლაშვილმა, თუმცა კომისიის წევრების უმრავლესობა ვერ დაარწმუნა პოზიციის მართებულობაში.
„დემოკრატიული პარტია“ ირწმუნებოდა, რომ სამოქალაქო რეესტრის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის შემდეგ სხდომაზე მოსვლა არფერს შეცვლიდა, რადგან სიღნაღში მან ერთხელ უკვე გასცა ყველა კითხვას პასუხი და მომავალში, მისგან ახალს ვერაფერს მოისმენდნენ.
ეს პოზიცია რამდენიმე ადამიანმა გაიზიარა და ამის გამო, მამუკა კაციტაძეს მოუხდა უფრო დაეკონკრეტებინა რატომ დაყაბულდა საკითხის შემდეგ შეხვედრაზე განხილვას: „მე არ მაინტერესებს ვაშაძე რას იტყვის, ხელისუფლება მას დაიხმარს თავისი პოზიციის გასახმოვანებლად. მე მაინტერესებს ხელისუფლების პოლიტიკური ნება, სურს თუ არა მას ბიომეტრული პირადობის მოწმობებით არჩევნების ჩატარება და თუ ამის შემდეგ ვაშაძე იტყვის, რომ იგი ტექნიკურად ვერ მოასწრებს ამის განხორცილებას, მაშინ, დატოვოს თანამდებობა.“
მოკლედ, 9 თებერვლის შეხვედრა არაფრით დამთავრდა, მაგრამ მამუკა კაციტაძემ ოპოზიციური „რვიანის“ კიდევ ერთი ინიციატივა გააცნო პავლე კუბლაშვილს. ოპოზიცია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხის პოპულარიზაციას ითხოვს.
„ჩვენ „რუსთავი 2“–ს და „იმედს“ ვერ მოვთხოვთ, მე–2 არხი მთელს საქართველოს ვერ ფარავს და ამიტომ, პირველმა არხმა გამოყოს დრო და კვირაში ერთი გადაცემა ამ საკითხს მიუძღვნას, სადაც ამ ჯგუფში შემავალი სუბიექტების პოზიციების გაანალიზება მოხდება. ეს მნიშვნელოვანია, საზოგადოების ინფორმირებულობისთვის და იმ პოლიტიკური პარტიებისთვისაც, ვინც უარყო ეს პროცესი. საზოგადოებამ კი თავად განსაჯოს რა გზით სჯობს ბრძოლა“, – თქვა მამუკა კაციტაძემ და პავლე კუბლაშვილს მოუწოდა, რომ ხელისუფლებას მხარი დაეჭირა ამ ინიციატივისთვის.
კუბლაშვილმა პირობა დადო, რომ იგი ლობისტიც კი გახდებოდა ამ ინიციატივის, რადგან მასში მიუღებელი არაფერი იყო. ამის შემდეგ, პოლიტიკური პარტიები ერთმანეთში იმაზეც მსჯელობდნენ როგორი ფორმატი უნდა ჰქონოდა გადაცემას, მაგრამ ბოლოს შეთანხმდნენ, რომ გადაცემის სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩაერეოდნენ. მათთვის მთავარია, რომ საკითხზე მსჯელობა ტელევიზიითაც გადაიცეს და ამით „პროცესში საზოგადოების ჩართულობა უზრუნველყონ“.
საარჩევნო გარემოზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა 16 თებერვალს ცესკოში გაიმართება. მას კვლავ დაესწრება ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი და საზოგადოებას კვლავ მივაწვდით ინფორმაციას სხდომის დეტალებზე.