ოპოზიციის გადაწყვეტილება - არ დაესწროს და ბოიკოტი გამოუცხადოს პრემიერ ირაკლი კობახიძის პარლამენტში წლიურ მოხსენებას არის თუ არა პოლიტკურად წამგებიანი თავად ოპოზიციისთვის? ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ წარმოუდგენელია წინასაარჩევნოდ, სულ რამდენიმე თვით ადრე, ოპოზიციამ ხელიდან გაუშვას საუკეთესო შანსი, რომ პრემიერს პარლამენტში არგუმენტირებული დისკუსია მოუწყოს. საკუთარ ამომრჩეველს აჩვენოს, თუ რა შეუძლიათ და რაში არიან მართლები. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებას აძლევენ იმის თქმის საბაბს, რომ მათ პრემიერ კობახიძის ეშინათ და მასთან დებატებს ერიდებიან.
უკვე ცნობილია, რომ საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე, 28 ივნისს, საქართველოს პარლამენტი პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშს მოისმენს, რომელსაც უკვე კრიტიკულად აფასებენ ოპოზიციაში.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ირაკლი კობახიძემ საკუთარ თავსაც ვერ დააჯერა რომ პრემიერ-მინისტრია და წლიური ანგარიშიც ყოფილი პრემიერისგან გადმოწერა.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ოპოზიციის ქმედება რადიკალურია და ზოგიერთ ოპონენტს ირაკლი კობახიძესთან დებატებში შესვლის ეშინია, ამიტომაც ბოიკოტი მოიმიზეზეს.
დეპუტატი თამარ კორძაია თვლის, რომ ანგარიშში ვერ მოისმენს ქვეყნისთვის სასარგებლო ინფორმაციას განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა პრემიერი ირაკლი კობახიძე ქვეყნის საგარეო კურსს ცვლის და დასავლელ ლიდერებს „ჰამასისა“ და „თალიბანის“ ლიდერები ურჩევნია.
„ჩვენ არ დავესწრებით იმ პრემიერის ანგარიშს, რომელმაც მთავრობის პროგრამა, უბრალოდ, წინის-წინა პრემიერის პროგრამიდან გადმოწერა - მით უმეტეს იმ პრემიერის ანგარიშს, რომელიც საკუთარ თავსაც ვერ აჯერებს, რომ პრემიერ-მინისტრია“, - განაცხადა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა.
ლილუაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ ყველა სტრატეგიულ და არასტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა უპრეცედენტოდ მძიმე ნიშნულზეა.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიცია ამ შემთხვევაში კიდევ ერთ შეცდომას უშვებს, რადგან არ ცდილობს ამ ვარიანტის გამოყენებას. ძაბირაძე ამბობს, რომ ამით ხელისუფლებასთან კი არ უნდა შევიდეს პოლემიკაში, არამედ მოსახლეობასთან ანგარიშვალდებულება აქვს და საკუთარი მანდატი უნდა გამოიყენოს.
„ამ წინასაარჩევნოდ იმაზე კარგი ტრიბუნა რა შეიძლება იყოს ოპოზიციისთვის, როგორც პარლამენტში მისული პრემიერია, რომელსაც ნებისმიერ კითხვას დაუსვამ. მის ტექსტს გაანალიზებ და შენს ამომრჩეველს არგუმენტებით აუხსნი, რას ამბობს მცდარს პრემიერი და რას ამტკიცებ შენ. პარლამენტის ტრიბუნის კიდევ ერთხელ გამოყენება შეეძლოთ იმის დასამტკიცებლად, რომ ხალხთან აქვთ სათქმელი. ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომაა.
მესმის, რომ იქ პრემიერს ყველაფერი დალაგებული ექნება და კობახიძესთან პოლემიკაში შესვლა მარტივი არ არის, მაგრამ ზუსტად ამაშია საქმე, რომ როდესაც ოპოზიცია ასეთ დებატებში მონაწილეობაზე უარს ამბობს, ბურთი და მოედანი ხელისუფლებას რჩება. „ოცნება“ ხომ ამას სათავისოდ გამოიყენებს. ჯერ ერთი იტყვიან, რომ ოპოზიციას მუშაობა არ უნდა, არ ასრულებს თავის მოვალეობებს. მეორე მხრივ კი პრემიერის მესიჯებს საკუთარი მედია საშუალებები გააპიარებენ. მესმის ოპოზიციას მოუწევდა სერიოზული მუშაობა პრემიერის გამოსვლის ტექსტთან დაკავშირებით, რომელიც უკვე დარიგებული აქვთ და იციან, რაზეა საუბარი. თუმცა, აბა, სხვა რა დანიშნულება აქვს ოპოზიციას? რისთვის შევიდნენ პარლამენტში? ან ახლა რატომ უნდა მისცეს მათ ხალხმა ისევ მანდატი?“,-ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, 27-ში ევროკავშირის სამიტზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული. პრემიერის გამოსვლა კი 28-შია პარლამენტში ჩანიშნული, ამ თემის გამოტოვება და მოედნის ხელისუფლებისთვის დათმობა, ყველაზე დიდი პოლიტიკური უცოდინრობაა.
„ოპოზიციის ბოიკოტი რაღაცას ხომ უნდა ემსახურებოდეს? ან ამით ხომ პრემიერის წისქვილზე ასხამენ წყალს? გამოვა მშვიდად, ლამაზად, წინასაარჩევნოდ ამ ტრიბუნას კოხტად გამოიყენებს. ილაპარაკებს იმას, რაც მის ამომრჩეველთან აქვს სალაპარაკო და კაცი არ ეყოლება შემწინააღმდეგებელი. არის შემთხვევები, კი ბატონო, როცა ბოიკოტი საჭიროა, მაგრამ ახლა რატომ ეხმარებიან ხელისუფლებას, ეს მაინტერესებს. მერე უკვირთ, რომ „ოცნება“ პიარში უგებთ და მოსახლეობის დარწმუნებას უფრო ახრეხებს“,-ამბობს ძაბირაძე.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც მიიჩნევს, რომ პრემიერის გამოსვლის ბოიკოტირება თავად ოპოზიციის გარდა არავის დააზიანებს. საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ამას პირიქით, პრემიერ გამოიყენებს და იტყვის, რომ ოპოზიციას არ ჰქონდა არაფერი სათქმელი, ამიტომ პარლამენტში მისვლა ვერ გაბედეს.
„ეს არის ოპოზიციის ბრძოლის ველიდან გაქცევის ტოლფასი. პრემიერი ამას ზუსტად გამოიყენებს და ამას იტყვის, რომ ოპოზიციას მასთან დაპირისპირების ძალა არა აქვს და ამიტომ დაიმალნენ, გაიქცნენ, შეეშინდათ და ა.შ. პოლიტიკური ბრძოლის ველი პარლამენტია და, როცა შენი მეტოქე, თანაც პრემიერი მოდის, შენ კი ბრძოლის ველს ტოვებ, რა არის ეს, თუ არა სისუსტის ნიშანი?! ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციურმა ამომრჩეველმა მათ ხმა ტყუილად მისცა. ამასაც კობახიძე ხაზს გაუსვამს. ასეთი გადაწყვეტილება ხელისუფლებას ოპოზიციის საწინააღმდეგოდ ბევრი სვლის გაკეთების საშუალებას მისცემს. აქ ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი მეორე მომენტი - თუ დააკვირდებით, სხვა ყველა პრემიერისგან განსხვავებით, ოპოზიციას კობახიძის მდგომარეობიდან გამოყვანა არ შეუძლია.
ბულინგი, შეურაცხყოფა, საცირკო სანახაობის დადგმა მასთან არ გამოსდით. ამის ნათელი მაგალითი ტელეჟურნალისტებთან შეხვედრა იყო. მისმა სიმშვიდემ აქეთ გამოიყვანა ჟურნალისტები მდგომარეობიდან. იგივე ხდება პარლამენტშიც. კობახიძე საკმაოდ გაწონასწორებული ადამიანია, რომელიც ოპოზიციის გეგმებს თავდაყირა აყენებს. გვახსოვს კვირიკაშვილი როგორ გამოიყვანეს მდგომარეობიდან, ბოლოს დედა აგინა და გახარებული იყო მთელი ოპოზიცია. კობახიძეს ამას ვერ უზამენ, ამიტომ მათთვის პრემიერი უკვე საკმაოდ მძიმე მეტოქეა და ესეც არის მიზეზი, რის გამოც ბოიკოტი ამჯობინეს“, - ამბობს საყვარელიძე.
მორიგი ისტერიკა აქვთ ნაცებს და მათსავით ნაკლებად მოაზროვნე მასას, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის დათადარიგო სკამის ასაკოვან მოთამაშეს რატომ არ ეძლევა საშუალება, ერი იხსნას. :)) უეჭველი პუტინმა დაავალა კობახიძეს. მიმიმუმ, მედვედევმა. :)