„ძალიან მინდა, დავეხმარო ჩვენს ქართველ პაციენტებს, იცოდნენ, რომ სტამბულში არის ქართველი ექიმი, რომელიც ყველას უანგაროდ გაუწევს დახმარებას“

„ძალიან მინდა, დავეხმარო ჩვენს ქართველ პაციენტებს, იცოდნენ, რომ სტამბულში არის ქართველი ექიმი, რომელიც ყველას უანგაროდ გაუწევს დახმარებას“

სტამბულის ატლასის სახელობის უნივერსიტეტის, „მედიცინ ჰოსპიტალის“ მეან-გინეკოლოგიური განყოფილების გამგე, ექიმი და ლექტორი თეა თავაძე გამოდის ინიციატივით და კლინიკასთან შეთანხმებით, ნერგავს ახალ პროექტს - „გადავარჩინოთ მეტი სიცოცხლე“. კერძოდ, პაციენტი შუამვალისა და თარჯიმანის დახმარების გარეშე პირადად უკავშირდება „მედიცინ ჰოსპიტალის“ მეან-გინეკოლოგიური განყოფილების გამგეს, რომელიც კონკრეტული პროფილის ექიმთან ერთად სწავლობს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მოკლე დროში მოხდება დიაგნოზის დასმა და ამის შემდეგ ხდება პაციენტის ოპერატიულად საქმის კურსში ჩაყენება. რაც მნიშვნელოვანია, ამ პროექტის ფარგლებში, ყველა ამ მომსახურეობაში პაციენტი თანხას არ იხდის.

for.ge თეა თავაძეს ესაუბრა.

ქალბატონო თეა, სანამ პროექტზე ვისაუბრებთ, გვითხარით, როგორ აღმოჩნდით ამ კლინიკაში, სადაც მხოლოდ ერთი ქართველი ექიმი მოღვაწეობთ?

თეა თავაძე: ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, რასაკვირველია, ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე მაბარია მეან-გენეკოლოგიის მიმართულებით. ატლასის სახელობის უნივერსიტეტში, „მედიცინ ჰოსპიტალში“ ვმუშაობ 8 წელია და 5 წელია ვარ მეან-გინეკოლოგიური განყოფილების გამგე. გაცვლითი პროგრამების მეშვეობით მოვხვდი სტამბულში. დიდი შრომის მერე მოვხვდი სტამბულის სამედიცინო უნივერსიტეტში მეან-გინოკოლოგიური განხრით, წითელ დიპლომაზე, ინგლისური განხრით, დავამთავრე თურქეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ამის შემდეგ დაიწყო ჩემი კარიერული წინსვლა.

დიდი ხანი ვმუშაობდი სტამბულის სახელმწიფო კლინიკებში და როგორც წამყვანი ექიმი, მიმიწვიეს უნივერსიტეტის ბალანსზე არსებულ საავადმყოფოში. ძალიან დიდი წვლილი მიმიძღვის თურქეთში ახალი უნივერსიტეტის გახსნაში. გავხდი ლექტორი, რომელმაც ჩამოაყალიბა ატლასის სახელობის უნივერსიტეტი და უკვე მესამე წელია ამ უნივერსიტეტის ფორმატში ვმუშაობ. დღეს, ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ ჩემი ეს პროფესიონალიზმი და გამოცდილება გავუზიარო ქართველებს, რომლებსაც, სამწუხაროდ, აქვთ ჯანმრთელობის პრობლემა.

სულ ბოლო შემთხვევა იყო 34 წლის გოგონა საქართველოდან უმძიმესი დაავადებით, რომელიც გადაარჩინეთ. რამდენად ხშირია, როდესაც ასეთი მძიმე დიაგნოზით ჩამოდიან საქართველოს მოქალაქეები და არა მხოლოდ საქართველოდან, და როგორ ფიქრობთ, რატომ ანიჭებენ უპირატესობას ქართველი პაციენტები თურქეთს?

- ძალიან ბევრი პაციენტი გვყავს საქართველოდან, მაგრამ რატომ ირჩევენ თურქეთს? საქართველოში არ გვყავს პროფესორები, თუ არ გვაქვს კლინიკები? ძალიან განთქმული ექიმები გვყავს, მაგრამ, ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი რატომაც უნდათ, რომ თურქეთში მიიღონ სამედიცინო დახმარება, შეიძლება იყოს ის, რომ საზღვარგარეთ მკურნალობა მიაჩნიათ ეფექტური. ამავე დროს, სრულყოფილი მკურნალობის თავლსაზრისით აკეთებენ ამ არჩევანს. აქედან გამომდინარე, როგორც ქართველ ექიმს, თუკი რამე შესაძლებლობა მექნება, მაქვს სურვილი, რომ ქართველ პაციენტებს გავუწიო შუამავლობა და ჩვენი საავადმყოფოს პროფესიონალიზმით დავეხმარო მათ მკურნალობაში.

როგორც მეან-გინოკოლოგს, ონკოლოგიური მიმართულებით გაქვთ განათლება მიღებული, მაგრამ როგორ უნდა შეძლოს ქართველმა პაციენტმა თქვენთან კომუნიკაცია, ყოველგვარი შუამავლის თუ თარჯიმნის გარეშე?

- ეს არის პროექტი, რომელიც დაარსდა ჩემ მიერ და ზურგს უკან მიდგას ჩემი საუნივერსიტეტო საავადმყოფო, რომელიც მეხმარება ამ პროექტის განვითარებაში და განხორციელებაში. რა არის ჩვენი მიზანი - ვიცით, რომ არსებობს ძალიან ბევრი შუამავალი კომპანია, რომლებსაც პაციენტები მოჰყავთ თურქეთში სხვადასხვა კლინიკებში, სადაც ხდება დიაგნოსტიკა და შემდეგი მკურნალობა.

სხვათა შორის შუამავალი კომპანიები ცალკე პრობლემაა, მათ შორის თარჯიმანის სისტემა, რომელიც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული...

- ძალიან ბევრი მსმენია ამ შუამავალ კომპანიებთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე, მაგრამ შუამავალი კომპანიების მთავარი მიზეზის განხილვას არ ვაპირებ. როგორც ვხედავ და ვაკვირდები, ეს არის ცოტა რთული სისტემა. მე მინდა, რომ ეს სისტემა ჩვენს ქართველ პაციენტებს გავუმარტივო და შევთავაზოთ ასეთი სისტემა - ჩვენი საავადმყოფოს ოფიციალურ გვერდზე Dr.teatavadze@gmail.com პირდაპირი კომუნიკაციის, პირდაპირი შუამავალი მე ვიქნები.

მე, ვარ მეან-გინეკოლოგ-ონკოლოგი, მაგრამ პაციენტს შეიძლება სჭირდება ქირურგიული, ან სხვა სახის სამედიცინო დახმარება, ან პლასტიკური ოპერაცია და ა.შ. ყველანაირ სამედიცინო დახმარებას გავუწევთ, ვინაიდან ჩვენი კლინიკა არის მაღალკვალიფიციური ფართო სპექტრის სამედიცინო კლინიკა, სადაც გვაქვს უახლესი ტიპის დანადგარები, ჩვენ პაციენტებს მოვემსახურებით უმაღლეს დონეზე და რაც მთავარია, შეღავათიან ფასებში. ამ პროექტის მიზანია, რომ ავადმყოფს შეეძლოს შეღავათიან ფასებში მკურნალობის მიღება.

მე საქართველოში არ მაქვს წარმატებული კავშირები. ჩემი სურვილია, რომ ჩემი პროფესიონალიზმი და გამოცდილება მოვახმარო ჩვენს ქართველებს და ყოველგვარი წინასწარი ფასის გადახდის გარეშე გავუმარტივოთ პაციენტებს კომუნიკაცია. ზემოთ აღნიშნულ მისამართზე უნდა გამოაგზავნონ სამედიცინო ისტორია, მე როგორც განყოფილების გამგე, შევაფასებ რომელი პროფილის ექიმს ეხება დაავადება და უკვე ამ პროფილის ექიმთან ხდება ჩემი კონტაქტი, ძალიან მოკლე დროში დავსვამთ დიაგნოზს და განვსაზღვრავთ თუ რა იქნება საჭირო - მკურნალობა იქნება ჩასატარებელი, თუ ოპერაციის დაგეგმვა და ამის შემდეგ ხდება ოპერატიულად პაციენტის საქმის კურსში ჩაყენება.

შუამავალი ექიმსა და პაციენტს შორის თქვენ იქნებით?

- რა თქმა უნდა. არანაირი შუამავალი კომპანიები და თარჯიმნები, უშუალოდ ჩემთან ექნებათ კომუნიკაცია. რატომ? - იმიტომ, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, შუამავალ კომპანიებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები ძალიან ბევრია, მეც ძალიან ბევრი მსმენია ამის შესახებ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არაა ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებული პროექტი. პაციენტი თურქეთის მაღალკავლიფიციურ კლინიკაში მკურნალობას შეძლებს მინიმალურ ფასად. ეს იქნება ჯანმრთელობაზე მორგებული პროექტი და არა ფინანსურ მოგებაზე გათვლილი.

რამდენად ხშირად ხდება საქართველოდან პაციენტების მომართვა?

- ძალიან ხშირია, როდესაც ძალიან მძიმე პაციენტები მიკავშირდებიან და მართლაც ფორსმაჟორში მიწევს მუშაობა და სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავმხამრებოდი ჩვენს მოქალაქეებს ყოველგვარი დამატები თანხების გადახდის გარეშე. ამ კამპანიისთვის ვაპირებ ოფიციალური სახის მიცემას, რადგან ჩემი პირადი კომუნიკაციით ვერ ვაწვდენ ხმას იმ ადამიანებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. ადამიანები მიკავშირდებიან დედაჩემის დახმარებით და თქვენ ვერ წარმოიდგენთ ასეთი რამდენია.

ვგრძნობ, რომ ბევრი ადამიანს არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა და ამიტომ თავს იკავებს მიიღოს მაღალკვალიფიციური სამედიცინო დამხარება. ვიცი რამდენ დროსთან და ენერგიასთან არის დაკავშირებული. მესმის, რომ ჩემი დატვირთული დღის წესრიგიდან გამომდინარე, ცოტა რთული იქნება ასეთი ტემპით მუშაობა, მაგრამ ძალიან მინდა, რომ დავეხმარო ჩვენს ქართველ პაციენტებს და იცოდნენ, რომ სტამბულში ატლასის სახელობის უნივერსიტეტის, „მედიცინ ჰოსპიტალში“ არის ქართველი ექიმი, რომელიც ყველას ყოველგვარი ფინანსური მოგების გარეშე გაუწევს დახმარებას, ვისაც კი ესაჭიროება. ეს არის ჩემი პირადი ინიციატივა. თუკი შევძლებთ, რომ ადამიანებს დავეხმაროთ გამოჯანმრთელებაში და მივცეთ სიცოცხლის მეტი მოტივაცია, მერწმუნეთ, რომ ამაზე უკეთესი ჩემთვის არაფერი არ იქნება.

ვიცით, რომ ძალიან ბევრი ქართველია არალეგალურად თურქეთში, რომლებიც ვერ იღებენ სამედიცინო დახმარებას, რადგან ეს მათ ფინანსურ შესაძლებლობებს აღემატება. თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქისთვის რა პროცედურებია გასავლელი, რომ მოხვდეს თქვენს კლინიკაში და ისარგებლოს აღნიშნული შეღავათებით?

- საერთო ჯამში, თურქეთში მყოფი ქართველებისთვის, რომლებსაც არ აქვთ საბუთები მოწესრიგებული და არ აქვთ სახელმწიფო დაზღვევა, მკურნალობა ძვირია. მაგრამ არ მყოლია პაციენტი ისეთი, ვინც ჩემთან მოსულა კლინიკაში და არ მიუღია შეღავათიანი სამედიცინო დახმარება. ეს უკვე გამომუშავებული აქვს ჩვენს კლინიკას, ჩვენ ვართ შეთანხმებული ამ საკითხთან დაკავშირებით და ისეთი თანხები გვაქვს, რაც თურქეთის მოქალაქეებს. ეს ფასები გამოქვეყნებულია კლინიკაში და ეს ეხება მხოლოდ ქართველებს. ამ შემთხვევაში თანაბარ ვითრებაში არიან თურქეთის მოქალაქეები და ქართველები. მაგრამ ის ქართველი თუ სხვა კლინიკაში წავა ყოველგვარი საბუთების გარეშე, გადაიხდის სამჯერ მეტს, ვიდრე თურქი. მე პირადად ამისთვის მქონდა სერიოზული საუბარი ჩვენი კლინიკის მთავარ ექიმთან, ფინანსთა განყოფილების გამგესთან და ეს ხელშეკრულება თავად ჩამოვაყალიბე და უკვე 3-4 წელია, რაც ჩვენს კლინიკაში მოქმედებს ქართველებისთვის ეს პროექტი. ზოგჯერ, როდესაც პაციენტები მოდიან და დაავადება მხოლოდ ჩემს პროფილის - გენეკოლოგია-ონკოლოგიას ეხება, უფრო მეტი ფასდაკლებით სარგებლობენ, ვიდრე ოფიციალურად არის. მაქსიმალურად ვეხმარები ქართველებს, როგორც ეს შემიძლია.

როგორია თქვენი კლინიკის ხელმძღვანელობის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით?

- მხოლოდ ონკოლოგიურ პაციენტებს არ ეხება, ჩვენი კლინიკა არის მულტიდისციპლინური კლინიკა და ძალიან ბევრი პაციენტი გვყავს საზღვარგარეთიდან, მაგრამ საქართველოდან ჩამოსულ პაციენტებს განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ იმიტომ, რომ აქ არის ჩემი ფაქტორი. იმდენი შრომა მაქვს ჩადებული ჩვენი საავადმყოფოს განვითარებაში, რომ ეს უფლება მომანიჭეს და მითხრეს, რომ შენ თუ გინდა ეს პროფილი განავითარო შენს ქვეყანაში, ჩვენ შენს გვედრით ვართო. აუცილებლად მოგიწვევთ ჩვენს კლინიკაში თურქეთში და ჩვენს მთავარ ექიმთან გექნებათ საუბრის შესაძლებლობა და მისგან მიიღებთ ინფორმაციას თუ რა ფართო პროფილით გვინდა, რომ ეს სპექტრი განვავითაროთ საქართველოში და დავეხმაროთ ქართველებს. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და მთელი ჩვენი ადმინისტრაცია მიდგას გვერდში.

გასაგებია, რომ კლინიკა გვერდში გიდგათ, მაგრამ თუ გაქვთ გათვითცნობიერებული პაციენტების რაოდენობა?

- 25 წელია ვცხოვრობ სტამბულში, ადრეც შემეძლო შემექმნა ეს პროგრამა, მაგრამ დღეს იმდენ ქართველ პაციენტს წავაწყდი, ვისაც დახმარება სჭირდება, თანახმა ვარ, ჩემი დრო დავუთმო მათ, ვისაც ჩემი დახმარება სჭირდება.