სალომე ზურაბიშვილის მიმართვა და მოწოდება დიპლომატების მიმართ ახალი სკანდალის მიზეზი ხდება. მმართველი პარტია პრეზიდენტს საბოტაჟში ადანაშაულებს.
„ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა“, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ელჩებს.
ზურაბიშვილის თქმით, ელჩებს უცხო ქვეყნებში დიდი პასუხისმგებლობა აქვთ, რადგან ისინი წარმოადგენენ საქართველოს, მის ინტერესებს, წარსულსა და მომავალს.
სახელისუფლებო ძალაში აცხადებენ, რომ იმ რეალობის გათვალისწინებით, როდესაც საქართველოს ახლა საგარეო მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდება, სალომე ზურაბიშვილი თავადაც უნდა აანალიზებდეს, რომ ქვეყნის ელჩებისადმი მისი მიმართვა საქართველოს ინტერესების დამაზიანებელია.
ხოლო ის, რაც მკაფიოდ პრეზიდენტმა არ თქვა, ოპოზიციამ გაახმოვანა. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი პირდაპირ ამბობს, რომ გზავნილი მარტივია და საზღვარგარეთ მყოფმა ქართველმა ელჩებმა თანამდებობები უნდა დატოვონ.
საპარლამენტო უმრავლესობაში დარწმუნებული არიან, რომ ზურაბიშვილის მიმართვას დიპლომატებზე გავლენა არ ექნება. მათი თქმით, პრეზიდენტის ქმედებები კონსტიტუციას დიდი ხანია გასცდა, თუმცა მისი ბოლო განცხადება - უფლებამოსილების გადაჭარბებაცაა.
სალომე ზურაბიშვილის მიმართვას დაემთხვა სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილი ელჩის განცხადება. ირაკლი კოპლატაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 18-წლიანი კარიერის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პასპორტი ჩააბარა.
კოპლატაძის განცხადებას დიპლომატიური უწყება გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია წერია, რომ სლოვენიის რესპუბლიკაში კოპლატაძემ მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა და ექვს თვეზე მეტია დიპლომატიურ რეზერვში იმყოფება. შესაბამისად, მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„ზოგადად, სალომე ზურაბიშვილი მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს იმისთვის, რომ სახელმწიფოს მოუწყოს საბოტაჟი. მისი მოწოდებაც დიპლომატიური კორპუსის მიმართ არის ისევ საბოტაჟის მცდელობა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.
„დღეს საქართველოს განსაკუთრებით სჭირდება საგარეო პოლიტიკის საგარეო ფლანგზე მხარდაჭერა და აქტიური მუშაობა, იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ საგარეო ურთიერთობები იქცა საქართველოს შიდა პოლიტიკის მთავარ ბირთვად. ამ პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწორედ დიპლომატიური კორპუსის მუშაობას და ასეთი მოწოდებები სალომე ზურაბიშვილისგან, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად აცნობიერებს, რას ნიშნავს ეს, ნამდვილად არის ქვეყნის დაზიანებისკენ, ქვეყნის ინტერესების დაზიანებისკენ მიმართული“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
იმდენად განუყრელი ცნებებია, „ნაცმოძრაობა“ და ძალადობა, რომ ყველგან და ყველა კონტექსტში, თუნდაც ახლა, როდესაც არაფრის თავი არა აქვთ, მაინც ძალადობენ. ნუ, რას ვიზამთ, კრიმინალური ბანდების მეთაურმა ნიკა რურუამ, შეუქმნა ეგ სისტემა. როდესაც დადო მოდელი, ბანდიტური დაჯგუფებიდან თუ როგორ უნდა გაკეთდეს „კანონიერი“ კრიმინალური დაჯგუფება, მაგ. სოდ და კუდ და სხვა ნაცური ძალოვანი დანაყოფები“, - წერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია.
გამსახურდიას თქმით, დღესდღეობით „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილის მეშვეობით ეწევა მოქმედი ელჩების ბულინგს, ასევე თუ ვინმესთან კავშირი აქვთ, აშინებენ და უთვლიან ათას საშინელებას.
„დღეისობით სალომე ზურაბიშვილის მეშვეობით ეწევიან მოქმედი ელჩების ბულინგს, ასევე თუ ვინმესთან კავშირი აქვთ, არ მინდა თემა გავშალო, აშინებენ და უთვლიან ათას საშინელებას. ცდილობენ ყველა ხერხით, თავიანთ პერიოდში არსებული ყველა ბინძური საშუალებით. მოგეხსენებათ, ეგ ხალხი და მორალი ძალიან შორს არიან ერთმანეთისაგან. ერთი რამ დაიხსომეთ ნაძირლებო, ვინმე ამორალურო ბუკა, სერგი, ვინმე გორდაძევ და ათასი ჯურის მანქურთებო, ეგ ამბავი არ გამოგივათ, დეტალებიანად ცნობილია ყველაფერი. გემს მიხედოთ ჯობია, გემს“, - წერს გიორგი გამსახურდია.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება ზუსტად ჯდება იმ სამარცხვინო გეგმაში, რომელიც აგენტოკრატიამ ე.წ. პრეზიდენტს დაუკვეთა. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ის ზუსტად ასრულებს დავალებებს და მუდმივად ცდილობს ხელისუფლებასთან დაპირისპირებული იყოს.
„ის, რაც სალომე ზურაბიშვილმა ელჩებთან დაკავშირებით განაცხადა, ეს ანტიკონსტიტუციური განცხადებაა. სამწუხაროდ, ის უკვე კრიმინალურ ელემენტად იქცა, რადგან ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს და საბოტაჟის მოწყობის მოწოდებებით გამოდის. ამიტომ მისი ყოველდღიური განცხადებები იმდენად სახიფათო გახდა, რომ არ გამოვრიცხავ, მსგავსი მოწოდებები ახლა საქართველოს თავდაცვის ან პოლიციური ძალების მიმართაც გააკეთოს. ეს არის ზურაბიშვილის უსამშობლო და ანტიეროვნული ბუნება, ამიტომ მისგან უკვე ყველაფერია მოსალოდნელი. თუმცა გვიან შემოდგომაზე კი ამ ყველაფერს წერტილი დაესმება და მისი ნებისმიერი მცდელობა, რომ საქართველო დააზიანოს, ფუჭი იქნება. ახლა კი შეუძლია, უბრალოდ, ეს არაადეკვატური განცხადებები გააკეთოს, რომელიც მას კიდევ უფრო დააზიანებს“, - ამბობს აბაშიძე.
ანალიტიკოსი არც იმას გამორიცხავს, რომ ზურაბიშვილი ნაცოპოზიციასთან ერთად არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებისთვის ემზადებოდეს.
„ზურაბიშვილის ეს განცხადება უკვე იმის ნიშანია და ამაში ეჭვიც აღარ მეპარება, რომ არჩევნების არალეგიტიმურობის გამოცხადებას აპირებს. ამით კი შეეცდება, რადიკალურ ოპოზიციას სტიმული მისცეს, რათა ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ. თუმცა ეს დესტრუქციული სცენარი ისევე დასრულდება, როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მოხდა. მათ ეს მცდელობა ისევ წყალში ჩაეყრებათ. იყვირებენ, ჰაერს შეარხევენ, იქნება ულტიმატუმები, მაგრამ ბოლოს მაინც მოუწევთ ისევ პარლამენტში შესვლა. ზურაბიშვილის მორიგი დესტრუქციული გამოხტომა არ არის გასაკვირი. ასევე სასაცილო იყო ყოფილი ელჩის, ირაკლი კოპლატაძის განცხადება, რომლიც 6 თვის წინ დათხოვნილი ყოფილა. ვითომ ზურაბიშვილის მოწოდების შემდეგ გადადგა. ეს ტოქსიკური სასაცილო განცხადება კი მყისიერად იქნა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაქარწყლებული. ითქვა, რომ ის უკვე ნახევარი წელია დიპლომატების სარეზერვო რიგებში იმყოფება. ასე რომ, მსგავსი იაფფასიანი მეთოდებით, რასაც აკეთებენ ნაცპროპაგანდისტები მათ ტელევიზიებში და არასამთავრობო ორგანიზციებში, ფონს ვერ გავლენ“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, როცა ყოველგვარი ნეგატიური სვლებით საზოგადოებას უპირისპირდებიან, იქ ნებისმიერი რადიკალი წარმატებას ვერ მიაღწევს, ეს ყვირილი და ხმაური გვინახავს. აბაშიძე ამბობს, რომ იმარჯვებს ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული ძალა და „ოცნებამ“ ეს უკვე არაერთი არჩევნებით დაამტკიცა. ამიტომ რადიკალურ ოპოზიციას ზურაბიშვილის იმედი ტყუილად აქვს.