ალექსანდრე ნინუას, აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

ალექსანდრე ნინუას, აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

ალექსანდრე ნინუას მოწმის სახით დაკითხვა აშშ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) მოითხოვა. ალექსანდრე ნინუას დაკავებასთან დაკავშირებით გენერალურმა პროკურატურამ დამატებით ინფორმაცია გაავრცელა. პროკურატურა ასაჯაროვებს ფაქტს, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2012 წლის 19 ოქტომბერს და 2013 წლის 2 ივლისს შემოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის შუამდგომლობები სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ.

როგორც შუამდგომლობებიდან გახდა ცნობილი, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის და გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ წარმოებდა გამოძიება. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ მოთხოვნილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეული საპროცესო მოქმედებების ჩატარება, რომელიც მოიცავდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ალექსანდრე ნინუას მოწმის სახით დაკითხვას.

მთავარი პროკურატურის მიერ შესრულებულ იქნა გამოძიების ფედერალური ბიუროს ზემოაღნიშნული თხოვნა, კერძოდ, ჩატარდა მოთხოვნილი საპროცესო მოქმედებები და მათ შორის, 2013 წლის 30 ივლისს მოწმის სახით დაიკითხა ალექსანდრე ნინუა. დაკითხვას ქართულ მხარესთან ერთად ესწრებოდა გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენელი.

„პროკურატურის მხრიდან ალექსანდრე ნინუას უფლებების შეზღუდვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და მას გააჩნდა თავისუფლად გადაადგილების უფლება. 2013 წლის განმავლობაში არაერთხელ დაფიქსირდა ნინუას მიერ საზღვრის გადაკვეთის ფაქტი, კერძოდ, მან ხუთჯერ დატოვა საქართველოს ტერიტორია“, - განმარტავენ პროკურატურაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, ალექსანდრე ნინუას, აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. წინასასამართლო სხდომა 15 იანვარს გაიმართება.

„პრაქტიკულად დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების მოთხოვნას და არ დაუტოვა სასამართლოს შესაძლებლობა, ემსჯელა აღმკვეთი ღონისძიების სახით უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების საკითხზე. აქედან გამომდინარე, დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნება პატიმრობა“, - განაცხადა მოსამართლემ.

აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარეს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 48 საათიანი ვადა აქვს, თუმცა დაცვის მხარე მის გასაჩივრებას არ აპირებს.

ბრალდებულის ადვოკატის მამუკა მდინარაძის განცხადებით, დაკავების პროვოცირება თავად ნინუამ მოახდინა. თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი წაყენებულ ბრალს აღიარებს და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მიზეზს განმარტავს. როგორც ნინუას ადვოკატი აცხადებს, ბრალდებული ბრალს ეთანხმება.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავად მივიდა პატრულთან, განზრახ გადმოაგდო ქამრიდან იარაღი, რომელიც, ბუნებრივია, პატრულმა დაინახა და შესაბამისად მოახდინა რეაგირება. ბატონმა ალექსანდრე ნინუამ პროცესზე ისიც აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჯერ, მისი დაკითხვა მიმდინარეობდა, აიძულებდნენ, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მიეცა, შემდეგ კი უკვე შესაბამის უწყებაში შესყიდვების დეპარტამენტის რიგითი თანამშრომლების დაბარება ხდებოდა, რომლებზეც უკვე ზეწოლა თავად მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით ხორციელდებოდა“,- აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა მდინარაძემ.

ალექსანდრე ნინუა დავით კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ბოლო პერიოდში კი საქართველოში კეზერაშვილის ბიზნესს კურირებდა. ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალექსანდრე ნინუა გიგა ბოკერიას ნათესავია.

გენერალური პროკურატურა უარყოფს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსზე ალექსანდრე ნინუაზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტს. როგორც პროკურატურა განმარტავს, ალექსანდრე ნინუა პროკურატურის მიერ მხოლოდ ორჯერ იქნა გამოძახებული.

პროკურატურის ინფორმაციით, აწ უკვე ბრალდებული ნინუა მოწმის სახით დაიკითხა 2013 წლის 26 სექტემბერსა და 19 ოქტომბერს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტს. ამ საქმეზე გამოძიება 2012 წლის 1 აგვისტოს დაიწყო.