„რაღაცაში ხომ უნდა ვიყოთ პრაგმატულნი? ხომ უნდა დამთავრდეს ანტიამერიკული პროცესი? სასურველია, ებრძოლო არა ამერიკას, არამედ გადატრიალებებს შენს ქვეყანაში“

„რაღაცაში ხომ უნდა ვიყოთ პრაგმატულნი? ხომ უნდა დამთავრდეს ანტიამერიკული პროცესი? სასურველია, ებრძოლო არა ამერიკას, არამედ გადატრიალებებს შენს ქვეყანაში“

დავუშვათ, რეალური გამოკვლევა ჩავატარეთ და არგუმენტები დავდეთ, რომ აგვისტოს ომში მონაწილეობდა ამერიკაც. სად მიგვიყვანს ეს გზა? ზოგჯერ თქმითაც ხომ არ დაშავდების?! ამიტომ დღევანდელი დღე გამოვიძიოთ და არა ის, ამერიკას რა მიუქარავს საქართველოსთან მიმართებით,-აცხადებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას.

აგვისტოს ომის შემდეგ უამრავი კითხვა უპასუხოდაა დატოვებული, მათ შორის, ერთ-ერთი კითხვა ამ ომში ამერიკის ინტერესს შეეხება. სწორედ ამ საკითხის შესწავლითაა დაინტერესებული ხალხის ძალა. რა შეიძლება ითქვას ამ საკითხის შესახებ, გარდა იმისა, რაც ვიცით, რომ კონდოლიზა რაისი ირწმუნება, რომ აფრთხილებდა სააკაშვილს, არ წამოგებოდა რუსულ პროვოკაციას. თუმცა ამ ომში, ასევე, იკვეთებოდა მაკკეინის ინტერესი, რომელსაც რუსეთთან მებრძოლის იმიჯი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სჭირდებოდა. ცხადია, ამ საკითხის ხელახლა წამოწევით ვერ დავსჯით ამერიკას, მაგრამ პირიქით ხომ არ მოხდება და ამერიკა კიდევ უფრო ხომ არ გაგვიუცხოვდება? ეს სერიოზული კითხვები, რაც უნდა დაისვას ამერიკის ინტერესების თაობაზე, ხომ შეიძლება სერიოზულ ბრალდებად იქცეს ამერიკის მისამართით?

- ყველაფერს თავისი ფუნქცია აქვს, მათ შორის, სიტყვასაც. რუსთაველი გავიხსენოთ, ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. ძალიან მეეჭვება, ამ დონის კვლევა შესაძლებელი იყოს, როდესაც გინდა, რომ ისტორიული ფაქტის კულუარები გამოიტანო სამზეოზე. ისტორიული ფაქტის მოხდენის დროს შეიძლება ბევრი ქვეყანა ტრიალებდეს კულუარებში და ბევრი ქვეყანა იყოს დაინტერესებული ამ ომით, მათ შორის, რუსეთი, უპირველეს ყოვლისა. ამიტომ ჯერ დასვან საკითხი, რუსეთის ინტერესი იყო თუ არა ამ ომში და როგორ მოქმედებდა ეს ინტერესი მაშინდელ ხელისუფლებაზე, ჰყავდა თუ არა რუსეთს მოკავშირე საქართველოს იმდროინდელ ხელისუფლებაში? რუსეთი რომ აგრესორია, ეს გაცხადებულია, ამ ფაქტს რამეს დაამატებ თუ გამოაკლებ, ამით პოლიტიკური კლიმატი საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაში არ შეიცვლება. დავუშვათ, რეალური გამოკვლევა ჩავატარეთ და არგუმენტები დავდეთ, რომ აგვისტოს ომში მონაწილეობდა ამერიკა, სად მიგვიყვანს ეს გზა?! ზოგჯერ თქმითაც ხომ არ დაშავდების?!

ნაწილობრივ, შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის ომმა აგვისტოს ომსაც ახადა ფარდა. უკრაინის ომშიც კულუარულად თუ არაკულუარულად ბევრი ქვეყნის ინტერესი იკვეთება. ზესახელმწიფოები პროქსი ომით უკრაინის მეშვეობით ომობენ. ალბათ, დაახლოებით ეს იქნებოდა აგვისტოს ომის სცენარიც-თეთრი ხელთათმანებით ბრძოლა სხვისი ხელებით.

- ყველაფრის მიუხედავად, ეს კითხვა მაინც ისმის, ღირს კი აგვისტოს ომში ამერიკის ბრალეულობის გამოკვეთა? მით უმეტეს, რომ ერთ-ერთი მთავარი თემა ამერიკასთან ურთიერთობაში იმდენად გამჭვირვალობის შესახებ კანონი არ არის, რამდენადაც რიტორიკა. სწორედ რიტორიკას უსვამენ ხაზს ამერიკელები და არა გამჭვირვალობის კანონს. ამდენად, აგვისტოს ომში ამერიკის როლის თაობაზე ჩატარებული კვლევა, რომელიც მერე საჯაროდ გამომზიურდება, ანტიამერიკული რიტორიკის ნაწილი გახდება, რაც ამკვიდრებს რამდენიმე თვალსაზრისს, კერძოდ, რომ ოცნება თურმე ანტიდასავლური ძალაა, რადგან ოცნების ნაწილია ხალხის ძალა; ანტიდასავლური თუ არის, ე.ი. პრორუსულია და, თუ პრორუსულია, მაშინ ევროპასა და ამერიკასთან ახლოს რა უნდა?! ეს კითხვები ტრიალებს და ამ კითხვების გამოა, რომ ქართულ ოცნებას აკრიტიკებს მთელი მსოფლიო, ესენი კიდევ ახალ გამოკვლევებს დებენ? ორი ატომური ბომბი დაარტყა ამერიკამ იაპონიას, რაც უდიდესი ეროვნული ტრაგედია იყო იაპონიისთვის. თუმცა რაღაც ეტაპზე დამთავრდა ამაზე საუბარი. ამის მიმართ იაპონიის დამოკიდებულება აღარ გახდა პოლიტიკურად აქტიური. შედეგად, იაპონიამ მიიღო ამერიკის მხრიდან უფრო დიდი კომპენსაციები, მხარდაჭერა. რაღაცაში ხომ უნდა ვიყოთ პრაგმატულნი? მე პრაგმატულად ვთვლი იმას, რომ გაჟღერდა კრიტიკული შენიშვნები საქართველოში გადატრიალების თაობაზე, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ მართლაც იყო გადატრიალების თემა, მაგრამ ხომ უნდა დამთავრდეს ანტიამერიკული პროცესი? სასურველია, ებრძოლო არა ამერიკას, არამედ გადატრიალებებს. ისედაც ხელს ასავსავებენ ამერიკელები, ჩვენ გადატრიალება არ გვინდაო, მაგრამ თუ აგვისტოს ომის თემას ამ კონტექსტში დავაყენებთ, ეს უკვე ამერიკასთან ბრძოლაა. ბავშვს როცა ვუწყრებით ცუდი ქცევის გამო, უნდა დავუწუნოთ საქციელი, თორემ ბავშვი თავისთავად კარგია. ეს მარტო ბავშვზე არ ითქმის, პოლიტიკაშიც ასეა. რის მიმართ აცხადებ ბრძოლას, ამა თუ იმ საქციელის მიმართ, თუ სუბიექტის მიმართ? ჩვენები უკვე ვეღარ პოულობენ ზღვარს და აგვისტოს ომის თემის ჩაძიებით უკვე სუბიექტთან (და არა საქციელთან) დაპირისპირება გამოსდით. მით უმეტეს, 2008 წლის ომი უკვე წარსულს ჩაბარდა და თქვენს მიერ ჩამოთვლილი უამრავი აქტორით იყო განპირობებული. ამიტომ დღევანდელი დღე გამოვიძიოთ და არა ის, ამერიკას რა მიუქარავს საქართველოსთან მიმართებით.

სხვათა შორის, ამბობენ იმასაც, რომ სააკაშვილს თავდაჯერება შეჰმატა იმ ფაქტმა, რომ ჯერ კიდევ 2005 წელს ჯორჯ ბუში თბილისში ჩამოვიდა და სააკაშვილს უთხრა, აბა, მიშა, როგორი გრძნობაა, როცა შეგიძლია პუტინს უთხრა, აგერ, ამ დიდი კაცის გვერდით ვდგავარ, მოდი და რამე გამიბედე. სააკაშვილმა ეს აღიქვა, რომ ბუში საკუთარ მფარველობაში იღებდა საქართველოს. ამას ემატება მაკკეინის საპრეზიდენტო ინტერესიც.

- რა თქმა უნდა, იყო მაკკეინის ინტერესიც. დავუბრუნდეთ კიდევ უფრო ადრეულ პერიოდს და ვარდების რევოლუციაში ამერიკის როლიც შევისწავლოთ, უბრალოდ, არ არის შევარდნაძე პოპულარული კაცი და ამიტომ ბევრი მომხრე ეყოლება იმას, რომ შევარდნაძე გადატრიალების ღირსი იყო.

ასე შორს რომ წავიდეთ, მაშინ ყველა მოვლენის უკან ძლიერ სახელმწიფოთა კვალი იკითხება. თუნდაც კრწანისის ომის კულუარებში რა ხდებოდა, არსებობს ვერსია, რომ ქართველი მეზარბაზნეები ამოხოცეს რუსებმა და აღა-მაჰმად-ხანს თბილისი ხელში ჩაუგდეს ასაოხრებლად, რადგან რუსეთსა და სპარსეთს შორის გარიგება იყო, ირანი პეტერბურგს კონკურენტად არც მიიჩნევდა, აღარაფერს ვამბობთ რუსი გენერლის ტოტლებენის უფრო ადრეულ ღალატზე. დღევანდელ მოვლენებშიც ხომ შეიძლება ასეთივე გარიგებები და ინტერესები იყოს რუსული და ამერიკული სპეცსამსახურების დონეზე?

- დიახ, კულუარებში უფრო მეტი საინტერესო ფაქტები იკითხება, მაგრამ ისტორიის გადაფურცვლას უნდა ჰქონდეს ფუნქცია. უცხოეთი რომ ალაპარაკდა სტალინის შესახებ, ველური ხალხის შვილიაო, მაშინ იყო სტალინმა წინ რომ წამოსწია ილია ჭავჭავაძე და შოთა რუსთაველი, ანუ სტალინი ისტორიას დაესესხა. ისტორია მას უკვე სჭირდებოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ხალხის მობილიზაცია, პატრიოტული სულისკვეთება რომ იყო საჭირო, ისევ ისტორიისკენ წავიდა სტალინი და ეკლესიების აღდგენა დაიწყო, ეკლესიის მსახურთა მიმართ მოლბა, მანამდე კი მათ თოფით დასდევდა. სტალინს ვახსენებ, როგორც პოლიტიკაში არც თუ ისე უჭკუო ადამიანს, თორემ სტალინის მორალზე არ ვლაპარაკობ. ამდენად, იმ დღეს, რა დღესაც მივუბრუნდებით ისტორიას, იმ მომენტში უნდა გჭირდებოდეს ისტორია, თორემ მარტო ემოციების გამოსაწვევად, რომ, აი, თურმე რა ცუდი ყოფილა ამერიკა, არ არის გამართლებული ისტორიასთან მიბრუნება.

მით უმეტეს, ირაკლი კობახიძე საუბრობს ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვაზე. აქედან გამომდინარე, ამერიკის ბრალეულობის ჩხრეკვა წინააღმდეგობაში მოდის კობახიძის ნათქვამთან.

- ყოველ შემთხვევაში, ამერიკელებისთვისაც გაუგებარი სურათი იქმნება აგვისტოს ომის თემაში ჩაძიებით. ჩვენ ვნახეთ ამერიკის ელჩის აქტიური ინტერვიუები, ამერიკული მხარე თვალს ადევნებს ქართულ პოლიტიკურ პუბლიცისტიკას და რეაქციას იძლევა. ამიტომ აკვიატება კარგს არაფერს მოუტანს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს.

ამერიკა რომ აღარ გვენდობა, ეს იქიდანაც ჩანს, რომ ვიზებთან დაკავშირებით საქართველოს ყოველ მეორე მოქალაქეს უარს ეუბნებიან, მაშინ, როცა პროცენტული მაჩვენებელი ბელარუსისა და რუსეთის შემთხვევაში უკეთესია.

- არა მგონია, ვიზების საკითხი ნდობის თემა იყოს და ლუკაშენკოს უფრო ენდობოდნენ, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებას. უბრალოდ, უფრო ღრმა საფუძვლებია და უკვე დიდი ხანია, ეს მდგომარეობაა, რომ ამერიკის საელჩო ძალიან აძვირებს ვიზის გაცემას საქართველოს მოქალაქეებზე. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნის მასშტაბი, პატარა ქვეყანა ვართ და ურჩევნიათ, ჩვენ დაგვჩაგრონ, ვიდრე სხვა დიდი ქვეყანა.

 

მერაბ.g ჩვენ გვეძალება აშშ-ს პოლიტიკა, გვაძალებს კანონის მირებას, ჩაცმას, ვარცხნილობას ...ჩვენ ომში გვითრევს ამერიკის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და მის მიერ საარჩევნოკამპანიადაფინანსებული კონგრესმენები ... ჩვენ გვიყვარს ამერიკული ლიტერატურა, მუსიკა ... ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკის დამფუძმებელ მამებს, თუმცა ვაშინგტონს თავისი ცოცხალი მონის კბილებისგან გაკეთებული პროთეზი ეკეთა ...ჩვენ არ მოგვწონს რასიზმი, კკკ, ხიროსიმა, გუანტანამო, ერაყის, ავრანეთის და სხვა ომები ...
4 თვის უკან