რუსეთი ბენზინის ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვას 1-ლი ივლისიდან ისევ აამოქმედებს და ის ძალაში 31 აგვისტოს ჩათვლით იქნება. თუ რა გავლენა ექნება საქართველოზე რუსული ბენზინის ექსპორტის დროებით აკრძალვას, ეს ძნელი გამოსაცნობი არ არის. ქვეყანას ისევ მოუწევს ალტერნატიულ ბაზრებზე გადართვა.
როგორც კომპანია „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელი, ზაალ იაკობიძე განმარტავს, საქართველოსთვის რუსეთის ბაზარი ყველაზე იაფია, შესაბამისად, რუსეთის მიერ აკრძალვის კვლავ ამოქმედება უარყოფითად იმოქმედებს საწვავის ფასებზე.
„ბოლო განკარგულება რუსეთის მინისტრთა საბჭოს ასეთი იყო, რომ გახსნილია 1-ელ ივლისამდე. თუ ეს არ შეიცვალა, გამოვა რომ კიდევ შეიძლება შეწყდეს 1-ელი ივლისიდან რუსეთიდან საქონლის შემოტანა. ეს არასასიამოვნო ფაქტია, რადგან რუსეთის ბაზარი ყველაზე იაფია ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ თუ ისევ აიკრძალა შემოტანა, ის სასიკეთოდ არ იმოქმედებს ჩვენ ბაზარზე“, - დასძინა იაკობიძემ.
აკრძალვის ძალაში შესვლის შემდეგ, ბენზინზე ქვეყანაში დეფიციტი არ შეიქმნება. იმპორტიორები საწვავს ევროპის ბაზრებიდან შემოიტანენ, რაც გამოიწვევს ფასების ზრდას.
„მე არ მაქვს საუბარი იმაზე, რომ ჩვენ შეგვექმნება დეფიციტი - ასეთი რამე არ მოხდება, მაგრამ ეს უარყოფითად იმოქმედებს საქონლის ფასზე. იძულებული გავხდებით შემოვიტანოთ ევროპული ქვეყნებიდან, სადაც უფრო ძვირია და ეს გამოიწვევს ფასების გაზრდას“, - განაცხადა ზაალ იაკობიძემ.
ნავთობიმპორტიორმა ისაუბრა ალტერნატიული ბაზრებზეც და აღნიშნა, რომ აკრძალვის შემდეგ საწვავის შემოტანა ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, საბერძნეთიდან და სხვა ქვეყნებიდან განხორციელდება.
„ბულგარეთი, რუმინეთი, თურქმენეთი, მცირე რაოდენობით საბერძნეთიც, ბელარუსი - ეს ქვეყნებია ის ძირითადი ალტერნატიული წყაროები მოწოდებისა იმ შემთხვევაში, როცა რუსეთიდან გართულებული და შეწყვეტილია საქონლის შემოტანა“, - განაცხადა იაკობიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
როცა ალტერნატიულ ბაზრებზეა საუბარი, შეიძლება ამ კუთხით მნიშვნელოვანი ქვეყანა ჩაერთოს საქმეში. საუბარია აზერბაიჯანზე, რომელიც ევრო 5-ის ბენზინის წარმოებას იწყებს. ეს სიახლე საქართველოსთვის საკმაოდ საინტერესოა. დიდი ალბათობით, მეზობელი სახელმწიფოს საწვავი სხვა მომწოდებლებთან შედარებით უფრო იაფი იქნება, რაც ქართველი იმპორტიორების ყურადღებას ნამდვილად მიიპყრობს.
როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვახტანგ იობაშვილმა განაცხადა, სიახლე საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანია.
„როდესაც აზერბაიჯანი ევრო 5-ზე დაასრულებს გადაიარაღებას, ეს იქნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. იგი მთლიანად ჩაანაცვლებს ზოგიერთ ქვეყანას, რომლებიც უფრო ძვირად გვაძლევენ საწვავს და აღარ ვიქნებით დამოკიდებული ისეთ მოულოდნელ გადაწყვეტილებაზე, რაც რუსეთმა გააკეთა. გახსოვთ, რომ მან უკვე ორჯერ შეგვიზღუდა საწვავის მოწოდება. სწორედ ასეთი რისკ ფაქტორები აღარ გვექნება.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ტრასპორტირების კომპონენტი. მეზობელი ქვეყნიდან ბენზინის იმპორტი გაცილებით სწრაფად და ხელსაყრელ ფასად მოხდება. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი არის ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი, თანაც სანავთობო სახელმწიფო და მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა იობაშვილმა.
ჯერჯერობით ცნობილი ის არის, რომ ბოლო დადგენილებით 1-ლი ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, რუსეთიდან ბენზინის აკრძალვა კვლავ მოქმედი იქნება.