„ან ეროვნული დროშა უნდა დაიჭირო, ან ლგბტ დროშა - რომელი დროშა უჭირავს ოპოზიციას?!“

„ან ეროვნული დროშა უნდა დაიჭირო, ან ლგბტ დროშა - რომელი დროშა უჭირავს ოპოზიციას?!“

რუსული კანონი 2 -ასეთნაირად მოიხსენია ოპოზიციამ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტი და პარლამენტში მის განხილვას ბოიკოტი გამოუცხადა. ეს მაშინ, როცა 17 მაისს მთელ ქვეყანაში მილიონი ადამიანი გამოვიდა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ.

ცხადია, ოპოზიციას გააზრებული აქვს, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის რუსულ კანონად მონათვლა ეს უკვე მეტისმეტი სატყუარაა და ტრადიციული ქართული ფასეულობების დამცველი ქართველი ხალხი ამას არ მიიღებს, მაგრამ დასავლეთისთვის თავის მოწონება საკუთარი ფასეულობების უარყოფის ხარჯზე უღირთ.

ევროოპტიმისტ რომან გოცირიძის თქმით, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი ანტიკონსტიტუციური და მავნებლურია, რაც წინასაარჩევნოდ მოსახლეობის გრძნობებზე თამაშს ემსახურება.

ხალხის ძალის აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი მოითხოვს, გამოვიდეს ოპოზიცია და თქვას, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი თურმე რუსულია, ოჯახის დაცვა კი რუსული მეთოდია და, ასეთ შემთხვევაში, ოპოზიციონრები დაინახავენ, ამომრჩეველთა მხრიდან რასაც მიიღებენ.

ან ეროვნული დროშა უნდა დაიჭირო, ან ლგბტ. მესამე დროშა არ არსებობს. ოპოზიციას კი ჯერჯერობით არჩევანი ლგბტ დროშის სასარგებლოდ აქვს გაკეთებული, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ამასთან, დეპუტატი მოელის საზოგადო მოღვაწეებისა და პოლიტიკოსების განცხადებებს, რომლებიც იტყვიან, რომ ეს კანონი თურმე რუსულია და ემიჯნებიან მას. გამოვიდნენ, დააფიქსირონ, რომ ემხრობიან ერთნაისქესიანთა ქორწინების დაკანონებას, გეი პარადების ჩატარებას, მათ შორის, ბავშვებში, - ამბობს მაჭარაშვილი.

ის ფაქტი, რომ ოპოზიცია არ მონაწილეობს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის მოსმენაში, ადასტურებს, რომ ისინი საქართველოს მოსახლეობას პროტესტს უცხადებენ და არ ანაღვლებთ, რა განწყობაა ხალხში ლგბტ პირთა ძალადობრივ აქტიურობასთან დაკავშირებით.

რატომ არ აწუხებს ოპოზიციას ასე მოძალებული ლგბტ პროპაგანდა?

მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ლგბტ პროპაგანდა საქართველოში არავის არ სჭირდება.

არსებობს მეცნიერული კვლევები იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში არიან საქართველოში მცხოვრები ჰომოსექსუალები. მოგეხსენებათ, ჰომოსექსუალების რაოდენობა სტანდარტულად თითქმის ყველა ერში 2-3%-ია, ვისაც დაბადებიდან აქვს, ან შემდგომში უვითარდება ასეთი ორიენტაცია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ლგბტ ადამიანების უმეტესობა არანაირად არ უჭერს მხარს ლგბტ პროპაგანდას, არ უჭერს მხარს პრაიდის ჩატარებას, მათ ესმით, რომ ეს მათ ინტერესში არ არის, საქართველოში მათ არავინ ზღუდავს და არ ზღუდავდა მაშინაც კი, როცა საბჭოთა კავშირის კანონმდებლობით, ასეთი საქციელი მკაცრად ისჯებოდა. საქართველოს საზოგადოება უზრუნველყოფდა სრულ ტოლერანტობას, ჩვენ გვყავდა ასეთი ორიენტაციის გამოჩენილი მოღვაწეები: ხელოვანები, მეცნიერები, მაგრამ პრობლემები არ ჰქონიათ და თვითონაც არავის უქმნიდნენ პრობლემას. ეს პროპაგანდა, თავისი პარადებით და პრაიდებით, ლგბტ ადამიანების ინტერესებში არ არის და ეს წაკითხული მაქვს უცხოელ მეცნიერთა კვლევებში, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.

რაც შეეხება ჩვენი ოპოზიციის ქმედებას, რომელიც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის განხილვას ემიჯნება, ანალიტიკოსი ამას იმით ხსნის, რომ ლგბტ ცხოვრების წესის პროპაგანდა რატომღაც ბრენდი გახდა დასავლეთის გავლენიან წრეებში და ქართული ოპოზიციაც ამის მიმდევარია. შემთხვევითი როდია, საქართველოდან გაქცეულმა სააკაშვილმა, რომელიც 2013 წელს შეხვდა არამოქმედ პრეზიდენტ კლინტონს, საუბრისას თქვა, ჩვენი ხელისუფლების დროს საქართველოში ვერ მოხდებოდა ის, რაც საქართველოში ამჟამად მოხდა ოცნების ხელისუფლების დროს, ანუ, საუბარია იმაზე, რომ 17 მაისს ხალხი გამოვიდა ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით და, შესაბამისად, არ გამოვიდა არავინ ლგბტ პირთა დასაცავად.

პეტრე მამრაძე იმასაც იხსენებს, როგორ აცხადებდა სააკაშვილი ვიწრო წრეში, რა ვქნათ, ხალხო, ასეთები (ლგბტ-ები) თუ არ გვეყოლება მთავრობაში, მინისტრებს შორის და პარლამენტში, დასავლეთი არ მიგვიღებსო.

ამ რადიკალებს, რომლებიც თავიანთ პირად ინტერესებს უპირისპირებენ ეროვნულ ინტერესებს და დიდ ზიანს აყენებენ საქართველოს, ოპოზიციად არც არავინ მოიხსენიებს მსოფლიოში. ოპოზიცია უნდა იყოს ეროვნული ინტერესების ერთგული. ესენი კი ეროვნულ ინტერესებს მტრობენ. მათთვის მთავარია, რას იფიქრებს დასავლეთი, - აცხადებს პეტრე მამრაძე.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ რადიკალური ოპოზიცია საცოდავ მდგომარეობაშია. ერთი მხრივ, ჩვენი ოპოზიციონრები ხელოვნურად დაპირისპირებულნი არიან საზოგადოებასთან, რადგან თუ მხარს დაუჭერენ ქართულ ფასეულობებსა და ღირებულებებს, მათ უკვე აღარ ექნებათ დასავლელი ლიბერალების სპონსორობის და მხარდაჭერის იმედი.

რადიკალურ ოპოზიციას სურს, იტივტივოს საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე, ამის გამო ჟანგბადივით ესაჭიროებათ დასავლელ ფსევდოლიბერალთა მხარდაჭერა. ამავდროულად, როგორ შეიძლება იმის უზნეოდ თქმა, რომ ეს კანონები, რომლებიც არაერთ ქვეყანაშია მიღებული და არაერთ ამერიკულ შტატში უფრო მკაცრადაც არის დამტკიცებული, თითქოს რუსული კანონებია. ეს მეტყველებს კოლექტიური რომან გოცირიძეების პოლიტიკურ ნაფტალინობაზე. ამგვარი გახუნებული პოლიტიკური აქტორები აღარ ესაჭიროება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას, მათ თავიანთი დრო მოჭამეს, მათი ადგილი ან სხვა სფეროშია, ან პოლიტიკურ პენსიაზე. ბოლო წლების არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ისედაც ჩანს, როგორ არ შეიძლება დაუპირისპირდე საკუთარ საზოგადოებას და ლეგიტიმაციას ეძებდე საზღვარგარეთ, როდესაც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლებაში მოდის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც მხარს უჭერს ადგილობრივი საზოგადოება. ეს ვერ გააცნობიერეს ფსევდოლიბერალმა ფაშისტებმა ნაცოპოზიციის სიბრტყეში, შესაბამისად, მრავალი წელია, წაგებულ პოზიციაში არიან. ეს მანამ გაგრძელდება, სანამ ისინი პოლიტიკურად არ დასამარდებიან, - აღნიშნა გია აბაშიძემ.

 

ლაზი მაგ დროშა, თუ ხელისუფლება კარგად გამოიყენებს, ოპოზიციას ნამდვილად არ უქადის კარგს და თავის დაძვრენა ძალიან გაუჭიდებათ.
ხელისუფლებისათვის კი ბორელის გუშინდელი სიგნალია ძალიან მძიმე. თუ ოპოზიციამ მოახერხა და არჩევნების წინ სავიზო რეჟიმი მართლა გააუქმებინა, ეს ხელისუფლება მძიმედ დაარტყამს.
ასე რომ, დღეისათვის ბევრი რამ არის გაურკვეველი.
ყველაფერი დაპირისპირებულთა ხვალინდელ მოქმედებებზეა დამოკიდებული.
ხელისუფლებას სამუშაო აქვს ქვეყნის შიგნით რომ მხარდამჭერები შერინარჩუნოს, რადგან გარეთ მხარდამჭერი არ ჰყავს. ერთად ერთი, რაც მათ შეუძლიათ გააკეთონ, ნეიტრალური ქვეყნებიდან დამკვირვებლების ჩამოყვანაა, თორემ ცენტრალური და შრდილო-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან დამკვივებლებს, დასკვნები უკვე დაწერილი აქვთ გაყალბებაზე.
ოპოზიცია, პირიქით გარედან მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, რომელსაც არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება ყველა შემთხვევაში შეუძლია, თანაც შიგნით, ასევე ყველა შემთხვევაში, მხარს აუბამს ზურაბიშვილი, რომლის წონა ქვეყნის შიგნით ნულის ტოლია, მაგრამ გარეთ პრეზიდენტად ჩათვლიან და მარტო სიტყვის წონას გამოიყენებენ.
თუ ხელისუფლება შეძლებს მოგებული არჩევნების შენარჩუნებას, გარედან თავდასხმები იქნება უმწვავესი, მაგრამ მალე მინელდება.
თუ ოპოზიცია მოახერხებს, თავის პატრონებს, არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადებინოს და მოვა ხელისუფლებაში, გარედან იმდენი მაქებარი ეყოლება, შიგნით ხმის გაღებას, ცოტა ხანს, ვერავინ გაბედავს (უკვე გავლილი გაკვეთილია), მაგრამ საკითხავია, ასე რამდენ ხანს გაგრძელდება.
4 თვის უკან